საქმე №ას-506-479-2014 18 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – უ. მ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ. გ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
უ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შ. გ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ნოტარიუს ე. შ-ას მიერ 2012 წლის 26 აპრილს გაცემული N...... სააღსრულებო ფურცლის გაუქმება ძირითადი თანხის 2640 აშშ დოლარის ნაწილში და შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს განაკვეთის შემცირება 0,01 პროცენტამდე. სარჩელი ემყარება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2012 წლის 26 აპრილს უ. მ-ესა და შ. გ-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შ. გ-მა უ. მ-ეს 3 თვის ვადით საკუთრებაში გადასცა 11 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სარგებელი ყოველთვიურად 4%-ის ოდენობით. ხელშეკრულების პირობების თანახმად, მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში განსაზღვრული იყო პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ასევე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსილი იყო მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველეყო ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. მსესხებლის მიერ ნაწილობრივ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მან მსეხებელს სრულად გადაუხადა სამი თვის სარგებელი და ძირითადი თანხის 2640 აშშ დოლარი. აღნიშნულის მიუხედავად გასაჩივრებული სააღსრულებო ფურცლით მსესხებელს სრულად დაეკისრა გადასახდელად სესხის ძირითადი თანხა 11000 აშშ დოლარი, ასევე პირგასამტეხლოს 2013 წლის 27 იანვრიდან აღსრულებამდე სესხის ძირითადი თანხის 11000 აშშ დოლარის 0,2 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც მოსარჩელის მოსაზრებით წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ საპროცენტო განაკვეთს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სამი თვის ვადით დადებული ხელშეკრულება მხარეთა ზეპირი შეთანხმებით გაგრძელდა. შესაბამისად, მის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხა 3960 აშშ დოლარი წარმოადგენდა სესხისთვის გათვალისწინებულ სარგებელს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილებით უ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ნოტარიუს ე. შ-ას მიერ 2013 წლის 03 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი №...... მოსარჩელეზე 11 000 აშშ დოლარიდან 2 640 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუს ე. შ-ას მიერ 2013 წლის 03 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი №...... მოვალე უ. მ-ისათვის პირგასამტეხლოს სახით 2013 წლის 27 იანვრიდან აღსრულებამდე 11000 აშშ დოლარის 0.2% გადახდის დაკისრების ნაწილში და პირგასამტეხლოს სახით უ. მ-ის ვალდებულება კრედიტორ შ. გ-ის წინაშე განისაზღვრა 4.18 აშშ დოლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 27 იანვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ უ. მ-ესა და შ. გ-ს შორის 2012 წლის 26 აპრილს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ მოსარჩელეს 3 თვის ვადით საკუთრებაში გადასცა 11000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სარგებელი ყოველთვიურად 4%-ის ოდენობით. ხელშეკრულების პირობების თანახმად, მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში განსაზღვრული იყო პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ასევე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორს მიენიჭა უფლებამოსილება მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველეყო ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამასთან, გამსესხებლის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისში, დიდი დიღომი, ი. პ-ის ქ.№15, ბ№43 (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ:№........). ხელშეკრულებით, გათვალისწინებული იქნა მისი ვადის გაგრძელების პირობა, კერძოდ, ვადის გაგრძელება უნდა მომხდარიყო წერილობითი შეთანხმებით, რომელიც საჭიროებდა სანოტარო წესით დამოწმებას.
2012 წლის 26 აპრილს მხარეებს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მიზნით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2013 წლის 27 იანვრამდე გადახდილი აქვს თანხა 3960 აშშ დოლარის ოდენობით.
2013 წლის 3 ივლისს, ნოტარიუს ე. შ-ას მიერ კრედიტორ შ. გ-ის სასარგებლოდ გაცემული იქნა №...... სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს: სესხის თანხა - 11000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლოს სახით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის - 2013 წლის 27 იანვრიდან აღსრულებამდე 11000 აშშ დოლარის 0.2%. სააღსრულებო ფურცლის ამოწერისათვის გადახდილი საზღაური - 124.36 ლარი, ამავე სააღსრულებო ფურცლით დადგენილია იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, იმის თაობაზე, რომ მხარეთა ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე გაგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და მიიჩნია, რომ ვინაიდან მხარეებს შორის 2012 წლის 26 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 3 თვეს და ამასთან, მხარეთა შეთანხმებით ვადის გაგრძელება უნდა მომხდარიყო წერილობითი შეთანხმებით, რომელიც საჭიროებდა სანოტარო წესით დამოწმებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია, ამიტომ სესხის დაბრუნების ვადის შესახებ შეთანხმებული პირობის შეცვლაც, ასევე მოითხოვდა ორივე მხარის მიერ ნების გამოვლენას წერილობითი ფორმით, რომელიც საჭიროებდა სანოტარო წესით დამოწმებას. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებას ადგილი არ ჰქონდა, ხოლო თავად ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, დგინდებოდა, რომ მხარეებს შორის არ არსებობდა შეთანხმება ვალდებულების დარღვევისას საპროცენტო სარგებლის გადახდის შესახებ. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2012 წლის 26 ივლისიდან 2013 წლის 27 იანვრამდე, ის რაც მსესხებელმა გადაიხადა, კერძოდ, 2 640 აშშ დოლარი უნდა ჩათვლილიყო სესხის სახით მიღებული თანხის დაბრუნებად.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა უ. მ-ის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის განჩინებით უ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანიის სასამართლოში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის პრეტენზია პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი განაკვეთით განსაზღვრის თაობაზე და განმარტა, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგამტეხლოს ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე და საქმის გარემოებათა გათვალისწინებით არ არსებობდა მისი შემცირების აუცილებლობა კერძოდ, კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირებული იყო 8360 აშშ დოლარის 0.05%-მდე. შესაბამისად, ნოტარიუს ე. შ-ას მიერ 2013 წლის 03 ივლისს გაცემული №...... სააღსრულებო ფურცელი გაუქმებული იყო ნაწილობრივ და მოვალე უ. მ-ის ვალდებულება პირგასამტეხლოს გადახდის ნაწილში განსაზღვრული იყო 4.18 აშშ დოლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 27 იანვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო. 420-ე მუხლით, რომელიც სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ასევე, სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას და მოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე განმარტა, რომ მართალია ვალდებულების დარღვევის ფაქტის არსებობისას კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვინაიდან, პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. ამდენად, სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილება შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით, უნდა განხორციელდეს საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს მხარეთა ეკონომიკური მდგომარეობა, მათი მოლოდინი ხელშეკრულების შესრულების მიმართ, შესრულების ვადის გადაცილების პერიოდი და ა.შ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უ. მ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება და პირგასამტეხლოს განაკვეთის შემცირება. პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე კასატორის პრეტენზია იმ კუთხითაა დასაბუთებული, რომ გადასახდელ თანხაზე - 8360 აშშ დოლარზე პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 4,18 აშშ დოლარის დარიცხვა მძიმე ტვირთად დაეკისრება მოვალეს, რაც კიდევ უფრო გააუარესებს მის მატერიალურ მდგომარეობას. ამიტომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მისი განაკვეთი უნდა შემცირდეს 0,01 პროცენტამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 09 ივნისის განჩინებით უ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით უ. მ-ე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას, როგორც შეუსაბამოდ მაღალ განაკვეთს და მოითხოვს მის შემცირებას 0,01%-მდე. მოცემულ საქმეზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ 2012 წლის 26 აპრილს ერთი მხრივ, უ. მ-ეს, როგორც „მსესხებელს“/„მესაკუთრეს“ და მეორე მხრივ, შ. გ-ს, როგორც „გამსესხებელს“/„იპოთეკარს“ შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელს გამსესხებელმა 3 თვის ვადით საკუთრებაში გადასცა 11000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სარგებელი ყოველთვიურად 4%-ის ოდენობით. ხელშეკრულების პირობების თანახმად, მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში განსაზღვრული იყო პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ასევე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორს მიენიჭა უფლებამოსილება მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველეყო ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. 2013 წლის 3 ივლისს, ნოტარიუს ე. შ-ას მიერ კრედიტორ შ. გ-ის სასარგებლოდ გაცემული იქნა №...... სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს: სესხის თანხა - 11000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლოს სახით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის - 2013 წლის 27 იანვრიდან აღსრულებამდე 11000 აშშ დოლარის 0.2%. სააღსრულებო ფურცლის ამოწერისათვის გადახდილი საზღაური - 124.36 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილებით უ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ნოტარიუს ე. შ-ას მიერ 2013 წლის 03 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი №...... მოსარჩელეზე 11 000 აშშ დოლარიდან 2 640 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუს ე. შ-ას მიერ 2013 წლის 03 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი №...... მოვალე უ. მ-ისათვის პირგასამტეხლოს სახით 2013 წლის 27 იანვრიდან აღსრულებამდე 11000 აშშ დოლარის 0.2% გადახდის დაკისრების ნაწილში და პირგასამტეხლოს სახით უ. მ-ის ვალდებულება კრედიტორ შ. გ-ის წინაშე განისაზღვრა 4.18 აშშ დოლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 27 იანვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
ამდენად, მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს განაკვეთი 0,2%-დან შემცირდა 0,05%%-მდე და მისმა ოდენობამ გადასახდელი 8360 აშშ დოლარის გათვალისწინებით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგინა 4.18 აშშ დოლარი. თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შემცირებული პირგასამტეხლოს 0,01%-მდე შემცირების აუცილებლობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამ კატეგორიის საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ., სუს 16.02.2015წ.-ის Nას-1198-1140-2014 განჩინება; სუს 16.05.2014წ-ის #as-1200-1145-2013 განჩინება), რომელშიც განმარტებულია სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულება და მიზანი. ასევე, მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობები, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანზომიერი და გონივრული უნდა იყოს და ამასთან, გაუმართლებლად არ უნდა ხელყოს თავად კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი და მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (324,30 ლარი) 70%, რაც შეადგენს 227 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. უ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს - უ. მ-ეს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 02 ივნისს №2 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (324,30 ლარის) 70% – 227 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე