Facebook Twitter

საქმე №ას-192-179-2015 09 მარტი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ა. ი-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჯ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 05 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 05 იანვრის განჩინებით ა. ი-ის სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კლეგიის 2014 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ა. ი-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მოცემული საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

დასახელებული ნორმის მიხედვით, სარჩელი შეიძლება განუხილველად დარჩეს იმის შემდეგაც, რაც მიიღება წარმოებაში. აღნიშნული დასაშვებია, თუ სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი ცნობილი გახდება სარჩელის ან სხვა სახის საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ. კანონის აღნიშნული დანაწესი ვრცელდება კერძო საჩივრის მიმართაც.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 მარტის განჩინებით ა. ი-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. თუმცა საქმის მასალების შესწავლის დროს საკასაციო სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრის შეტანისას დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილი და 416-ე მუხლით დადგენილი 12-დღიანი ვადა, რის გამოც კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების კანონის მითითებული მოთხოვნის თანახმად, კერძო საჩივრის ავტორს - ა. ი-ს გაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 05 იანვრის განჩინება და პირადად ჩაბარდა 2015 წლის 16 იანვარს, რაც დასტურდება გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით (ს.ფ. 135).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

ამდენად, მხარის მიერ კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყო 2015 წლის 16 იანვრის მომდევნო დღიდან 17 იანვრიდან, რომელიც ამოუწურა 28 იანვარს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მხარემ კერძო საჩივარი წარადგინა 2015 წლის 02 თებერვალს (ს.ფ. 139). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დარღვეულია კერძო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 12-დღიანი ვადა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ი-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. კერძო საჩივრის ავტორს - ა. ი-ს დაუბრუნდეს ს. ა-ის მიერ 2015 წლის 02 მარტს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ ქათამაძე

ბ. ალავიძე