Facebook Twitter

საქმე Nა-516-ა-5-2015 02 მარტი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ს. მ-ე

წარმომადგენელი- დ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ე. შ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 03 თებერვლის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – სასესხო ვალდებულების შესრულება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ს. მ-ის წარმომადგენლის - დ. ა-ის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 03 თებერვლის განჩინებაზე, სამოქალაქო საქმეზე - ე. შ-ის სარჩელის გამო, მოპასუხე ს. მ-ის მიმართ, სასესხო ვალდებულების შესრულების თაობაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 03 თებერვლის განჩინებით ს. მ-ის (წარმომადგენელი დ. ა-ი) საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის გამო.

2015 წლის 19 თებერვალს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ს. მ-ის წარმომადგენელმა დ. ა-მა, რომელმაც მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 03 თებერვლის განჩინებით დასრულებულ საქმეზე წარმოების განახლება, რის საფუძვლადაც მიუთითა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მისი გაუქმების საფუძვლებზე.

ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე წარმოდგენილი განცხადება დასაბუთებულია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, მისთვის ცნობილი გახდა ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, კერძოდ, იმის გამო, რომ სააპელაციო სასამართლომ საკასაციო საჩივარი უზენაეს სასამართლოში გადააგზავნა საფოსტო კონვერტის გარეშე, საკასაციო სასამართლოსათვის უცნობი იყო საკასაციო საჩივრის ფოსტისათვის ჩაბარების ზუსტი თარიღი. შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ ს. მ-ის მიერ საკასაციო საჩივრის შეტანის თარიღად მიიჩნია 2015 წლის 27 იანვარი ანუ ის დღე, როდესაც საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიას წარედგინა საფოსტო მომსახურების გამწევი სუბიექტის - TNT-ს მეშვეობით, ნაცვლად 2015 წლის 26 იანვრისა, როდესაც საკასაციო საჩივარი ჩაბარდა უშუალოდ საფოსტო მომსახურების გამწევს. აღნიშნულის დასადასტურებლად განცხადებას თან ერთვის ს. მ-ის წარმომადგენელის - დ. ა-ის მიერ საკასაციო საჩივრის ფოსტისათვის ჩაბარების დამადასტურებელი ქვითრის დედანი. განმცხადებლის მოსაზრებით, საკასაციო საჩივრის ფოსტისათვის ჩაბარების დამადასტურებელი ქვითრის საქმეში არსებობის პირობებში, უზენაესი სასამართლო არ გამოიტანდა განჩინებას მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ამასთან, ს. მ-ის წარმომადგენელი მითითებულ ქვითარს საკასაციო საჩივარს თან ვერ დაურთავდა, რადგან მას ეს ქვითარი მას შემდეგ მიაწოდეს, რაც საკასაციო საჩივარი ჩაჰბარდა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანცელარიას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სახეზეა საქმეზე წარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რაც ს. მ-ის (წარმომადგენელი დ. ა-ი) განცხადების დაკმაყოფილებას და საკასაციო საჩივარზე დასაშვებობის სტადიაზე საქმის წარმოების განახლებას განაპირობებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოში განცხადების განხილვისას განმცხადებელმა წარმოადგინა TNT-ში (საფოსტო ორგანიზაცია, რომლის მეშვეობითაც ს. მ-ის წარმომადგენელმა დ. ა-მა გზავნილი გააგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში) მიმართვის ქვითრის დედანი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სექტორის წ/სპეციალისტის მიწერილობა, რომლითაც დგინდება, რომ ს. მ-ის (წარმომადგენელი დ. ა-ი) საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სექტორის მისაღებს ჩაბარდა 2015 წლის 27 იანვარს TNT-ს (საფოსტო ორგანიზაცია, რომლის მეშვეობითაც ს. მ-ის წარმომადგენელმა დ. ა-მა გზავნილი გააგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში) მეშვეობით დარეგისტრირდა იმავე თარიღით და თანაშემწეს ჩაბარდა კონვერტისა და ფოსტაში მიმართვის ქვითრის გარეშე (ტომი 2, ს.ფ. 77, 78).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის მასალებთან ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ს. მ-ის (წარმომადგენელი დ. ა-ი) საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიგზავნა ფოსტის მეშვეობით - 2015 წლის 26 იანვარს, საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადის დაცვით.

ამდენად, სახეზეა საქმის წარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც ს. მ-ის (წარმომადგენელი დ. ა-ი) განცხადება ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლით, 430-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. მ-ის (წარმომადგენელი დ. ა-ი) განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 03 თებერვლის განჩინება და საქმეზე განახლდეს წარმოება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე