Facebook Twitter

საქმე №ა-3967-შ-110-2014 27 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - თ. ა-ე

წარმომადგენელი - ე. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ე. ჭ-ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - აშშ ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

აშშ ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით ქორწინება ე. ჭ-ესა და თ. ა-ეს შორის გაუქმდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა თ. ა-ის წარმომადგენელმა ე. მ-მა და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 დეკემბრის განჩინებით წინამდებარე შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში დაევალა წარმოედგინა ცნობა აშშ ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება თ. ა-ის წარმომადგენელ ე. მ-ს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2015 წლის 30 იანვარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ თ. ა-ის შუამდგომლობა აშშ ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობისა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა თ. ა-ის წარმომადგენელმა ე. მ-მა და მოითხოვა განქორწინების ნაწილში დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 დეკემბრის განჩინებით წინამდებარე შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში დაევალა წარმოედგინა ცნობა აშშ ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება თ. ა-ის წარმომადგენელ ე. მ-ს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2015 წლის 30 იანვარს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

ამდენად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ოცდღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 31 იანვარს და ამოიწურა 19 თებერვალს. მხარეს აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე სხვა შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

2015 წლის 2 მარტს თ. ა-ის წარმომადგენელმა ე. მ-მა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორს და მის წარმომადგენელს ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა ამოეწურათ 2015 წლის 19 თებერვალს, ხოლო თ. ა-ის წარმომადგენლმა ე. მ-მა საკასაციო სასამართლოს ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით მომართა 2015 წლის 2 მარტს, ანუ სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, პალატა თვლის, რომ თ. ა-ის წარმომადგენლის ე. მ-ის განცხადება ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდეს და შუამდგომლობა აშშ ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ. ა-ის შუამდგომლობა აშშ ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ. ბაქაქური