საქმე №ას-55-50-2015 12 მარტი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ.კ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ. ო.მ. ი.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება
დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ.კ.მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ. ო. მ. კ.ის“ მიმართ, მის მიერ გადახდილი თანხის - 2 078 აშშ დოლარის შესასრულებელი ვალდებულების ანგარიშში ჩათვლისა და ამ ოდენობით თანხის სააღსრულებო წინადადებისათვის გამოკლების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი ცნო, კერძოდ, გადახდილი თანხის შესასრულებელი ვალდებულების ოდენობაში ჩათვლის ნაწილში დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და აღნიშნა, რომ დარჩენილი დავალიანება და ამ დავალიანების ამოღებისათვის გაწეული ხარჯები მოსარჩელის კუთვნილი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციით უნდა დაფარულიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შევიდა ცვლილება ნოტარიუს ნ. ბ.ის მიერ 2014 წლის 24 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მოვალე ზ.კ.თვის პირგასამტეხლოს - 10 772 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და პირგასამტეხლოს სახით მოვალე ზ.კ.ის ვალდებულება კრედიტორ შპს „მ. ო. მ. კ.ის“ მიმართ განისაზღვრა 5 386 აშშ დოლარით, მოსარჩელეს დაუბრუნდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ამავე სასამართლოს 2014 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლისა და მოპასუხე „მ. კ.ის“ ერთობლივი განცხადება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ გამოყენებული ღონისძიების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა, შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 მაისის განჩინება 2014 წლის 24 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე განჩინება საჩივრით გაასაჩივრა ზ.კ.მა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ნოემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ზ.კ.ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ამავე პალატის 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე, 370-ე, 421-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, 2014 წლის 13 ოქტომბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა ნ. ქ.მ და მოპასუხის წარმომადგენელმა ო.მა გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე წერილობით განაცხადეს უარი და ითხოვეს სასამართლო შემოფარგლულიყო მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით, შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 98-ე მუხლის პირველ ნაწილზე, გამოიკვლია საქმეში არსებული მინდობილობები და დადგენილად ცნო, რომ წარმომადგენლებს მინიჭებული ჰქონდათ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, ხოლო გასაჩივრებაზე უარის თქმის უფლების სპეციალურად მინიჭების შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა, ამასთანავე, მინდობილობების მოქმედების ვადები რადგანაც გასული არ იყო, სასამართლომ ჩათვალა, რომ მხარეთა წარმომადგენელები უფლებამოსილი იყვნენ უარი განეცხადებინათ გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესულად მიიჩნეოდა, ხოლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ.კ.მა, მოითხოვა 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინების გაუქმება, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება შემდეგი დასაბუთებით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მისი განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების თაობაზე, ხოლო 2014 წლის 13 ოქტომბრის სხდომაზე დაკმაყოფილდა მისი სარჩელი, რის ფონზეც მხარეთა წარმომადგენლებმა წერილობით დაადასტურეს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებდნენ, თუმცა, რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი რა ნაწილში დაკმაყოფილდა, გაუგებარია, ერთადერთი ცვლილება, რაც განხორციელდა, 10 772 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში შეიცვალა სააღსრულებო ფურცელი და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 5 386 აშშ დოლარით, რაც მხარისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, გადაწყვეტილებაში არაფერია ნათქვამი მისი მოთხოვნის თაობაზე. სწორედ ამ მიზნით წარადგინა მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი და ითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების, ასევე 2014 წლის 15 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და 2014 წლის 5 მაისის განჩინების ძალაში დატოვება, ასევე მის მიერ გადახდილი თანხის შესასრულებელ ვალდებულებაში ჩათვლა. სამოქალაქო კოდექსის 418-ე, 419-ე და 420-ე მუხლების შესაბამისად, დაკისრებული პირგასამტეხლოს სასამართლოს სრულად უნდა გაეუქმებინა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ის კეთილსინდისიერად ასრულებდა ვალდებულებას და იხდიდა სესხის თანხას, ხოლო თანხის მიმღები გასცემდა ყალბ ქვითრებს. ნაცვლად სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა, კრედიტორმა მოვალის წინააღმდეგ დაიწყო სააღსრულებო წარმოება.
სააპელაციო სასამართლომ ზერელედ შეისწავლა საქმის მასალები და დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიღებდა განსხვავებულ გადაწყვეტილებას.
გასათვალისწინებელია, რომ სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 15 ოქტომბერს გამოიტანა ორი განჩინება, რომელთაგან ერთი შეეხებოდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე გამოტანილი განჩინების უცვლელად დატოვებას, რაც უკანონოა, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, თუკი მას გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით სარგებლობის უფლება არ ექნება, კერძო საჩივრის წარდგენა აზრს კარგავს. მოპასუხე მხარის მხრიდან ჩადენილი თაღლითობის შესახებ მოსარჩელისათვის გვიან გახდა ცნობილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სააღსრულებო წარმოება არ დაიწყებოდა და იძულებითი აუქციონის წესით უძრავი ქონების რეალიზაციის საფრთხე არ დადგებოდა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ზ.კ.მა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 იანვრის განჩინებით ზ.კ.ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ.კ.ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნასა და თავად საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე. ზ.კ. მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინების გაუქმებას, ხოლო მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლებში მხარე მიუთითებს ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განჩინების ძალაში არასწორად დატოვების თაობაზე.
საქმეში წარმოდგენილია სააპელაციო სასამართლოს ორი განჩინება, რომელთაგან ერთი შეეხება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას, ხოლო მეორე - უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 ოქტომბრის განჩინების ძალაში დატოვებას. ორივე განჩინება დათარიღებულია 2014 წლის 15 დეკემბრით.
ამდენად, ვინაიდან ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია შეეხება მხოლოდ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას თუ ასევე უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებასაც, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს შემდეგი:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლით რეგულირებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე წარდგენილი საჩივრის განხილვის წესი და ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით, თავის მხრივ, 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით იმპერატიულადაა განსაზღვრული, რომ ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან მიმართებით წარმოადგენდა ზემდგომი სასამართლოს განჩინებას, მისი გასაჩივრების შესაძლებლობას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ამ თვალსაზრისით საყურადღებოა ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის დათქმა, რომ კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე წარდგენილი პრეტენზიების ნაწილში იგი არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს და შეფასება მისცეს ზ.კ.ის მოსაზრებებს.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინებას, ამ კუთხით საქმის მასალებით დასტურდება და სააპელაციო პალატამაც დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული ზ.კ.ის მიერ გაცემული მინდობილობა, რომლითაც მოსარჩელე ნ.ქ.ს უფლებას ანიჭებს სასამართლოში დაიცვას მისი ინტერესები, მინდობილობის თანახმად, ნ.ქ.ს მინიჭებული აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი. რწმუნებულება გაცემულია განუსაზღვრელი ვადით (იხ. ს.ფ. 64);
საქმეში ასევე წარმოდგენილი შპს „მ. ო. მ. ი.ის“ დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობა, რომლის თანახმადაც ორგანიზაციის სასამართლოში წარმოდგენის უფლება მინიჭებული აქვს ო. მ.ს, მინდობილობაში განსაზღვრულია წარმომადგენლის კონკრეტული უფლებამოსილებანი, ხოლო მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2015 წლის 31 მარტით (იხ. ს.ფ. 105);
2014 წლის 13 ოქტომბრის სხდომის ოქმს ერთვის მხარეთა წარმომადგენელების მიერ ხელმოწერით დადასტურებული ხელწერილი, რომლითაც ისინი უარს აცხადებენ გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე და მოითხოვენ სასამართლომ ჩამოაყალიბოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ამავე განცხადებით ირკვევა, რომ ხელმომწერი პირები ინფორმირებული არიან ამ საპროცესო მოქმედების სამართლებრივი შედეგების თაობაზე (იხ. ს.ფ.106).
საკასაციო სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, თუ მხარეები მოითხოვენ გადაწყვეტილებას დასაბუთების გარეშე იმ მოტივით, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლოს შეუძლია შემოიფარგლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით. მოსამართლე ეკითხება მხარეებს, სურთ თუ არა დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება და ასაჩივრებენ თუ არა მოცემულ გადაწყვეტილებას. თუ მხარეები უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, მათ ასეთი განცხადება უნდა დაადასტურონ თავიანთი ხელმოწერებით.
ნორმის აღწერილობითი ნაწილი იძლევა მხარის უფლების დეფინიციას, სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესიდან, ასევე დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, უარი განაცხადოს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, თუმცა ნორმით დადგენილი მართლწესრიგი მისი სამართლებრივი შედეგის მარეგულირებელი ნორმისგან დამოუკიდებლად არ შეიძლება განიმარტოს, ზემდგომი წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისთანავე (სსსკ 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 265-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. ამგვარი წესი კი, წარმოადგენს არა გადაწყვეტილების შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ, ეს არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LII თავით დადგენილი საგამონაკლისო წარმოება, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს საქმის წარმოების განახლებას კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას. ამ პირობათა ჩამონათვალს კანონმდებელი 422-ე და 423-ე მუხლებში გვთავაზობს.
რაც შეეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით გათვალისწინებულ სააპელაციო გასაჩივრების უფლების რეალიზაციას, იგი შეეხება გადაწყვეტილებას ან მის იმ ნაწილს, რომელიც კანონიერ ძალაში არ არის შესული, ხოლო თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება (სსსკ 370-ე მუხლი).
მითითებული მსჯელობისა და დავის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის აუცილებლობის თაობაზე და თვლის, რომ სააპელაციო პალატამ კანონის სწორი განმარტების გზით მართებულად დატოვა განუხილველად ზ.კ.ის სააპელაციო საჩივარი.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო გასაჩივრების თაობაზე წარმომადგენლის მიერ გამოვლენილი ნება სადავოდ არ გაუხდია, უფრო მეტიც, საჩივარი არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას 2014 წლის 13 ოქტომბრის განცხადებაში გამოვლენილი ნების ნაკლის თაობაზე, მხარე არც სააპელაციო სასამართლოს იმ დასკვნას ხდის სადავოდ, რომ მინდობილობაში გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის უფლება მხარეს წარმომადგენლისათვის არ მიუნიჭებია. ის გარემოება, რომ ზ.კ. ეთანხმება წარმომადგენლის ნებას, დასტურდება ასევე ნ.ქ.ის სახელზე გაცემული მინდობილობის გაუუქმებლობითა და კერძო საჩივარზე წარმომადგენლის ხელმოწერით.
რაც შეეხება კერძო საჩივარში ასახულ მსჯელობას საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას კანონის შესაძლო დარღვევაზე, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს აღნიშნულზე, ვინაიდან კერძო საჩივრის განხილვის მარეგულირებელი ნორმები ამის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს ზ.კ.ის შუამდგომლობას, სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების თაობაზე, რადგანაც, მართალია, საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს იმ საპროცესო მოქმედების შესრულება, რომლის თაობაზეც წარდგენილია კერძო საჩივარი, თუმცა როგორც აღინიშნა, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება და არა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განჩინების ძალაში დატოვების კანონიერება. სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიება კი, სწორედ იმ განჩინებითაა გაუქმებული, რომლის თაობაზეც კერძო საჩივარი არ დაიშვება. ეს გარემოება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ.კ.ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივრის ავტორს უარი ეთქვას სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერებაზე.
4. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე