Facebook Twitter

№ა-624-გან-2-2015 23 მარტი, 2015 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განცხადების ავტორი - დ. მ-ი

წარმომადგენელი - გ. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ჭ-ა

განჩინება, რომლის განმარტებასაც მხარე მოითხოვს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თელ-ავივის იაფოს რეგიონული სასამართლოს არბიტრ დოქტორ ი. -ის 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ას დ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5053 418 აშშ დოლარის გადახდა, რომელიც მოიცავს სესხის ძირითად თანხას - 1400 000 აშშ დოლარსა და საპროცენტო სარგებელს, ყოველთვიურად ძირითადი თანხის 1%-ს. მასვე დაეკისრა მოსარჩელის მიერ გაღებული საარბიტრაჟო მოსაკრებლის ანაზღაურება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინებით დ. მ-ის წარმომადგენელ გ. კ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ცნობილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცა აღსასრულებლად.

2015 წლის 25 თებერვალს დ. მ-ის წარმომადგენელმა გ. კ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების განმარტების თხოვნით მომართა. მისი მითითებით, განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ფორმულირებულია შემდეგნაირად: „ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე თელ-ავივის იაფოს რეგიონული სასამართლოს არბიტრ დოქტორ ი. ლ-ის 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც გ. ჭ-ას დ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5053 418 აშშ დოლარის გადახდა, რომელიც მოიცავს სესხის ძირითად თანხას - 1400 000 აშშ დოლარსა და საპროცენტო სარგებელს, ყოველთვიურად ძირითადი თანხის 1%-ს, მასვე დაეკისრა მოსარჩელის მიერ გაღებული საარბიტრაჟო მოსაკრებლის ანაზღაურება და მიექცეს აღსასრულებლად“, მაშინ, როდესაც, არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, მოპასუხემ დ. მ-ს ასევე უნდა გადაუხადოს საარბიტრაჟო მოსაკრებელი, რომელიც დაიფარა მოსარჩელის მიერ, სადაც ნებისმიერი თანხა დაექვემდებარება წლიურ საპროცენტო დანამატს 4%-ის ოდენობით და იქნება მიბმული არბიტრაჟის საფასურის გადასახადზე მოსარჩელისადმი თანხის დაფარვამდე. გარდა ამისა, მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის ხარჯები წინამდებარე საქმის წარმოებასთან დაკავშირებით (მათ შორის ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია არბიტრის დანიშვნასთან რაიონულ სასამართლოში - რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების თანახმად უნდა დადგინდეს არბიტრაჟის მიერ) და მოსარჩელის წარმომადგენელთა იურიდიული მოსაკრებლები, საერთო თანხით 300 000 შეკელი (თანხაში შედის დღგ), აღნიშნული თანხა უნდა დაექვემდებაროს წლიური საპროცენტო განაკვეთის დარიცხვას 4%-ის ოდენობით და დაანგარიშება უნდა დაიწყოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღიდან თანხის ფაქტობრივად გადახდის თარიღამდე. ვინაიდან უზენაესი სასამართლოს განჩინებაში აღნიშნული ვალდებულებები ასახული არ არის, განჩინება ბუნდოვანია, რაც მის აღსრულებას გაართულებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ განცხადებას და საქმის მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. მ-ის წარმომადგენელ გ. კ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262.1 მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.

აღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილების განმარტების საფუძველია სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, ხოლო მიზანი - გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა. გადაწყვეტილების განმარტების საგანი არ არის საკითხის ხელახლა განხილვა, არამედ უკვე მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში, სარეზოლუციო ნაწილის ფორმულირების იმგვარი დაზუსტება, რაც ბუნდოვანებას გამორიცხავს.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო და სამოტივაციო ნაწილებით ნათლად ირკვევა, რომ თელ-ავივის იაფოს რეგიონული სასამართლოს არბიტრ დოქტორ ი. ლ-ის 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილია სრულად და ექვემდებარება აღსრულებას, მაგრამ ვინაიდან სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში სრულად არ არის ჩამოთვლილი ამ გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ვალდებულებები, შეიძლება, გარკვეულ გაუგებრობას ჰქონდეს ადგილი და იმგვარი შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ გადაწყვეტილება ცნობილია მხოლოდ იმ ნაწილში, რაც ასახულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში. ამგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს თავისი განჩინების სარეზოლუციო ნაწილი განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად, ამასთან, სასამართლო არ გასცდება გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, განჩინებით ნათლად ირკვევა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება სრულადაა ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 262-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1 დ. მ-ის წარმომადგენელ გ. კ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს; 2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის Nა-2427-შ-74-2014 განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი განიმარტოს იმგვარად, რომ თელ-ავივის იაფოს რეგიონული სასამართლოს არბიტრ დოქტორ ი. ლ-ის 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა სრულად და ექვემდებარება აღსრულებას, შესაბამისად, მოპასუხე გ. ჭ-ას ეკისრება ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ყველა ვალდებულების შესრულება, კერძოდ: 2.1 გ. ჭ-ას დ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5053 418 აშშ დოლარის გადახდა, რომელიც მოიცავს სესხის ძირითად თანხას - 1400 000 აშშ დოლარსა და საპროცენტო სარგებელს, ყოველთვიურად ძირითადი თანხის 1%-ს, ასევე საპროცენტო სარგებელი 5053 418 აშშ დოლარის 1% ყოველთვიურად სარჩელის შეტანიდან თანხის ფაქტობრივად გადახდის თარიღამდე; 2.2 მოპასუხემ დ. მ-ს ასევე უნდა გადაუხადოს საარბიტრაჟო მოსაკრებელი, რომელიც დაიფარა მოსარჩელის მიერ, სადაც ნებისმიერი თანხა დაექვემდებარება წლიურ საპროცენტო დანამატს 4%-ის ოდენობით და იქნება მიბმული არბიტრაჟის საფასურის გადასახადზე თანხის დაფარვამდე; 2.3 მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის ხარჯები საქმის წარმოებასთან დაკავშირებით (მათ შორის ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია არბიტრის დანიშვნასთან რაიონულ სასამართლოში - რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების თანახმად უნდა დადგინდეს არბიტრაჟის მიერ) და მოსარჩელის წარმომადგენელთა იურიდიული მოსაკრებლები, საერთო თანხით 300 000 შეკელი (თანხაში შედის დღგ), აღნიშნული თანხა უნდა დაექვემდებაროს წლიური საპროცენტო განაკვეთის დარიცხვას 4%-ის ოდენობით და დაანგარიშება უნდა დაიწყოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღიდან თანხის ფაქტობრივად გადახდის თარიღამდე. 3 საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე