Facebook Twitter

№ა-631-შ-19-2014 23 მარტი, 2015 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განცხადების ავტორი - რუსეთის ფედერაციაში საჰაერო მიმოსვლის ორგანიზების სახელმწიფო კორპორაცია

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს. ჯ-ა“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ს. ჯ-ას“ დაეკისრა რუსეთის ფედერაციაში საჰაერო მიმოსვლის ორგანიზების სახელმწიფო კორპორაციის სასარგებლოდ 59821,30 რუსული რუბლისა და სახელმწიფო ბაჟის - 2392,85 რუსული რუბლის გადახდა.

რუსეთის ფედერაციაში საჰაერო მიმოსვლის ორგანიზების სახელმწიფო კორპორაციამ მოსკოვის საქართველოს უზენაეს სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების ცნობისა და იძულებით აღსრულების მოთხოვნით მიმართა.

შუამდგომლობით და თანდართული მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, არ აღსრულებულა და მოპასუხეს ეცნობა საქმის განხილვის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება. იგი ასევე შეიძლება წარედგინოს სასამართლოში, სადაც გამოტანილ იქნა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ეს სასამართლო შუამდგომლობას გადასცემს სასამართლოს, რომელიც კომპეტენტურია გამოიტანოს გადაწყვეტილება ამ შუამდგომლობაზე.

იმავე კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არსებობს.

კონვენციის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით იძულებითი აღსრულების წესი განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენასმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის 53-ე, 54-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რუსეთის ფედერაციაში საჰაერო მიმოსვლის ორგანიზების სახელმწიფო კორპორაციის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის Nა40-122667/2012 გადაწყვეტილება და მიექცეს აღსასრულებლად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე