საქმე №ას-83-77-2015 12 მარტი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - მ. გ-ი
წარმომადგენელი - გ. წ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ. T“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებით: მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება შპს „კ.-T-ის“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისა და მ. გ-ისათვის „კ.-T-ის“ სასარგებლოდ საპროცესო ხარჯის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და, ამ ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „კ.-T-ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი შპს „კ.-T-სა“ და მ. გ-ს შორის 2009 წლის 08 ოქტომბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. შპს „კ.-T-სა“ და მ. გ-ს შორის 2009 წლის 08 ოქტომბრიდან დადებულად იქნა ცნობილი 1 000 000 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის სამომავლო ნასყიდობის ხელშეკრულება - საქონლის მიწოდების პირობით და შპს „კ.-T-ის“ კუთვნილი ქონება მდებარე ქ. ბათუმი, ლ-ის ქ. №109 (უძრავი ქონების ს/კ:№......) დაიტვირთა იპოთეკით მ. გ-ის სასარგებლოდ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.
მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- 2009 წლის 08 ოქტომბერს მ. გ-სა და შპს „კ.T-ს“ შორის გაფორმდა სანოტარო აქტი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების სახელწოდებით, რომლის მიხედვით მუჰამმეთ გიორენმა შპს „კ.T-ს“ სესხად გადასცა 1 000 000 აშშ დოლარი სარგებლის გარეშე, ორი თვის ვადით.
- მხარეთა შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შპს „კ.T-ს“ კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე, ქ.ბათუმში, ლ-ის ქ.N109-ში.
- საქმეში არსებული მტკიცებულებების, ასევე, მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადგენილია, რომ 2009 წლის 08 ოქტომბრის გარიგებაში მითითებული თანხა - 1 000 000 აშშ დოლარი მ. გ-ს შპს „კ.T-სათვის“ არ გადაუცია.
- 2009 წლის 08 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის სახელწოდებით გაფორმებული გარიგებით დაიფარა მხარეებს შორის რეალურად არსებული ურთიერთობა და გარიგებაში მითითებული თანხა ემსახურებოდა მხარეებს შორის ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე, სამომავლო ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო მასალების მიწოდების შესახებ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას.
გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. 2014 წლის 30 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა მ. გ-ის წარმომადგენელმა - გ. წ-ემ, რომელმაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 07 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:
განმცხადებელმა მიუთითა საქართველოს სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელს ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიაჩნია საქართველოს შსს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის წერილი, რომლითაც მას ეცნობა, რომ 2011 წლის 29 აგვისტოს 15:46სთ.-ზე მ. გ-ი შეიყვანეს შსს აჭარის მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე. საქმის განხილვისას მ. გ-ი ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ ის რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდა პოლიციას არაკანონიერად თავისუფლება შეზღუდული, რომ მას 15:46სთ.-დან 19:55სთ.-მდე არ ჰყავდა თარჯიმანი და ადვოკატი. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში გამომძიებელმა ვ. დ-ემ განახორციელა მასზე იმგვარი არაკანონიერი ზემოქმედება, რომ აიძულა ხელი მოეწერა უკვე ადვოკატისა და თარჯიმნის თანდასწრებით გაფორმებულ დაკითხვის ოქმზე, რომლითაც მ. გ-ი განმარტავდა, რომ თითქოსდა მას 1 000 000 აშშ დოლარი სესხის სახით არ გადაუცია შპს „კ.T-ს“ დირექტორ მ. კ-სათვის. განმცხადებლის მოსაზრებით, ამ ახალი მტკიცებულებით უდაოდ დგინდება, რომ 2011 წლის 29 აგვისტოს 15:46თ.-დან 19:55სთ.-მდე მ. გ-ს არაკანონიერად ჰქონდა შეზღუდული თავისუფლება. ამ უდავო ფაქტიდან და მოწმე ი. ბ-ას საქმეში არსებული ჩვენებით შესაძლოა გაკეთდეს დასკვნა, რომ მ. გ-ი 04სთ.-ზე მეტ ხანს შეგნებულად დააყოვნეს პოლიციაში, რომ იგი მიეყვანათ პოლიციისათვის სასურველ ფსიქოლოგიურ კონდიციამდე, რის შედეგადაც ხელი მოაწერა მისი ინტერესების საწინააღმდეგო ოქმს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინებით მ. გ-ის წარმომადგენლის - გ. წ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო, როგორც საქალაქო სასამართლოს მიერ გამოკვლეული და შეფასებული მტკიცებულებები, მათ შორის, მ. გ-ის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლისათვის მიცემული განმარტება, ბათუმის რაიონული პროკურატურის 2012 წლის 28 იანვრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, ასევე, სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმის ჩვენება. განმცხადებლის მიერ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მითითებული მტკიცებულებით კი, დასტურდებოდა მხოლოდ ის გარემოება, რომ მ. გ-ი შსს აჭარის ა.რ. მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე შეიყვანეს 15:46სთ.-ზე, რომელმაც ეს ტერიტორია დატოვა 21:15სთ.-ზე. ამ გარემოებით კი, არ დასტურდებოდა მ. გ-ზე იძულების განხორციელებისა და ამის შედეგად, არასწორი ჩვენების მიცემის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება რომც არსებულიყო საქმის არსებითად განხილვის დროს აღნიშნული მაინც ვერ დაედებოდა საფუძვლად მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას.
ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საბუთი საქმის წარმოების განახლების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო, თუ იგი იარსებებდა საქმის არსებითად განხილვის დროს და მასში მითითებული მონაცემები გააქარწყლებდა სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებს. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მიმართვა შედგენილი იყო 2014 წლის 27 აგვისტოს, ე.ი. სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის დასრულების შემდეგ. ამიტომ, ეს მტკიცებულება სასამართლოსათვის წარდგენილი ვერ იქნებოდა და მასზე დაყრდნობით სასამართლო გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანდა. შესაბამისად, ამ მტკიცებულების საფუძველზე, საქმის წარმოების განახლება დაუშვებელია.
ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, არ არსებობდა განმცხადებლის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოებების საფუძველზე (იხ., განცხადების საფუძვლები - ტ.4. ს.ფ. 02-09) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 07 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მ. გ-ის წარმომადგენელმა - გ. წ-ემ, რომლითაც მოითხოვა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 07 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს იმავე გარემოებებსა და საფუძვლებზე, რომლებზედაც მითითებული აქვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარმოდგენილ განცხადებაში (იხ., ტ.3. ს.ფ. 02-09; 80, 81), კერძოდ, იგი აპელირებს მტკიცებულებაზე, რომლითაც მისი მოსაზრებით, დგინდება მ. გ-ზე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული იძულებისა და ზეწოლის ფაქტები, რამაც საბოლოოდ, გავლენა იქონია მ. გ-ზე მიეცა მისი ინტრესების საწინააღმდეგო ჩვენება თითქოს 2009 წლის 08 ოქტომბერს მ. გ-სა და შპს „კ.T-ს“ შორის გაფორმებულ გარიგებაში მითითებული თანხა - 1 000 000 აშშ დოლარი შპს „კ.T-ს“ დირექტორისათვის რეალურად არ გადაუცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 09 თებერვლის განჩინებით მ. გ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ის წარმომადგენლის - გ. წ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემულ საქმეზე დგინდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებით: მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება შპს „კ.-T-ის“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისა და მ. გ-ისათვის „კ.-T-ის“ სასარგებლოდ საპროცესო ხარჯის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და, ამ ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „კ.-T-ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი შპს „კ.-T-სა“ და მ. გ-ს შორის 2009 წლის 08 ოქტომბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. შპს „კ.-T-სა“ და მ. გ-ს შორის 2009 წლის 08 ოქტომბრიდან დადებულად იქნა ცნობილი 1 000 000 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის სამომავლო ნასყიდობის ხელშეკრულება - საქონლის მიწოდების პირობით და შპს „კ.-T-ის“ კუთვნილი ქონება მდებარე ქ. ბათუმი, ლ-ის ქ. №109 (უძრავი ქონების ს/კ:№......) დაიტვირთა იპოთეკით მ. გ-ის სასარგებლოდ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება იმაში მდგომარეობს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზისა და ამავდროულად, მოცემულ საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ი.ბარიშნიკოვას ჩვენებით დადასტურდა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე იმგვარი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მიუთითებდნენ სადავო გარიგების მოჩვენებითობაზე, რაც თავის მხრივ, აქარწყლებდა ამ გარიგებიდან წარმოშობილ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას (1 000 000 აშშ დოლარის სესხად გადაცემისა და ამავე ოდენობის თანხის უკან დაბრუნების შესახებ).
საქმის მასალებითა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის შესაბამისად, დადასტურებულია, რომ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად განმცხადებელმა მიუთითა შემდეგ ძირითად გარემოებებზე:
განმცხადებელს ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიაჩნია საქართველოს შსს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის წერილი, რომლითაც მას ეცნობა, რომ 2011 წლის 29 აგვისტოს 15:46სთ.-ზე მ. გ-ი შეიყვანეს შსს აჭარის მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე, სადაც მას რამდენიმე საათის განმავლობაში არაკანონიერად ჰქონდა შეზღუდული თავისუფლება და 15:46სთ.-დან 19:55სთ.-მდე პერიოდში კი, არ ჰყავდა თარჯიმანი და ადვოკატი. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვის დროს მ.გ-ი ცდილობდა ემტკიცებინა, რომ ამ დროის განმავლობაში გამომძიებელმა - ვ. დ-ემ განახორციელა მასზე იმგვარი არაკანონიერი ზემოქმედება, რომ აიძულა ხელი მოეწერა უკვე ადვოკატისა და თარჯიმნის თანდასწრებით გაფორმებულ დაკითხვის ოქმზე, რომლითაც მ. გ-ი განმარტავდა, რომ თითქოსდა მას 1 000 000 აშშ დოლარი სესხის სახით არ გადაუცია შპს „კ.T-ს“ დირექტორ მ. კ-სათვის. განმცხადებლის მოსაზრებით, ამ ახალი მტკიცებულებით უდაოდ დგინდება, რომ 2011 წლის 29 აგვისტოს 15:46თ.-დან 19:55სთ.-მდე მ. გ-ს არაკანონიერად ჰქონდა შეზღუდული თავისუფლება. ამ უდავო ფაქტიდან და მოწმე ი. ბ-ას საქმეში არსებული ჩვენებით შესაძლოა გაკეთდეს დასკვნა, რომ მ. გ-ი 04სთ.-ზე მეტ ხანს შეგნებულად დააყოვნეს პოლიციაში, რომ იგი მიეყვანათ პოლიციისათვის სასურველ ფსიქოლოგიურ კონდიციამდე, რის შედეგადაც ხელი მოაწერა მისი ინტერესების საწინააღმდეგო ოქმს.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. კანონის შემდგომი ნორმებით ამომწურავადაა განმარტებული, თუ რა შეიძლება იქნას მიჩნეული ახლად აღმოჩენილ გარემოებად ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.
უდავო გარემოებაა, რომ მ. გ-ის წარმომადგენელი - გ. წ-ე საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტს (იხ. განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე ტ.3. ს.ფ. 08). პალატა აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების განახლება ზემოხსენებული საფუძვლით დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (საქართველოს სსკ-ის 423.3 მუხ.). ამ გარემოებათა მტკიცების ტვირთი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიდან გამომდინარე, ეკისრება ამ გარემოებაზე მიმთითებელ მხარეს (განმცხადებელს).
ზემოთმოხმობილ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად კანონმდებელი მიიჩნევს კუმულაციური პირობის ერთდროულად არსებობას: ა) მხარის მიერ ახალი გარემოებისა და მტკიცებულების, ანუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტის (ფაქტობრივი ვითარების) და ისეთი მტკიცებულების შეტყობას, რომელიც საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე არსებობდა, ობიექტურად იყო უცნობი და საშუალო წინდახედულობის ფარგლებში მათი შეტყობა მხარისათვის შეუძლებელი იქნებოდა; ბ) მხარის მიერ მითითებული მტკიცებულება, რომ ყოფილიყო წარმოდგენილი საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, აღნიშნული უთუოდ დაედებოდა საფუძვლად მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული ძირითადი დასაბუთება შსს აჭარის მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მ.გ-ის თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვისა და ამ დროის განმავლობაში გამომძიებელ ვ. დ-ის მხრიდან მასზე განხორციელებული ზეწოლის თაობაზე, რომელიც განმცხადებლის შეფასებით გამორიცხავს 2009 წლის 08 ოქტომბერს მ. გ-სა და შპს „კ.T-ს“ შორის 1 000 000 აშშ დოლარზე გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოჩვენებითობას და ადასტურებს 2009 წლის 08 ოქტომბრის სანოტარო აქტის (სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება) ნამდვილობას, საქმის მასალებით არ დასტურდება.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მ. გ-ის წარმომადგენელს - გ. წ-ეს სწორად უთხრა უარი საქმის წარმოების განახლებაზე. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილისა და შესაბამისად, 423-ე მუხლის, რომლითაც რეგულირებულია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები, ლოგიკური განმარტების მიზნებიდან გამომდინარე აღნიშნავს შემდეგს: სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ფუნქციური დატვირთვით ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომლის უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის რეალურად არსებობაა. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე ნებისმიერი სხვა პირისათვის, რომელთაც ენიჭებათ ან/და ერთმევათ რაიმე უფლება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სამართლებრივი შედეგი კვლავ გახადონ სადავო (სსსკ მე-10 მუხლი, XXVIII თავი), ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევაა, როდესაც დასრულებული საქმის წარმოება შესაძლოა განახლდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გზით, როგორც უკვე ითქვა, გათვალისწინებულია ამავე კოდექსის მე-14 კარით და აღნიშნული, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ მართლმსაჯულების სხვა აქტის შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ მიმართულია მხარის უფლებაზე, კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას, როდესაც საქმის წარმოების განახლების საფუძველი განმცხადებლისათვის ობიექტურად იყო უცნობი საქმის წარმოების დასრულებამდე, არ აღმოჩნდეს არათანაბარ მდგომარეობაში. ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ ასეთი გარემოების არსებობა საკმარისი არაა და კანონმდებელი სავალდებულოდ მიიჩნევს, ერთი მხრივ, ამ გარემოების საფუძვლიანობის უტყუარად დადასტურებას და, მეორე მხრივ, საპროცესო ვადების დაცვას, რათა არ შეილახოს მართლმსაჯულების სტაბილური როლი (სსსკ 426-ე მუხლი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. გ-ის (წარმომადგენელი - გ. წ-ე) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინება.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ.ქათამაძე
ბ. ალავიძე