Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№ა-456-შ-9-2015 30 მარტი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – საჯარო სააქციო საზოგადოება „პ.ს. მ.ქ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ-ი.“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე# ... .../2013) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე ...# ...):

1. შპს „ბ-ის.“ (6007, საქართველო, ბათუმი, ... ქ. #...) საჯარო სააქციო საზოგადოება „პ.ს.მ.ს. ქ-ის“ (... უკრაინა, ქ.პლტავა, ფ. ქ...) სასარგებლოდ დაეკისრა ჯამში 21 881.82 აშშ დოლარის ანაზღაურება, აქედან, 19 816.46 აშშ დოლარი – მიწოდებული საქონლის საფასურის ანაზღაურებისთვის და 2 065.36 აშშ დოლარი – საარბიტრაჟო გადასახადზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებისთვის.

2. ამავე გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა 7 312.27 აშშ დოლარის ოდენობით მოთხოვნის ნაწილში, ხოლო საარბიტრაჟო გადასახადის სახით გადახდილი თანხის – 762.36 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელეს.

3. დადგინდა, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა და დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება.

საჯარო სააქციო საზოგადოება „პ-ს.მ.ქ-ამ“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება იმ ნაწილში, რომლითაც შპს „ბ-ის“ (..., საქართველო, ბათუმი, ნ-ს ქ...) საჯარო სააქციო საზოგადოება „პ.ს.მ.ქ-ის“ (... უკრაინა, ქ.პლტავა, ფ. ქ...) სასარგებლოდ დაეკისრა ჯამში 21 881.82 აშშ დოლარის ანაზღაურება, აქედან, 19 816.46 აშშ დოლარი – მიწოდებული საქონლის საფასურის ანაზღაურებისთვის და 2 065.36 აშშ დოლარი – საარბიტრაჟო გადასახადზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებისთვის.

ამავდროულად, შუამდგომლობის ავტორმა ითხოვა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლიდან გამომდინარე, შპს „ბ-ის“ მის სასარგებლოდ დაეკისროს:

საჯარო სააქციო საზოგადოება „პ.ს.მ.ქ-ის“ მიერ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 656.5 აშშ დოლარის ოდენობით და

მითითებული შუამდგომლობის წარმოებაზე ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯი 1000 აშშ დოლარის ოდენობით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 თებერვლის განჩინებით საჯარო სააქციო საზოგადოება „პ.ს.მ.ქ-ას“ დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინა დამოწმებული ცნობა იმის შესახებ, რომ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა ამ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.

2015 წლის 4 მარტს საჯარო სააქციო საზოგადოება „პ.ს.მ.ქ-ამ“ უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ, რომელსაც თან დაურთო უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის წერილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის განჩინებით საჯარო სააქციო საზოგადოება „პ.ს.მ.ქ-ის“ შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ საჯარო სააქციო საზოგადოება პ.ს.მ.ქ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე АС # ...г/2013):

შპს „ბ-ის“( .., საქართველო, ბათუმი, ნ.ს ქ...) საჯარო სააქციო საზოგადოებ„პ.ს.მ.ქ-ის“ (... უკრაინა, ქ.პლტავა, ფ-ეს ქ... სასარგებლოდ დაეკისრა ჯამში 21 881.82 აშშ დოლარის ანაზღაურება, აქედან, 19 816.46 აშშ დოლარი – მიწოდებული საქონლის საფასურის ანაზღაურებისთვის და 2 065.36 აშშ დოლარი – საარბიტრაჟო გადასახადზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებისთვის.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 731 მუხლის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოში გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის მიზნებისათვის უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება სააპელაციო სასამართლოები, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით – საქართველოს უზენაესი სასამართლო.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე АС # ...г/2013), საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, მოცემული თვალსაზრისით შუამდგომლობა ასევე აკმაყოფილებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე АС # …/2013) იმ ნაწილში, რომლითაც: შპს „ბ-ის“ (…, საქართველო, ბათუმი, …. ქ….) საჯარო სააქციო საზოგადოება „პ.ს.მ.ქ-ის“( …. უკრაინა, ქ.პლტავა, ფ.ს ქ….) სასარგებლოდ დაეკისრა ჯამში 21 881.82 აშშ დოლარის ანაზღაურება, აქედან, 19 816.46 აშშ დოლარი – მიწოდებული საქონლის საფასურის ანაზღაურებისთვის და 2 065.36 აშშ დოლარი – საარბიტრაჟო გადასახადზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებისთვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საჯარო სააქციო საზოგადოება „პ.ს.მ.ქ-ის““ (გადამხდელია დ. ე.ე) შუამდგომლობაზე გადახდილი აქვს 1333.09 ლარი. აქედან გამომდინარე შპს „ბ-ის“ უნდა დაეკისროს საჯარო სააქციო საზოგადოება „პ.ს.მ.ქ-ის“მიერ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1333.09 ლარის გადახდა.

რაც შეეხება შუამდგომლობის წარმოებაზე ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯის, 1000 აშშ დოლარის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების შუამდგომლობას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ერთ-ერთი მხარისათვის მეორე მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრების შესაძლებლობას, თუკი დავა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ დასრულდება. ამასთან, ასეთი ხარჯების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმად კანონმდებელი ადგენს „გონივრულ ოდენობას“, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს დავის საგნის ღირებულების 4%-ს.

მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორმა მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის დასადასტურებლად წარმოადგინა იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ მასა და წარმომადგენელს შორის 2015 წლის 12 იანვარს დადებული ხელშეკრულება და ამ მიზნით თანხის ჩარიცხვის თაობაზე ამონაწერი. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის ასანაზღაურებლად მოთხოვნილი ოდენობა – 1000 აშშ დოლარი – აღემატება დავის საგნის ღირებულების, 21881.82 აშშ დოლარის 4%-ს. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ბ-ის“ საჯარო სააქციო საზოგადოება „პ.ს.მ.ქ-ის“ სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად უნდა დაეკისროს 875.30 აშშ დოლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საჯარო ს/ს „პ.ს.მ.ქ-ის“ შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე …#...2013) ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე …# .../2013) იმ ნაწილში, რომლითაც:

შპს „ბ-ის“ (..., საქართველო, ბათუმი, ... ქ...) საჯარო ს/ს„პ.ს.მ.ქ-ის“ (... უკრაინა, ქ.პლტავა, ფ.ს ქ....) სასარგებლოდ დაეკისრა ჯამში 21 881.82 აშშ დოლარის ანაზღაურება, აქედან, 19 816.46 აშშ დოლარი – მიწოდებული საქონლის საფასურის ანაზღაურებისთვის და 2 065.36 აშშ დოლარი – საარბიტრაჟო გადასახადზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებისთვის.

3. შპს „ბ-ის“ საჯარო სააქციო საზოგადოება „პ.ს.მ.ქ-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1333.09 ლარისა და წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯის – 875.30 აშშ დოლარის გადახდა.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე