საქმე №ას-83-77-2015 11 მარტი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი - მ. გ-ი
წარმომადგენელი - გ. წ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “კ. T“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ნოემბრისა და 2015 წლის 13 იანვრის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებით: მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება შპს „კ.-T-ის“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისა და მ. გ-ისათვის „კ.-T-ის“ სასარგებლოდ საპროცესო ხარჯის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და, ამ ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „კ.-T-ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი შპს „კ.-T-სა“ და მ. გ-ს შორის 2009 წლის 08 ოქტომბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. შპს „კ.-T-სა“ და მ. გ-ს შორის 2009 წლის 08 ოქტომბრიდან დადებულად იქნა ცნობილი 1 000 000 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის სამომავლო ნასყიდობის ხელშეკრულება - საქონლის მიწოდების პირობით და შპს „კ.-T-ის“ კუთვნილი ქონება მდებარე ქ. ბათუმი, ლ-ის ქ. №109 (უძრავი ქონების ს/კ:№........) დაიტვირთა იპოთეკით მ. გ-ის სასარგებლოდ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.
გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. 2014 წლის 30 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა მ. გ-ის წარმომადგენელმა - გ. წ-ემ, რომელმაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 07 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
მოგვიანებით, 2014 წლის 13 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მ. გ-ის წარმომადგენელმა - გ. წ-ემ, რომლითაც მოითხოვა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
განმცხადებელმა თავისი მოთხოვნა დააფუძნა იმ გარემოებებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 07 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გამოყენებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა შპს „კ.-T-ის“ კუთვნილი ქონების მდებარე ქ.ბათუმი, ლ-ის ქ.№109 (უძრავი ქონების ს/კ:№........) სრულად ვერ უზრუნველყოფდა 2009 წლის 08 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მ. გ-ის მეორე სასარჩელო მოთხოვნას 1 000 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, რადგან სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყფის საშუალება (იპოთეკა) საკმარისი იყო მხოლოდ საქონლის მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვადებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. ამდენად, განმცხადებლის მოსაზრებით, უზრუნველყოფის ღონისძიების დამატებითი სახის გამოყენების გარეშე მ.გ-ის სარჩელი 2009 წლის 08 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხეშეკრულებიდან გამომდინარე 1 000 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე დარჩებოდა უზრუნველყოფის გარეშე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ნოემბრის განჩინებით მ. გ-ის წარმომადგენლის - გ. წ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს აღნიშნული განჩინება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება, რომლის გაუქმებასაც ითხოვს განმცხადებელი, შესულია კანონიერ ძალაში. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იხილავს არა მ. გ-ის სააპელაციო საჩივარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე, არამედ განცხადებას საქმის წარმოების განახლების შესახებ. შესაბამისად, სასამართლომ შეიძლება იმსჯელოს მხოლოდ ამ განცხადების უზრუნველყოფისა და არა მ. გ-ის სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და განმარტა, რომ ამ ნორმის დანაწესით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება პირდაპირ კავშირში უნდა იყოს განმცხადებლის მოთხოვნასთან და უნდა უზრუნველყოფდეს მას. შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მაშინ, როდესაც სასამართლოს ჩამოუყალიბდება დასაბუთებული ვარაუდი მისი გამოუყენებლობის პირობებში, გადაწყვეტილების აღსრულების დაბრკოლების ან შეუძლებლობის თაობაზე.
გარდა ამისა, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი და აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მის გაუქმებამდე განმცხადებელს ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შეცილების უფლება არა აქვს. სწორედ ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი” ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების უზრუნველსაყოფად კანონი ითვალისწინებს, მხოლოდ სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას. აღნიშნულის გამო კი, სასამართლო ვერ იმსჯელებს იმ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რომელზედაც უკვე მიღებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი შეიტანა მ. გ-ის წარმომადგენელმა - გ. წ-ემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პაალატის 2015 წლის 13 იანვრის განჩინებით მ. გ-ის წარმომადგენლის გ. წ-ის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის შესაბამისად, გადმოეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგი საფუძვლებით:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი, რომლითაც დაევალა 05-დღის ვადაში, სახელმწიფო ბაჟის სახით, 50 ლარის გადახდის დამადასტურებლი დოკუმენტისა და დასაბუთებული საჩივრის (იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც არის საქმეში) წარმოდგენა სასამართლოსათვის. აღნიშნული განჩინება სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა მ. გ-ის წარმომადგენელ- გ. წ-ეს 2014 წლის 27 ნოემბერს. ხარვეზის შევსების ვადა საჩივრის ავტორს ამოეწურა 2014 წლის 02 დეკემბერს, თუმცა არც ხარვეზი შეუვსია და არც მის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიუმართავს სასამართლოსთვის, რაც მისი საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველი გახდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ის საჩივარი დაუშვებელია და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობებს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივრი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე: დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ნოემბრის განჩინებით მ. გ-ის წარმომადგენლის - გ. წ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი წარადგინა მ. გ-ს წარმომადგენელმა გ. წ-ემ.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. გ-ის წარმომადგენლის - გ. წ-ის მიერ წარდგენილ საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, საჩივარი არ იყო დასაბუთებული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 27 ნოემბრის მ. გ-ის წარმომადგენლის - გ. წ-ის წარდგენილ საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს საპროცესო ვადა განესაზღვრა 5-დღით განჩინების გადაცემიდან სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვისათვის და დასაბუთებული საჩივრის წარმოდგენისათვის. ამასთან, განემარტა ამ საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის სამართლებრივი შედეგის თაობაზე.
საქმის მასალებით წარმომადგენლის მიერ დაკისრებული საპროცესო მოქმედების განხორციელება ან რაიმე შუამდგომლობის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარდგენის ფაქტი არ დასტურდება.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც დადგენილია, რომ სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიების განჩინებაზე წარდგენილი საჩივრის წარმოებაში მიღების ერთ-ერთ წინაპირობას მასზე სახელმწიფო ბაჟის გადახდაა დაწესებული, რომლის ოდენობაც ფიზიკური პირისათვის 50 ლარითაა განსაზღვრული. საკასაციო პალატა ეთანხმება სასაპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების 73-ე მუხლის თანახმად ჩაბარების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოთმოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართალურთიერთობის მონაწილე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას განჩინებით დაევალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიერ შესრულებული საპროცესო მოქმედება საპროცესო-სამართლებრივ შედეგს ვერ წარმოშობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 27 ნოემბერს და ამოიწურა 2014 წლის 02 დეკემბერს. მხარეს (მის წარმომადგენლს) ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამასთან, ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს რომ არ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ წარდგენილი საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობები და სააპელაციო პალატამ ის მართებულად მიიჩნია დაუშვებლად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ნოემბრისა და 2015 წლის 13 იანვრის განჩინებები დარჩეს უცვლელად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: თ. თოდრია
ბ. ალავიძე