საქმე №ას-1073-1024-2013 10 მარტი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ჩ-ე, ა. კ-ა, დ. კ-ა, ა. კ-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატის 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა
დავის საგანი – ამხანაგობის წევრად აღიარება, წილის მიკუთვნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ.ჩ-ემ, ა.დ. და ა. კ-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „..........“ (ყოფილი №.. კოოპერატივის) მიმართ და მოითხოვეს:
1. „.....-ს“ წევრად აღიარება;
2. ქ.ბათუმში, ...ქ№..-ში მდებარე, ამხანაგობის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან 70 კვ.მ ფართის (მთლიანი ნაგებობის 1/53-ის) მიკუთვნება და მოპასუხის დავალდებულება მოსარჩელეთათვის, წილობრივი მონაცემების შესაბამისად, ქონების გამოყოფის თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით:
1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2. მოსარჩელეები აღიარებულ იქნენ „....“ წევრებად და შესაბამისი ცვლილებები შევიდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „.....“ საწესდებო დოკუმენტაციაში;
3. არ დაკმაყოფილდა სარჩელი ქ.ბათუმში, .... ქ№...-ში მდებარე „.....-ს“ საკუთრებად რეგისტრირებული ფართიდან 70 კვ.მ ფართის (სახლის 1/53) მიკუთვნებისა და ამ წილის მოსარჩელეთათვის რეალურად გამოყოფის მოთხოვნის თაობაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
1. სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
2. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება წილის მიკუთვნებისა და ამ წილის რეალურად გამოყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
3. ლ.ჩ-ის, ა. დ. და ა. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
4. მოსარჩელეებს მიეკუთვნათ ქ.ბათუმში, ... ქ№...-ში მდებარე „.....“ საკუთრებად რეგისტრირებული სახლის 35 კვ.მ ფართის შესაბამისი წილი და ამხანაგობას დაევალა მოსარჩელეთათვის წილობრივ საკუთრებაში არსებული ქონების რეალურად გამოყოფა.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „....“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის განცხადება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი განიმარტა შემდეგი სახით: „ლ. ჩ-ეს, ა. კ-ას, დ. კ-ასა და ა. კ-ას ქ.ბათუმში, ... ქ№...-ში მდებარე, „......ს“ საკუთრებაში (ამჟამად) რეგისტრირებული ფართიდან მიეკუთვნოთ 35 კვ.მ ფართი და საკუთრების უფლებით დაურეგისტრირდეთ საჯარო რეესტრში“.
ლ. მ-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
განცხადება ეფუძნება შემდეგ საფუძვლებს:
1. საქმის არსებითად განხილვისას, მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა „....ის“ თავმჯდომარე, რომელიც არ იყო უფლებამოსილი სასამართლოში წარმოედგინა ამხანაგობის წევრები. მოცემულ საქმეში მოპასუხედ ჩართული უნდა ყოფილიყო „.....ს“ ყველა წევრი, რომლებიც ფაქტობრივად ფლობდნენ იმ ფართს, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საკუთრების უფლებით გადაეცათ მოსარჩელეებს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება შეეხო ლ. მ-ის ინტერესებს, კერძოდ, მის საკუთრების უფლებას, რადგან ამხანაგობის 2008 წლის …… კრების გადაწყვეტილებით მის საკუთრებას წარმოადგენს 101,48 კვ.მ ფართი, რომლიდანაც 35 კვ.მ ფართი სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაეცათ მოსარჩელეებს ისე, რომ აღნიშნული ფართის მესაკუთრე არ იყო მიწვეული სასამართლოს სხდომაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ლ. მ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება დაეყრდნო შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
აჭარის ა/რ თვითმმართველი ქ.ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის №.... განკარგულებით ქ.ბათუმში, .... ქ№..-ში მდებარე .... ... ....... საცხოვრებელი სახლი დაექვემდებარა ექსპლუატაციაში მიღებას, ხოლო ქ.ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2008 წლის №..... ბრძანებით დადგინდა ზემოაღნიშნული საცხოვრებელი სახლის (საერთო ფართით 3779,2 კვ.მ შენობის საერთო ფართი 539,79 კვ.მ) ექსპლუატაციაში მიღება;
საჯარო რეესტრში სადავო საცხოვრებელი სახლი, მიწის ნაკვეთითა და ..... კვ.მ შენობა-ნაგებობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „....“ სახელზე დარეგისტრირდა საკუთრების უფლებით და აღნიშნული ფართი დავის განხილვის დროისთვისაც წარმოადგენდა „.....’’ საკუთრებას;
დასახელებულ გადაწყვეტილებაზე კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ გაიცა სააღსრულებო ფურცელი. ამ გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდში საჯარო რეესტრის მონაცემებით, ქ.ბათუმში, .... ქ№.....-ში მდებარე 241,27კვ.მ სასარგებლო ფართი და 105,77 კვ.მ-ის ბინა №... საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო „.....“ და არა ლ. მ-ის სახელზე.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც ურავ ნივთზე საკუთრების უფლება დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, ასევე მიუთითა კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მხარე მიუთითებდა სადავო გადაწყვეტილებით უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების უფლების დარღვევას და მან ნაცვლად საჯარო რეესტრის ამონაწერისა, სასამართლოში წარადგინა „.....“ კრების გადაწყვეტილება, რის გამოც არ იქნა გაზიარებული მისი მოთხოვნა საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა ლ. მ-ის მითითება, რომ „....“ თავმჯდომარე ი. ბ-ე არ იყო უფლებამოსილი სასამართლოში წარმოედგინა „....“ ინტერესები. ამ თვალსაზრისით სასამართლომ მიუთითა „.....“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-7 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ სწორედ თავმჯდომარე გამოდის სასამართლოში ან სხვა ორგანოში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელით.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-422-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ლ. მ-ის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეხებია, იგი არ წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, არამედ სადავო ფართი რეესტრის მონაცემებით ირიცხებოდა „.....“ სახელზე, ამდენად იგი ვერ იქნებოდა მიწვეული სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარედ.
სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. მ-ემ.
კერძო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლოს სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებით შეილახა არა მხოლოდ ლ. მ-ის ინტერესები, არამედ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „....“ იმ 24 წევრის ინტერესებიც, რომლებმაც დაახლოებით 18-20 წლის წინათ არსებითად გააუმჯობესეს და საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში მოიყვანეს ბინები და დაიწყეს მათში ცხოვრება. აღნიშნულის შესახებ თავიდანვე ცნობილი იყო კოოპერატივის იმ წევრებისთვისაც, რომლებმაც ნახევრად აშენებულ სახლში შესახლება და საკუთარი ხარჯებით ბინების კეთილმოწყობა არ ისურვეს. მათ არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ განმცხადებლისა და მის მდგომარეობაში მყოფი სხვა პირების მიმართ და, ამდენად, ეს უკანასკნელნი წარმოადგენენ ზემოთმითითებული ქონების მართლზომიერ მფლობელებს. მიუხედავად ამისა, სასამართლომ დასახელებულ პირებს ქონების ნაწილი ისე ჩამოართვა, რომ არ მისცა საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებისა და მათი კანონიერი ინტერესების დაცვის უფლება;
განმცხადებლისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დანარჩენი 24 წევრის მიერ ბინების საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში მოყვანის შედეგად შესაძლებელი გახდა სახლის ექსპლოატაციაში მიღება. 2007 წლის 28 დეკემბერს, ბათუმის საკრებულომ მიიღო განკარგულება, რომლითაც ... ქ№...-ში მდებარე ..... სართულამდე აშენებული სახლი, არსებული მდგომარეობით, სხვა მშენებარე სახლებთან ერთად, ექსპლოატაციაში იქნა მიღებული. ამის საფუძველზე, ამ მრავალბინიან სახლში მცხოვრებმა პირებმა ჩამოაყალიბეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, ხოლო კოოპერატივის წევრების მიმართ, რომლებსაც სახლის მშენებლობისათვის თავის დროზე თანხები ჰქონდათ შენატანი და მშენებლობის დაუმთავრებლობის გამო ვერ მიიღეს ბინები, ..... ივალდებულა ზიანის ანაზღაურება. 2008 წლის 13 მაისს დამტკიცდა საბინაო-საამშენებლო კოოპერატივის უფლებამონაცვლე „......“ წესდება, ხოლო 2008 წლის 3 ივლისს, „......“ საკუთრებაში დარეგისტრირდა ქ.ბათუმში, .... ქ№.....-ში მდებარე ......კვ.მ შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი. 2008 წლის 3 ოქტომბერს, „....“ საერთო კრების №.... ოქმის თანახმად, დადგინდა ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში ბინების ამხანაგობის წევრების სახელზე ერთეულებად რეგისტრაცია. ამ .... საფუძველზე ამხანაგობის წევრებს საკუთრებაში გადაეცა მათ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები. კრების ოქმი, ბინების ცალკეული პირების საკუთრებაში დარეგისტრირების მიზნით წარედგინა ....... სარეგისტრაციო სამსახურს, თუმცა რეესტრმა კრების ოქმში ამხანაგობის წევრების საკუთრებად მითითებული ბინები კანონის მოთხოვნათა დარღვევით მათსავე საკუთრებაში არ აღრიცხა და კვლავ ამხანაგობის საკუთრებაში დატოვა. ამასობაში, ამხანაგობის იმ წევრებმა, რომლებმაც თავის დროზე უარი განაცხადეს ნახევრად აშენებულ სახლში ბინების გარემონტებასა და საცხოვრებლად შესახლებაზე, დავა წამოიწყეს, რის გამოც მათი მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა დაედო ამხანაგობის მთლიან ქონებას და მითითებული მიზეზით დღემდე უკანონოდ ჭიანურდება ბინების ლ. მ-ისა და ამხანაგობის სხვა წევრების საკუთრებად რეგისტრაცია. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ ყადაღის არსებობამ ხელი არ უნდა შეუშალოს რეგისტრაციას, ვინაიდან საკუთრების დამდგენი დოკუმენტი ყადაღის აღრიცხვამდეა გაცემული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხო მის კანონიერ ინტერესებს, მის საკუთრებას, რის გამოც ეს გადაწყვეტილება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. მ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ. ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ. პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
მითითებული ნორმის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ შეეხო მიღებული გადაწყვეტილება, თუ იგი არ იყო მოწვეული ამ საქმის განხილვაზე.
განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხო მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს, კერძოდ, მითითებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს (ლ. ჩ-ეს, ა. კ-ას, დ. კ-ასა და ა. კ-ას) საკუთრებაში გადაეცათ ქ.ბათუმში, ... ქ№...-ში მდებარე ბინა .... ...“ საკუთრებაში რეგისტრირებული ფართიდან 35 კვ.მ ფართი. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ზემოხსენებული ამხანაგობის 2008 წლის 3 ოქტომბრის კრების გადაწყვეტილების საფუძველზე ამხანაგობის წევრებს (მათ შორის კერძო საჩივრის ავტორს) საკუთრებაში გადაეცათ მათ მფლობელობაში არსებული ამხანაგობის საცხოვრებელი სახლის კონკრეტული ბინები, კერძოდ, საჩივრის ავტორს - ლ. მ-ეს საკუთრებაში გადაეცა მის მფლობელობაში არსებული 101.48 კვ.მ ფართის ბინა. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ამხანაგობის კრების გადაწყვეტილებით ამხანაგობის წევრების საკუთრებაში განაწილებული ფართებიდან მოსარჩელეებისათვის ... კვ.მ ფართის გადაცემით შეილახა ამხანაგობის ყველა წევრის, მათ შორის, მისი უფლებაც, ვინაიდან მოსარჩელეებისათვის ზემოხსენებული ფართის გადაცემით შემცირდა მათი ფართების ოდენობა. აღნიშნული გარემოება, საჩივრის ავტორის მოსაზრებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია.
სააპელაციო სასამართლომ ლ. მ-ის ზემოაღნიშნული მოსაზრება არ გაიზიარა და მიიჩნია, რომ ვინაიდან სადავო ფართი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია „.....ს“ და არა ლ. მ-ის სახელზე, ამიტომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მის უფლებებს არ შეხებია.
საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ მსჯელობას და განმარტავს, რომ მართალია, ქ.ბათუმში, ...ქ.#....-ში მდებარე უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები 3779.2 კვ.მ) რეგისტრირებულია „...“ საკუთრებად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ამხანაგობის წევრებს ხსენებულ უძრავ ქონებაზე უფლებები არ გააჩნიათ.
საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არ არის იურიდული პირი და შესაბამისად, მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება არ წარმოადგენს ერთი პირის საკუთრებას. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არის მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართს სულ მცირე ორი მესაკუთრე მაინც უნდა ყავდეს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა შეიქმნას. მრავალბინიანი სახლი, რომელიც ერთი პირის საკუთრებას წარმოადგენს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობად ვერ მიიჩნევა და შესაბამისად, მასზე ზემოხსენებული კანონიც ვერ გავრცელდება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ, სამოქალაქო კოდექსის 1512-ე მუხლის შესაბამისად, „.... ....“ წარმოადგენს #.. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის უფლებამონაცვლეს. კანონიერ ძალაში შესული სადავო გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ „.......-ს“ 2008 წლის 3 ოქტომბრის კრების გადაწყვეტილებით (კრების ოქმი #....) დადგინდა აღნიშნული ამხანაგობის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ბინების ამავე ამხანაგობის წევრების საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრაცია განაწილების სიის მიხედვით. ........ 2008 წლის 3 ოქტომბრის #.... კრების ოქმით ირკვევა, რომ ამხანაგობის საკუთრებაში არსებული ბინები განაწილდა ამხანაგობის .... წევრზე (მათ შორის, ლ. მ-ეზე) კონკრეტული ფართების მითითებით. დადგენილია ასევე, რომ ამხანაგობის კრების გადაწყვეტილებით განაწილებული ბინები ამხანაგობის წევრების სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ „....“ წევრები ამხანაგობის კრების გადაწყვეტილებით გადაცემული ბინების მესაკუთრეებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულნი არ არიან, მათ ამ კრების გადაწყვეტილებით დადგენილი უფლების მიმართ გააჩნიათ იურიდიული ინტერესი, რაც მათთვის განაწილებული ბინების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებაში მდგომარეობს. აღსანიშნავია, რომ ......“ 2008 წლის 3 ოქტომბრის კრების გადაწყვეტილება გაუქმებული არ არის და არც განსახილველ საქმეში სარჩელის დავის საგანს არ წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხო როგორც ლ. მ-ის, ასევე ... „.....“ სხვა წევრების უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს, ვინაიდან ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელეებისათვის 35 კვ.მ ფართის უძრავი ქონების გადაცემით მცირდება ამხანაგობის წევრთა იმ ფართების ოდენობა, რაც მათ ..... 2008 წლის 3 ოქტომბრის კრების გადაწყვეტილებით საკუთრებაში გადაეცათ.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია ასევე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ბმა„.....“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-7 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბმა „......“ თავმჯდომარე უფლებამოსილი იყო სასამართლოში წარმოედგინა ამხანაგობის წევრთა ინტერესები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული კანონის მითითებული დანაწესი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეს არ ანიჭებს უფლებას სასამართლოში წარმოადგინოს ამხანაგობის წევრები იმ დავასთან დაკავშირებულ საქმეში, რომელიც ამხანაგობის კრების გადაწყვეტილებით მათთვის გადაცემულ ინდივიდუალურ ფართებს შეეხება. ასეთ დროს, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ამხანაგობის თავმჯდომარეს ამხანაგობის წევრების სასამართლოში წარმოდგენა შეუძლია საერთო საფუძველზე, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გაცემული მინდობილობის საფუძველზე (სსკ-ის 93-ე, 96-ე, 98-ე მუხლები). მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ არსებობს ზემომითითებული წესით შედგენილი მინდობილობა, რომლითაც ამხანაგობის წევრები (თანამოპასუხეები) ამხანაგობის თავმჯდომარეს მიანდობდნენ თავიანთი სახელით საქმის წარმოების უფლებამოსილებას. მართალია, საქმეში წარმოდგენილია ამხანაგობის კრების ოქმი, რომლითაც ამხანაგობის წევრები ამხანაგობის თავმჯდომარეს ანიჭებენ სასამართლოში საქმის წარმოების უფლებამოსილებას, მაგრამ, ვინაიდან ამხანაგობის წევრები (საპროცესო თანამონაწილეები) ფიზიკური პირები არიან, მათ მიერ ამხანაგობის კრების ოქმში გამოხატული ნება დადასტურებული უნდა ყოფილიყო სანოტარო წესით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე