Facebook Twitter

საქმე №ა-347-შ-6-2015 26 მარტი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ლ.ა.

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ფ.ი.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის შტუტგარტის უბნის სასამართლოს 2006 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის შტუტგარტის უბნის სასამართლოს 2006 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ა-სა და ს. ფ. ი. შორის 2002 წლის 30 აპრილის შტუტგარტის მმაჩის ბიუროს წინაშე რეგისტრურებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი …....) შეწყდა. მხარეთა შორის საპენსიო უზრუნველყოფის მოთხოვნა არ გაყოფილა, ხოლო სასამართლო ხარჯების განაწილდა მხარეთა შორის.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ლ.ა.ს წარმომადგენელმა მ. კ.მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე, დასტურდება, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2006 წლის 25 ივლისიდან, ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.

წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ლ.ა. საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 თებერვლის განჩინებით ლ.ა.ს შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ლ.ა. შუამდგომლობა გერმანიის შტუტგარტის უბნის სასამართლოს 2006 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გერმანიის შტუტგარტის უბნის სასამართლოს 2006 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ა.სა და ს. ფ. ი. შორის 2002 წლის 30 აპრილის შტუტგარტის მმაჩის ბიუროს წინაშე რეგისტრურებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი ……) შეწყდა. მხარეთა შორის საპენსიო უზრუნველყოფის მოთხოვნა არ გაყოფილა, ხოლო სასამართლო ხარჯების განაწილდა მხარეთა შორის.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ლ.ა. წარმომადგენელმა მ. კ. და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მან განქორწინების რეგისტრაციის მიზნით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, თმცა მხარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით განხორცილებეული განქორწინების რეგისტრაციისათვის სავალდებულო იყო ამ გადაწყვეტილების საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე, დასტურდება, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2006 წლის 25 ივლისიდან, ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. გადაწყვეტილებითვე დასტურდება ის გარემოება, რომ ლ.ა. საქართველოს მოქალაქეა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის შტუტგარტის უბნის სასამართლოს 2006 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ა.ს შუამდგომლობა გერმანიის შტუტგარტის უბნის სასამართლოს 2006 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის შტუტგარტის უბნის სასამართლოს 2006 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ა. და ს. ფ. ი. შორის 2002 წლის 30 აპრილის შტუტგარტის მმაჩის ბიუროს წინაშე რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი …..) შეწყდა. მხარეთა შორის საპენსიო უზრუნველყოფის მოთხოვნა არ გაყოფილა, ხოლო სასამართლო ხარჯები განაწილდა მხარეთა შორის.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე