Facebook Twitter

საქმე №ას-116-109-2015 10 მარტი, 2015 წელი

ქ.თბილისი

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - თ. ლ-ე

წარმომადგენელი - ა. ც-ე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. კ. ს. პ-თან“

წარმომადგენელი - გ. წ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 12 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა თ. ლ-ემ მოპასუხე შპს „ს. კ. ს. პ-თან“ მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოგვიანებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხის (შპს „ს. კ. ს. პ-თან“) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე, ქ. ბათუმში, მ-ის ქუჩა №35/37-ში (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ:№........) დაყადაღება (იხ., სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება, ს.ფ. 02).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის განჩინებით თ. ლ-ის განცხადება დაკმაყოფილდა. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხე შპს ,,ს. კ. ს. პ-თან” (ს/ნ:.......) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე, ქ. ბათუმი, მ-ის №35/37/ქ. ბათუმი, ზ-ის №6/ქ. ბათუმი, ზ-ის ქუჩა №8 (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ:№........), სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. განჩინება დასაბუთებულია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები იძლეოდა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოხდებოდა განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების გასხვისება ან განკარგვა, რაც შეუძლებელს გახდიდა ან გააძნელებდა შემდგომში საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას. საქართველოს სსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილებულიყო და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულიყო მოპასუხის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება.

აღნიშნულ განჩინებაზე შპს „ს. კ. ს. პ-თან” (წარმომადგენელი გ. წ-ე) მიერ წარდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 03 ნოემბრის განჩინებით შპს „ს. კ. ს. პ-თან” საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 09 სექტემბრის განჩინების ნაწილობრივი შეცვლით მიღებულ იქნა ახალი განჩინება და თ. ლ-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ყადაღა დაედო მოპასუხე შპს „ს. კ. ს. პ-თან” (ს/ნ:.......) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე ქ. ბათუმი, მ-ის №35/37/ქ. ბათუმი, ზ-ის №6/ქ. ბათუმი, ზ-ის ქუჩა №8 (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ:№........) პირველ სართულზე არსებულ ფართებს მთლიანად. განჩინება კანონიერ ძალაშია შესული და მასზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.

მოგვიანებით, განჩინების განმარტების მოთხოვნით სასამართლოს განცხადებით მიმართა თ. ლ-ემ, რომელმაც აღნიშნა, რომ სარეგისტრაციო სამსახურში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 03 ნოემბრის განჩინების საფუძველზე ქონების დაყადაღება ვერ ხერხდებოდა მისი სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების გამო. განმცხადებლის მითითებით მოპასუხეს საკუთრებაში გააჩნდა 1352მ2 მიწის ნაკვეთი და არა რაიმე სახის საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართი. შესაბამისად, განჩინების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი ქცევის წესი მოპასუხის (შპს ,,ს. კ. ს. პ-თან”) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე ქ. ბათუმში, მ-ის №35/37/ქ. ბათუმში, ზ-ის №6/ქ. ბათუმში, ზ-ის ქუჩა №8 (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ:№........) პირველ სართულზე არსებული ფართების დაყადაღების შესახებ, შეუსაბამო იყო არსებულ რეალობასთან. იმ თვალსაზრით, რომ რაიმე ფართი, მით უფრო, პირველ სართულზე შპს „ს. კ. ს. პ-თან” არ გააჩნდა. შესაბამისად, განმცხადებლის მოსაზრებით, აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით არსებობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 03 ნოემბრის განჩინების განმარტების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათავლისწინებული წინაპირობები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 დეკემბრის განჩინებით თ. ლ-ის განცხადება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 03 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. განჩინება დასაბუთებულია შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

- სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით დაყადაღებული ქონების ღირებულება შეადგენდა 4 000 000 აშშ დოლარს.

- მოპასუხის (შპს ,,ს. კ. ს. პ-თან”) წარმომადგენლის განმარტებით დგინდებოდა, რომ ქ. ბათუმში, მ-ის №35/37/ქ. ბათუმში, ზ-ის №6/ქ. ბათუმში, ზ-ის ქუჩა №8-ში მიმდინარეობდა სახლის მშენებლობა და რომ მისი დაყადაღებით მოპასუხეს ესპობოდა ამ მშენებარე სახლის ცალკეული ბინა-ერთეულები და კომერციული ფართების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საშუალება. განშლის დარეგისტრირების გარეშე კი, მოპასუხე ვერ შეძლებდა ბინებისა და კომერციული ფართების გაყიდვების დაწყებას.

- უდავო გარემოებას წარმოადგენდა ისიც, რომ სადავო ობიექტი მრავალსართულიანი იყო და კონკრეტულ შემთხვევაში, დაყადაღებული იყო მისი პირველ სართულზე არსებული მთლიანი ფართი, ანუ მთლიან ფართში იგულისხმებოდა როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, ასევე, კომერციული და არაკომერციული ფართები.

ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ბუნდოვანება და რაიმე გაუგებრობა არ არსებობდა და არც მისი აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოება არ იკვეთებოდა. აღნიშნული კი, წარმოადგენდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 03 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს.

განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა თამარ ლომსაძემ, რომლითაც მოითხოვა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 03 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება შემდეგი დასაბუთებით:

2011 წლის 09 სექტემბერს თ. ლ-ის მიერ მოპასუხის - შპს „ს. კ. ს. პ-თან“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე 2014 წლის 12 აგვისტოს აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე შპს „ს. კ. ს. პ-თან” (ს/ნ:.......) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე ქ. ბათუმი, მ-ის №35/37/ქ. ბათუმი, ზ-ის №6/ქ. ბათუმი, ზ-ის ქუჩა №8 (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ:№........) პირველ სართულზე არსებულ ფართებს მთლიანად. განჩინება კანონიერ ძალაშია შესული და მასზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. თუმცა სარეგისტრაციო სამსახურში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 03 ნოემბრის განჩინების საფუძველზე ქონების დაყადაღება ვერ ხერხდება მისი სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების გამო. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით მოპასუხეს საკუთრებაში გააჩნია 1352მ2 მიწის ნაკვეთი და არა რაიმე სახის საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართი. შესაბამისად, განჩინების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი ქცევის წესი მოპასუხის (შპს ,,ს. კ. ს. პ-თან”) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე ქ. ბათუმში, მ-ის №35/37/ქ. ბათუმში, ზ-ის №6/ქ. ბათუმში, ზ-ის ქუჩა №8 (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ:№........) პირველ სართულზე არსებული ფართების დაყადაღების შესახებ, შეუსაბამოა არსებულ რეალობასთან. იმ თვალსაზრით, რომ რაიმე ფართი, მით უფრო, პირველ სართულზე შპს „ს. კ. ს. პ-თან” არ გააჩნია. შესაბამისად, აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 03 ნოემბრის განჩინების განმარტების აუცილებლობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 თებერვლის განჩინებით თ. ლ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი და შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 03 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე განმცხადებლის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 12 აგვისტოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით თ. ლ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხე შპს „ს. კ. ს. პ-თან“ მიმართ. მოგვიანებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხის (შპს „ს. კ. ს. პ-თან“) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე, ქ. ბათუმში, მ-ის ქუჩა №35/37-ში (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ:№........) დაყადაღება (იხ., სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება, ს.ფ. 02).

კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 03 ნოემბრის განჩინებით ყადაღა დაედო მოპასუხე შპს „ს. კ. ს. პ-თან” (ს/ნ:.......) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე ქ. ბათუმი, მ-ის №35/37/ქ. ბათუმი, ზ-ის №6/ქ. ბათუმი, ზ-ის ქუჩა №8 (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ:№........) პირველ სართულზე არსებულ ფართებს მთლიანად. განჩინებაზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.

მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, განმცხადებელი მოითხოვს კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 03 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის განმარტებას მის ბუნდოვანებაზე მითითებით, რასაც საქარველოს უზენაესი სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ განმარტებას გადაწყვეტილება/განჩინება ექვემდებარება მხოლოდ გადაწყვეტილებით/განჩინებით დადგენილი ქცევის წესის შეუცვლელად და იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიცაა აღიარებული განსამარტი გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგი, ისე, რომ განმარტების გზით არ შეიძლება გადაწყვეტილება სხვა ფაქტობრივ-სამართლებრივ შედეგს დაექვემდებაროს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. მითითებული ნორმის ანალიზი იძლევა შემდეგი დასკვნის საფუძველსაც: გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ თ. ლ-ის სარჩელის უზრუნველსაყოფად დააყადაღა მოპასუხის (შპს „ს. კ. ს. პ-თან” (ს/ნ:.......0) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე, ქ. ბათუმი, მ-ის №35/37/ქ. ბათუმი, ზ-ის №6/ქ. ბათუმი, ზ-ის ქუჩა №8 (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ:№........) პირველ სართულზე არსებული ფართები მთლიანად. როგორც წარმოდგენილი განცხადებით ირკვევა მითითებულ ობიექტს სარეგისტრაციო სამსახური ვერ ადებს ყადაღას განჩინებაში მითითებული ფართების არარსებობის გამო. აღნიშნული კი, მეტყველებს იმაზე, რომ ადგილი აქვს არა მითითებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას, არამეერდ სარჩელის უზრუნველყოფის სახის არასწორად შერჩევას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანების არარსებობის გამო, სახეზე არ არის განჩინების განმარტების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით დადგენილი წინაპირობები.

ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მოპასუხეს საკუთრებაში გააჩნია მხოლოდ მიწის ნაკვეთი (1352მ2) და რეალურად ჯერ არ არსებობს პირველ სართულზე რაიმე კომერციული ან/და არაკომერციული დანიშნულების ფართები, რომლის დაყადაღებასაც შეძლებდა სარეგისტრაციო სამსახური, ამიტომ სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის სახის ფარგლებში სარჩელი რჩება უზრუნველყოფის გარეშე. აღნიშნულთან მიმართებაში საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის დისპოზიციაზე, რომელიც საქმის განხილვის ყველა სტადიაზე დასაშვებად მიიჩნევს სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის შეცვლას მეორეთი და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით მართებულია შეირჩეს უზრუნველყოფის ის სახე, რომელიც მოცემულ კონკრეტულ ვითარებაში ყველზე მეტად უზრუნველყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს გადაწყვეტილების აღსრულების მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლების არარსებობის გამო, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე უსაფუძლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, თ. ლ-ეს უარი უნდა ეთქვას გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 დეკემბრის განჩინება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე