Facebook Twitter

საქმე №ას-242-229-2015 16 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ. ს-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ აჭარის სატყეო სააგენტომ სარჩელი აღძრა სასამართლოში ხ. ს-ის მიმართ ხე-ტყის უკანონოდ ჭრის შედეგად სახელმწიფოს ტყისათვის მიყენებული ზიანის – 780,20 ლარის ანაზღაურების შესახებ.

მოსარჩელემ განმარტა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №55 დადგენილებით შეიქმნა სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

2013 წლის დეკემბერში ხ. ს-ემ ქედის სატყეო ადმინისტრაციის ც-ის სატყეოს №6 სამცველოს კვარტალ ს-ში უკანონოდ მოიპოვა სხვადასხვა სახეობის II ხარისხის 8,25 კბ.მ ხე-ტყე. აღნიშნული ქმედებით სახელმწიფოს ტყისათვის მიყენებული ზიანი შეადგინა 780,20 ლარს.

2014 წლის 30 მაისს სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ქედის სატყეო ადმინისტრაციის ტყის მცველებმა გამოავლინეს სამართალდამრღვევი. ქედის სატყეო ადმინისტრაციის 2014 წლის 3 ივნისის №...... წერილიდან ირკვევა, რომ დამრღვევისათვის ტყის სარგებლობის წესების დარღვევის აქტისა და ტყისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის გაცნობა ვერ მოხერხდა, რადგან აქტის შედგენის პერიოდისათვის სამართალდამრღვევი იმყოფებოდა ქ.მოსკოვში სამკურნალოდ. ზემოთაღნიშნული ხე-ტყე ადგილზეა (15 ძირი წიფელი, 1 რცხილა, 2 ნაძვი, 1 მუხა).

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია და მოჭრილი ხე-ტყე მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში მდებარეობდა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ქედის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 705 ლარის ანაზღაურება, ხოლო უკანონოდ მოპოვებული და სამართალდარღვევის ადგილას დატოვებული, მოჭრილი ხე-ტყის სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოდ მოპოვებული და სამართალდარღვევის ადგილას დატოვებული, მოჭრილი ხე-ტყის სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ აჭარის სატყეო სააგენტომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 26 იანვრის განჩინებით სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 23 დეკემბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა, წარედგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, სადაც მხარე მიუთითებდა სააპელაციო საჩივრის ფასს და სათანადო მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურება იმ ხე-ტყის საბაზრო ღირებულება, რომლის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევასაც ითხოვს აპელანტი.

სსიპ აჭარის სატყეო სააგენტომ წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, სადაც სააპელაციო საჩივრის ფასზე კვლავაც არ მიუთითებია, ხოლო სააპელაციო მოთხოვნის გრაფაში მხარემ დააფიქსირა, რომ იმ ხე-ტყის ღირებულებას, რომლის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევაც აპელანტმა მოითხოვა, სააგენტო ვერ დაადგენს. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ხე-ტყე გაიყიდება სააგენტოს მიერ ელექტრონული აუქციონის წესით, მისი საწყისი ფასი ტყით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილების (მე-5 დანართი) და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონის (მე-5 მუხლის მე-2 ქვეპუნქტი, პირველი კატეგორია) შესაბამისად, იქნება 563,9 ლარი, რომელიც უნდა მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და მიიჩნია, რომ აჭარის სატყეო სააგენტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი არ შეუვსია, სააპელაციო საჩივრის ფასზე არ მიუთითებია და არც სადავო ხე-ტყის საბაზრო ღირებულების განმსაზღვრელი მტკიცებულება წარმოუდგენია, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის მიმართ დადგენილი ხარვეზის გამოსწორებულად მიჩნევის შემთხვევაშიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი მაინც დაუშვებელია, რადგან მისი ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს (მისი ღირებულებაა 563,9 ლარი), შესაბამისად, არ აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის მოთხოვნებს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სსიპ აჭარის სატყეო სააგენტომ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს უფლებამოსილებას არ წარმოადგენდა უკანონოდ მოპოვებული ან/და ჩამორთმეული ხე-ტყის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა. სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო უფლებამოსილია, აუქციონის წესით განახორციელოს მერქნული რესურსის გასხვისება საკუთრების უფლებით, რომელიც მოპოვებულია მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად. სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ ვერ მოხერხდებოდა ამ ხე-ტყის განკარგვა შესაბამისი სამართლებრივი ნორმების არარსებობის გამო.

მხარემ აღნიშნა, რომ უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე განიცდის გარემო პირობების ზემოქმედებას და კარგავს თავის ღირებულებას.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, აპელანტმა ხარვეზი გამოასწორა, დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში განმარტა, რომ იგი ხე-ტყის საბაზრო ღირებულებას არ ადგენდა და მიუთითა ხე-ტყის ელექტრონული აუქციონის წესით გასხვისების შემთხვევაში მისი საწყისი ღირებულების ოდენობა, მაგრამ ამის მიუხედავად, 2015 წლის 26 იანვარს სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა განჩინება და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს სააპელაციო საჩივარი უკანონოდ დატოვა განუხილველად.

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მითითებულ იქნა ასევე საჩივრის ფასის ღირებულება, რომელიც არ აღემატებოდა 1000 ლარს.

სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს განმარტებით, საჩივრის ფასის გაანგარიშება განხორციელდა ტყით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილების (მე-5 დანართი) და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ კანონის (მე-5 მუხლის მე-2 ქვეპუნქტი (I კატეგორია)) შესაბამისად, რითაც დადგინდა ხე-ტყის ელაუქციონის წესით საკუთრების უფლებით გასხვისების შემთხვევაში მისი საწყისი ფასი.

ვინაიდან რეალურად ვერ ხერხდებოდა საჩივრის ფასის დადგენა, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით და სააგენტოს სააპელაციო საჩივარი განეხილა.

სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მითითებით, მსგავს საკითხთან დაკავშირებით არსებობს სასამართლო პრეცედენტი, რომელშიც აღნიშნული სახის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ქედის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 705 ლარის ანაზღაურება, ხოლო უკანონოდ მოპოვებული და სამართალდარღვევის ადგილას დატოვებული, მოჭრილი ხე-ტყის სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოდ მოპოვებული და სამართალდარღვევის ადგილას დატოვებული, მოჭრილი ხე-ტყის სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ აჭარის სატყეო სააგენტომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების დაზუსტება, ასევე ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებითაც დადასტურება სადავო ხე-ტყის საბაზრო ღირებულება.

სსიპ აჭარის სატყეო სააგენტომ წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, სადაც სააპელაციო მოთხოვნის გრაფაში მხარემ დააფიქსირა, რომ იმ ხე-ტყის ღირებულებას, რომლის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევაც აპელანტმა მოითხოვა, სააგენტო ვერ დაადგენს. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ხე-ტყე გაიყიდება სააგენტოს მიერ ელექტრონული აუქციონის წესით, მისი საწყისი ფასი ტყით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილების (მე-5 დანართი) და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონის (მე-5 მუხლის მე-2 ქვეპუნქტი, პირველი კატეგორია) შესაბამისად, იქნება 563,9 ლარი, რომელიც უნდა მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ზემოთ მითითებული დაზუსტებული მოთხოვნის შეფასების შედეგად სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიუთითა, რომ სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, კერძოდ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 1000 ლარს სცილდება. 1000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თანახმად, ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით.

ამდენად, სააპელაციო სასამართლო, ამავე კოდექსის 372-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების განსაზღვრისას ხელმძღვანელობს რა პირველი ინსტანციისათვის დადგენილი ნორმებით, ქონების გადაცემის თაობაზე მიმდინარე დავების დროს სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულებას ადგენს სადავო ნივთის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით.

განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა სსიპ აჭარის სატყეო სააგენტომ სადავო ხე-ტყის ღირებულებად მიუთითა 563,9 ლარი, რაც, აპელანტის განმარტებით, სადავო ქონების ელექტრონულ აუქციონზე გასხვისების საწყის ფასს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ქონების აღნიშნული შეფასება სრულიად შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ქონების საბაზრო ღირებულებას, შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია მხარის მოსაზრება, რომ იგი დავის საგნის ღირებულებას ვერ დაადგენდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1000 ლარზე ნაკლებია, რაც აღნიშნული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველია.

რაც შეეხება წარმოდგენილ კერძო საჩივარს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების იურიდიული წანამძღვრების არსებობა ვერ დაადასტურა, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე