№ა-427-შ-12-2014 9 მარტი, 2015 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი - 1. ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გომელის ჟელეზნოდოროჟნის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ტ. ა-ა 2. ო. პ-ო
მოწინააღმდეგე მხარე - გ. ს-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გომელის ჟელეზნოდოროჟნის რაიონის სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება, სასამართლო ხარჯების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გომელის ჟელეზნოდოროჟნის რაიონის სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ო. პ-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა, 1965 წლის 9 თებერვალს დაბადებულ გ. ს-ეს ო. პ-ოს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიური შემოსავლის 25%, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმის 50%-ისა ერთ სულ მოსახლეზე ქალიშვილის, ... წლის .. ...-ს დაბადებული მ. გ.ს ასული ს-ის, შენახვისათვის 2013 წლის 7 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 832050 რუბლის გადახდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართეს ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გომელის ჟელეზნოდოროჟნის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ტ. ა-ამ და ო. პ-ომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის 53-ე მუხლის საფუძველზე ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იძულებით აღსრულების მოთხოვნით.
განცხადებაზე თანდართული მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 29 ნოემბერს, სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში ბელორუსიის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა და გ. ს-ე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება. იგი ასევე შეიძლება წარედგინოს სასამართლოში, სადაც გამოტანილ იქნა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ეს სასამართლო შუამდგომლობას გადასცემს სასამართლოს, რომელიც კომპეტენტურია გამოიტანოს გადაწყვეტილება ამ შუამდგომლობაზე.
იმავე კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არსებობს.
კონვენციის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით იძულებითი აღსრულების წესი განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენასმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის 53-ე, 54-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გომელის ჟელეზნოდოროჟნის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ტ. ა-ასა და ო. პ-ოს შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს;
2. ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გომელის ჟელეზნოდოროჟნის რაიონის სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე