Facebook Twitter

საქმე №ას-26-23-2015 10 მარტი, 2015 წელი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ჯ. ბ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ე-ი, ა. კ-ე, თ. გ-ე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ქონების ნაწილის საერთო სარგებლობის გზად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ა. ე-მა, ა. კ-ემ და თ. გ-ემ სარჩელი აღძრეს ჯ. ბ-ის მიმართ უძრავი ქონების ნაწილის საერთო სარგებლობის გზად აღიარების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ე-ის, ა. კ-ისა და თ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ბ-მ და მოითხოვა სასამართლოსგარეშე ხარჯების და სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისთვის დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ჯ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი .

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ან მისი რომელიმე პუნქტის გასაჩივრების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სასამართლოსგარეშე ხარჯის შესახებ მითითებას არ შეიცავდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჯ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ჯ. ბ-მ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას სასამართლოსგარეშე ხარჯების მოთხოვნა დაყენებული ჰქონდა როგორც შესაგებელში ასევე საქმის განხილვისას, სასამართლო სხდომაზე, მაგრამ სასამართლომ აღნიშნულზე არ იმსჯელა. ამიტომ იგი იძულებული გახდა გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ბ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

საქმეში წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ ჯ. ბ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების შემოწმება. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები ა. ე-ი, ა. კ-ე და თ. გ-ე სარჩელით ითხოვდნენ ჯ. ბ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის საერთო სარგებლობის გზად აღიარებას და მოპასუხისათვის მათ მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების ანაზღაურების დაკისრებას (იხ. ტ.1. ს.ფ. 5).

დადგენილია ასევე, რომ მოპასუხე ჯ. ბ-მ მის მიერ წარდგენილ შესაგებელში იშუამდგომლა მოსარჩელეებისათვის სასამართლოსგარეშე ხარჯების, სულ 720 ლარის დაკისრების თაობაზე (ტ.1. ს.ფ. 112).

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ე-ის, ა. კ-ის და თ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. უდავოა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას მოსარჩელეებისათვის მოპასუხის მიერ გაღებული სასამართლოსგარეშე ხარჯების დაკისრების თაობაზე (იხ. ტ. 1. ს.ფ. 233-241).

დადგენილია ასევე ის გარემოებაც, რომ მოპასუხე ჯ. ბ-ს სასამართლოსგარეშე ხარჯების განაწილების თაობაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით რაიონული სასამართლოსთვის არ მიუმართავს (იხ. ტ. 1. ს.ფ. 245-256).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი. კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დადგენილია, რომ აპელანტი ასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და ითხოვს მოპასუხეებისათვის სასამართლოსგარეშე ხარჯების 1220 ლარისა და სასამართლო ხარჯის - სახელმწიფო ბაჟის, 48.80 ლარის, სულ 1268.80 ლარის მოსარჩელეებისათვის დაკისრებას (იხ. ტ. 1. ს.ფ. 246). სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან შესაგებლით მოითხოვა სასამართლოსგარეშე ხარჯების მოსარჩელეებისათვის დაკისრება, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში არ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია - იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა (აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმებს, როდესაც, მართალია, მხარემ მოითხოვა პროცესის ხარჯების დაბრუნება სასამართლოსაგან, მაგრამ სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა). ამასთან, სასამართლოს ყოველთვის შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების თაობაზე, თუკი ამას მხარეები მოითხოვენ და დაადასტურებენ სათანადო მტკიცებულებებით. სასამართლოსთვის მინიჭებული ამგვარი ლეგიტიმური უფლება გამომდინარეობს საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებიდან, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეულ ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე და იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვება პროცესის ხარჯების განაწილების ცვლილებაც.

ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, ვინაიდან არსებობს დავის გადაწყვეტასთან ერთად იმავე დავაზე გაწეული ხარჯების დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი, ხოლო საპროცესო კანონი სპეციალურ რეგულაციას არ იცნობს, მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის დაკისრების) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად ან შესაგებელში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ, ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისთვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა (იხ. სუსგ # ას-165-158-2013).

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ სასამართლოსგარეშე ხარჯების მოსარჩელეებზე დაკისრების მოთხოვნა შესაგებელში დააყენა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნის შესახებ თავის გადაწყვეტილებაში არ იმსჯელა. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იცნობს კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებულ დამატებითი გადაწყვეტილების მექანიზმს. თუმცა აღნიშნული მექნიზმის დანიშნულებაა, სასამართლო განხილვის სისწრაფისა და ეკონომიის პრინციპებიდან გამომდინარე, მხარეებს და სასამართლოს ადგილზევე მიეცეთ ამ უკანასკნელის მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა და იგი არ გულისხმობს მხარის უფლების შეზღუდვას მოითხოვოს ასეთი შეცდომის გამოსწორება ზემდგომ ინსტანციაში სააპელაციო წესით სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სასამართლოსგარეშე ხარჯის შესახებ მითითებას არ შეიცავდა. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ განჩინების გაუქმების და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ჯ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის განჩინება და საქმე ჯ. ბ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე