№ა-1912-შ-55-2014 12 მარტი, 2015 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - 1. ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სოლიგორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ა. ტ-ი 2. ი. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ს. მ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სოლიგორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება, სასამართლო ხარჯების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სოლიგორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით ს. მ-სა და ი. მ-ს (ქორწინებამდელი გვარი ტ-ი) შორის 2011 წლის 11 თებერვალს სოლიგორის მმაჩის ბიუროში N.. სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, მოსარჩელეს დარჩა გვარი მ-ი, ….. წელს დაბადებულ ს. მ-ს ….. წელს დაბადებულ ი. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი ქალიშვილის - ….. წელს დაბადებულ მ. ს-ს ასულ მ-ის შენახვისათვის ალიმენტი მოპასუხის ყოველთვიური შემოსავლის 25%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმის 50%-ისა 30.03.2013 წლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. ს. მ-ს დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 814 400 რუბლის გადახდა.
2014 წლის 13 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სოლიგორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ა. ტ-მა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის 53-ე მუხლის საფუძველზე ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იძულებით აღსრულების მოთხოვნით. საქართველოს უზენაეს სასმაართლოს ასევე მომართა ი. მ-მა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ალიმენტის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იძულებით აღსრულების მოთხოვნით.
განცხადებაზე თანდართული მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 19 მაისს, ალიმენტისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში ბელორუსიის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა და ს. მ-ი ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება. იგი ასევე შეიძლება წარედგინოს სასამართლოში, სადაც გამოტანილ იქნა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ეს სასამართლო შუამდგომლობას გადასცემს სასამართლოს, რომელიც კომპეტენტურია გამოიტანოს გადაწყვეტილება ამ შუამდგომლობაზე.
იმავე კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არსებობს.
კონვენციის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით იძულებითი აღსრულების წესი განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენასმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის 53-ე, 54-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სოლიგორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ა. ტ-ისა და ი. მ-ის შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს;
2. ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სოლიგორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე