საქმე №ას-12-9-2015 6 მარტი, 2015 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „დ-ის“ დირექტორი ზ. ფ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ქუთაისის მერია, თვიმართველი ქალაქის ქუთაისის საკრებულო (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა– გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და გადაცემული ქონების კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ზ. ფ-ამ და შპს „დ-ის“ დირექტორმა ზ. ფ-ამ სარჩელი აღძრეს სასამართლოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ქუთაისის მერიისა და თვითმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს მიმართ ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და გადაცემული ქონების კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნების თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ფ-ასა და შპს „დ-ის“ დირექტორის ზ. ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ფ-ამ და შპს „დ-ის“ დირექტორმა ზ. ფ-ამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ზ. ფ-ასა და შპს „დ-ის“ დირექტორის ზ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2014 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ზ. ფ-ასა და შპს „დ-ის“ დირექტორის ზ. ფ-ას შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ არ დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეზე შეჩერდა სააპელაციო საჩივრის განხილვა 2014 წლის 24 ოქტომბრამდე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება ზ. ფ-ასა და შპს „დ-ის“ დირექტორის ზ. ფ-ას სააპელაციო საჩივარზე და მისი განხილვა დაინიშნა მთავარ სხდომაზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2014 წლის 18 და 19 ნოემბერს წარმოდგენილი იქნა ზ. ფ-ას შუამდგომლობები ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სხდომის გადადების შესახებ. შუამდგომლობას თან ერთვოდა ცნობა ზ. ფ-ას ჯანრმთელობის მდგომარეობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა ყველა მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
სამოქალაქო საპოცესო კოდექსის 280-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტსა და ამავე კოდექსის 281-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმისწარმოების შეჩერების არასავალდებულო საფუძვლებს შორის განსაკუთრებულ ყურდღებას იქცევს მხარის ავადმყოფობა. პრაქტიკაში არც ისე იშვიათია შემთხვევა, როცა მხარე ნამდვილად მძიმედაა დაავადებული და არ ჩანს რაიმე პერსპექტივა მისი ახლო მომავალში გამოჯანმრთელების. არადა მოწინააღმდეგე მხარე საქმის განხილვის გაჭიანურებით ნახულობს დიდ ზარალს. ავადმყოფი მხარე კი არავითარ განზრახვას, მიანდოს საქმის წარმოება ადვოკატს (წარმომადგენელს) არ ამჟღავნებს. მოცემული პირობების არსებობისას, არაუმეტეს 2 თვის ვადის გასვლისთანავე მხარე ვალდებულია დანიშნოს წარმომადგენელი, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია განაახლოს საქმის განხილვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარეთა პოზიცია იმის შესახებ, რომ მხარეს საკმაო დრო ჰქონდა იმისათვის, რათა აეყვანა ადვოკატი და ისე წარმოდგენილიყო სასამართლოში, თუმცა იგი არც თვითონ გამოცხადდა და არც ადვოკატი აიყვანა, რასაც კანონი ავლდებულებდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი და სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „დ-ის“ დირექტორმა ზ. ფ-ამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით მან საპატიო მიზეზით, მძიმე ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე მისვლა და ამის შესახებ წინასწარ აცნობა სასამართლოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობით, თუმცა სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი საქმის განხილვაზე. საჩივრის ავტორის აზრით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ კრძალავს და არც რაიმე დათქმას აკეთებს იმის თაობაზე, რომ თუ ერთხელ არის სააპელაციო საჩივრის განხილვა შეჩერებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, მისი განმეორებით გამოყენება არ არის დასაშვები. მხარე თავად წყვეტს აიყვანოს თუ რა ადვოკატი და აღნიშნული არ შეიძლებოდა გამხდარიყო მის საწინააღმდგეოდ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „დ-ის“ დირექტორის ზ. ფ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმეში წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო სასამართლოს მიერ, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების შემოწმება. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2014 წლის 24 სექტემბერს დანიშნული იყო ზ. ფ-ასა და შპს „დ-ის“ დირექტორის ზ. ფ-ას სააპელაციო საჩივრის განხილვა. 2014 წლის 23 სექტემბერს აპელანტმა ზ. ფ-ამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასამართლოს სხდომის სამი კვირიდან ერთ თვემდე ვადით გადადება მოითხოვა (იხ. ს.ფ. 405-406). აღნიშნულ განცხადებას მხარემ დაურთო სათანადო წესით გაცემული სამედიცინო ცნობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (იხ. ს.ფ. 406).
დადგენილია ასევე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 280-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად მიიღო გადაწყვეტილება ზ. ფ-ასა და შპს „დ-ის“ დირექტორის ზ. ფ-ას სააპელაციო საჩივარზე ერთი თვის ვადით საქმის წარმოების შეჩერების შესახებ (იხ. ს.ფ. 414-416).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ზემოაღნიშნულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება და ზ. ფ-ასა და შპს „დ-ის“ დირექტორის ზ. ფ-ას სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 19 ნოემბერს (ს.ფ. 424-425).
2014 წლის 18 და 19 ნოემბერს აპელანტმა ზ. ფ-ამ კვლავ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით სასამართლო სხდომის გადადების მოთხოვნით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და აღნიშნულ განცხადებას კვლავ დაურთო სამედიცინო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული ცნობა (433-435), თუმცა სასამართლომ საპატიოდ არ მიიჩნია მხარის გამოუცხადებლობა და მოპასუხეების შუამდგომლობის საფუძველზე განუხილველად დატოვა ზ. ფ-ასა და შპს „დ-ის“ დირექტორის ზ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე გასაჩივრდა შპს „დ-ის“ დირექტორის ზ. ფ-ას მიერ, შესაბამისად, პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებაზე, ვინაიდან თავად ზ. ფ-ას (როგორც ფიზიკური პირის) მიერ აღნიშნული განჩინება არ გასაჩივრებულა.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ავადმყოფობით, რაც დასტურდებოდა კომპეტენტური პირის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობით. შესაბაბამისად, სასამართლოს აღნიშნული ცნობა უნდა მიეჩნია მხარის გამოუცხადებლობის საპატიოობის დამადასტურებელ მტკიცებულებად და შეეჩერებინა საქმის წარმოება აპელანტის ავადმყოფობის გამო.
კერძო საჩივრის ავტორის ამ არგუმენტის შეფასების მიზნით საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:
სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. ამრიგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება) უნდა გაუქმდეს, თუმცა ამ მუხლის ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და გამოუცხადებელ მხარეს შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საფუძველი გახდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნიოს, ერთდროულად უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა:
1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და
2. აღნიშნული გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას.
მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორი არის იურიდიული პირი - შპს „დ-ი“, რომლის ინტერესებს სასამართლოში იცავს ორგანიზაციის დირექტორი, ზ. ფ-ა. შესაბამისად, იმისათვის, რომ ზ. ფ-ას ავადმყოფობის გამო პროცესზე შპს „დ-ის“ გამოუცხადებლობა სასამართლომ საპატიოდ მიიჩნიოს, კომპანიამ უნდა დაადასტუროს, რომ წარმომადგენელის (მოცემულ შემთხვევაში დირექტორის) ავადმყოფობა (განსაკუთრებული ობიექტური გარემოება) კომპანიისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა შპს „დ-ის“ პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ შპს „დ-ის“ დირექტორის, ზ. ფ-ას ავადმყოფობას სასამართლო დადასტურებულ ობიექტურ გარემოებად მიიჩნევს და ჩათვლის, რომ ეს ავადმყოფობა შეუძლებელს ხდიდა დირექტორის პროცესზე გამოცხადებას, აღნიშნული თავისთავად შეუძლებელს არ ხდის პროცესზე კომპანიის გამოცხადებას. დასადგენია, ჰქონდა თუ არა კომპანიას შესაძლებლობა უზრუნველეყო გამოცხადება სასამართლო სხდომაზე სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. კერძო საჩივრის ავტორი ვერ უთითებს და არც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, თუ რა კონკრეტული გარემოებების გამო გახდა შეუძლებელი სასამართლო სხდომაზე ორგანიზაციის სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მივლინება. თავისთავად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ორგანიზაციის დირექტორი იყო ავად და მას არ შეეძლო სასამართლო პროცესზე გამოცხადება, ვერ მიიჩნევა შპს „დ-ის“ გამოცხადების შეუძლებლობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებს. კერძო საჩივრის ავტორი კი ვერ ადასტურებს, რომ შპს „დ-ის“ დირექტორის ავადმყოფობამ კომპანიისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელი გახადა კომპანიის პროცესზე გამოცხადება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი შპს „დ-ის“ მოთხოვნის ნაწილში მართებულად დატოვა განუხილველად, აპელანტ შპს „დ-ის“ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „დ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინება შპს „დ-ის“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე