Facebook Twitter

№ა-508-შ-15-2014 9 მარტი, 2015 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განცხადების ავტორი - ღსს „ქ. ფ. ს-ი“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ეს „G-B“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. მოგილიოვის სამეურნეო სასამართლოს 11.10.2013 წლის გადაწყვეტილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. მოგილიოვის სამეურნეო სასამართლოს 11.10.2013 წლის გადაწყვეტილებით ღსს „ქ. ფ. ს-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს ეს „G-B-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საქონლის ღირებულების, 21464,64 აშშ დოლარის, 12.11.2012 წლიდან 15.05.2013 წლამდე პერიოდისათვის ვადის გადაცილებისათვის ჯარიმის - 5942,14 აშშ დოლარის გადახდა, სახელმწიფო ბაჟის - 1052,61 აშშ დოლარის ანაზღაურება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ღსს „ქ. ფ. ს-მა“ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის 53-ე მუხლის საფუძველზე ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იძულებით აღსრულების მოთხოვნით.

განცხადებაზე თანდართული მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 26.11.2013 წლიდან, ბელორუსიის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა და შპს ეს „G-B-ს“ ეცნობა საქმის განხილვის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება. იგი ასევე შეიძლება წარედგინოს სასამართლოში, სადაც გამოტანილ იქნა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ეს სასამართლო შუამდგომლობას გადასცემს სასამართლოს, რომელიც კომპეტენტურია გამოიტანოს გადაწყვეტილება ამ შუამდგომლობაზე.

იმავე კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არსებობს.

კონვენციის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით იძულებითი აღსრულების წესი განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენასმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის 53-ე, 54-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ღსს „ქ. ფ. ს-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. მოგილიოვის სამეურნეო სასამართლოს 11.10.2013 წლის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე