Facebook Twitter

საქმე №ას-291-278-2015 27 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „პ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო“, შ. და ჯ. ფ-ბი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს კრების ოქმის ბათილად ცნობა, აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების შესრულების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ. და ჯ. ფ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „პ-ის“ მიმართ და მოითხოვეს მოპასუხე საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს 2009 წლის 13 დეკემბრის №.. ოქმის ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხის დავალდებულება, შეასრულოს საერთო კრების 2009 წლის 10 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილება, რომლითაც საწარმო გაიყო ნატურით აქციათა პროპორციულად 64.999494%-ისა და 35.000506%-ის მიხედვით (რეალური წილის გაყოფა).

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირად ჩაება შპს „მ-თი“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სს „პ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2009 წლის 13 დეკემბრის №.. კრების ოქმი, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მოპასუხე სს „პ-ის“ დავალდებულებაზე, შეესრულებინა 2009 წლის 10 ოქტომბრის აქციონერთა საერთო კრების საოქმო გადაწყვეტილება საწარმოთა ნატურით გაყოფის თაობაზე დაუსაბუთებლობის გამო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით შ. ფ-ის, ჯ. ფ-ისა და შპს „მ-თის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სს „პ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა სარჩელს მოპასუხე სს „პ-ის“ დავალდებულებაზე, შეასრულოს 2009 წლის 10 ოქტომბრის აქციონერთა საერთო კრების საოქმო გადაწყვეტილება, შ. და ჯ. ფ-ბის სარჩელი დაკმაყოფილდა და სს „პ-ს“ დაევალა, შეასრულოს აქციონერთა საერთო კრების 2009 წლის 10 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილება, გაიყოს საწარმო ნატურით აქციათა პროპორციულად 64.999494% და 35.000506% რეალური წილის მიხედვით, სს „პ-ს“ დაეკისრა აპელანტების მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების, 6000 ლარის (აუდიტის ხარჯის), 150 ლარის (სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის) და ადვოკატის მომსახურების ხარჯის 800 ლარის, სულ – 6 950 ლარის გადახდა, სს „პ-ის“ სააპელაციო საჩივარი კი, არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „პ-მა“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 7 სექტემბრის განჩინებით წარდგენილი საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მასზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.

2015 წლის 5 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურომ“ და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების განმარტება.

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 3 იანვარს გაცემული №2/ბ-..... სააღსრულებო ფურცელი (საქმის წარმოების ნომერი A......), რომლის თანახმად: „დაკმაყოფილდეს შ. ფ-ის და ჯ. ფ-ის სარჩელი და დავალდებულდეს სს „პ-ი“ შეასრულოს აქციონერთა საერთო კრების 2009 წლის 10 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილება – გაიყოს საწარმო ნატურით აქციათა პროპორციულად 64,999494 % და 35,000506 % რეალური წილის მიხედვით“.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოვალეს სს „პ-ს“ ჩაბარდა გაფრთხილება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, თუმცა მან გადაწყვეტილების შესრულებისათვის კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულა, რის შემდეგაც აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიერ მოვალე სს „პ-ის” მიმართ დაიწყო იძულებითი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელება. პირველ რიგში განმცხადებლის მიერ იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები განხორციელდა უძრავი ქონების (ქ. ბათუმი, ზ. გ-ის ქ. №91) მიმართ და კრედიტორს მიეცა უფლება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის თანახმად, განეხორციელებინა მოვალის ნაცვლად უძრავი ქონების გაყოფა.

კრედიტორმა გამოიყენა მისთვის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება, წარმოადგინა „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა, რომელიც ითვალისწინებდა სს „პ-ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქ.ბათუმი, ზ. გ-ის ქ. №91) გაყოფას ნატურით აქციათა პროპორციულად 64,999494 % და 35,000506 % და წარადგინა შესაბამისი ნახაზები. აღნიშნულის შემდგომ განმცხადებლის საჯარო რეესტრისადმი მიმართვის საფუძველზე მოხდა სს „პ-ის“ სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (მდებარე ქ. ბათუმი, ზ. გ-ის ქ. №91) გაყოფა წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნის შესაბამისად და უძრავი ქონება აქციათა პროპორციულად დარეგისტრირდა სს „პ-ისა“ და შპს „მ-თის“ საკუთრებად.

განმცხადებლის მოქმედება უძრავი ქონების (მდებარე ქ. ბათუმი ზ. გ-ის ქ. №91) გაყოფასთან დაკავშირებით მოვალის მიერ გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში, სადაც სასამართლოს ყველა ინსტანციამ უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედება კანონიერად მიიჩნია. მოვალემ ასევე დამოუკიდებელი დავა წამოიწყო საჯარო რეესტრის მიმართ და მოითხოვა ქონების გაყოფასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება, სადაც სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა სარჩელი და საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება კანონიერად მიიჩნია.

განმცხადებლის განმარტებით, იმისათვის, რომ მოხდეს სააღსრულებო წარმოების დასრულება, საჭიროა სს „პ-სა“ და შპს „მ-ს“ შორის საწარმოს პასივების და აქტივების სრულად გაყოფა, რისთვისაც კრედიტორმა შ. ფ-ემ წარმოადგინა შპს „ე. ა-ის“ მიერ შედგენილი სს „პ-ის“ ორ საწარმოდ გაყოფის ბალანსი, რომლითაც შესაძლებელია პასივებისა და აქტივების გაყოფა. აუდიტორული შემოწმება ჩატარდა 2010 წლის 1 მარტის მდგომარეობით. კრედიტორმა შ. ფ-ემ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიმართა წერილობით და მოითხოვა უფლებამოსილების მინიჭება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის თანახმად. მან მზადყოფნა გამოთქვა, შეასრულოს ვალდებულება მოვალის ნაცვლად და მოახდინოს საწარმოს გაყოფა შპს „ე. ა-ის“ დასკვნის შესაბამისად.

განმცხადებელმა მიიჩნია, რომ სააღსრულებო ფურცლით დადგინდა ქონების ნატურით გაყოფა, თუმცა ბუნდოვანია, თუ რომელი თარიღით უნდა მოხდეს გაყოფა, აღნიშნული საკითხი არსებითად მნიშვნელოვანია, რათა სააღსრულებო ფურცელი ზედმიწევნით ზუსტად აღსრულდეს. სს „პ-სა“ და შპს „მ-ს“ შორის ქონების ნატურით გაყოფის თარიღთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოების მხარეებს აქვს განსხვავებული პოზიცია, რომელიც, თავის მხრივ, არ ემთხვევა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს პოზიციას, რის გამოც განმცხადებელმა ჩათვალა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილება საჭიროებს განმარტებას.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლისა და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, განმცხადებელმა მოითხოვა, განიმარტოს აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი გულისხმობს თუ არა, რომ საწარმოს გაყოფა ნატურით აქციათა პროპორციულად 64,999494% და 35,000506% რეალური წილის მიხედვით უნდა მოხდეს აქციონერთა საერთო კრების მიერ საოქმო გადაწყვეტილების მიღების თარიღით, 2009 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით. თუ სასამართლო გადაწყვეტილება არ გულისხმობს თავისი შინაარსით საწარმოს გაყოფას 2009 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით, განმცხადებელმა მოითხოვა განიმარტოს, რომელი თარიღით უნდა მოხდეს გაყოფა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც იგი შეიძლება აღსრულდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 თებერვლის განჩინებით სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს“ განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 20.. წლის 31 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული: „4. დაკმაყოფილდეს შ. ფ-ის, და ჯ. ფ-ის სარჩელი და დავალდებულდეს სს „პ-ი“ შეასრულოს აქციონერთა საერთო კრების 2009 წლის 10 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილება – გაიყოს საწარმო ნატურით აქციათა პროპორციულად 64, 999494% და 35, 000506% რეალური წილის მიხედვით“ განიმარტოს შემდეგნაირად: „4. დაკმაყოფილდეს შ. ფ-ის, და ჯ. ფ-ის სარჩელი და დავალდებულდეს სს „პ-ი“ შეასრულოს აქციონერთა საერთო კრების 2009 წლის 10 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილება – გაიყოს საწარმო ნატურით აქციათა პროპორციულად 64, 999494% და 35, 000506% რეალური წილის მიხედვით 2009 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით.“

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ დასაშვებია არა ყველა გადაწყვეტილების განმარტება, არამედ მხოლოდ ისეთის, რომლის შინაარსიც გაუგებარია. ე.ი. გადაწყვეტილების განმარტება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარეები ან სასამართლო აღმასრულებელი ზუსტად ვერ ადგენენ, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. ამასთან, განმარტებით არ უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. დაუშვებელია, განმარტებით მოხდეს მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების რევიზია.

სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით „დაკმაყოფილდა შ. ფ-ის, და ჯ. ფ-ის სარჩელი და დავალდებულდა სს „პ-ი“ შეასრულოს აქციონერთა საერთო კრების 2009 წლის 10 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილება – გაიყოს საწარმო ნატურით აქციათა პროპორციულად 64, 999494% და 35, 000506% რეალური წილის მიხედვით.“ ასევე უდავოა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით სს „პ-ს“ დაევალა, შეასრულოს აქციონერთა საერთო კრების 2009 წლის 10 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, მართალია, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლით დადგინდა ქონების ნატურით გაყოფა, თუმცა ბუნდოვანია, თუ რომელი თარიღით უნდა მოხდეს გაყოფა, ამაზე მინიშნება გადაწყვეტილებაში არ არის. ამდენად, აღნიშნული საკითხი არსებითად მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა განმცხადებლის განმარტებაზე, სს „პ-სა“ და შპს „მ-ს“ შორის ქონების ნატურით გაყოფის თარიღთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოების მხარეებს აქვთ განსხვავებული პოზიცია, რომელიც, თავის მხრივ, არ ემთხვევა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს პოზიციას. აღნიშნულის გამო, განმცხადებელმა ჩათვალა, რომ მითითებულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილება საჭიროებს განმარტებას. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება იმაშია, რომ არ დგინდება, რომელი თარიღით უნდა მოხდეს გაყოფა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სწორედ სს „პ-სა“ და შპს „მ-ს“ შორის ქონების ნატურით გაყოფის თარიღთან დაკავშირებით საჭიროებს განმარტებას. აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი გულისხმობს, რომ საწარმო გაიყოფა ნატურით აქციათა პროპორციულად – 64,999494 % და 35,000506 % რეალური წილის მიხედვით, ამდენად, გაყოფა უნდა მოხდეს აქციონერთა საერთო კრების მიერ საოქმო გადაწყვეტილების მიღების თარიღით, ანუ 2009 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სს „პ-მა“ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს და აღმასრულებლის მსჯელობა, რომ სააღსრულებო ფურცლით დადგენილია ქონების ნატურით გაყოფა, თუმცა ბუნდოვანია, რომელი თარიღით უნდა მოხდეს ქონების გაყოფა. უპირველეს ყოვლისა, საწარმოს ქონების გაყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება საწარმოს გაყოფის, ლიკვიდაციის ან საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით გააჩნიათ მხოლოდ საწარმოს პარტნიორებს (აქციონერთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად).

სასამართლოში სარჩელი აღძრული იყო იმაზე, რომ სს „პ-ს“ შეესრულებინა აქციონერთა გადაწყვეტილება და არა იმაზე, რომ მოეხდინა ქონების გაყოფა (საწარმოს ქონების გაყოფის უფლება სს „პ-ს“ არ გააჩნია).

მხარემ მიუთითა, რომ სარჩელის ფასი პირველი ინსტანციის სასამართლოში განსაზღვრული იყო 100 ლარით, სააპელაციო საჩივარზე – 150 ლარით, სს „პ-ის“ საწესდებო კაპიტალი კი – 994 000 ლარია.

სააღსრულებო ფურცლით კრედიტორებს წარმოადგენენ შ. და ჯ. ფ-ბი. ფიზიკური პირები კი ვერანაირად ვერ იქნებიან სს „პ-ისაგან“ გამოყოფილი საწარმო, რომელსაც შესაძლოა პარტნიორთა გადაწყვეტილებას შესაბამისად, გაუჩნდეს სს „პ-ისგან“ ქონების მიღების უფლება. საქმეში მესამე პირად ჩართული შპს „მ-თი“ კი წარმოადგენს არა იმ „მ-ს“, რომელიც, სს პ-ის აქციონერთა 2015 წლის 15 თებერვლის კრების ოქმის თანახმად, გაყოფის შედეგად უნდა ჩამოყალიბებულიყო, არამედ რეგისტრირებულია დამოუკიდებლად შ. ფ-ის მიერ 2009 წლის 29 დეკემბერს და არანაირი სამართლებრივი კავშირი სს „პ-თან“ არ გააჩნია.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ ყოველივე აღნიშნული საწინააღმდეგოდ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 თებერვლის განჩინების არსი წარმოადგენს აღმასრულებლისათვის მითითებას, რომ სს „პ-ის“ ქონება 2009 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით გადასცეს კრედიტორს, რაც, ცხადია, აღმასრულებლისთვის ხდება იმის საფუძველი, რომ საწარმოს გაყოფა კი არ განახორციელოს, არამედ სს „პ-ის“ ქონება გადასცეს კრედიტორებს – შ. და ჯ. ფ-ბს (ან დაურეგისტრირდეს შ. და ჯ. ფ-ბის მიერ მითითებულ შპს „მ-ს“). ამით კი ილახება სს „პ-ის“ კრედიტორთა და საწარმოს 64,999494%-ის მფლობელი აქციონერების უფლებები.

ამავე დროს, მხარის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 1 თებერვლის განჩინებით (განჩინების სამოტივაციო ნაწილით გვ. 4, 5, 6) აღმასრულებელს მისცა ისეთი უფლებები, რაც ეწინააღმდეგება „მეწარმეთა შესახებ“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონებს. ერთადერთი, რასაც აღმასრულებელი თავისი მოქმედების განსახორციელებლად გამოიყენებს (სს „პ-ის“ ქონების გადაცემა სხვაზე) და შეეცდება გაამართლოს თავისი მოქმედება, იქნება არა კანონის რომელიმე მუხლი, არამედ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 თებერვლის განჩინება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 11 თებერვლის განჩინებით შეცვალა არა მარტო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, არამედ მთელი გადაწყვეტილების არსი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, განმცხადებელმა მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება ბუნდოვანი არ არის. გადაწყვეტილებით დადგენილია და სს „პ-ს“ დაევალა, შეასრულოს აქციონერთა გადაწყვეტილება სს „პ-ის“ ორ საწარმოდ გაყოფის თაობაზე. საწარმოს გაყოფა ხდება „მეწარმეთა შესახებ“ კანონით დადგენილი პროცედურებისა და საწარმოს პარტნიორთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი ქონების გაყოფა, მიუხედავად ამისა, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ აღმასრულებელი ცდილობს სწორედ ქონების და არა საწარმოს გაყოფას, „მეწარმეთა შესახებ“ კანონით დადგენილი პროცედურების საწინააღმდეგოდ. აღმასრულებელმა სწორედ ამიტომ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გადაწყვეტილების განმარტება იმ მოტივით, თუ რომელი თარიღით უნდა მომხდარიყო ქონების გაყოფა. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 თებერვლის განჩინება აღმასრულებლის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე არსებითად ცვლის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებას, ვინაიდან 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება განმარტებულ იქნა არა საწარმოს გაყოფად (მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად), არამედ როგორც ქონების გაყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „პ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარს. ამდენად, გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება არსებობს, როცა მისი სარეზოლუციო ნაწილის ესა თუ ის დებულება ორაზროვანი, გაუგებარია და არსებული სახით გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას დაბრკოლება ექმნება.

მოცემულ შემთხვევაში სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურომ“ მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება იმ ბუნდოვანი საკითხის გასარკვევად, აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი გულისხმობდა თუ არა, რომ საწარმოს გაყოფა ნატურით აქციათა პროპორციულად, 64,999494% და 35,000506% რეალური წილის მიხედვით, უნდა მომხდარიყო აქციონერთა საერთო კრების მიერ საოქმო გადაწყვეტილების მიღების თარიღით, 2009 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სასამართლოს უნდა განემარტა, რომელი თარიღით უნდა განხორციელებულიყო გაყოფა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ არ აღსრულებულა და არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც იგი შეიძლება აღსრულდეს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს განმცხადებლისა და სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ზემოაღნიშნული დებულება საჭიროებდა განმარტებას, რადგან გადაწყვეტილებით და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლით დადგინდა ქონების ნატურით გაყოფა, თუმცა გადაწყვეტილება არ შეიცავდა მინიშნებას საწარმოს გაყოფის თარიღთან დაკავშირებით, ამდენად, სასამართლოს არსებული მითითებიდან ცალსახად, უდავოდ და გასაგებად არ გამომდინარეობდა, კონკრეტულად დროის რა მონაკვეთის მდგომარეობით უნდა განხორციელებულიყო საწარმოს წილების გაყოფა. აღნიშნული უზუსტობა კი, ობიექტურად აფერხებს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს და, როგორც განმცხადებელმა აღნიშნა, იწვევს მხარეთა შორის დამატებით დავისა და აზრთა სხვადასხვაობის საფუძველს.

გასაჩივრებული განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული: „4. დაკმაყოფილდეს შ. ფ-ის, და ჯ. ფ-ის სარჩელი და დავალდებულდეს სს „პ-ი“ შეასრულოს აქციონერთა საერთო კრების 2009 წლის 10 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილება – გაიყოს საწარმო ნატურით აქციათა პროპორციულად 64, 999494% და 35, 000506% რეალური წილის მიხედვით“ განიმარტა შემდეგნაირად: „4. დაკმაყოფილდეს შ. ფ-ის, და ჯ. ფ-ის სარჩელი და დავალდებულდეს სს „პ-ი“ შეასრულოს აქციონერთა საერთო კრების 2009 წლის 10 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილება – გაიყოს საწარმო ნატურით აქციათა პროპორციულად 64, 999494% და 35, 000506% რეალური წილის მიხედვით 2009 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით.“

ცხადია, გადაწყვეტილების ზემოაღნიშნულ პუნქტს დაემატა მითითება – „2009 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით.“

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების განმარტება შეეხო მხოლოდ საწარმოთა გაყოფის თარიღს და სააპელაციო პალატის მიერ 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაში რაიმე სხვა სახის, მათ შორის არსებითი ცვლილება არ განხორციელებულა. აღნიშნული განმარტების შედეგად სააღსრულებო ბიუროს მიეცა დაზუსტებული მითითება სს „პ-ის“ წილების გაყოფის პროცედურასთან, კერძოდ კი, საწარმოს გაყოფის თარიღთან დაკავშირებით.

ამდენად, საფუძველს მოკლებულია სს „პ-ის“ პრეტენზია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 თებერვლის განჩინება აღმასრულებლის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე არსებითად ცვლის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებას, ვინაიდან 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება განმარტებულ იქნა არა საწარმოს გაყოფად („მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად), არამედ როგორც ქონების გაყოფა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საწარმოს გაყოფა უნდა მოხდეს „მეწარმეთა შესახებ“ კანონით დადგენილი პროცედურებისა და საწარმოს პარტნიორთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ფაქტობრივად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია მიმართულია არა გადაწყვეტილების განმარტების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის მიმართ, არამედ აღნიშნულით მხარე არ ეთანხმება გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურას. სს „პ-ს“ არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო პალატამ სადავო გადაწყვეტილების განმარტებისას არასწორად განსაზღვრა საწარმოს გაყოფის თარიღი, რაც მოცემული წარმოების ფარგლებში შეეძლო, სადავოდ გაეხადა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კომპეტენცია კერძო საჩივრის განხილვისას შეზღუდულია გასაჩივრებული განჩინებისა და კერძო საჩივარში სადავოდ გამხდარი გარემოებების შეფასებით.

ამდენად, წარმოდგენილი კერძო საჩივრის განხილვისას საკასაციო პალატა უფლებამოსილია, შეაფასოს სააპელაციო სასამართლოს მიერ 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების განმარტების მართლზომიერება და ვერანაირად ვერ იმსჯელებს სააღსრულებო წარმოების პროცედურის კანონშესაბამისობაზე.

ამავდროულად, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივარში მითითებული მოსაზრების საპასუხოდ (2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება განმარტებულ იქნა არა საწარმოს გაყოფად („მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად), არამედ როგორც ქონების გაყოფა) განმარტავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილი სს „პ-ის“ აქციათა პროპორციულად რეალური წილების მიხედვით ნატურით გაყოფა თავისთავად გულისხმობს საზოგადოების ქონების გაყოფას, რის გარეშეც გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია. აღნიშნული გაყოფის წესი დადგენილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, წარმოადგენს გადაწყვეტილებით დადგენილ დავის სამართლებრივ შედეგს, შესაბამისად, გადაწყვეტილების განმარტებასთან კავშირი არ აქვს და საქმის წარმოების მოცემულ ეტაპზე გადასინჯვას არ ექვემდებარება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლის არსებობა წარმოდგენილი კერძო საჩივრით დასაბუთებული არ არის. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტებით მიღწეულ იქნა ის სამართლებრივი შედეგი, რასაც ზოგადად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება მიზნად ისახავს და ხელი შეეწყო გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას, რის გამოც სს „პ-ს“ უარი უნდა ეთქვას კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „პ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთიასის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის .. თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე