Facebook Twitter

საქმე №ას-159-149-2015 11 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ. დ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ყ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ყ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. დ-ას მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2013 წლის 19 ივლისს მ. ყ-მა რ. დ-ას ასესხა 21500 აშშ დოლარი ყოველთვიურად 3,5%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ი. ქ-ის სახელზე რიცხული ქ.თბილისში, შ-ის ქ.№3-5-ში მდებარე უძრავი ნივთი. მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია და თანხა მოსარჩელისათვის სრულად არ გადაუხდია, რის გამოც მას უნდა დაეკისროს ძირითადი სესხის – 18500 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს – 2776 აშშ დოლარისა და ძირითადი თანხის 0,15%-ის – 27,75 აშშ დოლარის ანაზღაურება გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არასწორად იქნა ჩამოყალიბებული, ამასთან, ეჭვს იწვევს ი. ქ-ის ქმედუნარიანობის საკითხი და მას არ შეეძლო, არანაირი ხელშეკრულების გაფორმება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ყ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რ. დ-ას მ. ყ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 18500 აშშ დოლარის, ასევე სარჩელის აღძვრამდე 100 დღის შემცირებული პირგასამტეხლოს – 925 აშშ დოლარისა და სარჩელის აღძვრის დღიდან – 2014 წლის 12 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0,05%-მდე შემცირებული პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 9,25 აშშ დოლარის ოდენობით, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დადგინდა იძულებითი აღსრულება განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული საგნის, ი. ქ-ის კუთვნილი ქ.თბილისში, შ-ის ქ.№3-5-ში მდებარე უძრავი ქონების რეალიზაციის გზით.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნით აღნიშნულ ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინებით რ. დ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ნოემბრის განჩინებით აპელანტ რ. დ-ას უარი ეთქვა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გათავისუფლებაზე, მასვე დაევალა, წარმოედგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნებოდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, რამდენი პროცენტით ითხოვდა პირგასამტეხლოს შემცირებას, დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით განესაზღვრა სააპელაციო საჩივრის ფასი იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ითხოვდა პირგასამტეხლოს შემცირებას, წარმოდგენილი დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის შესაბამისად 10 დღის ვადაში გადაეხადა სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

2014 წლის 1 დეკემბერს აპელანტმა რ. დ-ამ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და იშუამდგომლა საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ესაჭიროებოდა სპეციალისტის კონსულტაცია დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარმოსადგენად, ამასთან, დრო სჭირდებოდა სახელმწიფო ბაჟის სახით თანხის მოსაძიებლად. აპელანტმა აღნიშნა, რომ იმყოფებოდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, წარმოადგენდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, მეუღლე ჰყავდა საკმაოდ მძიმედ ავად და ესაჭიროებოდა სოლიდური თანხები სამკურნალოდ. აღნიშნულის დასადასტურებლად აპელანტმა წარადგინა მტკიცებულებები დანართის სახით.

სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 8 დეკემბრის განჩინებით რ. დ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ხარვეზის ვადა გაუგრძელდა 10 დღით.

2014 წლის 25 დეკემბერს აპელანტმა რ. დ-ამ განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას და, 2014 წლის 8 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით, წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი – 204 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტ რ. დ-ას მ. ყ-ის სასარგებლოდ დაკისრებული ჰქონდა სარჩელის აღძვრის დღიდან – 2014 წლის 12 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0.05%-მდე შემცირებული პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 9,25 აშშ დოლარის ოდენობით, რაც შეადგენდა 9990 აშშ დოლარს (9.25 X 30=277.5, 277.5 X 12=3330, 3330X3=9990) 9990 დოლარის 4% არის 399.6 დოლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის სახით აპელანტს უნდა გადაეხადა 399.6 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის, 368-ე მუხლის მეხუთე და მეშვიდე ნაწილების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს ხარვეზი სრულად არ შეუვსია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე რ. დ-ამ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის, რათა აპელანტს მიეცეს დამატებითი ვადა ხარვეზის შესავსებად და შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი უფლებები სასამართლოში შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სასამართლოს უნდა განესაზღვრა აპელანტისათვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის კონკრეტული ოდენობა მის მიერ დაზუსტებული სააპელაციო მოთხოვნის შესაბამისად. სააპელაციო პალატას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ რ. დ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი, აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა, ჰყავს 3 მცირეწლოვანი შვილი და ონკოლოგიური დაავადების მქონე მეუღლე, ამდენად, მას გაუჭირდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტება.

მხარემ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის 4%-ს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარს, ხოლო აპელანტმა გადაიხადა 204 ლარი, რაც იძლეოდა შესაძლებლობას, სასამართლოს მიეღო საქმე წარმოებაში და სააპელაციო საჩივრის მიღებისას ემსჯელა სახელმწიფო ბაჟის იმ მოცულობამდე, რაც შემდგომ გასაჩივრებული განჩინებით მხარეს განუსაზღვრა.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი არ არის განჩინება 2014 წლის 1 დეკემბრის განცხადებასთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადების პასუხად მხარემ მიიღო სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 10 ნოემბრის განჩინება, რომელიც უკვე ჩაბარებული ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებისათვის საჭირო ყველა მტკიცებულება, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მხარემ თავისი მძიმე მატერიალური მდგომარეობა სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა. 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინებაში კი, სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტმა წარადგინა მტკიცებულებები დანართის სახით. ამდენად, მხარემ მიიჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო პალატას უნდა გაეთავისუფლებინა ან გადაევადებინა მაინც სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. დ-ას კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 10 ნოემბრის განჩინებით აპელანტ რ. დ-ას უარი ეთქვა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გათავისუფლებაზე, მხარეს დაევალა, წარედგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნებოდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, რამდენი პროცენტით ითხოვდა პირგასამტეხლოს შემცირებას, დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით განესაზღვრა სააპელაციო საჩივრის ფასი იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ითხოვდა პირგასამტეხლოს შემცირებას, წარმოდგენილი დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის შესაბამისად, 10 დღის ვადაში გადაეხადა სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

ასევე დადგენილია, რომ რ. დ-ას შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო პალატამ 2014 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ხარვეზის შევსების ვადა მხარეს აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღით გაუგრძელა, თუმცა 2014 წლის 8 დეკემბრის განჩინების აპელანტისათვის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. მართალია, სააპელაციო სასამართლომ იგი აპელანტს გაუგზავნა, თუმცა გზავნილი მხარეს არ ჩაბარდა ადრესატის სახლში არყოფნის გამო (ტომი 2, ს.ფ. 20). საქმეში არსებული ხელწერილით დასტურდება, რომ რ. დ-ას 2014 წლის 15 დეკემბერს ჩაბარდა 2014 წლის 10 ნოემბრის განჩინება (ტომი 2, ს.ფ. 21).

2014 წლის 25 დეკემბერს (მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 10 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან – 2014 წლის 15 დეკემბერიდან მე-10 დღეს) რ. დ-ამ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და, ხარვეზის გამოსწორების მიზნით, დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა. მან მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, რომლითაც აპელანტს დაევალა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2014 წლის 12 მარტიდან 9,25 აშშ დოლარის გადახდა, რაც, მხარის განმარტებით, შეადგენდა 2682 აშშ დოლარს. შესაბამისად, აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 204 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ რ. დ-ას სააპელაციო საჩივარი არასწორად დატოვა განუხილველად, კერძოდ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობისას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, ერთი მხრივ, წარმოადგენს გარკვეულ სანქციას იმ მხარისათვის, რომელმაც უგულებელყო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისათვის დადგენილი წინაპირობების შესრულება, ხოლო მეორე მხრივ, იგულისხმება, რომ აპელანტმა დაკარგა ინტერესი მისი სააპელაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს მითითებული საფუძვლებიდან რომელმა გამოიწვია ხარვეზის შეუვსებლობა – აპელანტის მხრიდან სასამართლოს მითითებების უგულებელყოფამ, თუ სააპელაციო საჩივრის განხილვისადმი მხარის ინტერესის დაკარგვამ.

მოცემულ შემთხვევაში ცხადია, რომ რ. დ-ას რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე თავისი სააპელაციო საჩივრის განხილვისადმი ინტერესი გააჩნდა, რადგან მან გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი – 204 ლარი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სააპელაციო საჩივარზე დადგენილი სახელმწიფო ბაჟის მინიმალურ ოდენობას აღემატება. ვინაიდან აპელანტს სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 8 დეკემბრის განჩინება მისთვის ხარვეზის ვადის 10 დღით გაგრძელების შესახებ არ ჩაბარებია, არამედ 2014 წლის 15 დეკემბერს განმეორებით ჩაბარდა ამავე პალატის 2014 წლის 10 ნოემბრის განჩინება ხარვეზის თავდაპირველად დადგენის თაობაზე, უნდა მივიჩნიოთ, რომ 2014 წლის 25 დეკემბერს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენით მხარეს სასამართლოს მიერ მიცემული ვადა არ დაურღვევია.

საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით, ხოლო რ. დ-ას 2014 წლის 25 დეკემბრის განცხადებით საპროცესო ვადის გაგრძელება და სახელმწიფო ბაჟის ოდენობის დაზუსტება არ მოუთხოვია. შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებული კერძო საჩივრის არგუმენტი დაუსაბუთებელია, თუმცა საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატა ვალდებული იყო, წარმოებაში მიეღო რ. დ-ას სააპელაციო საჩივარი სულ ცოტა აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის პროპორციულად.

საკასაციო სასამართლოს სურს, ყურადღება გაამახვილოს სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულებაზე, რომელიც განისაზღვრება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. მითითებული ნორმის მიხედვით, ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

კანონის დასახელებული დანაწესის შესაბამისად, ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასის გამოთვლა ხდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების შეჯამებით, თუმცა კანონმდებელი ადგენს აღნიშნული პერიოდის მაქსიმალურ ზედა ზღვარს, რაც გულისხმობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა გამოითვალოს არა მხოლოდ სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ჯამიდან, არამედ, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, თავად განსაზღვროს, თანხების რა პერიოდის ჯამით განსაზღვროს დავის ღირებულება. ამასთან, აღნიშნული ღირებულება უნდა იყოს გონივრული და მოიცავდეს საქმის წარმოების შესაბამისი სტადიის მიმდინარეობისათვის ადეკვატურ პერიოდს.

განსახილველ შემთხვევაში დავა ეხება სწორედ ვადიან გადასახდელებს – პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად 2014 წლის 12 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 9,25 აშშ დოლარის გადახდევინებას.

სააპელაციო სასამართლომ დავის საგნის ფასი გამოთვალა მაქსიმალური ოდენობით, 3 წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ჯამიდან, რაც შეადგენდა 9990 აშშ დოლარს (9.25 X 30=277.5, 277.5 X 12=3330, 3330 X 3=9990). 9990 დოლარის 4% 399.6 დოლარია, ხოლო რ. დ-ამ გადაიხადა 204 ლარი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული აპელანტის მიერ მითითებული გარემოებანი და წარმოდგენილი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ რ.დ-ა იძულებით გადაადგილებული პირია, ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი და მძიმედ დაავადებული მეუღლე.

მართალია, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ აღნიშნული გარემოებანი ვერ გახდება სახელწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი, თუმცა მითითებული ფაქტები გათვალისწინებულ უნდა იქნეს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრისას, რაც საბოლოოდ გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბაჟის ოდენობაზე.

ამდენად, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, რ. დ-ას სააპელაციო საჩივრის ღირებულება განისაზღვროს 2014 წლის მარტიდან სააპელაციო საჩივრის შეტანამდე პერიოდში (სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2014 წლის ოქტომბერში) გადასახდელი თანხის ერთობლიობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, რა დროსაც სააპელაციო პალატამ უნდა გაითვალისწინოს მოცემული განჩინების კვლევით ნაწილში მითითებული მსჯელობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. დ-ას კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური