№ა-1686-შ-49-2014 12 მარტი, 2015 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - შემოსავლების სამინისტროს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ქერჩის გაერთიანებული სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე - მ-ა ფ. ნ-ის ასული
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ქერჩის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება (სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში)
დავის საგანი - ქონების მიტოვებულად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ქერჩის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, …. წლის .. .. დაბადებული ფ. მ-ა ცნობილ იქნა პირად, რომელმაც დაკარგა ქალაქ ქერჩში, ვ-ის გამზ. N..-ში მდებარე N.. ბინით სარგებლობის უფლება. ფ. მ-ას დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 114,70 გრივნის გადახდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შემოსავლების სამინისტროს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ქერჩის გაერთიანებულმა სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 27 აგვისტოს და მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე, გადაწყვეტილება არ აღსრულებულა უკრაინის ტერიტორიაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება. იგი ასევე შეიძლება წარედგინოს სასამართლოში, სადაც გამოტანილ იქნა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ეს სასამართლო შუამდგომლობას გადასცემს სასამართლოს, რომელიც კომპეტენტურია გამოიტანოს გადაწყვეტილება ამ შუამდგომლობაზე.
იმავე კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არსებობს.
კონვენციის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით იძულებითი აღსრულების წესი განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის კონვენციის 53-ე, 54-ე მუხლებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შემოსავლების სამინისტროს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ქერჩის გაერთიანებული სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ქერჩის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმის ნომერი 107/1163/13-ც) სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე