საქმე №ას-496-470-2014 4 მარტი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. ა. რ. ფ. და ე. ს. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჰ.ბ.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ა. რ. ფ. და ე. ს. სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჰ.ბ.ს“ მიმართ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოს - 754 444,8 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 17 ივლისის N102 ბრძანებით, პირდაპირი მიყიდვის გზით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ამავე ბრძანების შესრულების მიზნით, ა.ა.რ.ფ. და ე. ს. და შპს „ჰ. ბ.ს“ შორის 2009 წლის 29 ივლისს გაფორმდა N1-5917 ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოპასუხე ვალდებული იყო, 2013 წლის 29 აპრილის მდგომაროებით დაესრულებინა ე.წ. „ანურის დიდი მთის“ ტერიტორიაზე „არგოს“ ტიპის გასართობი ცენტრის მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეყვანა, რაც შეთანხმებული ვადის დაცვით ვერ განხორციელდა.
შემძენმა, ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, წარადგინა განცხადება ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის მიცემის თაობაზე, რაც მოსარჩელე მხარის მიერ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს განესაზღვრა შესრულების დამატებითი ვადა და დაეკისრა პირგასამტეხლო - 762 708,27 ლარი, რომელიც კომპანიას უნდა გადაეხადა 2013 წლის 15 სექტემბრამდე.
მოპასუხემ პირგასამტეხლოს ნაწილი - 8 263,47 ლარი გადაიხადა 2013 წლის 29 აგვისტოს, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდაზე აცხადებს უარს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:
არასწორია მოსარჩელის მსჯელობა მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობისა და „არგოს“ ტიპის გასართობი ცენტრის ექსპლუატაციაში შეუსვლელობის თაობაზე. ხელშეკრულებაში გასართობის ცენტრის ექსპლუატაციაში შესვლა ცალკე ვალდებულებად არ არის მითითებული, იგი გასართობი ცენტრის აშენების ვალდებულების პუნქტშია შეტანილი და დადგენილია მისი რეალიზაციისათვის ერთთვიანი ვადა, შესაბამისად, მიეკუთვნება საინვესტიციო ვალდებულებას. ხელშეკრულების სხვა პუნქტების დარღვევაზე მსჯელობა კი, გაუმართლებელია, ვინაიდან სხვა ვალდებულის დარღვევა არ დასტურდება.
მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 3.2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა კონკრეტულ საინვესტიციო ვალდებულებათა ჩამონათვალი, ხელშეკრულების სხვა დებულებები ასევე ითვალისწინებს გარკვეულ ვალდებულებებს, თუმცა ეკლესიის მშენებლობის საინვესტიციო ვალდებულებამ კორექტირება განიცადა რაც კორექტირებული სახით მოპასუხემ შეასრულა ჯეროვნად, რაც შეეხება გასართობი ცენტრის მშენებლობასა და ექსპლუატაციაში მიღებას, მისი დადგენილ ვადაში შესრულება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, მოპასუხემ, ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, 2013 წლის 16 აპრილს წერილობითი ითხოვა გასართობი ცენტრის ნაწილში დარჩენილი საინვესტიციო ვალდებულების შესასრულებლად ვადის გაგრძელება, ხელშეკრულების ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარადგინა აუდიტორული დასკვნა პირგასამტეხლოს ოდენობის თაობაზე.
2013 წლის 10 მაისის წერილით მოპასუხე არ დაეთანხმა სამინისტროს პოზიციას ხელშეკრულების სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნორმატიული ღირებულების 0,05%-ის დაკისრების შესახებ იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობა არ დასტურდებოდა და ხელშეკრულების 4.2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის გამოყენება იყო დაუშვებელი.
მოპასუხის მიმართვაზე, რომ მოსარჩელეს დაედასტურებინა საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ფაქტი, ეცნობა სამინისტროსაგან, რომ პირგასამტეხლომ, საინვესტიციო და სხვა ვალდებულების დარღვევის გამო, სულ 762 708,27 ლარი შეადგინა.
მოპასუხის განმარტებით, ის ეთანხმება ნასყიდობის ხელშეკრულების 3.2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ძირითად ვადაში შეუსრულებლობის ფაქტს, რომელიც საინვესტიციო ვალდებულებას შეეხება და არა სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებას, შესაბამისად, სამინისტროს პოზიცია 8 263,47 ლარის დაკისრების ნაწილში სამართლიანია, ხოლო, ვალდებულების დარღვევის გამო, ქონების ნორმატიული ღირებულების 0,05%-ის ყოველთვიურად დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა. თავად ნასყიდობის ხელშეკრულების 4.2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითაა განსაზღვრული კონკრეტულ ვალდებულებათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა, ხოლო მოსარჩელე პრეტენზიას, გასართობი ცენტრის მშენებლობის დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისა და ექსპლუატაციაში მიუღებლობის გამო გამოთქვამს, რომლიც, მხარეთა შეთანხმებით, ერთი ვალდებულებაა, რომლის გამოც პასუხისმგებლობის ორი ზომის (ორი პირგასამტეხლოს) გამოყენება დაუშვებელია. ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება მოქმედ სამოქალაქო კოდექსის ნორმებს, ამასთან, მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, რადგანაც იგი დარჩენილი საინვესტიციო ვალდებულების ღირებულებას თითქმის ათჯერ აღემატება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის განჩინებით ასევე არ დაკმაყოფილდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სააპელაციო საჩივარი, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2009 წლის 17 ივლისის N102 ბრძანებით პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 ლარად შპს „ჰესტოკ ბათუმს“ საკუთრებაში გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონება, კერძოდ: ქალაქ ბათუმში, ლერმონტოვის ჩიხის N5-ში მდებარე 12 235 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ქალაქ ბათუმში, ლერმონტოვის ჩიხის №5-ში მდებარე 46 631 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ქალაქი ბათუმში, თამარ მეფის ქუჩა N1-ში მდებარე 25 722 კვ.მ მიწის ნაკვეთი; ქალაქი ბათუმში, თამარ მეფის ქუჩა N43-ში მდებარე 2 704 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული 226.395 კვ.მ შენობა-ნაგებობები; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ფერიაში მდებარე ნანგრევები და მათზე დამაგრებული 29 273 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ქალაქ ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირ N281-ში მდებარე 1 953,4 კვ.მ დაუმთავრებელი შენობა და მასზე დამაგრებული 3 570 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ქალაქ ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირის N379-ის მიმდებარედ 10 005 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ქალაქი ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირ N379-ის მიმდებარედ 10 023 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; შპს „ე.მგალობლიშვილის სახელობის ბათუმის აღდგენითი მკურნალობის საავადმყოფოს“ 100%-იანი წილი; ქალაქ ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩა N40-ში მდებარე 100 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ქალაქ ბათუმში, სოხუმის ქუჩა N6-ში მდებარე 144 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ქალაქ ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე 630 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ქალაქ ბათუმში, ურეხის დასახლებაში მდებარე 13 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ქალაქ ბათუმში, ურეხის დასახლებაში მდებარე 13 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ქალაქ ბათუმში, ურეხის დასახლებაში მდებარე 17 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ქალაქ ბათუმში, ურეხის დასახლებაში მდებარე 46 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე, 2009 წლის 29 ივლისს, ერთი მხრივ, აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და, მეორე მხრივ, შპს „ჰესტოკ ბათუმს“ შორის გაფორმდა №1-5917 ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების 3.2 მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე, „ჰესტოკ ბათუმმა“ აიღო ვალდებულება, განეხორციელებინა შემდეგი საინვესტიციო პროექტები:
„ბ.ა). შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მიღებიდან, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 (ექვსი) კალენდარულ თვეს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღიდან, 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში ე.წ „ანურიის მცირე მთის“ მითითებულ ტერიტორიაზე, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიასთან შეთანხმებული პროექტის საფუძველზე, ეკლესიის მშენებლობა (ეკლესიის მშენებლობისათვის გაწეული ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს ერთ მილიონ აშშ დოლარს) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადაცემა;
ბ.ბ). შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მიღებიდან, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 (ექვსი) კალენდარულ თვეს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღიდან, 45 (ორმოცდახუთი) თვის ვადაში საბაგირო გზის მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეყვანა;
ბ.გ). შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მიღებიდან, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 (ექვსი) კალენდარულ თვეს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღიდან, 39 (ოცდაცხრამეტი) თვის ვადაში არქიტექტურული პროექტის „არგო ბათუმის“ საფუძველზე ე.წ „ანურიის დიდი მთის“ ტერიტორიაზე „არგოს“ ტიპის გასართობი ცენტრის მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეყვანა;
ბ.დ). ხელშეკრულების 3.2 მუხლის ბ.ბ და ბ.გ პუნქტებით გათვალისწინებული პროექტების განხორციელების შემდეგ სამი წლის განმავლობაში აღნიშნულ ობიექტებზე დასაქმებულ მუშა-მოსამსახურეთა არანაკლებ 90% უნდა ყოფილიყო საქართველოს მოქალაქე;
ბ.ე). გასართობი ცენტრის პროფილის შენარჩუნება და საბაგირო გზის გამართული ფუნქციონირება ექსპლუატაციაში შესვლიდან არანაკლებ 15 წლის განმავლობაში“.
2009 წლის 29 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა: ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ: „თუ მყიდველი წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, მაშინ გამყიდველი უგზავნის მყიდველს ვალდებულების შესრულების შესახებ წერილობით მოთხოვნას შესრულების აუცილებელი ვადის (არანაკლებ 3 (სამი) კალენდარული თვისა) მითითებით და „მყიდველი“ უხდის „გამყიდველს“ ჯარიმას: ა) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ინვესტიციის ოდენობა დაიანგარიშება განსახორციელებელი პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით; ბ) ხელშეკრულების სხვა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ყოველ დარღვევაზე ქონების ნორმატიული ღირებულების 0,05%-ს დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე“.
საინვესტიციო ვალდებულებამ ეკლესიის მშენებლობის ნაწილში განიცადა კორექტირება და დადგინდა, რომ მოპასუხეს ერთი მილიონი აშშ დოლარი პირდაპირ უნდა გადაერიცხა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ანგარიშზე, რაც მოპასუხემ ჯეროვნად შეასრულა, ხოლო შესრულება, თავის მხრივ, დაადასტურა აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ. რაც შეეხება გასართობი ცენტრის მშენებლობასა და ექსპლუატაციაში მიღებას, აღნიშული შპს „ჰესტოკ ბათუმმა“ ძირითად ვადაში ვერ დაასრულა და ნასყიდობის ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, 2013 წლის 16 აპრილს წერილობით მოითხოვა დამატებითი სამთვიანი ვადა.
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სამთვიანი დამატებითი ვადა მოპასუხემ გასართობი ცენტრის ნაწილში დარჩენილი საინვესტიციო ვალდებულების შესასრულებლად ითხოვა (ანუ მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის). დამატებით ვადაში - 2013 წლის 26 ივლისს გასართობი ცენტრი მიღებულ იქნა უფლებამოსილი ორგანოს მიერ ექსპლუატაციაში, რის შემდეგაც მოპასუხემ მიმართა აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და მოითხოვა ამ ნაწილში საინვესტიციო ვალდებულების შესრულების დადასტურება, ხოლო 2013 წლის 2 აგვისტოს მოპასუხემ აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარუდგინა როგორც, გასართობი ცენტრის, ასევე საბაგირო გზის ექსპლუატაციაში მიღების აქტები, აუდიტის დასკვნა სამუშაოს დასრულებისა და საინვესტიციო ვალდებულების შესრულების თაობაზე და მოითხოვა საინვესტიციო ვალდებულების სრულად შესრულების დადასტურება და ნასყიდობის საგანზე შეზღუდვების მოხსნა. მოპასუხემ ასევე მოითხოვა მიეწოდებინათ ის საბანკო რეკვიზიტები, რომელ ანგარიშზეც გადაიხდიდა ნასყიდობის ხელშეკრულების 4.2. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს.
აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2013 წლის 19 აგვისტოს №01-10/3724 წერილით შპს „ჰესტოკ ბათუმს“ ეცნობა, რომ საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მას ეკისრებოდა პირგასამტეხლო დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც მთლიანობაში შეადგინა 8 263.47 ლარი და ხელშეკრულების სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის - ქონების ნორმატიული ღირებულების 0.05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც მთლიანობაში შეადგინა 754 444.8 ლარი, ჯამში, სულ 762 708.27 ლარი.
შპს „ჰესტოკ ბათუმმა“ აღიარა ნასყიდობის ხელშეკრულების მესამე მუხლის 3.2 პუნქტის „ბ.გ.“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად ვადაში შეუსრულებლობის ფაქტი, რომელიც მიეკუთვნება საინვესტიციო ვალდებულებას და, შესაბამისად, მის მიერ აღიარებულ იქნა სამინისტროს გადაწყვეტილება ამ დარღვევისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების 4.2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გამოყენებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის გამო მოპასუხემ გადაიხადა პირგასამტეხლოს სახით 8 263.47 ლარი (ჯარიმა საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე), ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების 4.2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გამოყენებასთან დაკავშირებით მოპასუხემ მიიჩნია, რომ ვინაიდან მას საინვესტიციო ვალდებულების გარდა სხვა ვალდებულება არ დაურღვევია, მის მიმართ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული ხელშეკრულების 4.2. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს გარდა ნასყიდობის ხელშეკრულების 3.2 პუნქტის „ბ.გ.“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულებისა (რომელიც მოიცავდა ე.წ „ანურის დიდი მთის“ ტერიტორიაზე „არგოს“ ტიპის გასართობი ცენტრის მშენებლობას და ექსპლუატაციაში შეყვანას და რომელიც მოპასუხემ ჯეროვნად შეასრულა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დამატებით მიცემულ სამთვიან ვადაში), ადგილი არ ჰქონია ხელშეკრულების სხვა პირობების შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას. გაზიარებულ იქნა მოპასუხის მტკიცება, რომ გასართობი ცენტრის მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეყვანა, ხელშეკრულების 3.2 მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენდა ერთიან საინვესტიციო ვალდებულებას, ვინაიდან მშენებლობის დასრულება დასტურდება მხოლოდ ექსპლუატაციაში მიღების აქტით, რომლის უფლებამოსილებაც მხოლოდ ადილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გააჩნია. საინვესტიციო ვალდებულების დარღვევისათვის კი, ამავე ხელშეკრულების 4.2. მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდა, რომელიც მოპასუხემ აანაზღაურა. რაც შეეხება ხელშეკრულების 4.2. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს, სასამართლოს მოსაზრებით, იგი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს მხოლოდ ხელშეკრულების სხვა პირობების შეუსრულებლობისათვის.
2013 წლის 16 აპრილის წერილით მოპასუხემ დამატებითი სამთვიანი ვადა მხოლოდ გასართობი ცენტრის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის მოითხოვა, სხვა საინვესტიციო ვალდებულებები მის მიერ შესრულებული იქნა ძირითად ვადაში, რაც შეეხება ხელშეკრულების სხვა პირობების შეუსრულებლობას, ეს გარემოება არც საქმის მასალებით დასტურდებოდა და ვერც მოსარჩელე მიუთითებდა ხელშეკრულების სხვა რა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოითხოვდა ხელშეკრულების 4.2. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს, რომელიც ქონების ნორმატიული ღირებულების 0,05 %-ით გამოიანაგარიშება.
დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა მართლაც არსებობდა რომლითაც მხარეები სხვა არსებით პირობებთან ერთად შეთანხმდნენ ვალდებულების დარღვევის ან არაჯეროვნად შესრულებისას პირგასამტეხლოს დაკისრებაზეც.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ მოპასუხემ ვერ შეასრულა ხელშეკრულების 3.2. მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულება ძირითად ვადაში და ხელშეკრულების 4.2. მუხლის თანახმად მოითხოვა დამატებით სამთვიანი ვადა, რა ვადაშიც მან ჯეროვნად შეასრულა ვალდებულება. ხელშეკრულების 4.2. მუხლის თანახმად, მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ საინვესტიციო ვალდებულების ძირითად ვადაში შეუსრულებობისას მოპასუხეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო ხელშეკრულების სხვა პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში - ქონების ნორმატიული ღირებულების 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 4.2. მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 8 263,47 ლარი, რომელიც მოპასუხის მიერ გადახდილია. ხელშეკრულების 4.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინეულმა პირგასამტეხლომ კი მთლიანობაში შეადგინა 754 444.8 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმება შეუძლებელია, ვინაიდან სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმის მასალები, კერძოდ, სასამართლოს არ შეუფასებია ხელშეკრულების მე-3 და მე-4 პუნქტები და აუდიტის დასკვნა, რაც წარმოადგენდა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.
კასატორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 417-ე, 419-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ამ ნორმებზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ არასწორად არ დააკმაყოფილა სარჩელი. სასამართლო უსაფუძვლოდ დაეყრდნო მოპასუხის მტკიცებას ხელშეკრულების 3.2 მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულება მყიდველმა ჯეროვნად შეასრულა დამატებით ვადაში. სასამართლოს მსჯელობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დამატებით ვადაში შესრულების თაობაზე ფაქტობრივად მიუთითებს შემძენის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტს. სასამართლოს მსჯელობა ხელშეკრულების 4.2 პუნქტზე არ გამომდინარეობს ამ დათქმის სწორი შეფასებიდან, სადავოს წარმოადგენდა მხოლოდ ხელშეკრულების ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ხელშეკრულების სხვა პირობების დარღვევისას მყიდველი ვალდებულია, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო ქონების ნომინალური ღირებულების 0,05%. ვინაიდან სადავო არაა მყიდველის მიერ ხელშეკრულების 3.2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, სასამართლოს მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინა სამოქალაქო კოდექსის 418-ე და 419-ე მუხლების შესაბამისად.
კასატორმა ასევე წარმოადგინა პრეტენზია განჩინების ფაქტობრივი დასაბუთების ნაწილში და აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა ხელშეკრულებაში განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხის პასუხისმგელობის საკითხი. შპს „ჰესტოკ ბათუმმა“ ვერ უზრუნველყო 2013 წლის 29 აპრილს ე.წ „ანურიის დიდი მთის“ ტერიტორიაზე „არგოს“ ტიპის გასართობი ცენტრის მშენებლობა და ექსპლუატაციაში მიღება, ამ ვალდებულების შესრულებისათვის მყიდველს მიეცა დამატებითი ვადა, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია;
არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ გასართობი ცენტრის მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეყვანა ხელშეკრულების 3.2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთიან საინვესტიციო ვალდებულებას წარმოადგენდა, რომლის დარღვევისთვისაც მყიდველს შეთანხმებული პირგასამტეხლო აქვს გადახდილი.
ხელშეკრულების 3.2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მყიდველის მიერ აღებული ვალდებულება მარტო საინვესტიციო ვალდებულებას არ წარმოადგენდა და მის დარღვევის გამო მას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა;
სააპელაციო პალატამ ასევე არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები მოპასუხეს შესრულებული ჰქონდა, ხოლო ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა და ვერც მოსარჩელე მიუთითებდა სხვა პირობების დარღვევაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 მაისის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე