Facebook Twitter

საქმე №ას-69-63-2015 19 მარტი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორები – ნ.გ. , ნ.ლ. , თ.ხ., ზ.კ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ს., ნ.ჩ. (მოსარჩელე)

მოპასუხე - ბმა „ს.მ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინება

საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ.ჩ.მ და ნ.ს.მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ბმა „ს.მ.ს“, ნ.გ.ის, ნ. ლ.ის, თ.ხ.ს, ზ.კ.ის, მესამე პირების: თ. პ.ს, დ. კ.სა და ლ. ხ. ს მიმართ, ბმა „ს.მ.ს“ წევრთა 2012 წლის 24 ივლისის კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ბმა „ს. მ.მა“ თავდაპირველად სარჩელი ცნო, მოგვიანებით კვლავ მიმართა სასამართლოს შესაგებლით და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე არ ცნეს სარჩელი სხვა მოპასუხეებმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ბმა „ს.მ.ს“ 2012 წლის 24 ივლისის კრების ოქმი, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბმა „ს მ.მა“, ნ.გ. მა, ნ.ლ. მ და ზ.კ.მა.

სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს დავის დასრულებამდე ქ.თბილისის მერიის სსიპ „.თ. ა.ს.ის“ 2012 წლის 13 ნოემბრის N...... ბრძანების მოქმედების შეჩერება, რომლითაც შეთანხმდა ქ.თბილისში, რეკონსტრუქციის პროექტი (№ .....), ასევე ითხოვეს მოპასუხეების დავალდებულება, შეწყვიტონ ნებისმიერი სამშენებლო, სარემონტო და სარეკონსტრუქციო მოქმედებები ქ.თბილისში, მდებარე სახლზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეთა აღნიშნული განცხადება მიიჩნია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნად და 2014 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი, ნ.გ. ს, ნ.ლ. ს, თ. ს.სა და ზ.კ.ს აეკრძალათ ქ.თბილისში, მდებარე საცხოვრებელ სახლში ქ.თბილისის მერიის სსიპ „თ. ა. ს.ის“ 2012 წლის 13 ნოემბრის N... ბრძანებით შეთანხმებული რეკონსტრუქციის პროექტით გათვალისწინებული ნებისმიერი სამშენებლო, სარემონტო და სარეკონსტრუქციო მოქმედებების განხორციელება დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ განჩინების დასაბუთებისას მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლზე, 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 198-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არის გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, რაც, შესაძლოა, გამოხატულ იქნას მოპასუხისათვის საკუთარი ქონების ან ფულადი სახსრების განკარგვის უფლების შეზღუდვით, მისთვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვით და სხვა. უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს სასამართლოს დროებითი ღონისძიების მნიშვნელოვან მექანიზმს, რაც საშუალებას იძლევა, თავიდან იქნას აცილებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურება ან აღუსრულებლობა, მოსარჩელეს კი, ევალება განცხადებაში მიუთითოს იმ კონკრეტულ გარემოებებზე, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოსარჩელის ინტერესის დაცვას ემსახურება, რომელიც სასამართლოს მიერ გამოყენებული იმგვარი დროებითი ღონისძიებაა, რომელიც ხელს შეუწყობს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის დაცვის აუცილებლობიდან. ამ მიზნის ფარგლებში კი, სასამართლომ დაცვის ადეკვატურ და საკმარის საშუალებად დავის საბოლოო გადაწყვეტამდე მოპასუხისათვის სამშენებლო, სარემონტო და სარეკონსტრუქციო მოქმედების განხორცილების აკრძალვა მიიჩნია, შესაბამისად, ჩათვალა, რომ განცხადება ქ.თბილისის მერიის სსიპ „თ. ა. ს.ის“ 2012 წლის 13 ნოემბრის N..... ბრძანების მოქმედების შეჩერების მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელი იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ნ.გ. მა, ნ.ლ. მ, თ. ხ.მა და ზ.კ.მა საჩივრით მიმართეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებისა და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით:

საჩივრის ავტორთა განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას შენარჩუნებული უნდა იყოს მხარეთა ინტერესების სამართლიანი ბალანსი და გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება სასარჩელო მოთხოვნის ადეკვატური უნდა იყოს. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენს ამხანაგობის კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ხოლო მოსარჩელეთა ნამდვილი იურიდიული ინტერესი ამ მოთხოვნის მიმართ არ იკვეთება, ასევე არასწორია ლიფტის შახტის ამაღლების თაობაზე განმცხადებლების მსჯელობა, რადგანაც იგი დიდი ხნის წინაა დაწყებული, ხოლო მოსარჩელეებთან მორიგება ვერ ხერხდება, გაურკვეველია, კორპუსზე დაშენება, რომელსაც აწარმოებს მთელი კორპუსი რატომ უშლის ხელს მე-4 სართულზე მცხოვრებ პირებს, ამასთანავე, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 7 ნოემბრის ბრძანებით საჩივრის ავტორთა განცხადება მშენებლობის ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა. ამ ვადის დასრულებამდე სამშენებლო მოქმედებების განუხორციელებლობა გამოიწვევს მოპასუხეების დაჯარიმებას. ამ თვალსაზრისით მოპასუხეებმა მიუთითეს ადმინისტრაციული სამართლის სფეროსათვის განკუთვნილ კანონმდებლობაზე. ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება განმცხადებლების სასარგებლოდ გამოიტანა დავის მათი წარმატებით დასრულებაზე არ მიუთითებს, რაც დეტალურადაა აღწერილი მოპასუხეების მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარში. გარდა აღნიშნულისა, ქ.თბილისის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2014 წლის 28 ოქტომბრის ბრძანებით, ბმა „ს. მ.ს“ გამოეყო ლიფტის შეკეთებისათვის საჭირო თანხის 70% და სამუშაოების 2014 წლის 31 დეკემბრამდე დაუსრულებლობა ადმინისტრაციული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას გამოიწვევს, რაც ამხანაგობის წევრებს მეტად დააზარალებს.

საჩივრის ავტორთა განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ ვალდებულებას არ წარმოადგენდა, მერიის არქიტექტურის სამსახურს წარუდგინეს ექსპერტიზის დასკვნა რეკონსტრუქციის უსაფრთხოების თაობაზე, ამასთანავე, არქიტექტურის სამსახურის აქტი წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის შეჩერებაც დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მხარეს, რაც სახეზე არაა. გარდა აღნიშნულისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი ადგენს, თუ რა შეიძლება იყოს სამოქალაქო სამართალწარმოების ობიექტი და სამოქალაქო წესით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შეფასების უფლება სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას არ გააჩნდა, რომელმაც, მიღებული განჩინებით, ფაქტობრივად შეაჩერა იგი.

2013 წლის 17 ივნისს ნ.ს.ის წარმომადგენელმა საქალაქო სასამართლოს მიმართა განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად თბილისის არქიტექტურული სამსახურის 2012 წლის 13 ნოემბრის ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე, რაც საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, 2014 წლის 14 ოქტომბრის განცხადებით მოსარჩელეებმა განმეორებით ითხოვეს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 13 ოქტომბრის ბრძანების შეჩერება და მოპასუხეებისათვის სამშენებლო, სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების მოქმედების შეწყვეტის დავალდებულება, რის გამოც, სააპელაციო სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განცხადება განუხილველად უნდა დაეტოვებინა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ნ.გ. ის, ნ. ლ.ის, თ.ხ.სა და ზ.კ.ის საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის შესაბამისად, დაუსაბუთებლობის გამო განსახილველად გადმოეცა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ნ.გ. ის წარმომადგენელმა და დამატებით განმარტა, რომ სადავო ფართები დიდი ხანია გასხვისებულია მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა ექსპლუატაციაში არაა მიღებული. ფართებს ჰყავს მესაკუთრეები, რომლებიც არ არიან ამხანაგობის წევრები. განმცხადებლის განმარტებით, ნ.ს.ს მოცემული დავის მიმართ ინტერესი აღარ გააჩნია, რასაც მოწმობს საქმეში არსებული განცხადება, ამასთანავე, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს სარჩელის უზრუნველყოფის ზოგადი პრინციპებიდან.

წარმოდგენილ განცხადებას ერთვის კომუნალური გადასახადების ქვითრებისა და საჯარო რეესტრის ამონაწერების ასლები 12 (თორმეტი) ფურცლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება, ნ.გ.ის, ნ. ლ.ის, თ.ხ.სა და ზ.კ.ის საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების წინაპირობებს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების კანონიერების შემოწმების მიზნით საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ამ ღონისძიების მართებულობის ფარგლებში დადგენილ რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებაზე:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელეები, რომლებიც მოითხოვენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობას, არიან ამავე ამხანაგობის წევრები;

კრების გადაწყვეტილებით კი, მოპოვებულია თანხმობა ქ.თბილისში, ს.ჩიქოვანის ქN22-ში მდებარე კორპუსის თავზე ერთიანი პროექტის ფარგლებში ერთი სართულის დაშენების თაობაზე;

სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების მოწვევისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დარღვევა წარმოადგენს;

უდავოა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და კრების სადავო გადაწყვეტილება ბათილადაა ცნობილი;

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა. სწორედ სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე მიმართეს სააპელაციო სასამართლოს მოსარჩელეებმა და ითხოვეს შემდეგი:

ა) დავის დასრულებამდე ქ.თბილისის მერიის სსიპ „თ.ა.ს.ის“ 2012 წლის 13 ნოემბრის N......ბრძანების მოქმედების შეჩერება, რომლითაც შეთანხმდა ქ.თბილისში, ...... რეკონსტრუქციის პროექტი (№ ......);

ბ) მოპასუხეების დავალდებულება, შეწყვიტონ ნებისმიერი სამშენებლო, სარემონტო და სარეკონსტრუქციო მოქმედებები ქ.თბილისში, მდებარე სახლზე.

მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ნ. ჩ.სა და ნ.ს.ის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება, სამართლებრივი თვალსაზრისით, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაა.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამავე კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

დასახელებულ ნორმაში, მართალია, საუბარია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ზოგად წესზე, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მისი რეგულირების ფარგლებში მოქცეულია ასევე გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხის გამორკვევაც, ამავდროულად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის მიერ იმ შესაძლო რისკის გონივრულ დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას - ქვეყნის სახელით მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის სიტყვასიტყვითი ანალიზით ირკვევა კანონმდებლის ნება - უზრუნველყოფილ იქნას გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებალდ არ არის მიქცეული, ანუ შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება. კანონის ამგვარი განმარტება დასახელებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარეობს, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგის აღსრულებამდე სავალდებულოა კრედიტორის ინტერესების გონივრულ ფარგლებში დაცვა, რათა სამართალწარმოება ფორმალური ხასიათის მატარებელი არ გახდეს, ხოლო დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემული გადაწყვეტილება, აღსრულების ზოგადი წესისაგან განსხვავებული წესის გამო, მსგავსი ღონისძიების გატარებას სასამართლოს მხრიდან არ საჭიროებს, ვინაიდან მისი აღსრულების ეს სპეციალური წესი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის სპეციალურ სახედვე გვევლინება.

გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ განმცხადებელთა არგუმენტი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის აუცილებლობის თაობაზე გაიზიარა და მიიჩნია, რომ ქმედების განხორციელების აკრძალვა აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის დაცვის საკმარის ზომას წარმოადგენდა იმგვარად, რომ მშენებლობის მარეგულირებელი აქტების მოქმედების შეჩერების მოთხოვნის მართებულობაზე მსჯელობა საჭიროდ აღარ მიიჩნია.

აპელანტების საჩივრის შესწავლის შედეგად, საკასაციო პალატა მიდის დასკვნამდე, რომ მხარეები გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ძირითად საფუძვლებად მიუთითებენ შემდეგს:

ა) მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესი დავის მიმართ არ არის დასაბუთებული, რაც გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების საფუძველი გახდა, ამასთანავე, ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისად, გაგრძელდა მშენებლობის ვადები და ამ ვადების დაუცველობის შემთხვევაში მოპასუხეებს დაეკისრებათ ჯარიმები, გარდა აღნიშნულისა, მათ ადგებათ ზიანი (გამოყოფილი კომპენსაციის გამოუყენებლობა);

ბ) მოსარჩელეებს არ დაუსაბუთებიათ პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტი, მაშინ, როდესაც მშენებლობის ნებართვა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და მისი შეჩერება დაიშვება მხოლოდ ზიანის მიყენებისას, გარდა აღნიშნულისა, სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში არ შეიძლებოდა ადმინისტრაციული სამართლის სფეროს მიკუთვნებული აქტების კანონიერების შემოწმება;

გ) მოსარჩელეებს ამავე საფუძვლით მოთხოვნილი ჰქონდათ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და სააპელაციო სასამართლოს ნაცვლად განცხადების დაკმაყოფილებისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის შესაბამისად, განცხადება განუხილველად უნდა დაეტოვებინა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ამ არგუმენტებს და აღნიშნავს, რომ სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას სასამართლო ხელმძღვანელობს განმცხადებლის მითითებით და ფორმალური თვალსაზრისით აფასებს მოთხოვნის მართებულობას, სწორედ ამაზე მიუთითებს 191-ე მუხლის დათქმა, რომ სასამართლოს ვარაუდი მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას გავლენას ვერ ახდენს. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში დღის წესრიგში დადგება დაწყებული მშენებლობის დემონტაჟის საკითხი და ამ გზით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება გართულდება, ამასთანავე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი ასეთ ვითარებაში არ მიიჩნევა დარღვეულად, რადგანაც კანონმდებელი იცავს რა მოსარჩელის უფლებას, მოითხოვოს სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, მოპასუხის უფლებადამცავ ნორმას წარმოადგენს საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი, რომლის მე-3 ნაწილითაც დადგენილია შემდეგი: თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.

რაც შეეხება ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის შეჩერებისა და ამ გზით სასამართლოს მიერ განსჯადობის წესების დარღვევასა თუ სხვას, საკასაციო პალატა უპირველესად განმარტავს იმას, რომ გასაჩივრებული განჩინებით სასამართლოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეუჩერებია, ამ ნაწილში განცხადება არ დაკმაყოფილებულა, თუმცა ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, აქტის მოქმედების შეჩერება, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, პირდაპირაა გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და ამ დროს აქტის კანონიერება კი არ მოწმდება სამოქალაქო სამართალწარმოების გზით, არამედ სასამართლო კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით აჩერებს აქტის მოქმედებას, როგორც უზრუნველყოფის დროებით ღონისძიებას.

რაც შეეხება განცხადების განუხილველად დატოვების ნაწილში წარმოდგენილ პრეტენზიას, საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მას და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმადაც სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით.

საქმის მოსამზადებელ ეტაპზე წარმოდგენილია ნ.ს.ის განცხადება (ტ. I, ს.ფ. 50-51), რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად მოსარჩელე მოითხოვდა სსიპ „თ.ა.ს.ის“ 2012 წლის 13 ნოემბრის N..... ბრძანების მოქმედების შეჩერებას დავის დასრულებამდე;

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განჩინებით ნ.ს.ის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეებად დავაში არ იყვნენ ჩაბმული ის პირები, ვინც მშენებლობას ახორციელებდნენ (ტ. I, ს.ფ. 63-66).

განჩინება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

2014 წლის 13 ოქტომბრის განცხადებით, მართალია, ნ.ჩ.თან ერთად ნ.ს.მა კვლავ მოითხოვა სსიპ „თ.ა.ს ს.ის“ 2012 წლის 13 ნოემბრის N.... ბრძანების მოქმედების შეჩერება, რაც შესაძლოა ამ ნაწილში განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი გამხდარიყო, თუმცა სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით განცხადება ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა, რის გამოც, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული საპროცესო დარღვევით აპელანტთა უფლება არ დარღვეულა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.

დავის ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი საჩივრის პრეტენზიების უსაფუძვლობის გამო, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2014 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო პალატამ მართებულად აუკრძალა მოპასუხეებს ქ.თბილისში, მდებარე საცხოვრებელ სახლში სსიპ „თ.ა.ს.ის“ 2012 წლის 13 ნოემბრის N..... ბრძანებით შეთანხმებული რეკონსტრუქციის პროექტით გათვალისწინებული ნებისმიერი სამშენებლო, სარემონტო და სარეკონსტრუქციო მოქმედებების განხორციელება დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.

რაც შეეხება საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ განცხადებასა და მასზე დართულ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მათ და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, ასევე 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უზრუნველყოფის ღონისძიების კანონიერებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში, იმგვარად, რომ მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მხარეს ქვემდგომ სასამართლოში არ წარუდგენია, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი ვერ გახდება, მით უფრო მაშინ, როდესაც ეს გარემოება საჩივრის განხილვის ეტაპზე არსებობდა და მხარეს თავის დროზე არ მიუთითებია მათზე, შესაბამისად, ვერც ექსპლუატაციაში მიუღებელი ქონების შესაძლო გასხვისების თაობაზე იმსჯელებს საკასაციო სასამართლო.

პალატა მიიჩნევს, რომ ნ.გ. ს უნდა დაუბრუნდეს 2015 წლის 11 თებერვლის Nა-423-15 განცხადებაზე დართული კომუნალური გადასახადების ქვითრებისა და საჯარო რეესტრის ამონაწერების ასლები 12 (თორმეტი) ფურცლად, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.გ.ის, ნ. ლ.ის, თ.ხ.სა და ზ.კ.ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. ნ.გ. ს დაუბრუნდეს 2015 წლის 11 თებერვლის Nა-423-15 განცხადებაზე დართული კომუნალური გადასახადების ქვითრებისა და საჯარო რეესტრის ამონაწერების ასლები 12 (თორმეტი) ფურცლად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე