საქმე №ას-255-242-2015 23 მარტი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ.ს. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ს (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – განქორწინება, ალიმენტის დაკისრება, ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე.ს. სარჩელი აღძრა სასამართლოში დ.ს.ის მიმართ 2001 წლის 7 ოქტომბერს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ძველი თბილისის სამსახურის მიერ №211 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის, არასრულწლოვანი შვილების: ნ.ს.სა და ქ.ს.ს სასარგებლოდ ალიმენტის - თითოეულისათვის თვეში 2 000 ლარის დაკისრების, ასევე მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავ-მოძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების ნაწილში ცნო, მოპასუხის განმარტებით, ის თანახმაა გადაიხადოს ალიმენტი, თუმცა არა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით, რაც შეეხება თანამესაკუთრედ ცნობას, მოპასუხემ ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. ს.ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ.ს.ს და ე.სს შორის 2001 წლის 7 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა და № ქორწინების სააქტო ჩანაწერი გაუქმდა, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების: 2002 წლის 6 დეკემბერს დაბადებული ნ.ს.სა და 2010 წლის 22 თებერვალს დაბადებული ქ.ს.ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 270-270 ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყო სარჩელის აღძვრის დღიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე. ამავე გადაწყვეტილებით ე.ს ცნობილ იქნა მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებული შემდეგი უძრავი ქონების 1/2-ის თანამესაკუთრედ: ქ.თბილისი, ……..; ქ.თბილისი საერთო ფართი - 13,07 კვ.მ; მოსარჩელე ცნობილ იქნა მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა LEXUS RX ..-ის 1/2-ის თანამესაკუთრედ; ე.ს ასევე ცნობილ იქნა 1/2 წილის მესაკუთრედ დ.ს.ის სახელზე რეგისტრირებული წილებიდან შემდეგ საწარმოებში: ა) შპს „ფ.ში“ (ს/კ …) დ.ს.ის სახელზე რეგისტრირებული 50% -ის წილის 1/2 წილის მესაკუთრედ; ბ) შპს „…“ (ს/კ ….) დ.ს.ის სახელზე რეგისტრირებული 45%-ის 1/2-ის მესაკუთრედ; გ) შპს „გ.ში“ (ს/კ …..) დ.ს.ის სახელზე რეგისტრირებული 40%-ის 1/2-ის მესაკუთრედ; დ) შპს „.. …“ (ს/კ ….) დ.ს.ის სახელზე რეგისტრირებული 100%-ის 1/2-ის მესაკუთრედ; ე) შპს „…. (ს/კ ….) დ.ს.ის სახელზე რეგისტრირებული 100%-ის 1/2-ის მესაკუთრედ. დ.ს.ს ე. .ს.ის სასარგებლოდ დაეკისრა შპს „რ.-ის“ (ს/კ ….) კაპიტალში 2014 წლის 23 მაისამდე მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული 100%-იანი რეალიზებული წილიდან ე. ს.ის კუთვნილი 1/2-ის სანაცვლოდ 125 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის; შპს „ე.ის“ (ს/კ ….) კაპიტალში 2014 წლის 15 მაისამდე დ.ს.ის სახელზე რეგისტრირებული 100%-იანი რეალიზებული წილიდან ე. ს.ის კუთვნილი 1/2-ის სანაცვლოდ 190 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მისი ნაწილობრივ გაუქმება მოითხვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის განჩინებით დ.ს.ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად ცნო, რომ ამავე სასამართლოს 2014 წლის 1 დეკემბრის გაჩინებით დ.ს.ს სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა 10 დღის ვადა და დაევალა: გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი - 5 000 ლარი და ამ განჩინებით დადგენილ ვადაში წარედგინა სააპელაციო სასამართლოში;
სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 1 დეკემბრის განჩინება დ.ს.ის წარმომადგენელ მ. მ.ს ოჯახის წევრს - თ. მ.ს ჩაბარდა 2015 წლის 13 იანვარს;
2015 წლის 22 იანვარს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა დ.ს.მა, რომელმაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება. განმცხადებლის მითითებით საქმეში წარმოდგენილია საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, შემოსავლების სამსახურის, საჯარო რეესტრის, შსს მომსახურების სააგენტოსა და ბანკის მიერ გაცემული ცნობები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებენ მის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას და ფულადი სახსრების უქონლობას. აპელანტმა ასევე წარადგინა შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 21 იანვრის ცნობა, რომლის თანახმადაც სსკ-ის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის 2015 წლის 20 იანვრის მონაცემებით, ფ/პ დ.ს.ს 2014 წელს მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ უფიქსირდებოდა.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით, 102-ე მუხლით და მიიჩნია, რომ აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ დაუსაბუთებელი იყო. საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდებოდა აპელანტის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, მართალია, დ.ს. ს, როგორც ფიზიკურ პირს 2014 წელს მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ უფიქსირდებოდა, მაგრამ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდებოდა, რომ მის სახელზე რეგისტრირებული იყო არა ერთი უძრავ-მოძრავი ქონება და წილები სხვადასხვა საწარმოებში.
პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილების თანახმად, რადგან დ.ს.ს არ გამოუსწორებია 2014 წლის 1 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, ამასთან, რადგანაც არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მისი გათავისუფლების საფუძველი, ხოლო წარდგენილი განცხადება არ შეიცავდა შუამდგომლობას სასამართლოს მიერ დანიშნული ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ, მიიჩნია, რომ არსებობდა ამავე კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩვრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩვარი შეიტანა დ.ს.მა და მოითოხვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა, რადგანაც მხარემ მას მიმართა შუამდგომლობით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე. შუამდგომლობის საფუძველს წარმოადგენდა მისი ფინანსური მდგომაროება. ის გარემოება, რომ აპელანტს არ გააჩნდა შემოსავალი, დასტურდებოდა მის მიერ წარდგენილი საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობით. მართალია სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ეს მტკიცებულება, თუმცა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია ის, რომ აპელანტს გააჩნდა აქტივები, უძრავ-მოძრავი ქონება და წილები სხვადასხვა საწარმოში.
სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომ არ შეამოწმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები: საჯარო რეესტრის ამონაწერები, რომლებითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე იპოთეკის უფლების რეგისტრაცია, ხოლო მოთხოვნის ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ქონების ღირებულებას. სასამართლოს ასევე არ შეუფასებია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებები, რომელთა შედეგადაც უძრავ ქონებასა და საწარმოებში არსებულ მოპასუხის წილებს ადევს ყადაღა. ყოველივე აღნიშნული, მხარის მოსაზრებით, ადასტურებს მის ობიექტურ შეუძლებლობას, გამოიყენოს აქტივები და გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი, ამასთანავე მისი კუთვნილი უძრავი ქონებები, არსებული ვალდებულებების გამო, გასხვისდა აუქციონზე. სააპელაციო პალატამ მხარეს შეუზღუდა უფლების დაცვის შესაძლებლობა, მას შეეძლო შუამდგომლობის თუნდაც ნაწილობრივ დაკმაყოფილებით გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა ან გონივრულ ოდენობამდე შეემცირებინა იგი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მარტის განჩინებით დ.ს.ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა დ.ს.ის კერძო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ კერძო საჩვარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ამ გზით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ პრინციპზე, რომლის თანახმადაც, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. კონსტიტუციით გარანტირებული ამ უფლების კონკრეტულ რეალიზაციას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა, თუმცა უპირატესად უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება აბსოლუტური ხასიათის არაა და იგი შეიძლება მხოლოდ კანონისმიერ, ლეგიტიმურ შეზღუდვას ემყარებოდეს (სსსკ 2.2 მუხლი). ამგვარ შეზღუდვათაგან ერთ-ერთს წარმოადგენს ამავე კოდექსის მე-5 მუხლით განსაზღვრული მხარეთა თანასწორობა კანონისა და სასამართლოს წინაშე. თანასწორობის პრინციპის დაცვის მექანიზმი საპროცესო კანონმდებლობაში მრავლადაა, რომელთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს 215-ე მუხლი. ნორმის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია.
ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებაზე:
საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დ.ს. მოითხოვდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კონკრეტულ ნაწილში გაუქმებას, შესაბამისად, მითითებული ჰქონდა ის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რომლებიც, მისი მოსაზრებით, ასაბუთებდა სააპელაციო მოთხოვნას. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს შუამდგომლობას ქონებრივი მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებისა თუ მისი გადახდის გადავადების თაობაზე;
სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ დ.ს.ის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის არც ერთი ნაწილით არ არის გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით სააპელაციო სასამართლომ ხარვეზი დაუდგინა სააპელაციო საჩივარს და აპელანტს დააკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რომლის ოდენობაც, სასამართლოს შეფასებით, წარმოადგენდა 5 000 ლარს;
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებაში ასახული მსჯელობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის თაობაზე მხარეს სადავოდ არ გაუხდია;
აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავიუსფლება ითხოვა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეცნობა დადგენილი ხარვეზის თაობაზე, შუამდგომლობა კი დასაბუთებულია არა რაიმე ახალი გარემოებით, რომელიც სააპელაციო საჩარის წარდგენის დროისათვის არ არსებობდა, არამედ სწორედ საჩივრის წარდგენის დროს არსებული მდგომარეობით. წარდგენილი განცხადების შესწავლით დასტურდება, რომ მხარე მოითხოვს საქმეში უკვე არსებული მტკიცებულებების შეფასებას, რომელიც დაადასტურებს მის ქონებრივ მდგომაროებას, რაც შეეხება განცხადებაზე დართულ მტკიცებულებას, მართალია, იგი 2015 წლის 21 იანვრითაა დათარიღებული, თუმცა ეს მტკიცებულება ასახავს 2014 წელს არსებულ დ.ს.ის ქონებრივ მდგომაროებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
ის გარემოება, რომ კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს მითითებული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, არ არის აბსოლუტური და წარმოადგენს უკიდურეს შემთხვევას, როდესაც სასამართლო მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი შესწავლის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ სავალდებულოა გამოიყენოს საგამონაკლისო ნორმა მხარის მიმართ.
თავის მხრივ, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და წარდგენილი შუამდგომლობის კანონშესაბამისობის შემოწმების გზით უნდა დაადგინოს გონივრული ბალანსი იმგვარად, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილების გზით სამართალწარმოების გაუჭიანურებლად დაცული იყოს მეორე მხარის უფლებებიც.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლებით დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევების გამოყენების წინაპირობაა შუამდგომლობის დროულად და დადგენილი წესით წარდგენა, ასევე მხარის მიერ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურება, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში კი, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ამგვარი მტკიცებულებები მხარეს არ წარუდგენია (სასამართლო განჩინებებით ყადაღა დადებულია სადავო ქონებს 1/2 ნაწილზე, რომელზე პრეტენზიასაც მოსარჩელე აცხადებდა), ხოლო ის გარემოება, რომ მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებული ქონება გაყიდულია საქმის მასალებით დადასტურებული არ არის.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მხარეს არც დადგენილი ხარვეზი გამოუსწორებია და არც საპროცესო ვადის გაგრძელება მოუთხოვია, რის გამოც, სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილების, ასევე 374-ე მუხლის თანახმად, მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.ს.ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩვარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე