Facebook Twitter

საქმე №ას-1302-1240-2014 11 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ა-ე, გ. პ-ი, შპს „ს. უ. ქ-ა“ (ამჟამად შპს „ს. ს-ი“), შპს „დ. ს-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ა-ის, გ. პ-ის, შპს „ს. უ-ი ქ-ის“ (ამჟამად შპს „ს. ს-ის“) და შპს „დ. ს-ის“ მიმართ და მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი ქ. ბათუმში, გ-ს დასახლებაში მდებარე 3 440 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ........) 2008 წლის 3 აპრილს – გ. ა-ესა და გ. პ-ს შორის, 2008 წლის 11 აპრილს – გ. პ-სა და შპს „ს. უ. ქ-ას“ შორის, 2008 წლის 7 მაისს შპს „ს. უ. ქ-ას“ და შპს „დ. ს-ს“ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში მდებარე 3 440 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2007 წლის 20 დეკემბრის №.... საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა გ. ა-ის საკუთრებად. მან მიწის ნაკვეთი 2008 წლის 3 აპრილს 550 400 აშშ დოლარად მიჰყიდა გ. პ-ს, რომელმაც შეძენილი ქონება 2008 წლის 11 აპრილს 557 280 აშშ დოლარად მიჰყიდა შპს „ს. უ. ქ-ას“. 2008 წლის 7 მაისს შპს „ს. უ. ქ-ამ“ შეძენილი მიწის ნაკვეთი 820 000 ლარად მიჰყიდა შპს „დ. ს-ს“.

გ. ა-ეზე საკუთრების უფლება დარეგისტრირდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №.... საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე. ასეთი მოწმობა გ. ა-ის სახელზე არ გაცემულა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ №.... საკუთრების უფლების მოწმობით, საკუთრების უფლება აღიარებულია მ. მ-ის მიწის ნაკვეთზე, რომლიც მდებარეობს სოფელ მ-ში. გ. ა-ემ საკუთრების უფლება მოიპოვა უკანონოდ და შემდეგში გაასხვისა გ. პ-ზე.

მხარემ მიიჩნია, რომ სადავო ნასყიდობა ეწინააღმდეგება კანონს. ასევე არ დგინდება ნასყიდობის ხელშეკრულებების დადებისას მყიდველის მიერ გამყიდველისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ფაქტი. მით უმეტეს, შემძენს ნასყიდობის თანხა არ გააჩნდა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ სადავო უძრავი ქონება დროის მოკლე პერიოდში 4-ჯერ გაიყიდა, რადგან გარიგების მონაწილეებს სურდათ მიწის გაყიდვით შეექმნათ კეთილსინდისიერი მყიდველის იმიტაცია. სინამდვილეში ნასყიდობა შედგა მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი შედეგი მოჰყოლოდა.

მოპასუხე გ. პ-მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან გ-ს დასახლებაში გ. ა-ისაგან 550 400 აშშ დოლარად შეიძინა მიწის ნაკვეთი. ნასყიდობა არ ყოფილა მოჩვენებითი, მან შეიძინა უფლებრივად უნაკლო ნივთი, რომელიც შემდგომ მიჰყიდა შპს „ს. უ. ქ-ას“.

იმავე დასაბუთებით სარჩელი არ ცნეს არც შპს „ს. უ. ქ-ამ“ და შპს „დ. ს-მა“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში (ამჟამად ქ. ბათუმი, გ-ს დასახლება) მდებარე 3440 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ........) 2007 წელს დარეგისტრირდა გ. ა-ის საკუთრებად. გ. ა-ემ საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის უფლების დამდგენ საბუთად საჯარო რეესტრში წარადგინა №.... საკუთრების უფლების მოწმობა.

საქმის მასალებით უდავოდ დადასტურებულია, რომ გ. ა-ემ №.... საკუთრების უფლების მოწმობით შეცდომაში შეიყვანა საჯარო რეესტრი. კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გ. ა-ის სახელზე №.... საკუთრების უფლების მოწმობა გაცემული არ აქვს. №.... საკუთრების უფლების მოწმობით კომისიამ აღიარა არა გ. ა-ის, არამედ მ. მ-ის საკუთრების უფლება სოფელ მ-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე.

სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში მდებარე 3440 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ........) გ. ა-ემ საკუთრების უფლება მოიპოვა კანონის დარღვევით.

2008 წლის 3 აპრილს გ. ა-ესა და გ. პ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. ბათუმში, გ-ს დასახლებაში მდებარე 3440 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ........) 2008 წლის 10 აპრილს დარეგისტრირდა გ. პ-ის საკუთრებად.

სააპელაციო სასამართლოში აპელანტმა წარადგინა ახალი მტკიცებულებები, კერძოდ, გ. ა-ის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმიდან დაკითხვის ოქმები. აპელანტის განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება გ. პ-ის, როგორც სადავო უძრავი ქონების შემძენის არაკეთილსინდისიერება, რადგან აღნიშნულ დაკითხვის ოქმებში გ. ა-ე ადასტურებს, რომ გ. პ-ისაგან ქონების ღირებულება არ მიუღია.

აღნიშნულ ოქმებში გ. ა-ემ ცალსახად აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრში მის მიერ გაკეთდა ნებაყოფლობით ხელმოწერა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით. გ. პ-ს ადრე არ იცნობდა და არც აღნიშნული გარიგების დადების შემდგომ უნახავს. უძრავი ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით პ-თან ურთიერთობაში, გ. ა-ესთან შეთანხმებით მოქმედებდა აწ გარდაცვლილი ს. ნ-ე.

სააპელაციო პალატამ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დაუდასტურებლად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ გ. პ-ი სადავო უძრავი ქონების არაკეთილსინდისიერი შემძენია.

სააპელაციო სასამართლომ უდავო ფაქტად ჩათვალა, რომ 2008 წლის 11 აპრილს გ. პ-სა და შპს „ს. უ. ქ-ას“ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქ. ბათუმში, გ-ს დასახლებაში მდებარე 3440 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ........) 2008 წლის 17 აპრილს დარეგისტრირდა შპს „ს. უ-ი ქ-ის“ საკუთრებად.

გ. პ-ის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ სს „თ. ბ-ს“ ამონაწერში მითითებულია, რომ ფ. მ-ის მიერ ბანკში ჩაირიცხა ზემოაღნიშნული ნასყიდობის ღირებულება.

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ფ. მ-ე არის შპს „ს. უ-ი ქ-ის“ დირექტორი, რომელთანაც გ. პ-მა გააფორმა სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. შესაბამისად, შპს „ს. უ-ი ქ-ის“ მიერ სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის საზღაურის გ. პ-ისათვის გადახდის ფაქტი სასამართლომ დადგენილად მიიჩნია.

საქმეში ასევე წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოში 2008 წლის 15 აპრილს გ. პ-ის მიერ წარდგენილი მატერიალური აქტივების რეალიზაციით, მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული შემოსავლის დეკლარაცია, სადაც მითითებულია, რომ მან ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ-ში შეიძინა 3440 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ასევე წარმოდგენილია 2008 წლის 14 აპრილის საგადასახადო დავალება, რომელშიც მითითებულია, რომ გ. პ-ს, საშემოსავლო გადასახადის სახით გადახდილი აქვს 1097.64 ლარი.

საქმის მასალებით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შპს „ს. უ. ქ-ასა“ და შპს „დ. ს-ს„ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება ქ. ბათუმში, გ-ს დასახლებაში მდებარე 3440 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ........) და 2008 წლის 7 მაისს აღნიშნული უძრავი ქონება დარეგისტრირდა შპს „დ. ს-ის“ საკუთრებად.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ასევე სრულიად დაუსაბუთებელია მოსაზრება შპს „ს. უ-ი ქ-ის“, როგორც შემძენის არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, რამეთუ აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება აპელანტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია, ხოლო საქმეში არსებული მტკიცებულებები – საბანკო გადარიცხვის ქვითარი, ნასყიდობის ხელშეკრულება აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, ცხადია, არ წარმოადგენენ.

სააპელაციო პალატამ სრულიად დაუსაბუთებლად ჩათვალა სადავო ქონების ყოველი მომდევნო შემძენის – გ.პ-ის, შპს „დ. ს-ისა“ და შპს „ს. უ-ი ქ-ის“ არაკეთილსინდისიერების ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ქონებაზე უფლება თავდაპირველ შემძენ გ. ა-ის სახელზე დარეგისტრირება კანონდარღვევით, გაყალბებული მტკიცებულების (საკუთრების მოწმობით) საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ შპს „ს. ს-ისა“ და შპს „დ. ს-ის“ მიერ ნაწარმოებ საბანკო გადარიცხვებზე, რომლებიც ნასყიდობის ღირებულების გადახდას ასახავენ. აღნიშნული მტკიცებულებების თანახმად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის გასამყარებლად წარდგენილი შპს „ს. უ-ი ქ-ისა“ და შპს „დ. ს-ის“ მოგების გადასახადის დეკლარაციები, რომელთა მეშვეობითაც მას სურდა, დაემტკიცებინა, რომ მოპასუხეებს არ გააჩნიათ საკმარისი შემოსავლები ნასყიდობის თანხის გადახდისათვის.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება გ. პ-ისა და ყოველი მომდევნო მყიდველის მიერ მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგების დადება, ასევე ის ფაქტი, რომ გ. პ-მა ან მომდევნო მყიდველებმა იცოდნენ სადავო უძრავი ქონების ნაკლის შესახებ (რომ იგი გ. ა-ეს კანონსაწინააღმდეგო გზით ჰქონდა დარეგისტრირებული). ამ ფაქტობრივ გარემოებას ვერ ადასტურებს ვერც სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ახალი მტკიცებულება – ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში სისხლის სამართლის საქმეზე გ. ა-ის დაკითხვის ოქმი. გ. ა-ე არსად არ ამბობს, რომ ნივთის ნაკლის თაობაზე იცოდა გ. პ-მა, (რომ მათ შორის წარმოებდა რაიმე მოლაპარაკება), არამედ მიუთითებს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ იგი არ იცნობდა გ. პ-ს და მათ შორის შუამავლის როლს ს. ნ-ე ასრულებდა.

ასევე უტყუარადაა დადგენილი, რომ შეძენილი ქონება გ. პ-მა 557 280 აშშ დოლარად მიჰყიდა შპს „ს. უ. ქ-ას“, რომელმაც იგი 820 000 ლარად შპს „დ. ს-ზე“ გაასხვისა.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით, 56-ე მუხლის პირველი ნაწილით, და მიიჩნია, რომ სადავო გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარემოების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, გარიგების მონაწილე მხარეთა საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ ნების გამოვლენას.

მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლი გულისხმობს იმ შემთხვევას, როდესაც როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, გარიგების მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ორივე მხარეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება, ანუ ნების ნაკლი წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას.

ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგებების მონაწილე მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე უნდა დაამტკიცოს იმან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლებები.

სააპელაციო სასამართლომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების მოჩვენებით გარიგებებად დაკვალიფიცირებისათვის არასაკმარისად ჩათვალა. ზემოაღნიშნულ საკითხს უკავშირდება კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტი.

სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 185-ე და 312-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა თანამესაკუთრეც.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით უდავოდ დაადგინა, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების შემდგომ სადავო უძრავი ქონება აღირიცხებოდა მომდევნო მყიდველის სახელზე კანონით დადგენილი წესით და ყოველი მომდევნო მყიდველი იხდიდა ნასყიდობის საზღაურს. საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება გ. პ-ისა და ყოველი მომდევნო მყიდველის – შპს „ს. უ-ი ქ-ის“ და შპს „დ. ს-ის“ არაკეთილსინდისიერების ფაქტი.

აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ კანონშესაბამისია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლსი 14 აპრილის გადაწყვეტილება და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განხილვა მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის საქმეებზე სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

მხარის მითითებით, სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაიზიარა სამინისტროს მოსაზრება სადავო გარიგებების მოჩვენებითი ხასიათის შესახებ, რის დასასაბუთებლად სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა ახალი მტკიცებულებები – ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს (1-73) 2014 წლის 27 მაისის სასამართლო სხდომის ოქმში დაფიქსირებული გ. პ-ის განმარტება, რომ მას გ. ა-ისათვის ნასყიდობის საფასური არ გადაუხდია, ასევე ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში 2013 წლის 9 მაისს მოწმის სახით გ. ა-ის დაკითხვის ოქმი, რომლის შინაარსიდან ირკვევა, რომ გ. ა-ეს გ. პ-ისაგან ნასყიდობის ღირებულება არ მიუღია. აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ არ იქმნება სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით გათვალისწინებული ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი შემადგენლობა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი 2008-2009 წლებში შპს „ს. უ-ი ქ-ისა“ და შპს „დ. ს-ის“ მოგების გადასახადის დეკლარაციები, რომელთა თანახმად აღნიშნულ საზოგადოებას არ გააჩნდა სადავო გარიგებებზე ნასყიდობის ღირებულების გადახდის მატერიალური შესაძლებლობა, რაც ადასტურებს, რომ ნასყიდობა დაიდო მოჩვენებითად. ამასთან, გადახდის ვალდებულების ფ. მ-ის მიერ შესრულება ვერ ჩაითვლება შპს „დ. ს-ის“ მიერ თანხის გადახდად, რადგან აღნიშნული პირები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ სამართლებრივ სუბიექტებს წარმოადგენენ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 დეკემბრის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში (ამჟამად ქ. ბათუმი, გ-ს დასახლება) მდებარე 3440 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ........) 2007 წელს დარეგისტრირდა გ. ა-ის საკუთრებად. გ. ა-ემ საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის უფლების დამდგენ საბუთად საჯარო რეესტრში წარადგინა №.... საკუთრების უფლების მოწმობა.

საქმის მასალებით უდავოდ დადასტურებულია, რომ გ. ა-ემ №.... საკუთრების უფლების მოწმობით შეცდომაში შეიყვანა საჯარო რეესტრი. კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გ. ა-ის სახელზე №.... საკუთრების უფლების მოწმობა გაცემული არ აქვს. №.... საკუთრების უფლების მოწმობით კომისიამ აღიარა არა გ. ა-ის, არამედ მ. მ-ის საკუთრების უფლება სოფელ მ-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე.

სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში მდებარე 3440 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ........) გ. ა-ემ საკუთრების უფლება მოიპოვა კანონის დარღვევით.

2008 წლის 3 აპრილს გ. ა-ესა და გ. პ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. ბათუმში, გ-ს დასახლებაში მდებარე 3440 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ........) 2008 წლის 10 აპრილს დარეგისტრირდა გ. პ-ის საკუთრებად.

სააპელაციო სასამართლომ უდავო ფაქტად ჩათვალა, რომ 2008 წლის 11 აპრილს გ. პ-სა და შპს „ს. უ. ქ-ას“ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქ. ბათუმში, გ-ს დასახლებაში მდებარე 3440 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ........) 2008 წლის 17 აპრილს დარეგისტრირდა შპს „ს. უ-ი ქ-ის“ საკუთრებად.

გ. პ-ის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ სს „თ. ბ-ს“ ამონაწერში მითითებულია, რომ ფ. მ-ის მიერ ბანკში ჩაირიცხა ზემოაღნიშნული ნასყიდობის ღირებულება.

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ფ. მ-ე არის შპს „ს. უ-ი ქ-ის“ დირექტორი, რომელთანაც გ. პ-მა გააფორმა სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. შესაბამისად, შპს „ს. უ-ი ქ-ის“ მიერ სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის საზღაურის გ. პ-ისათვის გადახდის ფაქტი სასამართლომ დადგენილად მიიჩნია.

საქმეში ასევე წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოში 2008 წლის 15 აპრილს გ. პ-ის მიერ წარდგენილი მატერიალური აქტივების რეალიზაციით, მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული შემოსავლის დეკლარაცია, სადაც მითითებულია, რომ მან ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ-ში შეიძინა 3440 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ასევე წარმოდგენილია 2008 წლის 14 აპრილის საგადასახადო დავალება, რომელშიც მითითებულია, რომ გ. პ-ს, საშემოსავლო გადასახადის სახით გადახდილი აქვს 1097.64 ლარი.

საქმის მასალებით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შპს „ს. უ. ქ-ასა“ და შპს „დ. ს-ს„ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება ქ. ბათუმში, გ-ს დასახლებაში მდებარე 3440 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ........) და 2008 წლის 7 მაისს აღნიშნული უძრავი ქონება დარეგისტრირდა შპს „დ. ს-ის“ საკუთრებად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით გათვალისწინებულ მოჩვენებით გარიებასთან მიმართებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუს 2014 წლის 17 თებერვლის №ას-1159-1105-2013 განჩინება, 2013 წლის 14 ნოემბრის №ას-1266-1195-2012 განჩინება).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების ფაქტობრივ შემადგენლობას განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლი, რომლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს.

დასახელებული ნორმის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე, იურიდიულ შედეგს. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით.

მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. ამდენად, მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად. ამასთან, იგი, როგორც წესი, კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარად გამოიყენება. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში შეიძლება დაისვას მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში ადგილი აქვს გარიგების მონაწილე მხარეთა განზრახ ქმედებას, რა დროსაც მათ არ სურთ სამართლებრივი შედეგის დადგომა და მისი დადების მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს მესამე პირის შეცდომაში შეყვანა. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

ამასთან, როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ხელშეკრულებების მიხედვით, დასტურდება მხარეთათვის შესაბამისი უფლებების წარმოშობა. უფლებები არსებობს მიუხედავად იმისა, მათი რეალიზება მოხდება თუ არა უშუალოდ ხელშეკრულების დადებისთანავე. ასეთ პირობებში გარიგების (ხელშეკრულების) მოჩვენებითობაზე მსჯელობისას უნდა იკვეთებოდეს ორივე მხარის მიზანი, არა ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებების მიღების, არამედ სხვა სარგებლის მიღებისა. ამ თვალსაზრისით დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია გ. პ-ისაგან შპს „ს. უ-ი ქ-ის“ (ამჟამად შპს „ს. ს-ი“), ხოლო შპს „ს. უ-ი ქ-ისაგან“ შპს „დ. ს-ის“ მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე ქონების შეძენის მოჩვენებითობასთან მიმართებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური