Facebook Twitter

20 მარტი, 2015 წელი

საქმე №ას-293-280-2015 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ბ-ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი – პ. შ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ი-ი, (მოპასუხე) გ. ბ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ბ-ის, მ. ი-ის, ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და ქობულეთის ადგილობრივი არქივის მიმართ საარქივო ცნობის და საკომლო ჩანაწერის ნაწილობრივ გაუქმებისა და თანმდევი შედეგით საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერების ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ბ-მა და მ. ი-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით მ. ბ-ისა და მ. ი-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ბ-მა და გ. ბ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მ. ბ-ის და გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2014 წლის 16 სექტემბერს მ. ბ-ის წარმომადგენელმა პ. შ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მ. ბ-ის წარმომადგენლის პ. შ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ბ-ის წარმომადგენლმა პ. შ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის წარმომადგენლის პ. შ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ამავე კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ პ. შ-ეს (იხ.რწმუნებულება ტ. V. ს.ფ.130) გასაჩივრებული განჩინების ასლი გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2015 წლის 14 თებერვალს პირადად (ტ. V. ს.ფ. 124). აქედან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრების ვადა დაიწყო 2015 წლის 15 თებერვალს და ამოიწურა 2015 წლის 26 თებერვალს. საქმეში წარმოდგენილი მ. ბ-ის წარმომადგენლის პ. შ-ის კერძო საჩივარზე დართული კონვერტით დასტურდება, რომ ის საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2015 წლის 27 თებერვალს (იხ. ტ.V.ს.ფ.132), რითაც დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, ანუ გაშვებულ იქნა გასაჩივრების 12 დღიანი საპროცესო ვადა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. ბ-ის წარმომადგენლის პ. შ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს საპროცესო ვადის გაშვების გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 416-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. ბ-ის წარმომადგენლის, პ. შ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ნინო ბაქაქური