საქმე №178-165-2015 16 მარტი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – თ. ხ., მ.ი. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ხ. (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - დ.ხ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს დავალდებულება, განმარტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის, ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, ქონების 1/2-ის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ხ.მა სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. და თ. ხ.ის, ასევე, მ.ი.ს მიმართ და მოითხოვა: ა) 2012 წლის 19 მარტს ნოტარიუს თ. ბ.ის მიერ დ.ხ.ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა; მოსარჩელის დედის - მ. ხ.ის დანაშთი სამკვიდრო ქონების (ქ.თბილისში, მდებარე უძრავი ქონების) 1/2-ის მესაკუთრედ ცნობა; 2012 წლის 18 აპრილს დ.ხ.სა და თ. ხ.ს შორის დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებით დადებული გარიგების, ბათილად ცნობა; 2012 წლის 18 ივლისს თ. ხ.ს და მ. ი.ს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებითი გარიგების, ბათილად ცნობა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ.ხ.ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ.ხ.ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 19 მარტის სამკვიდრო მოწმობა, 2012 წლის 18 აპრილის უძრავი ქონების ჩუქებისა და 2012 წლის 18 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებები ქ.თბილისში, მდებარე უძრავი ქონების 1/6 ნაწილში და ვ.ხ. ცნობილ იქნა ქ.თბილისში, მდებარე უძრავი ქონების 1/6-ის მესაკუთრედ. ამავე გადაწყვეტილებით დ.ხ.ს, თ. ხ.სა და მ. ი.ას ვ.ხ.ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 250 ლარის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ - 150 ლარის გადახდა, ხოლო ვ. ხ.ს დ.ხ.ის, თ. ხ.სა და მ.ი.ას სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის -150 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 16 ივნისს დ. და თ. ზ.ის, ასევე, მ.ი.ს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა დ.ხ.ის, თ. ხ.სა და მ.ი.ს წარმომადგენელმა და ითხოვა ამავე სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტება შემდეგი საფუძვლებით:
გადაწყვეტილების შინაარსი ბუნდოვანი და გაუგებარია. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ვ.ხ.ს მიერ მამის, ნ. ხ.ის სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი, რადგანაც ვ.ხ., სულ მცირე, 1965 წლამდე ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ სახლში, ხოლო ნ. ხ. გარდაიცვალა 1950 წლის 12 აპრილს.
სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ნ. ხ.ის გარდაცვალების შემდეგ დარჩა 6 პირველი რიგის მემკვიდრე (მეუღლე და ხუთი დედმამიშვილი) და მიიჩნია, რომ ვ.ხ.ს წილი მამის სამკვიდროდან უნდა განსაზღვრულიყო 1/6-ით. საქმის მასალებით არ დგინდებოდა ვ.ხ.ს მიერ დედის, მ. ხ.ის სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლება.
სააპელაციო პალატამ იმსჯელა ვ.ხ.სათვის მამის - ნ. ხ.ის სამკვიდროდან 1/6-ის მიკუთვნებაზე, ხოლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით ვ. ხ.ს მიაკუთვნა ქ.თბილისში, მდებარე მთელი ქონების 1/6 ნაწილი. 1950 წლის 12 აპრილს გარდაცვლილი ნიკოლოზ ხოშაბაევის სამკვიდრო ქონება და დღეს …… არსებული უძრავი ქონება შედგება სხვადასხვა მასისაგან. ნ. ხ.ის გარდაცვალების შემდეგ დ.ხ.მა 1983 წელს და შემდგომ ააშენა N1/1, N3/1, N4/1, N5/1 და N6/1 ნაგებობები (საკადასტრო გეგმა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან), შესაბამისად, …. ქუჩაზე არსებული უძრავი ქონება საგრძნობლად გაიზარდა, ნ. ხ.ის ქონება კი, იყო შედარებით ნაკლები.
განმცხადებლების მითითებით, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მსჯელობს ორაზროვნად და უნდა განიმარტოს, თუ რა ჰქონდა მხედველობაში გადაწყვეტილების მიღებისას, დ.ხ.ს, თ. ხ.სა და მ.სა ი.ას დააკისრათ ბაჟის გადახდა 30 000 ლარიდან, მათ კი უნდა დაკისრებოდათ სარჩელის ფასიდან 15 000 ლარიდან, კერძოდ, 50 ლარის, 450 ლარისა და 600 ლარის ჯამის 1/6 - 183 ლარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ნოემბრის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ მიუთითა მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე, ასევე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მამკვიდრებელი ნ. ხ. გარდაიცვალა 1950 წლის 12 აპრილს. სამკვიდრო მდებარეობდა ქ.თბილისში. ვ. ხ.მა მიიღო მამის, ნ. ხ.ის სამკვიდრო ფაქტობრივად დაუფლების გზით. ნ. ხ.ის გარდაცვალების შემდეგ დარჩა ექვსი პირველი რიგის მემკვიდრე. სხვა მემკვიდრეთა გათვალისწინებით ვ.ხ.ს წილი უძრავ ქონებაში განისაზღვრა 1/6-ით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ.ხ. ცნობილ იქნა ქ.თბილისში, მდებარე მთლიანი უძრავი ქონების 1/6-ის მესაკუთრედ, რაც აისახა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.
საპროცესო ხარჯებთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ეს საკითხი მითითებული იყო გადაწყვეტილების მე-6 პუნქტში, რომლის თანახმადაც, საცხოვრებელი სახლის ღირებულება 30 000 ლარია. სარჩელი დაკმაყოფილდა 1/6-ით, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი სარჩელისათვის შეადგენდა 5 000 (30 000-ის 1/6) ლარის 3%-ს, ანუ 150 ლარს, ხოლო სააპელაციო საჩივრისათვის 5 000 ლარის 4%-ს - 200 ლარს. მოპასუხეებს ასევე დაეკისრათ 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება არ შეიცავდა ბუნდოვან დებულებებს, რაც განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს თ. ხ.მა და მ.ი.მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს დავალდებულება, განმარტოს გადაწყვეტილება შემდეგი საფუძლებით:
გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არ შეიცავს ბუნდოვან დებულებებს, შესაბამისად, არ მიიჩნია, რომ არსებობდა მისი განმარტების წინაპირობები, რაც არასწორია, სწორედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილსა და სამოტივაციო ნაწილს შორის არსებული ურთიერთწინააღმდეგობრიობა იწვევს მისი განმარტების აუცილებლობას.
გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთებაში სასამართლომ იმსჯელა ვ.ხ.სათვის მამის სამკვიდროდან 1/6-ის მიკუთვნებაზე, ხოლო სარეზოლუციო ნაწილით მას მიეკუთვნა ქ.თბილისში, მდებარე ქონების 1/6 მაშინ, როდესაც 1950 წლის 12 აპრილს გარდაცვლილი ნ. ხ.ის სამკვიდრო და დავის დროს არსებული ქონება სხვადასხვა მასისგან შედგებოდა. ნ.ხ.ს გარდაცვალების შემდგომ საკუთრებაში დარჩა 15,80 კვ.მ N1, 13,14 კვ.მ N2, 8,35 კვ.მ N3 ოთახები, 4,90 კვ.მ დამხმარე სათავსი და ღია აივანი, სულ 42,19 კვ.მ უძრავი ქონება. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ დ.ხ.მა 1983 წელს და შემდგომ პერიოდში ეტაპობრივად ააშენა N1/1, N3/1, N4/1, N5/1, და N6/1 ნაგებობები, შესაბამისად, უძრავი ქონება გაიზარდა საგრძნობლად, მოსარჩელეს კი, სამკვიდრო გაცილებით ნაკლები ოდენობით ეკუთვნოდა. ამდენად, სასამართლომ სამოტივაციო ნაწილში იმსჯელა ნ. ხ.ის სამკვიდროს 1/6-ის მიკუთვნებაზე, ხოლო სარეზოლუციო ნაწილით მხარეს მიაკუთვნა მთლიანი ქონების 1/6, რაც ურთიერთწინააღმდეგობრივი დებულებებია.
სასამართლომ ასევე არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის სასამართლო ხარჯები. საქალაქო სასამართლომ მოსარჩელეს გადაუვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. მართალია სადავო ქონების ღირებულება 30 000 ლარია, მაგრამ ვინაიდან დავა ამ ქონების 1/2-ს შეეხებოდა, სასამართლოს დავის საგნის ღირებულება 15 000 ლარით უნდა განესაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ თახის 3 და 4%-ით უნდა გამოეთვალა და მოპასუხეებისათვის მისი ჯამის 1/6 ნაწილი უნდა დაეკისრებინა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილ თანხასთან ერთად. ამდენად, სასამართლო ხარჯების ნაწილში გადაწყვეტილება ასევე ბუნდოვანია და საჭიროებს განმარტებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის განჩინებით თ. ხ.სა და მ.ი.ს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ხ.სა და მ.ი.ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საკასაციო პაალატის შეფასების საგანს წარმოადგენს მხარის კერძო საჩივრის ფარგლებში რამდენად მართებულად ეთქვათ უარი განმცხადებლებს გადაწყვეტილების განმარტებაზე. აღნიშნულ საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, კანონმდებლობა გადაწყვეტილების განმარტების საკითხს დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია, ანუ ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის შინაარსი.
სააპელაციო პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ვ.ხ.ს მამა - ნ. ხ. გარდაიცვალა 1950 წლის 12 აპრილს. გარდაცვალების შემდეგ მამკვიდრებელს დარჩა 5 პირველი რიგის მემკვიდრე, მათ შორის მეუღლე - მ. ხ., მოსარჩელე - ვ.ხ., მოპასუხე - დ.ხ.ი;
მ.ხ. გარდაიცვალა 1987 წლის 2 ოქტომბერს;
2012 წლის 19 მარტს ნოტარიუს თ. ბ. დ.ხ.ის სახელზე გასცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც დ.ხ.მა, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო გარდაცვლილი დედის - მ. ხ.ის დანაშთი სამკვიდრო;
ნოტარიუს თ. ბ.ის 2012 წლის 8 მაისის დადგენილებით ვ. ხ. უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე;
2012 წლის 18 აპრილს დ.ხ.სა და თ. ხ.ს (დ.ხ.ის შვილი) შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე თ. ხ. საკუთრებაში გადაეცა დ.ხ.ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება);
2012 წლის 18 ივლისს თ. ხ.სა და მ. ი.ს (თ. ხ.ის შვილიშვილი) შორის დაიდო ქ.თბილისში, …. მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
ვ. ხ.მა ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის - ნ. ხ.ის სამკვიდრო, ხოლო დედის - მ. ხ.ის სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი მოსარჩელემ ვერ დაადასტურა.
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილია შემდეგი:
ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 19 მარტის სამკვიდრო მოწმობა, 2012 წლის 18 აპრილის უძრავი ქონების ჩუქებისა და 2012 წლის 18 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება ქ.თბილისში, მდებარე უძრავი ქონების 1/6 ნაწილში და ვ.ხ. ცნობილ იქნა ქ.თბილისში, მდებარე უძრავი ქონების 1/6 ნაწილის მესაკუთრედ.
სამკვიდროდან მიკუთვნებული წილის ფაქტობრივი ოდენობის ნაწილში გადაწყვეტილების ბუნდოვანებას მხარე ამყარებს იმას, რომ მოსარჩელემ მიიღო მამის - ნ. ხ.ის სამკვიდრო, ხოლო გადაწყვეტილებით მას მიეკუთვნა ქ.თბილისში, მდებარე ქონების 1/6, რაც ნ. ხ.ის სამკვიდრო მასას აღემატება.
რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის ოდენობას, მხარე მიიჩნევს, რომ მას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებული ოდენობის პროპორციულად უნდა დაკისრებოდა სახელმწიფო ბაჟი, არა მთლიანად ქონების ღირებულების გათვალისწინებით, არამედ სარჩელის ფასის მიხედვით.
კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიისა და საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ გადაწყვეტილება ბუნდოვან დებულებებს არ შეიცავს. საყურადღებოა, რომ წილების თაობაზე კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული ფაქტები (1950 წლის 12 აპრილს გარდაცვლილი ნიკოლოზ ხოშაბაევის სამკვიდრო ქონება და დავის დროს არსებული უძრავი ქონება შედგებოდა სხვადასხვა მასისგან) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს არ წარმოადგენს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციოო ნაწილი ურთიერთგამომრიცხავ და ბუნდოვან დებულებებს არ შეიცავს.
საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილია საკასაციო საჩივარი, რომლითაც დ.ხ.ი, თ. ხ. და მ.ი. მოითხოვდნენ სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და საკასაციო საჩივრის საფუძვლად მიუთითებდნენ, როგორც ქონების გაზრდის ფაქტზე, ისე სააპელაციო სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის არასწორად განაწილებაზე, ხოლო საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არ გაიზიარა რა მხარეთა მოსაზრებები, 2014 წლის 16 ივნისის განჩინებით დაუშვებლად მიიჩნია საკასაციო საჩივარი და განუხილველად დატოვა იგი.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მართალია, აღსრულებაუნარიან ნაწილს წარმოადგენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, თუმცა სარეზოლუციო ნაწილის სწორად გაგებისა და სწორად აღსრულების მიზნით, ყურადღება უნდა გამახვილდეს გადაწყვეტილების კვლევით - სამოტივაციო ნაწილზე, რომელიც წარმოადგენს მიღებული სამართლებრივი შედეგის ფუნდამენტს და მასში აღწერილია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება და ამ გარემოებათა შეფასება, რომელთაც გადაწყვეტილება ემყარება. შესაბამისად, განმარტებაც სწორედ მაშინ შეიძლება, თუ დადგენილი ფაქტები არ იძლევა პირდაპირ პასუხს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნიწილში, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არაა. გადაწყვეტილების განმარტება არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების ან ამ გადაწყვეტილიბით დადგენილი ფაქტების სადავოდ გახდის კიდევ ერთ შესაძლებლობას, ესაა დადგენილი ფაქტების ფარგლებში მართლმსაჯულების განხორცილებებისას დაშვებული შესაძლო ხარვეზის იმგვარი გასწორების წესი, რომელიც გადაწყვეტილების სწორად აღსრულების ხელშეწყობისკენაა მიმართული, ამ დროს ახალი ფაქტების დადგენა ან გაზიარება შეუძებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2013 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება არ შეიცავს ბუნდოვან დებულებებს, მასში გარკვევითაა გადმოცემული ის ფაქტობრივი ვითარება, რომელსაც ემყარება მისი სარეზოლუციო ნაწილი და არ არსებობს მისი განმარტების წინაპირობა.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე, რომლითაც კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზის გამოსწორების მიზნით დაევალათ სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.
ამ განჩინების პასუხად მხარეებმა წარმოადგინეს სახელმწიფო ბაჟის ქვითარი, რომლითაც, ნაცვლად 50 ლარისა, გადაიხადეს 100 ლარი. ეს გარემოება მოწმობს მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის ზედმეტად გადახდას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილისა და 42-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორებს უნდა დაუბრუნდეთ ზედმეტად გადახდილი 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 42-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.ხ.სა და მ.ი.ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. თ.ხ.სა (პ/N ) და მ. ი.ს (პ/N )სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ 2015 წლის 23 თებერვალს N1 საგადახდო დავალებით ე. გ.ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ზედმეტად გადახდილი 50 ლარი.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე