საქმე №ა-3934-შ-108-2014 27 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - მ. ფ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ა. კ-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - იტალიის ქ. ბარის არასრულწლოვანთა სასამართლოს 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – მამის უფლების ჩამორთმევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
იტალიის ქ. ბარის არასრულწლოვანთა სასამართლოს 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით ა. კ-ეს ჩამოერთვა მამის უფლება შვილზე, თ. კ-ეზე; არასრულწლოვნის, თ. კ-ის ცხოვრების პირობების და აღმზრდელობითი და ფსიქოლოგიური დახმარების კონტროლი დაევალა ქ. ჯოია დელ კოლეს სოციალურ სამსახურს.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მ. ფ-ემ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 დეკემბრის განჩინებით წინამდებარე შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში დაევალა შემდეგი დოკუმენტის წარმოდგენა: 1) ცნობა იტალიის ქ. ბარის არასრულწლოვანთა სასამართლოს 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე; 2) ცნობა იმის შესახებ, რომ მოპასუხე ა. კ-ე უწყების ჩაბარების გზით იქნა გაფრთხილებული სასამართლოში საქმის განხილვის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ მ. ფ-ის შუამდგომლობა იტალიის ქ. ბარის არასრულწლოვანთა სასამართლოს 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობისა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ფ-ემ და მოითხოვა მამის უფლების ჩამორთმევის ნაწილში დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 დეკემბრის განჩინებით წინამდებარე შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში დაევალა წარმოედგინა: 1) ცნობა იტალიის ქ. ბარის არასრულწლოვანთა სასამართლოს 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე; 2) ცნობა იმის შესახებ, რომ მოპასუხე ა. კ-ე უწყების ჩაბარების გზით იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე.
ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება შუამდგომლობის ავტორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაეგზავნა საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ზ. ფ. ... კორპუსი, ბ... სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო შეტყობინების ბარათის თანახმად, გზავნილი მითითებულ მისამართზე 2015 წლის 5 თებერვალს ჩაბარდა მ. ფ-ის რძალს ლ. ლ-ს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე სხვა შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. დასახელებული ნორმით კანონმდებელმა დაადგინა პრეზუმფცია, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე გაგზავნილი კორესპოდენციის ჩამბარებელი პირი მისი ოჯახის ქმედუნარიან პირს წარმოადგენს და ამ უკანასკნელისათვის შეტყობინების გადაცემა უშუალოდ მხარისათვის გადაცემად მიჩნევის საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
ამდენად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ოცდღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 6 თებერვალს და ამოიწურა 25 თებერვალს. მხარეს აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე სხვა შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, პალატა თვლის, რომ მ. ფ-ის შუამდგომლობა იტალიის ქ. ბარის არასრულწლოვანთა სასამართლოს 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ. ფ-ის შუამდგომლობა იტალიის ქ. ბარის არასრულწლოვანთა სასამართლოს 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნ. ბაქაქური