საქმე №ას-188-175-2015 16 მარტი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი.ზ. (მ) (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.შ (მოსარჩელე)
მესამე პირი - სსიპ ს. მ. ს.
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა
დავის საგანი – ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ.შ. მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. მ.ის მიმართ 2009 წლის 1 ივლისს დაბადებული დ. მ.ის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებლის განსაზღვრის, ასევე, არასრულწლოვანი შვილების: 2009 წლის 1 ივლისს დაბადებული დ. მ.სა და 2011 წლის 24 ივნისს დაბადებული მ. მ.ის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ალიმენტის, ყოველთვიურად 150-150 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. შ.ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2009 წლის 1 ივლისს დაბადებული არასრულწლოვანი დ. მ.ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის - მ. შ.ის საცხოვრებელი ადგილი, ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების: დ. და მ. მ.ეების სასარგებლოდ, 2014 წლის 20 მაისიდან ყოველთვიურად, შვილების სრულწლოვანებამდე დაეკისრა ალიმენტის - 80-80 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.ზ.მ (მ-ემ).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 იანვრის განჩინებით ი. ზ.ის სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. შ.ის სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2014 წლის 3 ნოემბერს;
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხე ი.ზ. (მ);
ი.ზ.მ (მ.) გადაწყვეტილების ასლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2014 წლის 5 ნოემბერს, გადაწყვეტილება ჩაიბარა 2014 წლის 5 დეკემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2014 წლის 23 დეკემბერს;
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარეებს განემარტათ დასაბუთებული გადაწყვეტილების მოთხოვნის, ჩაბარებისა და გასაჩივრების წესი.
პალატამ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 2591 მუხლის პირველი ნაწილით, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით, 374-ე მუხლით და, ვინაიდან, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა აპელანტი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 3 დეკემბერს და ამოიწურა 2014 წლის 17 დეკემბერს, 24 საათზე.
სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტმა დასაბუთებული გადაწყვეტილების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მესამე დღეს, თუმცა კანონით მას ამის უფლება მინიჭებული ჰქონდა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 დღისა, მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა ი. ზ.ის (მ.ის) მიერ გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღიდანაც (2014 წლის 5 ნოემბერი) რომ დაწყებულიყო, 14-დღიანი ვადის უკანასკნელი დღე 2014 წლის 19 დეკემბერი იქნებოდა, სააპელაციო საჩივარი კი ხელმოწერილი და წარდგენილი იყო 2014 წლის 23 დეკემბერს.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან ი.ზ.მ სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2014 წლის 23 დეკემბერს - სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დარღვევით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა მიჩნეულიყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი.ზ.მ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება არასწორია, რადგანაც სასამართლოსადმი გულისხმიერი დამოკიდებულება მხარეს არ დაურღვევია, ეს გარემოება დასტურდება იმით, რომ მან სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით მიმართა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მეოთხე დღეს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეს სამი დღის დაგვიანებით სასამართლოს ბრალით ჩაბარდა, მან კი, დადგენილ ვადაში ობიექტური მიზეზის გამო, ვერ შეძლო სააპელაციო საჩივრის წარდგენა. 2014 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამწვავებული ჰქონდა თვალის ქრონიკული დაავადება - კონიუნქტივიტის შეტევა, რაც მხედველობის დროებით დაკარგვას იწვევს, ამავე პერიოდში ჰქონდა ღრძილების ანთებაც, რასაც დაადასტურებს სასამართლო სხდომაზე წარდგენილი ექიმის ცნობები. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ამ ეტაპზე ცნობების წარუდგენლობა განპირობებულია ობიექტური მიზეზით: მკურნალ ექიმთაგან ერთი შვებულებაში იმყოფება, ხოლო მეორემ ჩაიტარა ქირურგიული ოპერაცია, რის გამოც სამედიცინო ცნობების წარდგენა ვერ ხერხდება.
გასათვალისწინებელია, რომ დავა ალიმენტის დაკისრებასა და შვილების საცხოვრებლად დედის საცხოვრებლის განსაზღვრას შეეხება, ხოლო დედას არ აქვს სათანადო პირობები ბავშვების რჩენა-აღზრდისათვის. ამ კატეგორიის დავებში სასამართლო ყოველთვის ბავშვის ინტერესებით ხელმძღვანელობს, რაც მოცემულ შემთხვევაში გათვალისწინებული არ ყოფილა.
წინამდებარე კერძო საჩივარს ერთვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 იანვრის განჩინების ასლი, ასევე ი.მ.ის მიმართვა ბათუმის შსს პოლიციის მე-7 განყოფილებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორისადმი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მარტის განჩინებით ი. ზ.ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ზ. ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ნოემბრის სხდომას, რომელზეც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა, ესწრებოდა მოპასუხე ი.მ.;
საქმეში წარმოდგენილი განცხადების თანახმად, მან სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით მიმართა 2014 წლის 5 ნოემბერს - გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მეორე დღეს, ამავე განცხადებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება მხარემ ჩაიბარა 2014 წლის 5 დეკემბერს, ხოლო საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილი და სასამართლოში წარდგენილია 2014 წლის 23 დეკემბერს;
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 1 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, ი. მ.ის განცხადების საფუძველზე შეიცვალა მისი გვარი დედის გვარით - ზ.ით.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისს უკავშირებს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების გზით იწყება, ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც გასაჩივრების მსურველი მხარე არ ცხადდება კანონით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენის დასაწყისი კანონის ძალით, აითვლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
უდავოა, რომ ი.ზ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილის სუბიექტს არ წარმოადგენს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩვრის არგუმენტს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღემდე სასამართლოში გამოცხადება საქმის წარმოებისადმი მისი ინტერესის არსებობას ადასტურებს, რადგანაც მოქმედი კანონმდებლობა ამომწურავად ადგენს საპროცესო ვადებს, რომლის განმავლობაშიც მხარე სასამართლოში უნდა გამოცხადდეს მისი უფლების რეალიზაციისათვის, ამ ვადის დარღვევა საპროცესო მოქმედების ჯეროვანი განხორციელების პრეზუმფციას არ ადგენს. ამ საკითზე არსებობს საკასაციო პალატის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა, რაც სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში სწორადაა ასახული (იხ. სუსგ №ას-……., ………. წელი).
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ნაწილობრივ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ გარემოებას, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა აპელანტისათვის დაიწყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2014 წლის 23 ნოემბერი, ხოლო 30-ე დღე - 3 დეკემბერი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. სუსგ დიდი პალატის 2014 ….. 30 ….№ას-….. განჩინება).
ამდენად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 4 დეკემბერს და ამოიწურა 17 დეკემბერს, სააპელაციო საჩივარი კი, წარდგენილია 23 დეკემბერს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 59-ე მუხლების, 61-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 63-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის საპატიოდ დარღვევის, ასევე, დავის კატეგორიის გათვალისწინებით, საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს შემდეგს: მართალია, ავადმყოფობის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია სასამართლოში, თუმცა მითითებული გარემოების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების შემთხვევაშიც კი, კერძო საჩივარი საფუძვლიანობას მაინც მოკლებული იქნებოდა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება შინაარსობრივად აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და მისი შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველს ემყარებოდეს. ამგვარ ლეგიტიმურ შეზღუდვათაგან ერთ-ერთს წარმოადგენს სწორედ მხარის მიერ გადაწყვეტილებათა გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადების დაცვის აუცილებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VII თავი ეძღვნება საპროცესო ვადებს და კანონმდებელი ითვალისწინებს როგორც გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევის, ისე, მისი აღდგენის შესაძლებლობას, თუმცა, კანონის იმპერატიული დათქმიდანვე გამომდინარეობს, რომ ამგვარი შეღავათები სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული ვადების მიმართ არ გამოიყენება (სსსკ 59.4 მუხლი), შესაბამისად, ვერც მხარის ავადმყოფობა იქნება მიჩნეული საპროცესო ვადის აღდგენის საფუძვლად, ამასთანავე, საპროცესო კანონმდებლობა რაიმე გამონაკლისს არც საოჯახო საქმეებთან მიმართებით ითვალისწინებს, რაც კერძო საჩივრის უსაფუძვლობას ადასტურებს.
რაც შეეხება კერძო საჩივარზე დართულ მტკიცებულებებს: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 იანვრის განჩინების ასლს, ასევე ი.მ.ის მიმართვებს ბათუმის შსს პოლიციის მე-7 განყოფილებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორისადმი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რიმ ისინი უნდა დაუბრუნდეს მათ წარმომდგენს, რამდენადაც, არც ერთი მათგანი კერძო საჩივრის დავის საგანს არ შეეხება, ხოლო განჩინება დედნის სახითაა წარმოდგენილი საქმეში, რაც მტკიცებულებათა საქმისათვის დართვაზე უარის თქმისა და მხარისათის მათი დაბრუნების საფუძველია, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის განჩინება სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ზ.ის (მ.ის) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. ი.ზ.ს (მ.ს) დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები 6 (ექვსი) ფურცლად (ს.ფ. 190-195).
4. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე