Facebook Twitter

№ას-654-621-2014 10 მარტი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – დ. ა-ი, ლ. კ-ი, გ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ-ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – დავალიანების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სს „ს. ბ-მა“ მოპასუხეების დ. ა-ის, გ. ა-ისა და ლ. კ-ის მიმართ და მოითხოვა:

1. მოპასუხეების – დ. ა-ისა და ლ. კ-ისათვის სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საბ-ო დავალიანების, მათ შორის: ძირი თანხა – 9103.23 ლარი, პროცენტი – 810.01 ლარი და ჯარიმა 4903.06 ლარი, ჯამში 10406.30 ლარის დაკისრება;

2. მოპასუხე დ. ა-ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სს „ს. ბ-ის“ წინაშე საკრედიტო ბარათზე (ე.წ. „ამექსზე“) არსებული დავალიანების, მთლიანობაში 2040.56 ლარის დაკისრება, საიდანაც ძირი თანხა 1654.78 ლარს, მისი პროცენტი 144.18 ლარს, ხოლო ჯარიმა 241.60 ლარს შეადგენდა;

3. დავალიანების დაფარვის მიზნით მოპასუხე გ. ა-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, კერძოდ, ადიგენის ....... მდებარე 600კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობების (სასარგებლო ფართი 169.70კვ.მ; ობიექტი (ბ...ი), ობიექტი (აბანო), ფართი 81.40კვ.მ) სარეალიზაციოდ მიქცევა;

4. დასახელებული საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით სს ,,ს.ბ-ის მოთხოვნების სრულად დაუკმაყოფილებლობის პირობებში მსესხებლის სხვა ქონების აღსასრულებლად მიქცევა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

1. სს „ს. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. მოპასუხე დ. ა-სა და მოპასუხე ლ. კ-ს სოლიდარულად დაეკისრათ სს „ს. ბ-ის“ წინაშე არსებული დავალიანების ძირი თანხის 9103.23 ლარისა და სესხის პროცენტის 810.01 ლარის გადახდა სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ;

3. მოპასუხე დ. ა-ს და მოპასუხე ლ. კ-ს სოლიდარულად დაეკისრათ სს „ს.ბ-ის“ წინაშე არსებულ დავალიანებაზე დარიცხული ჯარიმის სახით გადასახდელი თანხის, 246.53 ლარის ანაზღაურება.

4. მოპასუხე დ. ა-ს სს „ს. ბ-ის“ წინაშე დაეკისრა საკრედიტო ბარათზე (ე.წ. „ამექსზე“) არსებული დავალიანების ძირი თანხის, 1654.78 ლარის გადახდა სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ;

5. სს „ს. ბ-ს“ უარი ეთქვა დ. ა-ისათვის საკრედიტო ბარათზე არსებული პროცენტის 144.18 ლარისა და ჯარიმის 241.60 ლარის დაკისრებაზე;

6. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხე გ. ა-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება – ადიგენის ...... 600კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობები (სასარგებლო ფართი 169.70კვ.მ; ობიექტი (ბ.ი), ობიექტი (აბანო), ფართი 81.40კვ.მ);

7. დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავდა ბ-ის დავალიანებას, აღსასრულებლად მიექცეოდა მოპასუხეების – დ. ა-ისა და ლ. კ-ის სხვა ქონება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. ა-მა, ლ. კ-მა და გ. ა-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით:

1. დ. ა-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი (რომლითაც მოპასუხე დ. ა-ს სს „ს. ბ-ის“ წინაშე დაევალა საკრედიტო ბარათზე (ე.წ. „ამექსზე“) არსებული დავალიანების ძირი თანხის, 1654.78 ლარის გადახდა სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. სს „ს. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

4. დ. ა-ს დაეკისრა სს „ს. ბ-ის“ წინაშე საკრედიტო ბარათზე (ე.წ. „ამექსზე“) არსებული დავალიანების ძირი თანხის – 1500 ლარის გადახდა სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ;

5. სს „ს. ბ-ს“ უარი ეთქვა დ. ა-ისათვის სს „ს. ბ-ის“ წინაშე საკრედიტო ბარათზე (ე.წ. „ამექსზე“) არსებული დავალიანების – 154.78 ლარის დაკისრებაზე;

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მისი განხილვის საგანს წარმოადგენდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დ. ა-ს სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა საკრედიტო ბარათზე (ე.წ. „ამექსზე“) არსებული დავალიანების ძირი თანხა 1654.78 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული გარემოება ზემომითითებული თანხის მოპასუხისათვის დაკისრების უსწორობაზე, კერძოდ, მან დაუსაბუთებლად მიიჩნია გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დ. ა-ს სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა საკრედიტო ბარათზე არსებული დავალიანების 154.78 ლარის გადახდა, შემდეგი გარემოებების გამო:

დადგინდა, რომ დ. ა-მა შეავსო საკრედიტო ბარათის განაცხადი 1500 ლარზე და მიიღო პლასტიკური ბარათი, პინკოდი და პაროლი, რის თაობაზეც შედგა შესაბამისი მიღების აქტი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოთხოვნის დასახელებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად „სს.ბ-ის“ მიერ სასამართლოში წარდგენილ ცნობაზე, რომელიც ბ-მა გასცა და რომლის თანახმად, საკრედიტო ბარათზე დ. ა-ის დავალიანებამ შეადგინა: ძირი თანხა – 1654.78 ლარი, მისი პროცენტი – 144.18 ლარი, ჯარიმა – 241.60 ლარი, ჯამში 2040.56 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დ. ა-ს დაეკისრა სს „ს. ბ-ის“ წინაშე საკრედიტო ბარათზე (ე.წ. „ამექსზე“) არსებული მხოლოდ დავალიანების ძირი თანხის, 1654.78 ლარის გადახდა სს „სს. ბ-ის“ სასარგებლოდ, ხოლო დ. ა-ისათვის საკრედიტო ბარათზე არსებული პროცენტის – 144.18 ლარისა და ჯარიმის – 241.60 ლარის დაკისრებაზე ნაწილში მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა საკრედიტო ბარათზე (ე.წ. „ამექსზე“) გადასახდელი თანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში პროცენტისა და ჯარიმის დაკისრების შესახებ დ. ა-ის გაფრთხილების ფაქტი.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ შესაბამის ნორმებზე მითითებით (სამოქალაქო კოდექსის 625-ე, 868-ე, 416-ე, 418-მუხლები) სწორად განმარტა მხარეთა შორის არსებულ საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით სახელშეკრულებო ურთიერთობა, თუმცა ვინაიდან, საქმის მასალებით არ დგინდებოდა მოპასუხე დ. ა-სა და სს „ს. ბ-ს“ შორის წერილობითი შეთანხმების არსებობის ფაქტი საკრედიტო ბარათის საფუძველზე აღებული სესხის დარღვევისათვის ჯარიმისა და პროცენტის დაკისრების თაობაზე, საკრედიტო ბარათზე (ე.წ. „ამექსზე“) მოპასუხეს პროცენტი და ჯარიმა ვერ დაეკისრებოდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად ამგვარი განმარტებისა, სასამართლომ მოპასუხე დ. ა-ს სს „ს. ბ-ის“ წინაშე დააკისრა 1654.78 ლარი, როგორც საკრედიტო ბარათზე (ე.წ. „ამექსზე“) არსებული დავალიანების ძირი თანხა, მაშინ როდესაც საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდა ის გარემოება, რომ დ. ა-ის მიერ საკრედიტო ბარათის განაცხადი შევსებული იყო 1500 ლარზე და ამ თანხაზე ჰქონდა მას მიღებული პლასტიკური ბარათი, პინკოდი და პაროლი, რის თაობაზეც შედგენილი იყო შესაბამისი მიღების აქტი.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს საკრედიტო ბარათზე (ე.წ. „ამექსზე“) არსებული დავალიანების ძირ თანხად უნდა მიეჩნია 1500 ლარი, ნაცვლად 1654.78 ლარისა.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სს „სს.ბ-ის“ წარმომადგენლის განმარტებით, 1500 ლარზე ზემოთ გადასახდელი თანხა 154.78 ლარი წარმოადგენდა ჯარიმას საკრედიტო ბარათით სარგებლობისას თანხის დროულად გადაუხდელობის გამო. შესაბამისად, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოპასუხე დ. ა-სა და სს „ს. ბ-ს“ შორის წერილობითი შეთანხმების არსებობის ფაქტი, საკრედიტო ბარათის საფუძველზე აღებული სესხის დარღვევისათვის ჯარიმისა და პროცენტის დაკისრების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ სს „სს. ბ-ს“ უარი უთხრა დ. ა-ისათვის საკრედიტო ბარათზე არსებული დავალიანების, 154.78 ლარის დაკისრებაზე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული გარემოება სს „სს.ბ-ის“ წინაშე საკრედიტო ბარათზე (ე.წ. „ამექსზე“) არსებული დავალიანების ძირი თანხის - 1500 ლარის სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბ-ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

მოცემულ შემთხევაში, როგორც დადგინდა, დ. ა-ს შევსებული ჰქონდა საკრედიტო ბარათის განაცხადი 1500 ლარზე და მიღებული ჰქონდა პლასტიკური ბარათი, პინკოდი და პაროლი, რის თაობაზეც შედგა შესაბამისი მიღების აქტი. გარდა ამისა, დადგინდა, რომ დ. ა-ი სარგებლობდა აღნიშნული პლასტიკური ბარათით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მისი დავალიანება 1500 ლარს შეადგენდა. მითითებული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებები საქმის მასალებში წარდგენილი არ იყო და მასზე ვერც აპელანტმა მიუთითა.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. ა-ს სს „ს. ბ-ის“ წინაშე უნდა დაკისრებოდა საკრედიტო ბარათზე არსებული დავალიანების ძირი თანხის, 1500 ლარის გადახდა სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. ა-მა, ლ. კ-მა და გ. ა-მა.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხესთან საბ-ო კრედიტის ხელშეკრულების დადება. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბ-ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საბ-ო კრედიტის ხელშეკრულების დადების ერთ-ერთი არსებითი პირობაა შეთანხმება მის სასყიდელზე. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელემ ვერ შეძლო სარგებელსა და პირგასამტეხლოზე შეთანხმების არსებობის დადასტურება, აქედან გამომდინარე, სასამართლომ მოპასუხე დ. ა-ს არ დააკისრა სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდა. მოსარჩელეს სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, ამიტომ ის უკვე კანონიერ ძალაშია შესული. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მხარეები სათანადო ფორმით არ შეთანხმებულან საბ-ო კრედიტის ხელშეკრულების დადებისათვის აუცილებელ ყველა არსებით პირობაზე (დასტურდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით), ამიტომ საბ-ო კრედიტის ხელშეკრულება დადებულად არ უნდა იქნეს მიჩნეული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ა-ის, ლ. კ-ისა და გ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე ს. უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. ა-ის, ლ. კ-ისა და გ. ა-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მ.ფ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით დაადგინა:

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ა-ის, ლ. კ-ისა და გ. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს: დ. ა-ს, ლ. კ-სა და გ. ა-ს დაუბრუნდეთ მათ საკასაციო საჩივარზე მ. ფ-ის (დ. ა-ის) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება № .., გადახდის თარიღი – 2014 წლის 2 დეკემბერი) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე