Facebook Twitter

№ას-1027-985-2014 24 მარტი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – დ. პ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ზ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:

1. ნ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. დ. პ-ს ნ. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 აშშ დოლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. პ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 აპრილის განჩინებით:

1. დ. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2008 წლის 1 აგვისტოს ნ. ზ-ს და დ. პ-ს შორის გაფრომდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად დ. პ-მა ისესხა 2000 აშშ დოლარი;

მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ იყო.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ და მიუთითა, რომ განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულება სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შეწყდება მაშინ, როდესაც მეორე მხარე მოითხოვს მის შესრულებას. ნ. ზ-მა კი სასამართლოში წარმოდგენილი სარჩელით გამოხატა ნება ხელშეკრულების შეწყვეტის და ვალის დაბრუნების თაობაზე, რაც გამორიცხავდა მოთხოვნის ხანდაზმულობას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა დ. პ-მა.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე ნ. ზ-მა სასამართლოში წარდგენილი სარჩელით გამოხატა ნება ხელშეკრულების შეწყვეტის და ვალის დაბრუნების თაობაზე, რაც გამორიცხავდა მოთხოვნის ხანდაზმულობას არასწორია;

მხარეებს შორის 2008 წლის 1 აგვისტოს დადებულ ხელშეკრულებაში სესხის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ იყო, შესაბამისად ხელშეკრულება შეწყდა დადებიდან 3 თვეში 2008 წლის 1 ნოემბერს. მოსარჩელეს ვალის დაბრუნების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2008 წლის 1 ნოემბერს და მითითებული თარიღიდან დაიწყო ხანდაზმულობის ვადის დენაც. აღნიშნული დროიდან სარჩელის შეტანამდე გასულია 5 წელი, მოთხოვნა ხანდაზმულია და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. პ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველინაწილის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. პ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე