Facebook Twitter

ბს-823-409(კ-05) 13 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე (მომხსენებელი),

ნ. ქადაგიძე

სარჩელის საგანი: სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 31 აგვისტოს ნ. ხ-მ და ჯ. დ-მ სარჩელით მიმართეს თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელეებმა სარჩელში აღნიშნეს, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004წ. 2 აგვისტოს ¹466-კს ბრძანებით, დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებასთან დაკავშირებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, ნ. ხ-ა გათავისუფლდა რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის” საბაჟო-გამშვებ პუნქტ “ს-ის” ...ის, ხოლო ჯ. დ-ა _ იმავე საბაჟო-გამშვები პუნქტის მთავარი ...ის თანამდებობიდან. მოსარჩელეთა განმარტებით, შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება ფაქტობრივად არ მომხდარა, არამედ აღნიშნულ თანამდებობებს ფორმალურად შეუცვალეს სახელები და ადრე არსებულ შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობებს დაუმატეს ახალი შტატებით გათვალისწინებული თანამდებობები, რის შედეგადაც რეგიონალურ საბაჟო “დასავლეთში” უფრო მეტი შტატები აღმოჩნდა, ვიდრე მოსარჩელეთა გათავისუფლების დროს იყო, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი “ს-ი” ისევ იმ სახით არსებობს.

მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი თანახმა იყვნენ, დანიშნულიყვნენ სხვა თანამდებობაზე. მათი გათავისუფლებით დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რადგან მასში მოყვანილი ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. გარდა ამისა, დაირღვა აღნიშნული კანონის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ვინაიდან მოსარჩელეები თანამდებობიდან გაათავისუფლეს გაფრთხილების ვადის გასვლიდან პირველივე დღეს. ამის გამო, მათი თანამდებობიდან გათავისუფლება უკანონო იყო, მით უმეტეს, რომ ნ. ხ-ა არის ორი არასრულწლოვანი შვილისა და ავადმყოფი, უმუშევარი ქმრის ერთადერთი მარჩენალი, ხოლო ჯ. დ-ა არის ინვალიდი დედ-მამის ერთადერთი მარჩენალი, აფხაზეთიდან ლტოლვილი, აფხაზეთის ომის მონაწილე, გათანაბრებულია დიდი სამამულო ომის მონაწილეებთან და სარგებლობს “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული შეღავათებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა სარჩელით ითხოვეს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004წ. 2 აგვისტოს ¹466-კს ბრძანების გაუქმება მათი თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში, სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა _ ბათილად იქნა ცნობილი ნ. ხ-სა და ჯ. დ-ს გათავისუფლების შესახებ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004წ. 2 აგვისტოს ¹466-კს ბრძანება; მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ აღნიშნული ბრძანების გამოცემამდე დაკავებული თანამდებობების მსგავს ან იმავე ფუნქციების შესასრულებლად საშტატო განრიგით გათვალისწინებულ სხვა ტოლფას თანამდებობებზე. მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 მარტის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა და გამოტანილია ფაქტობრივი გარემოებების შეფასების გარეშე. საბაჟო დეპარტამენტში განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა შტატების შემცირება. საბაჟო სისტემის ყველა მოხელე და, მათ შორის, მოსარჩელეები, გაფრთხილებული იყვნენ მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004წ. 2 აგვისტოს ¹466-კს ბრძანებით, დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებასთან დაკავშირებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან. საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში რეორგანიზაციის დროს განხორციელდა შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება და მოსარჩელეთა გათავისუფლებისას დაცულ იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს იმ გამონაკლის შემთხვევას, როდესაც დაწესებულებას აქვს შესაძლებლობა, სხვა თანამდებობა შესთავაზოს მოხელეს და თუ მოხელე თანხმობას განაცხადებს სხვა თანამდებობაზე, ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება მოხელის გათავისუფლება სამსახურიდან, ხოლო კანონი არ ითვალისწინებს შტატების შემცირებისას მოხელისთვის სხვა თანამდებობის აუცილებელი შეთავაზების თაობაზე ადმინისტრაციის ვალდებულებას. ამ შემთხვევაში, ადმინისტრაცია, ზემოაღნიშნული მიზეზის გამო, მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოსარჩელეთათვის შეეთავაზებინა სხვა თანამდებობა.

კასატორის განცხადებით, რაც შეეხება შკკ-ის 36-ე მუხლის მოთხოვნას, საბაჟო დეპარტამენტმა განიხილა, თუ ვის ენიჭებოდა რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, შტატების შემცირებისას სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლება და ისინი დაინიშნენ თანამდებობებზე. სასამართლომ არასწორად განმარტა ფინანსთა მინისტრის 2004წ. 23 ივნისის ¹426 ბრძანება და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე და 108-ე მუხლები, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელეები გააფრთხილეს მათი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. გარდა ამისა, სასამართლომ არ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-14 მუხლი, რომლის თანახმად, საჯარო მოხელეებზე შრომის კანონმდებლობის მოქმედება ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით. აღნიშნული კანონი იმპერატიულად არ ავალდებულებს დაწესებულების ადმინისტრაციას, გათავისუფლების შემთხვევაში მოხელეს შესთავაზოს სხვა თანამდებობა, მით უმეტეს, როცა საბაჟო სამსახურში არ არსებობდა თავისუფალი შტატები. თბილისის საოლქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული არც ერთი არგუმენტი და საქმის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლა-შეფასების გარეშე მიიღო უკანონო განჩინება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული განჩინება შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

ვინაიდან კასატორმა არ წარმოადგინა დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004წ. 2 აგვისტოს ¹466-კს ბრძანებით, დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებასთან დაკავშირებით, ნ. ხ-ა გათავისუფლდა რეგიონალური საბაჟო დასავლეთის საბაჟო-გამშვებ პუნქტ “ს-ის” ...ის, ხოლო ჯ. დ-ა _ იმავე პუნქტის მთავარი ...ის თანამდებობიდან.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მოსარჩელეთათვის საბაჟო დეპარტამენტში სხვა სამუშაო არ შეუთავაზებია. თავად კასატორი მიუთითებს საკასაციო საჩივარში, რომ საბაჟო დეპარტამენტი კანონის თანახმად, არ იყო ვალდებული და მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოსარჩელისთვის შეეთავაზებინა სხვა თანამდებობა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოსარჩელეები სამსახურიდან გათავისუფლდნენ არსებული კანონმდებლობის სრული დაცვით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი შეიცავს ამკრძალავ ნორმას იმის თაობაზე, რომ მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, ანუ იგულისხმება ადმინისტრაციის ვალდებულება მოხელისთვის სხვა თანამდებობის აუცილებელი შეთავაზების შესახებ და აღნიშნული ამკრძალავი ნორმა გამოიყენება დაწესებულების შტატების შემცირების დროსაც.

საკასაციო სასამართლო, ასევე, ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველ პუნქტში მოხსენიებულ დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებაზე, როგორც დაკავებული თანამდებობიდან მოსარჩელეთა გათავისუფლების საფუძველზე.

მოცემული საქმის მასალებით, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის” ძველი და ამჟამად არსებული საშტატო ნუსხების შედარების მიხედვით, არ დასტურდება აღნიშნულ საბაჟოში შტატების შემცირება, არამედ პირიქით _ აღნიშნული საბაჟოს საშტატო ერთეულები გაიზარდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტმა დაარღვია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება ნ. ხ-სა და ჯ. დ-ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004წ. 2 აგვისტოს ¹466-კს ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მიერ მოსარჩელეთა აღდგენას სადავო ბრძანების გამოცემამდე დაკავებული თანამდებობების მსგავს ან იმავე ფუნქციების შესასრულებლად საშტატო განრიგით გათვალისწინებულ სხვა ტოლფას თანამდებობებზე, რის გამოც ამ ნაწილში მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი და შრომის კანონთა კოდექსი არ ითვალისწინებს ფიზიკური პირის აღდგენას გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის მსგავს ან იმავე ფუნქციების შესასრულებლად საშტატო განრიგით გათვალისწინებულ სხვა ტოლფას თანამდებობაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ნაწილის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, არსებობს თუ არა საბაჟო უწყებაში ის თანამდებობები, რაზეც მოსარჩელეები მუშაობდნენ გათავისუფლებამდე და მხოლოდ მას შემდეგ უნდა იმსჯელოს მოსარჩელეთა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მარტის განჩინება უცვლელად დარჩეს ნ. ხ-სა და ჯ. დ-ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004წ. 2 აგვისტოს ¹466-კს ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში;

3. დანარჩენ ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მარტის განჩინება გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.