№ა-2088-შ-58-2014 20 მარტი, 2015 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ო. ი. ი. მ. ლ-ი“, „ო. ს. ლ-ი“, სს „ო. ფ. ქ-ი“, სს „ბ. ო-ე“, „ო. ფ. ლ-ი“
წარმომადგენელი - ნ. ყ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ვ. გ-ა, თ. გ-ა, „თ. ქ. ლ-ი“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - გაერთიანებული სამეფოს მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს სამეფო სკამის განყოფილების კომერციული სასამართლოს 2014 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება, 2014 წლის 14 მარტის ბრძანება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გაერთიანებული სამეფოს მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს სამეფო სკამის განყოფილების კომერციული სასამართლოს 2014 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების „ო. ი. ი. მ. ლ-ის“, „ო. ს. ლ-ის“, სს „ო. ფ. ქ-ის“, სს „ბ. ო-ს“, „ო. ფ. ლ-ის“ სასარგებლოდ ვ. გ-ას დაეკისრა 150933750 აშშ დოლარის გადახდა, თ. გ-ას 2750000 აშშ დოლარის, ხოლო „თ. ქ. ლ-ს“ -6 900 000 აშშ დოლარის გადახდა.
2014 წლის 14 მარტს იმავე სასამართლომ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა, მოპასუხეებმა მოსარჩელეებს უნდა გადაუხადონ გადაწყვეტილება მითითებული თანხები, ასევე უნდა აანაზღაურონ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდისათვის ძირითად თანხებზე დარიცხული პროცენტი წელიწადში 3,25%, ბრძანების „ბ“ დანართში მოცემული თანხების შესაბამისად, თითოეულმა მოპასუხემ უნდა აანაზღაუროს მოსარჩელის სასამართლო ხარჯების შესაბამისი წილი „დ“ დანართის მიხედვით და ა.შ.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა „ო. ი. ი. მ. ლ-ის“, „ო. ს. ლ-ის“, სს „ო. ფ. ქ-ის“, სს „ბ. ო-ს“, „ო. ფ. ლ-ის“ წარმომადგენელმა ნ. ყ-მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებისა და ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება. შუამდგომლობის ავტორის მითითებით, ვ. და თ. გ-ებს, ასევე „თ. ქ. ლ-ს“ საქართველოში გააჩნია ქონება, რომელზეც უნდა მიექცეს აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაში შევიდა და ექვემდებარება აღსრულებას, ასევე, მხარეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 68-ე მუხლის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუ არ არსებობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი დამაბრკოლებელი გარემოებები. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
მოცემულ საქმეზე არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები. საყურადღებოა, რომ არც მოწინააღმდეგე მხარეებს წარმოუდგენიათ გადაწყვეტილების ცნობის წინააღმდეგ რაიმე შედავება.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 70.1 მუხლის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას და მხარე შესაბამის შუამდგომლობას აყენებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გაერთიანებული სამეფოს მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს სამეფო სკამის განყოფილების კომერციული სასამართლოს 2014 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება, 2014 წლის 14 მარტის ბრძანება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. „ო. ი. ი. მ. ლ-ის“, „ო. ს. ლ-ის“, სს „ო. ფ. ქ-ის“, სს „ბ. ო-ს“, „ო. ფ. ლ-ის“ წარმომადგენელ ნ. ყ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. გაერთიანებული სამეფოს მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს სამეფო სკამის განყოფილების კომერციული სასამართლოს 2014 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება და 2014 წლის 14 მარტის ბრძანება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე