საქმე №ას-19-16-2015 24 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
წარმომადგენელი - შ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ო-ი“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ზ. წ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ო-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ შპს „ო-ისათვის“ 2013 წლის 05 თებერვლის №........ წერილით დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან (181 538.78 ლარი) გათავისუფლება. სარჩელი ემყარება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2012 წლის 28 ივნისს ერთი მხრივ, სსიპ შემოსავლების სამსახურს, როგორც „შემსყიდველსა“ და მეორე მხრივ, ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტ შპს ო-ს”, როგორც „მიმწოდებელს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ...... „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, რომლითაც „მიმწოდებელმა“ აიღო ვალდებულება შეესრულებინა პორტალ ,,კ-ის” ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები 7 470 000 ლარად. 2013 წლის 06 ნოემბრის მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, რომლითაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესულების ვადა გაგრძელდა 2014 წლის 14 აგვისტომდე, შესაბამისად, შეთანხმდა შესასრულებელი სამუშაოების შესრულების ახალი გეგმა-გრაფიკიც. მოპასუხემ მიიჩნია, რომ „შესასრულებელი სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკით“ გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები „მიმწოდებელმა“ შეასრულა დაგვიანებით, რის გამოც მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლო 181 538, 78 ლარის ოდენობით, რაც მოსარჩელის განმარტებით უსაფუძვლო იყო, ვინაიდან მას არ დაურღვევია ხელშემკვრელ მხარესთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადები.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია, მათ შორის, ხაზოვანი გეგმა-გრაფიკი, სრულად აკმაყოფილებდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, მხარეებს შორის 2012 წლის 28 ივნისს დაიდო ხელშეკრულება, რომლის სადავო ნორმაც პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას სწორედ ამ გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადების გადაცილებისათვის ითვალისწინებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ო-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ შპს „ო-ისათვის” 2013 წლის 05 თებერვალს №...... წერილის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლო 181 538.78 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება.
მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2012 წელს სსიპ შემოსავლების სამსახურმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი საბაჟო გამშვები პუნქტის ,,კ-ის” სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. 2012 წლის 28 ივნისს ერთი მხრივ, სსიპ შემოსავლების სამსახურს, როგორც „შემსყიდველსა“ და მეორე მხრივ, ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტ შპს „ო-ს”, როგორც „მიმწოდებელს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ...... „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, რომლითაც „მიმწოდებელმა“ აიღო ვალდებულება შეესრულებინა პორტალ ,,კ-ის” ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები 7 470 000 ლარად.
ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების შესრულების კონტროლი, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ „შემსყიდველი“ შეამოწმებდა სამუშაოების შესრულებას „მიმწოდებლის“ მიერ წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად და ამგვარად დაადგენდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან მისი შესრულების შესაბამისობას.
ხელშეკრულების მე-5 პუნქტით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი, რომლის თანახმად, სამუშაოთა საბოლოო მიღება-ჩაბარება განხორციელდებოდა მათი დამთავრების შემდეგ თანახმად ტექნიკური პირობებისა, მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესებით განსაზღვრული აქტის საფუძველზე. 5.2 პუნქტით მიმწოდებელს დაეკისრა ვალდებულება ყოველი ეტაპის დასრულებისას დაენიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებისა და მოცულობის შემოწმების მიზნით. სამუშაო შესრულებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ ექსპერტის დასკვნის საფუძველზე და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.
ხელშეკრულების მე-12 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ „მიმწოდებლის“ მიერ წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შესაბამისი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, „მიმწოდებელს“ დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით.
„მიმწოდებელმა“ იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები დაეწყო არაუმეტეს ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან მესამე დღეს და დაესრულებინა არაუგვიანეს 15 თვის ვადაში, მის მიერ წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული ეტაპების შესაბამისად, რაც განისაზღვრა ხელშეკრულების დანართით (სამუშაოთა წარმოების გრაფიკით).
დადგენილია, რომ 2013 წლის 06 ნოემბერს ცვლილება შევიდა 2012 წლის 28 ივნისის ხელშეკრულებაში, რომლითაც გაგრძელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესულების ვადა 2014 წლის 14 აგვისტომდე, შესაბამისად, მხარეებს შორის შეთანხმდა შესასრულებელი სამუშაოების შესრულების ახალი გეგმა-გრაფიკიც.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2012 წლის აგვისტოში, „შესასრულებელი სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის“ მიხედვით, „მიმწოდებელს“ უნდა შეესრულებინა 607 700 ლარის ღირებულების სამუშაოები (დღგ-სა და გაუთვალისწინებელი ხარჯების ჩათვლით), საიდანაც, მან შეასრულა 421705,96 ლარის ღირებულების სამუშაო.
დადგენილია, რომ „შესასრულებელი სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკით“ გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოების დაგვიანებით შესრულებისათვის „შემსყიდველმა“ „მიმწოდებელს“ დააკისრა პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ვალდებულების ღირებულების 0.1 პროცენტით, რაც 88 დღეზე შეადგენდა 16 367,48 ლარს. „შესასრულებელი სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკით“ გათვალისწინებული პირველი ოთხი ეტაპის სამუშაოების დაგვიანებით შესრულებისათვის მოსარჩელეს ჯამში დაერიცხა პირგასამტეხლო 181 538, 78 ლარის ოდენობით.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულების შესრულების დარღვევას ადგილი არ ჰქონდა და ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგებოდა მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ტექნიკური დოკუმენეტაციის დაზუსტების მიზნით, „მიმწოდებელმა“ წარადგინა „შესასრულებელი სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი“, რომლის ჰორიზონტალურ სვეტებში მიეთითა კონკრეტული დასახელების სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები და ღირებულება, ხოლო ვერტიკალურ სვეტებში კი, - ყოველ თვეში შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულება. შედეგად, მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“. ამასთან, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება სწორედ „მიმწოდებლის“ მიერ წარდგენილი „შესასრულებელი სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკით“ განსაზღვრული ვადების გადაცილებისათვის იქნა გათვალისწინებული.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ „შესასრულებელი სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკით“ განსაზღვრული ვადები, კერძოდ, კონკრეტული სამუშაოს შესრულების ეტაპი და მისი დაწყებისა და დასრულების ვადა, უნდა განმარტებულიყო ხელშეკრულებისა და მისი დანართის - „შესასრულებელი სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის“ ფარგლებში. მით უფრო, რომ „მიმწოდებლის“ მიერ წარმოდგენილი „შესასრულებელი სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი“ წარმოადგენდა შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, მისი განმარტება მითითებული დოკუმენტაციისაგან განყენებულად (განცალკევებით) დაუშვებელი იყო და ეწინააღმდგებოდა გარიგების მონაწილეთა ნების განმარტების მეთოდებს (სისტემური, ლოგიკური და სხვ.) და თავის მხრივ, შეუძლებელს ხდიდა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ნამდვილი უფლება-მოვალეობების დადგენასაც.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ,,კონკრეტულ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება და მოცულობა” გულისხმობდა არა დამატებით ეტაპებს, არამედ „შესასრულებელი სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის“ ვერტიკალურ სვეტებში მითითებულ სამუშოებს - როგორიცაა მაგალითად, მოსამზადებელი სამუშაოები, სამშენებლო სამუშაოები, ცივი და ცხელი წყალსადენები და სხვ. ასევე, ცალკეული ,,სამუშაოების ეტაპებზე” „მიმწოდებლის“ მიერ „შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება და მოცულობაც” გულისხმობდა არა დამატებით ეტაპებს, არამედ ვერტიკალურ სვეტებში მითითებული სამუშაოების ღირებულებასა და მოცულობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის დასაბუთება იმასთან დაკავშირებით, რომ სამუშაოების ეტაპებში მოიაზრებოდა გეგმა-გრაფიკის ვერტიკალურ გრაფებში მითითებულ შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულება და მიიჩნია, რომ აპელანტის მითითებული პოზიცია არ გამომდინარეობდა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან.
„მიმწოდებლისათვის“ პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერებასთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2012 წლის 28 ივნისის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულების ...... მე-12 პუნქტი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას ითვალისწინებდა „შესასრულებელი სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკით“ გათვალისწინებული შესაბამისი ეტაპით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებისათვის. მოცემულ შემთხვევაში კი, ცალკეული სამუშაოების დასრულების ვადები „შესასრულებელი სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკში“ მოცემული იყო სწორედ ჰორიზონტალურ ხაზოვან გრაფიკში შესაბამისი სამუშაოების ეტაპებისათვის. შესაბამისად, „მიმწოდებელისათვის“ პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება სწორედ ამ ვადების დარღვევის შემთხვევაში იქნებოდა დასაშვები და არა კონკრეტულ ეტაპზე ყოველთვიურად შესასრულებელი სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევისათვის, რაც „შესასრულებელი სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკში“ გამოიხატებოდა შესაბამისი ღირებულების სამუშაოების შეუსრულებლობით.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების იურიდიული კვალიფიკაცია თბილისის სააპელაციო სასამართლომ მოახდინა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 417-ე მუხლების გამოყენებით და მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო შეთანხმებული იყო მხოლოდ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი „შესასრულებელი სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის“ ჰორიზონტალულ ხაზოვან გრაფიკში მოცემული სამუშაოების ეტაპების დასრულების ვადის დარღვევისათვის. შესაბამისად, „შემსყიდველის“ მხრიდან გეგმა-გრაფიკის ვერტიკალური გრაფების (სამუშაოთა ღირებულება), როგორც შესასრულებელი სამუშაოს ეტაპის დარღვევისათვის, პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგებოდა მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს იმავე გარემოებებზე, რაზედაც მითითებული აქვს სააპელაციო საჩივარში, სახელდობრ, განმარტავს, რომ 2012 წელს სსიპ შემოსავლების სამსახურმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი საბაჟო გამშვები პუნქტის ,,კ-ის” სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. სატენდერო დოკუმენტაციით მკაცრად განისაზღვრა ის მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოხდებოდა ხელშეკრულების დადება პრეტენდენტთან. ერთ-ერთ მოთხოვნას კი, წარმოადგენდა სამუშაოების დათქმულ ვადაში შესრულება. სატენდერო წინადადებით განისაზღვრა სამუშაოების მიწოდების ვადები, რომელიც გამარჯვებულ კანდიდატს უნდა მიეწოდებინა მის მიერ წარდგენილი „გეგმა-გრაფიკის“ შესაბამისად. პრეტენდენტის მიერ წარსადგენ დოკუმენტაციას გენეკუთვნებოდა აგრეთვე „სამუშაოების შესრულების ვადა და ხაზოვანი გრაფიკი“, რომლის ჰორიზონტალურ სვეტებში მითითებული უნდა ყოფილიყო კონკრეტული დასახელების სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები და ღირებულება, ხოლო ვერტიკალურ სვეტებში კი, - ყოველ თვეში შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულება. კასატორი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნით და შპს „ო-მა“ დააზუსტა წარმოდგენილ დოკუმენტაციაში (გეგმა-გრაფიკში) სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები, ასევე, კონკრეტულ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ღირებულება. შესაბამისად, 2012 წლის 28 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლითაც „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო სამუშაოები დაეწყო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 03 დღის ვადაში და დაესრულებინა არაუგვიანეს 15 თვის ვადაში, წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული ეტაპების შესაბამისად. გეგმა-გრაფიკში ნათლად იყო გაწერილი შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება თითოეულ ეტაპზე. ეტაპი მოცემულ შემთხვევაში, ემთხვევოდა თვეს, შესაბამისად, შესასრულებელი სამუშაოების დაწყების დროდ განისაზღვრებოდა თვის დასწყისი, ხოლო დასრულების დროდ კი, - თვის ბოლო.
ხელშეკრულების მე-5 პუნქტით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი, რომლის თანახმად, სამუშაოთა საბოლოო მიღება-ჩაბარება განხორციელდებოდა მათი დამთავრების შემდეგ თანახმად ტექნიკური პირობებისა, მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესებით განსაზღვრული აქტის საფუძველზე. 5.2 პუნქტით მიმწოდებელს დაეკისრა ვალდებულება ყოველი ეტაპის დასრულებისას დაენიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებისა და მოცულობის შემოწმების მიზნით. სამუშაო შესრულებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ ექსპერტის დასკვნის საფუძველზე და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. სსიპ ლ.სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, 2012 წლის აგვისტოში, „შესასრულებელი სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის“ მიხედვით, „მიმწოდებელს“ უნდა შეესრულებინა 607 700 ლარის ღირებულების სამუშაოები (დღგ-სა და გაუთვალისწინებელი ხარჯების ჩათვლით), საიდანაც, მან შეასრულა 421705,96 ლარის ღირებულების სამუშაო, რისთვისაც „მიმწოდებელს“ მართლზომიერად დაეკისრა პირგასამტეხლო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავოა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სამუშაოს შეუსრულებლობის გამო შპს „ო-ისათვის“ („მიმწოდებელი“) პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერება, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზე თუ, რას გულისხმობდა „შესასრულებელი სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკით“ განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ეტაპი და თითოეული სამუშაოს დაწყებისა და დასრულების ვადა; აგრეთვე, შესრულდა თუ არა „მიმწოდებელის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო მის მიერვე წარდგენილი „შესასრულებელი სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკით“ განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ეტაპების დაცვით.
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2012 წელს სსიპ შემოსავლების სამსახურმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი საბაჟო გამშვები პუნქტის „კ-ის” სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. 2012 წლის 28 ივნისს ერთი მხრივ, სსიპ შემოსავლების სამსახურს, როგორც „შემსყიდველსა“ და მეორე მხრივ, ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტ შპს „ო-ს”, როგორც „მიმწოდებელს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ...... „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, რომლითაც „მიმწოდებელმა“ აიღო ვალდებულება შეესრულებინა პორტალ „კ-ის” ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები 7 470 000 ლარად. აღნიშნულ ხელშეკრულებაში 2013 წლის 06 ნოემბერს განხორციელებული ცვლილებით გაგრძელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესულების ვადა 2014 წლის 14 აგვისტომდე, შესაბამისად, მხარეებს შორის შეთანხმდა შესასრულებელი სამუშაოების შესრულების ახალი გეგმა-გრაფიკიც, რომელშიც განისაზღვრა კონკრეტულ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა და ღირებულება, სახელდობრ, გეგმა-გრაფიკის ჰორიზონტალურ სვეტებში მიეთითა შესასრულებელი სამუშაოების ვადები. ვინაიდან „მიმწოდებლის“ მიერ წარმოდგენილი „შესასრულებელი სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი“ წარმოადგენდა შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, ამიტომ კონკრეტული სამუშაოს შესრულების ეტაპი, მისი დაწყებისა და დასრულების ვადა, საკასციო პალატის მოსაზრებით, უნდა განიმარტოს სწორედ ხელშეკრულებასთან და მის დანართთან („შესასრულებელი სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი“) ერთობლიობაში. გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში წარმოდგენილი „გეგმა-გრაფიკის“ მიხედვით შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობა და ტექნოლოგიურად დასრულებული კომპლექსები განსაზღვრულია ჰორიზონტალურ ხაზოვან გრაფაში, რომლის დაწყებითაც ითვლება აღნიშნულ ეტაპში მითითებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დასრულება ამიტომ, მართებულია მშენებლობის ეტაპად მივიჩნიოთ ობიექტის მშენებლობის პროექტსა და ხარჯთარღიცხვაში გამოყოფილი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ტექნიკურად დასრულებული კომპლექტი, რომლის დასრულებისას უნდა მომხდარიყო ანგარიშსწორება შესრულებული სამუშაოებისათვის.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2012 წლის აგვისტოში, „შესასრულებელი სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის“ მიხედვით, „მიმწოდებელს“ უნდა შეესრულებინა 607 700 ლარის ღირებულების სამუშაოები (დღგ-სა და გაუთვალისწინებელი ხარჯების ჩათვლით), საიდანაც, მან შეასრულა 421705,96 ლარის ღირებულების სამუშაო. რაც სრულად შესაბამებოდა მიმწოდებლის მიერ იმ ეტაპზე შესასრულებელ ვალდებულებას, რის გამოც, ნაკისრი ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობის მოტივით პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგებოდა მხარეთა ორმხრივი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებასა და მოქმედ კანონმდებლობას.
პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივი საფუძვლების არ არსებობის გამო თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე - 317-ე მუხლებით, აგრეთვე 417-ე მუხლით, რასაც იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლო და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამ კატეგორიის საქმეებზე უკვე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ (სკ-ის 316-ე, 317-ე. 417-ე მუხლ.) იხ., სუს 25.05.2010წ.-ის ას-1220-1480-09 განჩინება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი და მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
კასატორი, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე