საქმე №ას-267-255-2015 23 აპრილი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა.ბ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 იანვრისა და 15 იანვრის განჩინებები
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „თ. ბ.მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ბ.ის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების (ძირი _ 3 181,67 ლარი; სარგებელი _ 1 086,25 ლარი; პირგასამტეხლო _ 2 232,53 ლარი) დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა.ბ.ს სს „თ.ბ.ს“ სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირი თანხის _ 3 181,67 ლარის, პროცენტის _ 1 086,25 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 223,2 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 იანვრის განჩინებით ა.ბ.ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილით და დადგენილად ცნო, რომ ამავე სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრის განჩინებით აპელანტს, სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად, განესაზღვრა 10 დღის ვადა განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან.
აღნიშნული განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოედქსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით აპელანტს 2014 წლის 20 დეკემბერს ჩაბარდა.
პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დადგენილად ცნო, რომ ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 21 დეკემბერს და ამოიწურა 2014 წლის 30 დეკემბერს. ა.ბ.ს ამ ვადაში ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებით, 374-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების წინაპირობები.
ამავე სასამართლოს 2015 წლის 15 იანვრის განჩინებით აპელანტის განცხადება სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების/აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ მიუთითა 2015 წლის 6 იანვრის განჩინებით საპროცესო ვადის დარღვევის კუთხით დადგენილ გარემოებებზე, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე, 66-ე, 67-ე მუხლებზე, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნა, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი შპს „მ.ის“ მიერ გაცემული ცნობით (ფორმა N100), დასტურდებოდა, რომ ა.ბ. 2009 წლიდან დაავადებული იყო შაქრიანი დიაბეტით, ექიმთან მიმართვის თარიღად ცნობაში მითითებული იყო 2014 წლის 29 დეკემბერი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, წარდგენილი ცნობა ვერ ადასტურებდა საპროცესო მოქმედების შესრულების შეუძლებლობას, რადგანაც ხარვეზის გამოსწორების ვადა მოიცავდა 2014 წლის 21 დეკემბრიდან 30 დეკემბრამდე პერიოდს, მხარემ საკონსულტაციოდ ექიმს ვადის ამოწურვამდე ორი დღით ადრე _ 2014 წლის 29 დეკემბერს მიმართა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპატიო გარემობად ვერ იქნებოდა მიჩნეული.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებებზე კერძო საჩივარი (საჩივრები) შეიტანა ა.ბ.მ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო საჩივრით აპელანტი სასამართლოს წინაშე შუამდგომლობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების, შემცირების, განახევრებისა და განაწილვადების თაობაზე, რაც სასამართლომ არ შეაფასა. პალატამ არ მისცა შეფასება იმ ფაქტს, რომ აპელანტი შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 25 წლის უმუშევარი პირია, რომელსაც საარსებო სარჩოს დამოუკიდებლად მოპოვება არ შეუძლია, ესაჭიროება მუდმივი მკურნალობა, რაც, ამ პირობებში სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობას გამორიცხავდა, შესაბამისად, მას შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. სააპელაციო პალატამ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად შეუფასებლობით დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნები.
საყურადღებოა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია, რადგან ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტზე კანონით გათვალისწინებული პირის ხელმოწერა, ფოსტის სამსახურის ბეჭედი არაა, სარწმუნო და არ დასტურდება შეტყობინების მიმღები პირის კავშირი აპელანტთან, რის შედეგადაც არ არის უარყოფილი ეჭვი დოკუმენტის სხვა პირისათვის გაგზავნის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად უარყო ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თაობაზე წარდგენილი განაცხადება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა.ბ.ის კერძო საჩივარი (საჩივრები) არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 იანვრის განჩინებისა და საპოცესო ვადის გაგრძელებაზე/აღდგენაზე უარის თქმის შესახებ ამავე სასამართლოს 2015 წლის 15 იანვრის განჩინების კანონიერება.
განჩინებების გაუქმების საფუძლად კი, მხარე მიუთითებს შემდეგს:
ა) სააპელაციო პალატამ სრულყოფილად არ შეფასა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების, შემცირების, განახევრებისა და განაწილვადების შუამდგომლობა, აღნიშნულით დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნები;
ბ) ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ადრესატს არ გადასცემია კანონით დადგენილი წესით;
გ) სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად უარყო აპელანტის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძების/აღდგენის თაობაზე და ამ კუთხით არ შეაფასა აპელანტის ჯანმრთელობის მდგომაროება.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩვრის ავტორის პირველ არგუმენტს და ყურადღებას გაამახვილებს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ ვრცელ შუამდგომლობაზე. შუამდგომლობა ძირითადად მოტივირებულია საპროცესო სამართლის ნორმებითა და ამ ნორმების აპელანტისეული განმარტებებით, რაც შეეხება ფაქტობრივ ნაწილს, აპელანტი მიუთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომ დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით და საჭიროებს მკურნალობას, ამასთან არის უმუშევარი და არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
რაიმე მტკიცებულება, რაც ქონებრივ მდგომარეობას პირდაპირ ან ირიბად დაადასტურებდა, აპელანტს სასამართლოში არ წარუდგენია. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
კანონის მითითებული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის დასაშვებია სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ადასტურებს სასამართლოს უფლებას, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ 47-ე მუხლი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მისი გადახდა (სსკ 48-ე მუხლი). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის სრული და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია, გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, აპელანტს შუამდგომლობაში მითითებული გარემოების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, ამასთანავე, პალატა განუმარტავს მხარეს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც თავად მიიჩნევს, მის მიმართ არ დარღვეულა, ადამიანის უფლებათა ევპოული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი განხილვის უფლება წარმოადგენს მხარის აბსოლუტურ უფლებას, ხოლო იმისათვის, რომ მხარისათვის უზრუნველყოფილი იყოს საქმის სამართლიანი განხილვა, მან თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის კანონით დადგენილი მინიმალური სტანდარტის სარწმუნოდ დაძლევა.
როგორც უკვე აღინიშნა, საქმის განხილვის დაწყების საფუძველს წარმოადგენს მოდავე მხარის მიერ საპროცესო მოთხოვნათა დაცვა, მათ შორისაა სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხის გამორკვევა. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
ის გარემოება, რომ კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს მითითებული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, არ არის აბსოლუტური და წარმოადგენს უკიდურეს შემთხვევას, როდესაც სასამართლო მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი შესწავლის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ სავალდებულოა, გამოიყენოს საგამონაკლისო ნორმა მხარის მიმართ.
თავის მხრივ, სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და განსახილველი შუამდგომლობის საფუძვლიანობის ბალანსის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს მითითებული საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არც მეორე მხარის უფლებები შეილახოს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მხარეს მისი ქონებრივი მდგომარეობა უტყუარად არ დაუდასტურებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მის მიერ ამ კუთხით წარმოდგენილი პრეტენზიები დაუსაბუთებელია.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ მას ხარვეზის თაობაზე შეტყობინება არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით. ამ კუთხით მხარე მიუთითებს იმგვარ გარემოებებს (კურიერის ხელმოწერის, ბეჭდის არარასებობა და სხვა) რომელიც კანონში არაა მითითებული. უდავოა, რომ შეტყობინება მას სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და ჩაბარდა ბიცოლას - ც. ბ.ს.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარებად განიხილავს როგორც მისთვის უშუალოდ გადაცემას, ისე 74-ე მუხლის სუბიექტისათვის ჩაბარებად, 74-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დადგენილია ქცევის შემდეგი წესი: თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
პალატა განმარტავს, რომ მისამართის მითითებისას მხარე თავად ხდება ამ მისამართზე მცხოვრები პირის მიერ შეტყობინების ჩაბარების ტვირთის მატარებელი, ამასთანავე, საგულისხმოა, რომ მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ შეტყობინების მიმღები არ არის ა.ბედოიძის ოჯახის ქმედუნარიანი წევრი, კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და რადგანაც აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი ოდენობის შემცირებისა თუ გადახდის გადავადების მიზნით სარწმუნო მტკიცებულებები არ წარუდგენია, ამასთანავე, არც სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედება შეუსრულებია (არ გადაუხდია სახელმწიფო ბაჟი), მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.
რაც შეეხება კერძო საჩივრის მესამე არგუმენტს, რომელიც მიმართულია საპროცესო ვადის აღდგენაზე/გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმებისაკენ, პალატა მას ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
დასახელებული ნორმით დადგენილია ის სავალდებულო წინაპირობები, როდესაც სასამართლო ვალდებულია, მხარის გამოუცხადებლობა თუ მის მიერ სხვა საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ. უდავოა, რომ აპელანტი შუამდგომლობას ამყარებდა ჯანმრთელობის მდგომაროებაზე. წარმოდგენილი ცნობა N100/ა-ს თანახმად, ა.ბ.მ სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 2014 წლის 29 დეკემბერს, მას 2009 წლიდან დადგენილი აქვს შაქრიანი დიაბეტი, ჩაუტარდა დიაგნოსტიკური გამოკვლევები: თერაპევტთან კონსულტაცია; ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია. სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: საჭიროა გაგრძელდეს ინსულინთერაპია, ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა.
დასახელებული მტკიცებულების შესწავლით სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა, რომ არ დასტურდებოდა სასამართლოსთვის დადგენილ ვადაში მიმართვის შეუძლებლობა, რადგანაც მხარემ ექიმს მიმართა ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადის გასვლამდე 2 დღით ადრე, ამასთან, ცნობა არ შეიცავს რაიმე მითითებას პაციენტის გადაადგილების შეზღუდვის თაობაზე, ასევე, მასში არ არის იმგვარი მითითება, რაც გამორიცხავდა მხარის სასამართლოში გამოცხადების შეუძლებლობას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ბ.ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 იანვრისა და 2015 წლის 15 იანვრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური