Facebook Twitter

საქმე №ას-38-35-2015 9 მარტი, 2015 წელი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ი. ვ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ც-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ქ. ც-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი. ვ-ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით ქ. ც-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ი. ვ-მა“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინებით შპს „ი. ვ-ის“ სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 20 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქ. ც-ის სარჩელთან დაკავშირებით. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას არ ესწრებოდა მოპასუხე მხარე, თუმცა მისთვის ცნობილი იყო აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღის შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ საპელაციო წესით გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 20 აგვისტოდან ოცდამეათე დღეს, 2014 წლის 19 სექტემბერს, შესაბამისად სააპელაციო საჩივრის წარდგენის ბოლო დღე იყო 2014 წლის 03 ოქტომბერი, სააპელაციო საჩივარი კი წარდგენილია 2014 წლის 24 ნოემბერს, ანუ გასაჩივრების ვადის დარღვევით. ამრიგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ი. ვ-მა“ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მის მიერ გასაჩივრების ვადის გაშვება მოხდა იმის გამო, რომ მას მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია ჰქონდა, რომელიც მიიღო მოსამართლის თანაშემწისგან და რომ არა მოსამართლის თანაშემწის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, იგი გასაჩივრების ვადას არ დაარღვევდა. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2014 წლის 11 ნოემბერს ჩაიბარა გადაწყვეტილება და სასამართლო სხდომის ოქმი და სწორედ ამის შემდეგ შეიტყო, რომ საქმესთან დაკავშირებით სხვაგვარი გადაწყვეტილება იყო მიღებული და დაუყონებლივ გაასაჩივრა იგი სააპელაციო სასამართლოში.

საჩივრის ავტორი ითხოვს გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევას და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულებისთვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად კი ჩაითვლება ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ი. ვ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული მუხლი, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ მისთვის ცნობილი იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დრო და თარიღი (იხ. ს.ფ. 48). თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან (2014 წლის 20 აგვისტო) არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით მას სასამართლოსთვის არ მიუმართავს. შესაბამისად, მხარისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 20 სექტემბერს და ამოიწურა 2014 წლის 3 ოქტომბერს, ხოლო მან სააპელაციო საჩივრით სასამართლოს მიმართა 2014 წლის 24 ნოემბერს, ანუ სასამართლოსთვის მიმართვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ მას მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია ჰქონდა (რომელიც მიიღო მოსამართლის თანაშემწისგან) და ამის გამო არ გაასაჩივრა გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში, ვერ მიიჩნევა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიან ვადას და მიუთითებს, რომ ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის აპელირებას გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევისა და აღდგენის თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე და 215-ე მუხლების შესაბამისად, აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულებისთვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა.

აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ი. ვ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე