№ა-4023-შ-105-2014 18 მარტი, 2015 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი - შპს „ტ. დ. მ-“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „დ. ლ-ი“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2013 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2013 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „დ. ლ-ს“ შპს „ტ. დ. მ--ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 713745 რუსული რუბლის გადახდა.
შპს „ტ. დ. მ-მა“ საქართველოს უზენაეს სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების ცნობისა და იძულებით აღსრულების მოთხოვნით მიმართა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაევალა წარმოედგინა ცნობა, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და ცნობა, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე.
განჩინების პასუხად, შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა გადაწყვეტილების ასლი, რომელსაც აქვს აღნიშნვა „სასამართლო აქტი შესულია კანონიერ ძალაში“, რაც შეეხება მოპასუხის ინფორმირებას, შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს წერილი, რომლის მიხედვითაც ამ შინაარსის ცნობის გაცემა რუსეთის ფედერაციის საარბიტრაჟო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული არ არის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.2 მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები.
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის კონვენციის 53.1.ბ მუხლის თანახმად გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების ნებართვის შესახებ შუამდგომლობას თან ერთვის დოკუმენტი, საიდანაც გამომდინარეობს, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, და რომელიც არ მონაწილეობდა პროცესში, სათანადო წესრიგში იმყოფებოდა და დროულად იქნა გამოძახებული სასამართლოში, ხოლო მისი პროცესუალური არაქმედუნარიანობის შემთხვევაში სათანადოდ იქნა წარმოდგენილი.
მოცემულ შემთხვევაში, ასეთი დოკუმენტი წარმოდგენილი არ ყოფილა, რის თაობაზეც მხარეს ხარვეზის განჩინებით განემარტა. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია. რაც შეეხება ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს წერილს, რომლის მიხედვითაც, ამ შინაარსის ცნობის გაცემა რუსეთის ფედერაციის საარბიტრაჟო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული არ არის, საკასაციო სასამართლოსათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტი არის ის, რომ წარმოდგენილი არ არის რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა, რომ მოპასუხეს დროულად ეცნობა საქმის განხილვის თაობაზე და ჩაბარდა სარჩელის ასლი, ხოლო ის გარემოება, თუ რატომ უქმნის პრობლემას მხარეს თავისი ქვეყნის სასამართლო იმ ფაქტის დადასტურებაზე, რომ კანონით დადგენილი ვალდებულება შეასრულა და მოპასუხე სასამართლო სხდომაზე მიიწვია, საქართველოს უზენაეს სასამართლოს არ ეხება.
ვინაიდან წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის მოთხოვნებს, იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენასმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის 53-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ტ. დ. მ-ს“ შუამდგომლობა ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2013 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
მოსამართლე: ვ. როინიშვილი