საქმე №ას-227-214-2015 16 მარტი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ.ბ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ხელშეკრულების მოშლა, ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ს. ბ.მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ბ.ის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულების მოშლისა და დავალიანების მოპასუხისათვის დაკისრების, ასევე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ.ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ.ბ.ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1351,83 აშშ დოლარის, ასევე, 2008 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების -13 267,07 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი დავალიანებაა - 8 693,06 აშშ დოლარი, პროცენტი - 4 174,01 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 400 აშშ დოლარი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 იანვრის განჩინებით სს „ს.ბ.ს“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ნ. ბ.ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად ცნო, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, ნ. ბ.ის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და ამავე სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის განჩინებით დაინიშნა მთავარ სხდომაზე მისი განხილვა 2015 წლის 22 იანვარს 15.30 საათზე, რის თაობაზედაც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით სასამართლო უწყების მეშვეობით.
სააპელაციო სასამართლოში 2015 წლის 22 იანვარს 15.30. საათზე დანიშნულ მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი ნ.ბ., რომელიც სასამართლო სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე გაფრთხილებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად სასამართლო უწყების მეშვეობით.
გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე აპელანტს სასამართლოსათვის არ უცნობებია.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა, უარი განაცხადა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, ასევე საქმის განხილვის გადადებაზე და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს, რომ მხარეს ნებისმიერი გზავნილი უნდა ჩაბარდეს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. 70-ე მუხლის შესაბამისად, უწყების კანონით გათვალისწინებულ პირთაგან ერთ-ერთისათვის ჩაბარება, მხარის ჯეროვან ინფორმირებად განიხილება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ ნ. ბ.ის სახელზე გაგზავნილი უწყება ჩაბარდა ნ.ბ.ს პირადად 2014 წლის 24 დეკემბერს.
აპელანტი სასამართლო სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე გაფრთხილებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლო უწყების მეშვეობით. 2015 წლის 22 იანვარს 15.30. საათზე დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი ნ.ბ., გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე აპელანტს სასამართლოსათვის არ უცნობებია.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 229-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ვინაიდან აპელანტი არ გამოცხადდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, ხოლო მისი გამოუცხადებლობა სასამართლომ არასაპატიოდ მიიჩნია, ამასთან, მოწინაააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა დ. კ. არ მოითხოვა 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და უარი განაცხადა საქმის განხილვის გადადებაზე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ.ბ.მ, მოითხოვა სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევვა და საქმის იმავე სასამართლოსათვის განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
2015 წლის 5 იანვარს გაცემული რწმუნებულების თანახმად, აპელანტმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო უფლებების დაცვა მიანდო მ.ბ.ს, რომელიც 2015 წლის 22 იანვარს მონაწილეობდა სხვა სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე, ამ გარემოების შესახებ მხარემ წერილობითი შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომელსაც ერთვოდა ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლოს უწყება და რწმუნებულება. სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე შუამდგომლობა 12 იანვარს ჩაბარდა ფოსტას.
მას შემდეგ, რაც აპელანტისათვის ცნობილი გახდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, წერილობით მიმართა ფოსტას, რომლის პასუხადაც ნ.ბ.ს წერილობითვე განემარტა, რომ მის მიერ გაგზავნილი შეტყობინება 13 იანვარს შეცდომით მიტანილ იქნა ქუთაისის …… დაწესებულებაში, ხოლო შეცდომის გამორკვევის შემდგომ, კორესპოდენცია ჩაბარდა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვარს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მარტის განჩინებით ნ. ბ.ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. ბ.ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო სასამართლოს მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 229-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენებისა და ამ ნორმათა საფუძველზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების შემოწმება. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:
სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნ. ბ.ის სააპელაციო საჩივრის მთავარ სხდომაზე განხილვა დაინიშნა სააპელაციო პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის განჩნებით;
სასამართლოს სხდომის თაობაზე უწყება აპელანტს პირადად ჩაბარდა 2014 წლის 24 დეკემბერს;
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ წერილობით შუამდგომლობაზე სასამართლოს სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე. შუამდგომლობა ფოსტას ჩაბარდა 2015 წლის 12 იანვარს, ხოლო სააპელაციო პალატას იგი გადაეცა 2015 წლის 27 იანვარს, სასამართლო სხდომის შემდგომ.
შუამდგომლობის ავტორია მ. ბ. და მასში გადმოცემულია შემდეგი: 2015 წლის 5 იანვარს ნ.ბ.მ მ. ბ.ს სახელზე გასცა მინდობილობა. სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სხდომას ემთხვევა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დანიშნული ადმინისტრაციული საქმის განხილვა, სადაც მ.ბ. წარმოადგენს მოსარჩელე მხარეს. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა გრძლდებოდა და აპელანტის წარმომადგენლისათვის ამ სხდომის გადადების დროისათვის უცნობი იყო ნ.ბ.ის მიერ მინდობილობის მინიჭების ფაქტი, ამასთანავე, ნ.ბ.ს სხდომის შესახებ ეცნობა 2014 წლის 24 დეკემბერს.
შუამდგომლობას ერთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს უწყება, სადაც 2012 წლის 22 იანვრის სხდომაზე მ. ბ. დაბარებულია წარმომადგენლის სტატუსით, ხოლო უწყების გაგზავნის თარიღია 2014 წლის 22 დეკემბერი, ასევე წარმოდგენილია 2015 წლის 5 იანვარს გაცემული მინდობილობა, სადაც მარწმუნებელი ნ.ბ., ხოლო რწმუნებული - მ.ბ.
წარმოადგენილ კერძო საჩივარს ერთვის „TNT“ ფოსტის პასუხი, რომლითაც ფოსტის ადმინისტრაციამ ნ.ბ. აცნობა მის მიერ 2015 წლის 12 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაგზავნილი კორესპოდენციის 13 იანვარს ქუთაისის სად N2 დაწესებულებაში შეცდომით მიტანის, ხოლო სააპელაციო სასამართლოსათვის 27 იანვარს გადაცემის ფაქტი, ასევე წარმოდგენილია საფოსტო ქვითრები, რომლებიც ადასტურებენ კერძო საჩივარში გადმოცემულ ფაქტს.
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე მხარემ სასამართლოს დადგენილ ვადაში აცნობა, თუმცა კორესპოდენციის სასამართლოსათვის დროულად გადაცემა მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო გახდა შეუძლებელი.
საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება იმ გარემოებაზეც გაამახვილოს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა ახდენს თუ არა გავლენას მხარის გამოუცხადებლობაზე:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მხარისა და წარმომადგენლის ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, მათ შორის არსებული ურთიერთობის განსაკუთრებული ნდობის გათვალისწინებით, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მისი უფლების კვალიფიციურად დაცვაზე (იხ. სუსგ Nას-1666-1654-2011, 8 დეკემბერი, 2011 წელი).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება) უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საფუძველი გახდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია რა მხარეთა შეჯიბრებითობაზე, კოდექსის 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა, თავის მხრივ, მე-4 მუხლით განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებენ, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ იქნება დადგენილად მიჩნეული. ამდენად, მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე საჩივარში მითითებული ფაქტების მტკიცება ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
დასახელებული ნორმა წარმოადგენს მხარის მიერ შუამდგომლობის წარდგენისა თუ მისი წარდგენის შეუძლებლობის საკანონმდებლო რეგლამენტაციას და, ერთი მხრივ, მიუთითებს განსაკუთრებული ობიექტური გარემოების არსებობის აუცილებლობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს ამ გარემოების თაობაზე მხარის ობიექტურ შეუძლებლობას, წინასწარ აცნობოს სასამართლოს. ნორმის ამ ელემენტთაგან ერთ-ერთის არარსებობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის მომტანია.
როგორც უკვე აღინიშნა, აპელანტის წარმომადგენელმა სათანადო მტკიცებულებების წარდგენით დაადასტურა, როგორც სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის ფაქტი, ისე მისი ბრალის გარეშე საქმის განხილვის დროისათვის სასამართლოსათვის ამ ფაქტის შეტყობინების შეუძლებლობა, რაც, პალატის მოსაზრებით, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების უტყუარი წინაპირობაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ბ.ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური