საქმე №ას-1347-1385-2014 2 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ჩ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა. დ. გ-ი“ (მოპასუხე), ზ. ჩ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გ. ჩ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა. დ. გ-ის“ მიმართ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჩ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება; შპს „ა. დ. გ-ისათვის“ 61075 ლარის გადახდის სანაცვლოდ გ. ჩ-ი ცნობილი იქნა ქ. ბათუმში, ვ-ას ქ. №..-ში მდებარე #.. ბინის მესაკუთრედ.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა. დ. გ-მა“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის განჩინებით შპს „ა. დ. გ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება.
2013 წლის 20 ივნისს ზ. ჩ-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განჩინებით ზ. ჩ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ჩ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ზ. ჩ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ზ. ჩ-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, ვ-ას ქ. #.., ბინა #..-ში მდებარე სადავო ქონება საკუთრების უფლებით ირიცხებოდა შპს „ა. დ. გ-ის“ სახელზე.
ზ. ჩ-სა და შპს „ა. დ. გ-ს“ შორის 2012 წელს გაფორმებული უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2012 წელს, ზ. ჩ-მა და შპს „ა. დ. გ-მა“ გამოხატეს ნება და აიღეს ვალდებულება, მომავალში დაიდოს ნასყიდობის ხელშეკრულება ქ. ბათუმში, ვ-ას ქ. #.., ბინა #..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინასა და მიწის ნაკვეთზე, რომლის ერთ-ერთი მესაკუთრეა ზ. ჩ-ი, იმ პირობით, რომ მეორე მხარე აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ააშენებდა მრავალბინიან სახლს და გადასცემდა ამავე საცხოვრებელ სახლში საცხოვრებელ ბინას, როგორც ნასყიდობის საფასურს. სწორედ აღნიშნული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება გახდა საფუძველი საჯარო რეესტრში სადავო უძრავ ქონებაზე შპს „ა. დ. გ-ის“ საკუთრების შესახებ ჩანაწერისა, რომელსაც ახლდა საცხოვრებელი ბინის ზ. ჩ-ზე გადაცემის ვალდებულება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა. დ. გ-ისთვის“ 61 075 ლარის გადახდის სანაცვლოდ გ. ჩ-ი ცნობილი იქნა ქ. ბათუმში, ვ-ას ქ. #.., ბინა #..-ში მდებარე ბინის მესაკუთრედ. ანუ იმ ბინისა, რომელზედაც გარკვეული უფლება-მოვალეობები გააჩნდათ როგორც შპს „ა. დ. გ-ს“, ისე ზ. ჩ-ს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხო ზ. ჩ-ის საკუთრების უფლებასა და მის ინტერესებს. ვინაიდან
მითითებული საქმის განხილვისას ზ. ჩ-ი არ ყოფილა მოწვეული მხარედ, არსებობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე გ. ჩ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ უმსჯელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობის თაობაზე. მითითებული ნორმა იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ დაუშვებელია გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, თუ მხარეს შეეძლო ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით უსაფუძვლოა ზ. ჩ-ის მოთხოვნა გ. ჩ-სა და შპს „ა. დ. გ-ს“ შორის მიმდინარე სამოქალაქო დავის ფარგლებში მისი მხარის სტატუსით მონაწილეობის შესახებ მაშინ, როდესაც აღნიშნულ დავაში წარმოდგენილი იყვნენ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული ურთიერთობის სუბიექტები - გ. ჩ-ი, როგორც სადავო ქონების მოსარგებლე და შპს „ა. დ. გ-ი“, როგორც აღნიშნული ქონების მესაკუთრე, ხოლო ზ. ჩ-სა და შპს „ა. დ. გ-ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები ვერ გახდებოდა სასამართლოს მსჯელობის საგანი მათი დავის საგანთან შემხებლობის არარსებობის გამო.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების კანონით განსაზღვრული საფუძვლის არსებობის შესახებ ზ. ჩ-მა შეიტყო ჯერ კიდევ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე და შესაბამისად, მას ჰქონდა შესაძლებლობა, განცხადებით მიემართა შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსთვის. ბათუმის რაიონული პროკურორისადმი ზ. ჩ-ის წარმომადგენლის ე. მ-ის მიერ მიწერილი 2012 წლის 17 დეკემბრის №../../... წერილით უტყუარად დგინდება გ. ჩ-სა და შპს „ა. დ. გ-ს“ შორის ქ. ბათუმში, ვ-ას №..-შჲ მდებარე ბინა №..-ში არსებული 74.46 კვ.მ ფართობის თაობაზე მიმდინარე სამოქალაქო დავის შესახებ ზ. ჩ-ის ინფორმირებულობის ფაქტი. მითითებული წერილით ირკვევა, რომ ზ. ჩ-ის ინტერესების დამცველის პროკურორისადმი მიმართვა დაკავშირებული იყო გ. ჩ-ის განცხადების საფუძველზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან, რომლის შესახებაც, წერილის მიხედვით, ზ. ჩ-ს ეცნობა გ. ჩ-თან სამოქალაქო დავაში ჩაბმულ შპს „ა. დ. გ-ის“ წარმომადგენლობის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის წარდგენილი №..... ცნობის საფუძველზე. აღნიშნული ცნობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარედგინა ჯერ კიდევ საქმის განხილვის ეტაპზე, ხოლო შპს „ა. დ. გ-ის“ წარმომადგენლებმა ზ. ჩ-ს აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობეს. ამასთან, ალოგიკურია, რომ შპს „ა. დ. გ-ს“ მიეღო გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ზ. ჩ-ის ინფორმირების შესახებ და არ ეცნობებინა სასამართლოში სამოქალაქო საქმისწარმოების დაწყების თაობაზე მაშინ, როდესაც სადავო ქონებაზე კომპანიის უფლებას საფრთხე შეექმნა სწორედ გ. ჩ-ის მიერ სამოქალაქო დავის ინიცირების შედეგად და სასამართლოს მიერ შპს „ა. დ. გ-ის“ საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში კომპანიას წარმოექმნებოდა მოთხოვნის უფლება ზ. ჩ-ის მიმართ, რომლისგანაც შეიძინა უფლებრივი ნაკლის მქონე ქონება. ამდენად, აშკარა იყო, რომ შპს „ა. დ. გ-ს“ ჰქონდა ინტენსიური ურთიერთობები ზ. ჩ-თან გ. ჩ-ის მიერ შპს „ა. დ. გ-ის“ წინააღმდეგ სასმართლოში სარჩელის შეტანის მომენტიდანვე.
კერძო საჩივრის ავტორმა კერძო საჩივარს დაურთო ზ. ჩ-ის მიერ სისხლის სამართლის №..... საქმეზე მიცემული ჩვენების ასლი, რომლითაც, საჩივრის ავტორის აზრით, დასტურდება ზ. ჩ-ის ინფორმირებულობა გ. ჩ-სა და შპს „ა. დ. გ-ს“ შორის მიმდინარე სამოქალაქო დავის შესახებ ჯერ კიდევ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროისთვის. ამდენად, ზ. ჩ-ს შეეძლო მოეთხოვა განსახილველ დავაში შესაბამისი საპროცესო სტატუსით მისი ჩაბმა ჯერ კიდევ 2012 წელს - საქმის განხილვის საწყის ეტაპზე, თუმცა მან 2013 წლის 20 ივნისის განცხადების საფუძველზე მოითხოვა უკვე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმისწარმოების განახლება, რაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის გათვალისწინებით, შესაბამისი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველს წარმოადგენდა.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ზ. ჩ-ის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესთან შემხებლობაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა სწორედ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, აპელირება კეთდება ზ. ჩ-ის წარმომადგენლის ე. მ-ისა და შპს „ა. დ. გ-ის“ წარმომადგენლის მ. ს-ის მიერ 2013 წლის 11 ივნისს შედგენილ ცნობაზე, რომლის თანახმადაც, შპს „ა. დ. გ-ის“ წარმომადგენელმა ზ. ჩ-ის წარმომადგენელს 2013 წლის 11 ივნისს გადასცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატის 2013 წლის 10 მაისის განჩინება. საჩივრის ავტორის აზრით, თავის მხრივ, ის გარემოება, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადაცემა მოხდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებისთანავე, კიდევ ერთხელ ადასტურებს შპს „ა. დ. გ-სა“და ზ. ჩ-ს შორის მუდმივი კომუნიკაციის არსებობის ფაქტს. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილია აღნიშნული მტკიცებულების საპირისპირო, მისი გამაბათილებელი მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დასტურდება ზ. ჩ-ის მიერ გ. ჩ-სა და შპს „ა. დ. გ-ს“ შორის არსებული სამოქალაქო დავის შესახებ სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში ცოდნის ფაქტი, ზემოაღნიშნული ცნობა წარმოადგენს ხელოვნურად შექმნილ დოკუმენტს საიმისოდ, რომ დარღვეულად არ ჩაითვალოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარდგენის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ერთ თვიანი ვადა. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს ამავე კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო შესაბამისი საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
მითითებული ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლში. კერძოდ, ამ ნორმის პირველი ნაწილის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის საქმის წარმოების განახლების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, რომლის შესაბამისად, სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გააუქმა და საქმის წარმოება განაახლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხებოდა მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე).
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას მასზედ, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას უგულვებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, რომელიც იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ დაუშვებელია გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, თუ მხარეს შეეძლო ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნულ დასკვნას ამყარებს მის მიერ წარმოდგენილ 2012 წლის 30 ნოემბრის #.... მოწმის დაკითხვის ოქმსა და 2012 წლის 17 დეკემბრის №..... წერილზე (რომელიც ზ. ჩ-ის წარმომადგენელმა, ე. მ-ემ მისწერა ბათუმის რაიონულ პროკურორს) და აღნიშნავს, რომ ამ დოკუმენტებით დგინდება გ. ჩ-სა და შპს „ა. დ. გ-ს“ შორის ქ. ბათუმში, ვ-ას №..-ში მდებარე ბინა №..-ში არსებული 74.46 კვ.მ ფართობის თაობაზე მიმდინარე სამოქალაქო დავის შესახებ ზ. ჩ-ის ინფორმირების ფაქტი. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, ზ. ჩ-ს შეეძლო მოეთხოვა დავაში შესაბამისი საპროცესო სტატუსით ჩაბმა ჯერ კიდევ 2012 წელს - საქმის განხილვის საწყის ეტაპზე. აღნიშნული უფლება კი მას არ გამოუყენებია.
საკასაციო პალატა იზირებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ 2012 წლის 30 ნოემბრის #..... მოწმის დაკითხვის ოქმითა და 2012 წლის 17 დეკემბრის №..... წერილით დგინდება ზემოაღნიშნული დავის თაობაზე ზ. ჩ-ის ინფორმირების ფაქტი.
2012 წლის 30 ნოემბრის #..... მოწმის დაკითხვის ოქმით ირკვევა, რომ ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის მიერ ზ. ჩ-ი დაკითხულ იქნა მოწმის სახით. ჩვენების მიცემისას მან განაცხადა, რომ იცოდა გ. ჩ-სა და შპს „ა. დ. გ-ს“ შორის არსებული დავის თაობაზე და იმის შესახებაც, რომ აღნიშნული დავა გ. ჩ-მა წააგო ბათუმის საქალაქო სასამართლოში (იხ. ტ. 3. ს.ფ. 146-147).
რაც შეეხება 2012 წლის 17 დეკემბრის №..... წერილს, აღნიშნული წერილით ზ. ჩ-ის ადვოკატმა ე. მ-ემ ბათუმის რაიონულ პროკურორს აცნობა, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილება ახორციელებდა გამოძიებას გ. ჩ-ის განცხადების საფუძველზე აღძრულ #...... სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით არსებულ ფაქტზე. ამის შესახებ ზ. ჩ-ს ეცნობა გ. ჩ-ის სამოქალაქო დავაში ჩართულ მოპასუხე შპს „ა. დ. გ-ის“ წარმომადგენლების მიერ. ამავე წერილში განმცხადებელმა აღნიშნა, რომ გ. ჩ-მა სასამართლო პროცესი პირველი ინსტანციის სასამართლოში წააგო (იხ. ტ. 3. ს.ფ. 139-140).
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ ზ. ჩ-მა არ გამოიყენა კანონმდებლობით მინიჭებული შესაბამისი საპროცესო სტატუსით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება საქმის წარმოების ეტაპზე, საკასაციო პალატა აღნიშნულ მსჯელობას უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს:
საქმის მასალების კვლევის შედეგად დასტურდება და თავად გ. ჩ-იც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ზ. ჩ-მა 2012 წლის 20 დეკემბერს, გ. ჩ-სა და შპს „ა. დ. გ-ს“ შორის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას, კერძოდ კი საკასაციო ინსტანციის სასამართლოში შპს „ა. დ. გ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე საქმის განხილვისას, საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა აღნიშნულ დავაში მესამე პირად ჩართვისა და საქმის არსებითად განხილვისთვის დაბრუნების მოთხოვნით (იხ. ტ. 2. ს.ფ. 125-126, ს.ფ. 32), თუმცა საკასაციო სასამართლომ ისე მიიღო საქმე არსებითად განსახილველად და გამოიტანა განჩინება საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომ არ უმსჯელია აღნიშნულ შუამდგომლობაზე. 2013 წლის 10 მაისის განჩინებით არ დააკმაყოფილა შპს „ა. დ. გ-ის“ საკასაციო საჩივარი, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შევიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილება (ტ. 2. ს.ფ. 147-153).
ამრიგად, მას შემდეგ, რაც ზ. ჩ-მა თავისი უფლების რეალიზება (საქმეში მხარის სტატუსით ჩაბმა) ვერ განახორციელა აღნიშნული საქმის განხილვის დასრულებამდე, მან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მიმართა სააპელაციო სასამართლოს საქმის უზენაეს სასამართლოში განხილვა-დასრულების შემდეგ, საბოლოო განჩინების თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან კანონით დადგენილ ერთი თვის ვადაში, 2013 წლის 20 ივნისს (იხ. ტ. 3. ს.ფ. 2-7). უზენაესი სასამართლოს მიერ საბოლოო განჩინების მიღების თაობაზე ზ. ჩ-ის ინფორმირების ფაქტს ადასტურებს განცხადებაზე ცნობის სახით დართული 2013 წლის 11 ივნისს შედგენილი დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს ერთის მხრივ, ზ. ჩ-ის წარმომადგენელი ე. მ-ე და მეორეს მხრივ, შპს „ა. დ. გ-ის“ წარმომადგენელი მ. ს-ე (იხ. ტ. 3. ს.ფ. 12).
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის იმ მოსაზრებას, რომ აღნიშნული ცნობა არის ხელოვნურად შექმნილი დოკუმენტი საიმისოდ, რომ დარღვეულად არ ჩაითვალოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების კანონით დადგენილი ერთ თვიანი ვადა. ზემოაღნიშნულ ცნობაში ასახული ფაქტობრივი გარემოებების გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, უსაფუძვლოა მისი ამგვარი მსჯელობა.
პალატა ასევე უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას ზ. ჩ-ის მოცემულ დავასთან შემხებლობის არარსებობის თაობაზე და მიუთითებს საქმეში არსებულ წინარე ნასყიდობის ხელშკრულებაზე, რომლითაც განსაზღვრულია ზ. ჩ-ისა და შპს „ა. დ. გ-ის“ უფლება-მოვალეობები და ის პირობები, თუ რა შემთხვევაში დაიდება მხარეთა შორის ძირითადი ხელშეკრულება. კერძოდ, აღნიშნული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო იმ პირობით, რომ ზ. ჩ-ის ბინის ათვისების გზით აშენდებოდა მრავალბინიანი სახლი. სახლის აშენების შემდგომ კი შპს „ა. დ. გ-ი“ და ზ. ჩ-ი დადებდნენ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებას და სადავო ბინის ნასყიდობის ფასის სანაცვლოდ ზ. ჩ-ი მიიღებდა საცხოვრებელ ფართს. საქმის მასალებით დადგენილი არ არის შპს „ა. დ. გ-ის“ მიერ ხელშეკრულების შესრულების ფაქტი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს „ა. დ. გ-ისთვის“ 61 075 ლარის გადახდის სანაცვლოდ გ. ჩ-ი ცნობილი იქნა ქ. ბათუმში, ვ-ას ქ. #.. ბინა #..-ში მდებარე სადავო ბინის მესაკუთრედ, ანუ იმ ბინისა, რომელზედაც გარკვეული უფლება-მოვალეობები გააჩნდა ზ. ჩ-ს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხო ზ. ჩ-ის საკუთრების უფლებასა და მის ინტერესებს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა, რომ არსებობდა მითითებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცესუალური საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. ჩ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე