Facebook Twitter

№ა-3984-შ-103-2013 17 მარტი, 2015 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - დსს სადაზღვევო კომპანია „ო. ს-ე“

მოწინააღმდეგე მხარე - გ. კ-ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს რუსეთის ფედერაციის სანკტ-პეტერბურგის N94 სასამართლოს დაწესებულების მომრიგებელი მოსამართლის 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსეთის ფედერაციის სანკტ-პეტერბურგის N94 სასამართლოს დაწესებულების მომრიგებელი მოსამართლის 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ეს დსს სადაზღვევო კომპანია „ო. ს-ის“ სასარგებლოდ რეგრესის წესით დაეკისრა ავტომობილის აღდგენითი სარემონტო სამუშაოების ხარჯის 10624 რუბლის და სახელმწიფო ბაჟის - 424,96 რუბლის ანაზღაურება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა დსს სადაზღვევო კომპანია „ო. ს-ემ“ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

განცხადების ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება 2012 წლის 30 ოქტომბერს შევიდა კანონიერ ძალაში, არ აღსრულებულა რუსეთის ტერიტორიაზე, გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულია, რომ მოპასუხე საქმის განხილვას არ ესწრებოდა, თუმცა სასამართლო უწყება გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ 68.2 მუხლის თანახმად გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხე საქმის განხილვას არ ესწრებოდა, თუმცა სასამართლო უწყება გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით.

შუამდგომლობაზე თანდართულ მასალებში წარმოდგენილი არ არის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ გ. კ-ეს სასამართლო უწყება ჩაბარებული აქვს, ამასთან, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოპასუხეს სხდომის შესახებ რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლის შესაბამისად ეცნობა.

საკასაციო სასამართლო გაეცნო რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 113-120 მუხლებს, რომლებიც სასამართლო შეტყობინება-დაბარების საკითხებს აწესრიგებს და მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნული ნორმების საფუძველზე, თუ სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე ერთხელ გაგზავნილი უწყება ადრესატს არ ბარდება, სასამართლოს არ აქვს ვალდებულება, უწყება განმეორებით გააგზავნონ იმავე ან ალტერნატიულ მისამართზე ან მიიღოს რაიმე სხვა ზომები მხარის ინფორმირებისათვის, შესაბამისად, „კანონით დადგენილი წესით მხარის ინფორმირება“ ამ შემთხვევაში, გულისხმობს, უწყების ერთხელ გაგზავნას სასამართლოსათვის ცნობილ ბოლო მისამართზე და თუნდაც მხარეს უწყება არ ჩაბარდეს, სასამართლოს შეუძლია საქმის განხილვას შეუდგეს (იხ. რფსსკ-ის 119-ე მუხლი)[1], კანონით დადგენილი ამგვარი სტანდარტის პირობებში, როდესაც შუამდგომლობაზე დართული მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხემ სასამართლო დოკუმენტი ნამდვილად ჩაიბარა, ან სასამართლომ ერთჯერადად გაგზავნის გარდა რაიმე სხვა ზომა მიიღო მოპასუხის სხდომაზე დასაბარებლად, საკასაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ საქმის განხილვის დროს მხარის კანონიერი ინტერესები დაცული იყო, მართალია, სასამართლომ ამოწურა რფსსკ-ის შესაბამისად მასზე დაკისრებული მინიმალური ვალდებულება, მაგრამ ასეთ პირობებში საქმის მოპასუხის დასწრების გარეშე განხილვა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ მხარეთა დაცვის სტანდარტებს, საპირისპირო კი, წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი პირის სასამართლოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედია და მისი კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფის გარანტი. ამ პრინციპის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება კი, საჯარო წესრიგის საწინააღმდეგოდ უნდა იქნეს მიჩნეული.

მოცემულ შემთხვევაში, დავა განხილულია მხარის მონაწილეობის გარეშე, ისეთ პირობებში, როდესაც გაურკვეველია, მან სასამართლო უწყება მიიღო თუ არა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის სანკტ-პეტერბურგის N94 მომრიგებელი სასამართლოს დაწესებულების 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ვერ მოხდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დსს სადაზღვევო კომპანია „ო. ს-ეს“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის სანკტ-პეტერბურგის N94 სასამართლოს დაწესებულების მომრიგებელი მოსამართლის 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე

[1] Гражданский процессуальный кодекс РФ (ГПК РФ) от 14.11.2002 N 138-ФЗ,