საქმე №ას-210-197-2015 19 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე. ტ-ი (მოპასუხე)
წარმომადგენელი – ა. გ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ტ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ქონების წილზე მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ტ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ტ-ის მიმართ და მოითხოვა 2008 წლის 23 სექტემბერს ნოტარიუს ნ. ბ-ის მიერ გაცემული №..... სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც ე. ტ-ი ცნობილ იქნა გარდაცვლილი მ. ტ-ის დანაშთი მთლიანი ქონების მემკვიდრედ, ასევე მოითხოვა გარდაბანში მდებარე უძრავი ქონების ½-ის მესაკუთრედ ცნობა.
მოსარჩელემ განმარტა, რომ მ. ტ-ი გარდაცვლილი მ. ტ-ის შვილიშვილია და მისი პაპის გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა მის დანაშთ ქონებას. მ. ტ-ის გარდაცვალების ადგილია ქ.თბილისი, მ-ის ქ.№1-ის მე-4 ჩიხი და მისი გარდაცვალების შემდეგ მის დანაშთ ქონებას დაეუფლა მამკვიდრებლის შვილი – გ. ტ-ი, ხოლო ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ დანაშთ ქონებას დაეუფლა მ. ტ-ი.
მხარის მითითებით, მისთვის ახლახანს გახდა ცნობილი ე. ტ-ის სახელზე სადავო სამკვიდრო მოწმობის გაცემის ფაქტი. ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ე. ტ-ი რეგისტრირებულ იქნა მესაკუთრედ სამკვიდრო ქონებაზე შესაბამისად, მ. ტ-მა უშედეგოდ მიმართა ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით, ვინაიდან სამკვიდრო მოწმობა უკვე გაცემული იყო ე. ტ-ის სახელზე.
ე. ტ-მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მ. ტ-ი ბაბუის – მ. ტ-ის გარდაცვალებამდე სადავო ბინაში რეგისტრირებული არ იყო და ქონებას არ დაეუფლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც ე. ტ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 იანვრის განჩინებით ე. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ ე. ტ-ი და მისი წარმომადგენელი ა. გ-ა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 2591 მუხლებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო სამუშაო დღეს, 2014 წლის 16 დეკემბრიდან და ამოიწურა 2014 წლის 29 დეკემბერს, ე. ტ-მა კი სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2014 წლის 30 დეკემბერს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ე. ტ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ ე. ტ-ისათვის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა, მართლაც, დაიწყო სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო სამუშაო დღიდან – 2014 წლის 16 დეკემბრიდან და ამოიწურა 2014 წლის 29 დეკემბერს.
2014 წლის 29 დეკემბერს კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა ა. გ-ამ ფოსტას ჩააბარა ე. ტ-ის სააპელაციო საჩივარი, რაც დასტურდება შპს „სკს-ს“ №..... ქვითრითა და №..... ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტით.
სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ჩაბარდა 2014 წლის 30 დეკემბერს.
მხარემ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, აპელანტს გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა არ დაურღვევია.
კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე და 374-ე მუხლები და არ გამოიყენა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ტ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა ე. ტ-ი და მისი წარმომადგენელი ა. გ-ა, რომლის შესაბამისი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმის მასალებში წარმოდგენილი მინდობილობით (ტომი 1, ს.ფ. 96).
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 2591 მუხლებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო სამუშაო დღეს, 2014 წლის 16 დეკემბრიდან და ამოიწურა 2014 წლის 29 დეკემბერს, ე. ტ-მა კი სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2014 წლის 30 დეკემბერს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
სააპელაციო საჩივრის შეტანის პირობებს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი.
აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამდენად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.
მოცემულ საკითხთან მიმართებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ნორმა უნდა განიმარტოს ამავე მუხლის მთლიანი კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც ეხება საპროცესო ვადის დამთავრებას და არა დაწყებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგების გასაჩივრების უფლების დაწყების წინაპირობებს და, ამდენად, თავისი ბუნებით არეგულირებს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დაწყების და არა დამთავრების საკითხს. შესაბამისად, აღნიშნულის მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი არ გამოიყენება (სუს 2013 წლის 11 თებერვლის №ას-124-118-2013 განჩინება).
ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში ე. ტ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში – 2014 წლის 4-14 დეკემბერს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოსათვის არ მიუმართავს, ამდენად, მის მიმართ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 30-დღის – 2014 წლის 14 დეკემბრის (კვირა დღე) მომდევნო დღიდან – 2014 წლის 15 დეკემბრიდან (და არა 16 დეკემბრიდან, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ მიუთითა) და ამოიწურა 2014 წლის 29 დეკემბერს (28 დეკემბერი იყო უქმე დღე).
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2014 წლის 30 დეკემბერს, რადგან წარმოდგენილ კერძო საჩივარს ერთვის „TNT-ს“ მიერ გაცემული დოკუმენტი (ტომი 2, ს.ფ. 9), რომელიც ადასტურებს, რომ ე. ტ-ის წარმომადგენელმა ა. გ-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის გასაგზავნი გზავნილი ფოსტას ჩააბარა 2014 წლის 29 დეკემბერს და იგი რეგისტრაციაში გატარდა მომდევნო დღეს – 2014 წლის 30 დეკემბერს. ამავდროულად, სააპელაციო საჩივარზე დასმული ბეჭდითაც დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარს ერთვოდა კონვერტი. აღნიშნული გარემოება არ იქნა გათვალისწინებული სააპელაციო სასამართლოს მიერ საფოსტო ინფორმაციის შემცველი ზემოაღნიშნული დოკუმენტის საქმის მასალებისათვის მოგვიანებით დართვის გამო, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის მიერ შედგენილი აქტშიც (ტომი 2, ს.ფ. 8).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწერი, რომლის თანახმად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. ტ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ტ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 იანვრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური