№ა-3976-შ-102-2013 20 მარტი, 2015 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი - 1. ნ. გ-ა (ა-ა) 2. ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. ბრესტის მოსკოვის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ლ. კ-ა
მოწინააღმდეგე მხარე - გ. ფ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - ბელორუსიის ქ. ბრესტის მოსკოვის რაიონის სასამართლოს 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება, სასამართლო ხარჯების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბელორუსიის ქ. ბრესტის სასამართლოს 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით გ. ფ-ს ნ. ა-ას სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - ი. ფ-ის შენახვისათვის ალიმენტის - ყოველგვარი შემოსავლის 25%-ის, მაგრამ არანაკლებს საშუალო საარსებო მინიმუმის 50%-ის გადახდა 2011 წლის 2 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 485840 მანეთისა და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების - 8400 მანეთის გადახდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართეს ნ. გ-ამ (ა-ამ) და ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. ბრესტის მოსკოვის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ლ. კ-ამ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა -აღსრულების მოთხოვნით.
განცხადებაზე თანდართული მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 8 ივნისს, ბელორუსიის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა და გ. ფ-ი ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება. იგი ასევე შეიძლება წარედგინოს სასამართლოში, სადაც გამოტანილ იქნა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ეს სასამართლო შუამდგომლობას გადასცემს სასამართლოს, რომელიც კომპეტენტურია გამოიტანოს გადაწყვეტილება ამ შუამდგომლობაზე.
იმავე კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არსებობს.
კონვენციის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით იძულებითი აღსრულების წესი განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენასმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის 53-ე, 54-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. გ-ა (ა-ასა) და ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. ბრესტის მოსკოვის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ლ. კ-ას შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს;
2. ბელორუსიის ქ. ბრესტის მოსკოვის რაიონის სასამართლოს 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე