საქმე №ას-138-129-2015 18 მარტი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ლ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქ-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ლ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. გ-ის მიმართ მხარეთა შორის 2012 წლის 12 მარტს დადებული უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 18 ივნისს ნ. ლ-ესა და მ. გ-ეს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 4500 აშშ დოლარი უპროცენტოდ. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2010 წლის 18 დეკემბერი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება და სესხის ოდენობა გაიზარდა 43000 აშშ დოლარამდე.
მოსარჩელის მითითებით, სესხის დაბრუნების ვადის გასვლის შემდეგ მ. გ-ემ მოითხოვა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება გამოსყიდვის უფლებით. ნ. ლ-ე იძულებული გახდა, დასთანხმებოდა მ. გ-ეს და 2012 წლის 12 მარტს მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. აღნიშნული ხელშეკრულებით ნ. ლ-ემ ვალდებულება იკისრა, 24 თვის განმავლობაში (2014 წლის 12 მარტამდე) გამოესყიდა მ. გ-ისაგან სადავო ქონება. 2014 წლის 13 მარტს მ. გ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა სადავო ქონებაზე 2012 წლის 12 მარტის ხელშეკრულებით დაფიქსირებული ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაცია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნ. ლ-ემ მ. გ-ისაგან 2010 წლის 18 ივნისს ისესხა 4500 აშშ დოლარი. მხარეებს შორის წერილობით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელშიც რამდენჯერმე შევიდა ცვლილება სესხის თანხის გაზრდის გამო. 2011 წლის 19 ივლისის ცვლილებების დროს ნასესხები თანხის ოდენობამ შეადგინა 43000 აშშ დოლარი. ნ. ლ-ესა და მ. გ-ეს შორის 2012 წლის 12 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე არსებობდა შეთანხმება, თუ სესხის თანხა მიაღწევდა 40000 აშშ დოლარს მოხდებოდა უძრავი ქონების გასხვისება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქ-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ნ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 1 დეკემბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 5 დღის ვადაში დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის სააპელაციო პალატისათვის წარდგენა. აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2014 წლის 1 დეკემბრის განჩინება იმავე დღეს სატელეფონო შეტყობინების გზით ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელ ა. ბ-ას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამდენად, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხარვეზის შესავსებად მხარისათვის მიცემული ვადა ამოიწურა 2014 წლის 8 დეკემბერს (ორშაბათს), 24:00 საათზე.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე, 374-ე, 59-ე და 63-ე მუხლების საფუძველზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობაა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. ლ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენელ ა. ბ-ას 2014 წლის 1 დეკემბრის განჩინება სააპელაციო პალატის მიერ ხარვეზის დადგენის თაობაზე სატელეფონო შეტყობინებით არ ჩაბარებია. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს მობილურ ოპერატორ „ბილაინის“ მიერ გაცემული ამონაწერი, რომლითაც ირკვევა, რომ 2014 წლის 1 დეკემბერს კორპორატიული ნომრიდან ა. ბ-ას კუთვნილ ნომერზე (........) ზარი არ დაფიქსირებულა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ლ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ 2014 წლის 1 დეკემბრის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე აპელანტ ნ. ლ-ეს დაუდგინა ხარვეზი და დაავალა 5 დღის ვადაში დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა და საქმის მასალებში წარმოდგენილი აქტით (ს.ფ. 136) დასტურდება, რომ 2014 წლის 1 დეკემბრის განჩინება იმავე დღეს სატელეფონო შეტყობინების გზით ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელ ა. ბ-ას, რომლის სათანადო უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეზე დართული მინდობილობით (ს.ფ. 19).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.
მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 1 დეკემბრის განჩინების სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით ა. ბ-ასათვის ჩაბარების ფაქტს, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.
უპირველესად, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2014 წლის 1 დეკემბერს ა.ბ-თვის სატელეფონო შეტყობინების ჩაბარების შესახებ მოსამართლის თანაშემწის მიერ შედგენილი აქტი წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს და მისი შინაარსი სარწმუნოა როგორც სასამართლოსათვის, ისე მხარეთათვისაც, თუ სათანადო წესით არ დადგინდა, რომ დოკუმენტში მითითებული მონაცემები მცდარია.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს სადავო გარემოებათა მტკიცების სტანდარტი, რომელიც ასახულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი ზემოთ მოხმობილი აქტის მონაცემთა უზუსტობას ტექნიკურ შეცდომად აკვალიფიცირებს, რის დასადასტურებლადაც მხარე უთითებს მობილურ ოპერატორ „ბილაინის“ მიერ გაცემულ ამონაწერზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2014 წლის 1 დეკემბერს კორპორატიული ნომრიდან ა. ბ-ას კუთვნილ ნომერზე (........) ზარი არ დაფიქსირებულა.
საკასაციო სასამართლო სრულიად იზიარებს მითითებული ამონაწერის მონაცემებს, სადაც დაფიქსირებულია, რომ 2014 წლის 1 დეკემბერს 19:03:25 საათზე ა.ბ-ას კუთვნილ ნომერზე განხორცილდა ზარი ნომრიდან ......... საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნომერი არ არის კორპორატიული და ქ. ს. სასამართლოს კონკრეტულ მოხელეს არ ეკუთვნის. თავად 2014 წლის 1 დეკემბრის აქტში აღნიშნულია, რომ სასამართლო შეტყობინება ჩაბარდა არა კორპორატიული ქსელის, არამედ კომპიუტერული პროგრამა „zoiper free-ს“ მეშვეობით.
ამასთან, ფაქტობრივად ემთხვევა აქტსა და ამონაწერში მითითებული დრო – 19:03, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება მხოლოდ ამყარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობას და მისი გაუქმების წინაპირობა ვერ გახდება.
ამდენად, სადავო შეტყობინების ჩაბარების ფაქტი ტექნიკურ შეცდომად ვერ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ ხარვეზის შევსების ვადის ათვლა ნ. ლ-ის მიმართ დაიწყო ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარების – 2014 წლის 1 დეკემბრის მომდევნო დღიდან – 2014 წლის 2 დეკემბრიდან და ამოიწურა 8 დეკემბერს (6-7 დეკემბერი იყო უქმე დღეები).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს გონივრული ვადა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში იგი არ გამოუსწორებია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქ-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური