Facebook Twitter

საქმე №ას-841-805-2014 23 მარტი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ.ა. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბ.რ.“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - გ.ა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ბ.რ.მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. და გ.ა.ების მიმართ და მოითხოვა სს „ბ. რ.სა“ და მოპასუხეებს შორის 2008 წლის 1 აპრილს გაფორმებული „კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ“ გენერალური ხელშეკრულებისა და 2008 წლის 4 აპრილს დადებული №..... საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება; მოპასუხეებისათვის სესხის ძირითადი თანხის - 265 319.63 აშშ დოლარის, პროცენტის - 157 321.59 აშშ დოლარისა და 145 025.06 აშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება; დავალიანების გადახდევინების მიზნით იპოთეკით დატვირთული ქ.თბილისში, მდებარე 250.40 კვ.მ N6 ბინის, მცხეთის რაიონში მდებარე 5790 კვ.მ და 4000 კვ.მ უძრავი ქონებების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

2008 წლის 1 აპრილს სს „ბ.რ.ასა“ და მსესხებლებს: მ.ა.სა და გ.ა.ს შორის გაფორმდა კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, დაედოთ კონკრეტული ხელშეკრულებები კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ იმ საბაზისო პირობებით, რომელიც გათვალისწინებული იყო ხსენებულ ხელშეკრულებაში და რომლის გაცემაც უნდა მომხდარიყო ბანკის ცენტრალური ფილიალის მიერ.

აღნიშნული ხელშეკრულების 2.1 პუნქტით დადგინდა, რომ კრედიტებით, ოვერდაფტებითა და საბანკო გარანტიებით მსესხებელს უფლება ჰქონდა ეკისრა ვალდებულებები ზღვრული თანხის ფარგლებში (მაქსიმუმ 1 000 000 აშშ დოლარი ან მისი ეკვივალენტი კონვერტირებადი ვალუტით), ხოლო, ამავე ხელშეკრულების 3.1. მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კრედიტებითა და ოვერდრაფტებით სარგებლობისათვის მსესხებელი ვალდებული იყო, ბანკისათვის გადაეხადა საპროცენტო სარგებელი კრედიტის 0.1%-დან 4 %-ის ოდენობით ყოველთვიურად, ხოლო მე-9 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2028 წლის 1 აპრილის ჩათვლით.

2008 წლის 1 აპრილის გენერალური ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფას წარმოადგენს მ. ა.ის კუთვნილი უძრავი ქონებები.

2008 წლის 4 აპრილს სს „ბ.რ.ასა“ და მსესხებლებს: მ. და გ.ა.ებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 272 000 აშშ დოლარით. კრედიტის სარგებლობის ვადა განისაზღვრა 144 თვით და სრულად უნდა დაფარულიყო 2020 წლის 4 აპრილამდე. აღნიშნული ხელშეკრულების 2.5 მუხლის შესაბამისად, კრედიტით სარგებლობისათვის მსესხებელი ბანკს უხდიდა საპროცენტო სარგებელს წელიწადში 14.5%-ს.

მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გასცა სესხი, ხოლო მოპასუხეებს ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გათვალისწინებულ ვადებში სესხის დაფარვის თაობაზე, არ შეუსრულებიათ, რის გამოც დავალიანების ძირი თანხა შეადგენს 265 319.63 აშშ დოლარს, ვადაგადაცილებული პროცენტი - 157 321.59 აშშ დოლარს, მიუღებელი შემოსავალი პროცენტის სახით -145 025.06 აშშ დოლარს (ვადაგადაცილებული პროცენტი).

2012 წლის 13 ნოემბერს მსესხებლებს გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინება და ეცნობათ, რომ დაირღვა სესხის დაფარვის გრაფიკი და მიეცათ დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა მოვალეებს არც დამატებით ვადაში შეუსრულებიათ ნაკისრი ვალდებულება.

მ.ა.მ შესაგებლით მიმართა სასამართლოს და სარჩელი არ ცნო, ხოლო მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე აღძრული ჰქონდა სარჩელი 2010 წელს, სხვაობა არსებულსა და ადრე აღძრულ სარჩელს შორის იყო მხოლოდ ის, რომ ამჯერად მოსარჩელე მოითხოვდა მეტი ოდენობის საურავის დაკისრებას.

თავდაპირველად ბანკის მიერ აღძრული სარჩელი საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით გააუქმა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით ბანკის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოპასუხემ საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

გარდა აღნიშნულისა, მოპასუხემ განმარტა, რომ ბანკმა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულების მოშლისათვის კანონით დადგენილი წესი, რაც გათვალისწინებული იყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-8 და მე-10 პუნქტებით, ასევე სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით.

2012 წლის 13 ნოემბრის შეტყობინებით მოსარჩელე განმარტავდა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება ძალაში იყო, ამასთანავე, მხარეს განუსაზღვრავდა დამატებით 2-კვირიან ვადას არა დავალიანების, არამედ ძირი თანხისა და სარგებლის სრულად დაფარვისათვის. ბანკის მიერ ასევე მოთხოვნილია იმ იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, რომელიც მან გაწია სასამართლო დავისას და ეს დავა სს „ბ.რ.ს“ საწინააღმდეგოდაა დასრულებული. საყურადღებოა, რომ ბანკის წერილობითი შეტყობინება გ.ა.ს საერთოდ არ ჩაბარებია.

გარდა უსაფუძვლობისა, მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ ხანდაზმულიცაა, ხოლო მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში - დაუსაბუთებელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ბ.რ.ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყვეტილად იქნა აღიარებული სს „ბ.რ.ასა“ და მსესხებლებს: მ.ა.სა და გ.ა.ს შორის 2008 წლის 1 აპრილს გაფორმებული „კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ“ გენერალური ხელშეკრულება და 2008 წლის 4 აპრილს დადებული №..... საკრედიტო ხელშეკრულება, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ საკრედიტო დავალიანების ძირითადი თანხის - 265 319.63 აშშ დოლარის, 157 321.59 აშშ დოლარისა და 145 025.06 აშშ დოლარის გადახდა, დავალიანების თანხის ამოღება დადგინდა იპოთეკით დატვირთული მ. ა.ის კუთვნილი შემდეგი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით: ქ.თბილისში, მდებარე 250.40 კვ.მ N6 ბინა; მცხეთის რაიონში მდებარე 5 790 კვ.მ და 4 000 კვ.მ უძრავი ქონება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ა.მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით მ, ა,ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეიცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მ, და გ.ა.ებისათვის სოლიდარულად 145 025.06 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს „ბ.რ.ს“ სარჩელი მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მ.ა.სა და გ.ა.ს სოლიდარულად დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის ანაზღაურება კრედიტის ძირითადი თანხის - 265 319.63 აშშ დოლარის წლიური 14.5%-ის ოდენობით 2013 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2020 წლის 4 აპრილისა, შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცვალა სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილშიც შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 1 აპრილს, ერთი მხრივ, სს „ბ.რ.სა“ და, მეორე მხრივ, მ.ა.სა და გ.ა.ს შორის გაფორმდა კრედიტებისა და საბანაკო გარანტიების გაცემის შესახებ გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ კონკრეტული ხელშეკრულებების დადებაზე საბაზისო პირობებით, რაც გათვალისწინებულ იქნა ამავე ხელშეკრულებით;

ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, კრედიტებით და საბანკო გარანტიებით მსესხებლებს უფლება ჰქონდათ, ეკისრათ ვალდებულებები ზღვრული თანხის ფარგლებში, კერძოდ, მსესხებელთა ჯამური ვალდებულება ბანკის წინაშე განისაზღვრა მაქსიმუმ 1 000 000 აშშ დოლარით ან მისი ეკვივალენტი კონვერტირებადი ვალუტით;

2008 წლის 1 აპრილის გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე, იმავე მხარეებს შორის 2010 წლის 4 აპრილს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც ბანკს წარმოეშვა კრედიტის გაცემის ვალდებულება ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 30 დღის ვადაში, ხოლო მსესხებლებმა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით იკისრეს კრედიტის დაბრუნებასა და სარგებლის გადახდის ვალდებულება. კრედიტის ოდენობად განისაზღვრა 272 000 აშშ დოლარი, სარგებლის ოდენობად - წლიური 14.5%. ხელშეკრულების 10.1 პუნქტით, კრედიტისა და დარიცხული საპროცენტო სარგებლის დროულად დაუბრუნებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლოს გადახდა კრედიტის ძირითადი თანხის დავალიანების 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 144 თვე;

2008 წლის 4 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტი მსესხებლებმა სრულად აითვისეს 2008 წლის 5-8 აპრილს;

გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სს „ბ.რ.ასა“ და მ.ა.ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები №.....№...., №....., რომელთა თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა მ. ა.ის კუთვნილი უძრავი ქონებები (მცხეთის რაიონში, მდებარე №....... უძრავი ქონება, ამავე მისამართზე მდებარე №...... უძრავი ქონება და ქ.თბილისში, მდებარე №.. ბინა);

2008 წლის 4 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულების მე-8 მუხლის 4.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა გარემოება, როდესაც მსესხებლები დაარღვევენ კრედიტისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვის შეთანხმებულ გრაფიკს ზედიზედ ორჯერ მაინც და სრულად არ დაფარავენ მიმდინარე დავალიანებას ბანკის მიერ დამატებით მიცემულ ორკვირიან ვადაში. ამავე პუნქტის შესაბამისად, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის ნაწილობრივი გადახადა არ ჩაითვლებოდა გრაფიკის შესრულებად;

საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას მსესხებლები არღვევდნენ სისტემატურად, რის საფუძველზეც სს „ბ.რ.მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით სს „ბ.რ.ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყვეტილად იქნა აღიარებული მხარეთა შორის 2008 წლის 1 აპრილის „კრედიტისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ“ გენერალური ხელშეკრულება და 2008 წლის 4 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულება. გ.ა.სა და მ.ა.ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 322 492. 32 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 265 319.63 აშშ დოლარი შეადგენდა ძირითად თანხას, 22 544.65 აშშ დოლარი - დარიცხულ პროცენტს, 34 628.04 აშშ დოლარი - პირგასამტეხლოს. დავალიანების გადახდევინება დადგინდა იპოთეკით დატვირთული მ. ა.ის კუთვნილი უძრავი ქონებებიდან;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება. სს „ბ.რ.ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული;

მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, დავალიანება შეადგენს შემდეგს: ძირითადი თანხა - 265 319.63 აშშ დოლარი, ვადაგადაცილებული პროცენტი - 157 321.59 აშშ დოლარი, მიუღებელი შემოსავალი - 2013 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 4 აპრილამდე - 145 025 აშშ დოლარი;

საქმეში წარმოდგენილი სს „ბ.რ.ს“ 2012 წლის 13 ნოემბრის წერილებში (რომლის ადრესატები არიან მ.ა. და გ.ა.). აღნიშნულია: „თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად, „ბ.რ.ასა“ და თქვენ შორის არსებული №...... საკრედიტო ხელშეკრულება არ შემწყდარა და შესაბამისად სესხზე გაგრძელდა საპროცენტო სარგებლის დარიცხვა წლიური 14.5%-ის ოდენობით. სამწუხაროდ დღემდე, მიუხედავად ჩვენი არა ერთი შეხვედრისა, თქვენ არ იხდით სესხსა და დარიცხულ პროცენტს. ჩვენ ვართ უფლებამოსილი წარმოვადგინოთ სს „ბ.რ.“ მის მიერ გაცემული რწმუნებულების საფუძველზე და ამ წერილით, გვინდა განგისაზღვროთ დამატებითი ვადა საკრედიტო დავალიანების სრულად შესასრულებლად მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ 2012 წლის 30 ნოემბრამდე დაფარავთ ბანკის მოთხოვნებს 322 492.32 აშშ დოლარის ოდენობით და ბანკის მიერ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯს - 30 508.41 ლარს, ბანკი გამოხატავს მზაობას, საკრედიტო ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალებები გააუქმოს. თუ თქვენ არ ისარგებლებთ ამ შესაძლებლობებით, სს „ბ.რ.“ იტოვებს უფლებას, მოითხოვოს სესხის სრულად დაბრუნება, დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად, ასევე მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს უზრუნველყოფის საშუალებების რეალიზაციის გზით მოთხოვნის სრულად დასაფარავად“;

სასამართლოს შეფასებით, სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, 2012 წლის 13 ნოემბრის წერილი წარმოადგენს ბანკის მხრიდან მსესხებლებისათვის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით გაფრთხილებისა და ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადის განსაზღვრის დამადასტურებელ მტკიცებულებას, რადგანაც მითითებული ნორმა გულისხმობს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა ნამდვილი ნების დადგენას, რომლის განმარტება უნდა განხორციელდეს განსამარტ ტექსტთან მჭიდრო კავშირში. ნების განმარტება ფაქტის ადეკვატური უნდა იყოს. ნების გამოვლენის განმარტებისას მნიშვნელოვანია არა იმის გათვალისწინება, თუ რა სახითაა იგი ფორმულირებული, არამედ ის თუ მხარეთა რა ინტერესი დგას აღნიშნული ფორმულირების უკან ანუ რა სამართლებრივი შედეგის დადგომა სურთ მხარეებს.

აპელანტი იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ მოცემულ წერილში საუბარი ვალდებულების სრულად შესრულებაზე იყო, თუმცა, სასამართლოს შეფასებით, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ კრედიტორი დამატებით ვადაში ითხოვდა ვალდებულების შესრულებას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 16 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა „ბ.რ.ს“ სარჩელი საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ იმ მოტივით, რომ არ იყო დაცული სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, კრედიტორს არ დაუწესებია დამატებითი ვადა, რაც მას ართმევდა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შესაძლებლობას. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით განპირობებული მოტივებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოვალე კვლავ არ ასრულებდა ვალდებულებას, კრედიტორის ინტერესი სწორედ მოვალისათვის დამატებითი ვადის დაწესებაში მდგომარეობდა, რაც მას მისცემდა შესაძლებლობას, კანონითა და ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების დაცვით, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოეთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა. წერილის მიზანი კრედიტორის ამ ინტერესს ემსახურებოდა, რაც მოვალესაც გააზრებული უნდა ჰქონოდა. მხოლოდ იმ გარემოებაზე აპელირება, რომ წერილში ვალდებულების შესრულების სრულად მოთხოვნაზე იყო საუბარი და არა მიმდინარე დავალიანების დაფარვაზე, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მოვალეს ვერ შეუქმნიდა ისეთ წარმოდგენას, რომ ამ წერილის მიზანი არ იყო მოვალისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრა;

საკრედიტო ხელშეკრულების 13.4 მუხლის მიხედვით, მსესხებლების საცხოვრებელ ადგილზე გაგზავნილი წერილები და შეტყობინებები ითვლებოდა მათ მიერ მიღებულად, მიუხედავად იმისა, ემთხვეოდა თუ არა მათი რეალური საცხოვრებელი ადგილი წერილის გაგზავნის დღეს ბანკისათვის ცნობილ მისამართს, თუ ახალი საცხოვრებელი ადგილის და იქ გადასვლის თარიღის შესახებ მსესხებლები წერილობით წინასწარ არ აცნობებდნენ ბანკს. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, მსესხებლებმა მიუთითეს, რომ მათი საცხოვრებელი ადგილი ქ.თბილისში, ..... მდებარე №6 ბინა იყო, ხოლო საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების ბარათიდან ირკვეოდა, რომ 2012 წლის 13 ნოემბრის შეტყობინება მ.ა.ს 2012 წლის 15 ნოემბერს ჩაბარდა.

დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სესხის ძირითადი თანხისა და ვადაგადაცილებული პროცენტის დაკისრების ნაწილში, გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩენილიყო. ამ კუთხით სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 317ე მუხლის პირველ ნაწილზე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 867-ე მუხლზე და განმარტა, რომ საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა საბანკო კრედიტის სახით. მოსარჩელემ სრულად შეასრულა აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალეებს კრედიტორის წინაშე ვალდებულებები სრულად არ შეუსრულებიათ.

სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა, სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის შესაბამისად, მსესხებელმა ორზე მეტჯერ დაარღვია და, დამატებითი ვადის მიცემის მიუხედავად, მას ვალი არ გადაუხდია, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, ამავე კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, შეეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა და მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.

სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილით, 404-ე, 407-ე, 411-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი. ფულადი ვალდებულების შემთხვევაში, ასეთი ზიანის მოცულობას კანონი განსაზღვრავს მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტის ოდენობით, რომლის გადახდაც მოვალეს ეკისრება დავალიანების დაფარვამდე. ყველა შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ის დანაკლისი, რაც კრედიტორმა შეიძლება რეალურად განიცადოს ხელშეკრულების პირობათა შეუსრულებლობით.

სამოქალაქო კოდექსის 403-ე და 411-ე მუხლების ერთობლივი ანალიზით სასამართლომ განმარტა შემდეგი: მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საკრედიტო დაწესებულებას უნდა მიეღო, სრულიად ლოგიკურია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. სწორედ ამიტომ, გამართლებულია საკრედიტო დაწესებულების შემთხვევაში მიუღებელ ზიანად იმ შემოსავლის მიჩნევა, რომელსაც საკრედიტო დაწესებულება მსესხებლის მიერ სესხით გათვალისწინებულ თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით მიიღებდა.

მოსარჩელე საკრედიტო ხელშეკრულებებით კრედიტისათვის გათვალისწინებული სარგებლის, როგორც მიუღებელი შემოსავლის, მოვალისათვის დაკისრებას ხელშეკრულების სრული ვადისათვის ითხოვდა, რაც არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, დასაბუთებულად იქნა მიჩნეული მხოლოდ კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვამდე პერიოდისათვის გადასახდელი სარგებლის მოვალისათვის დაკისრების ნაწილში.

რაც შეეხება კრედიტის თანხის დაბრუნების შემდგომ პერიოდს, მისთვის სარგებლის გადახდის მოთხოვნა დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული შესაძლო ზიანზე არსებული ვარაუდის უსაფუძვლობის გამო. კრედიტის გამცემის განმარტების შესაბამისად, მისთვის მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენდა თანხა, რასაც იგი მიიღებდა კონკრეტული ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების - მისი ვადის ბოლომდე კრედიტისა და სარგებლის გადახდის შემთხვევაში. ფულის, როგორც ბრუნვაუნარიანი საშუალების საკრედიტო დაწესებულების მიერ ფლობა ქმნის ჩვეულებრივი საქმიანობის განხორციელებით სარგებლის მიღების უპირობო ვარაუდს, თუმცა თანხის დაბრუნების მიუხედავად, შემოსავლის მიღების შეუძლებლობაზე მითითება პალატამ გაუმართლებლად მიიჩნია, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით.

ამ გარემოების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა საკრედიტო ხელშეკრულებათა დარღვევით განპირობებული ზიანის ანაზღაურება ხელშეკრულების შეწყვეტიდან კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვამდე კრედიტისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის გადახდის სახით.

მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში სასამართლომ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია და მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო, მ. და გ.ა.ებს სოლიდარულად უნდა დაკისრებოდათ მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის ანაზღაურება კრედიტის ძირითადი თანხის 265 319.63 აშშ დოლარის წლიური 14.5% -ის ოდენობით 2013 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2020 წლის 4 აპრილისა (საკრედიტო ხელშეკრულების დასრულების დრო).

მიუღებელი შემოსავლის ნაწილში სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, აპელანტის პრეტენზია არ იქნა გაზიარებული, ამ მოსაზრების საპირისპიროდ, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 130-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულება არც დამატებით განსაზღვრულ 14 დღის ვადაში, 2012 წლის 30 ნოემბრამდე, არ შეასრულეს. მოცემული მომენტიდან ბანკს წარმოეშვა ხელშეკრულებიდან გასვლისა და შესაბამის უფლებათა რეალიზაციის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავლის ნაწილში მოთხოვნის უფლება მხარეს წარმოეშვა საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან, 2012 წლის 1 დეკემბრიდან. მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2013 წლის 1 თებერვალს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ა.მ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ - სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, შეფასების საგანს წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება, რა დროსაც, სასამართლომ ბანკის სადავო წერილი დამატებითი ვადის დაწესების თაობაზე სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად შეაფასა და მიიჩნია, რომ ბანკმა დაიცვა სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მოთხოვნა, რაც არასწორია.

მხარეთა შორის გაფორმებული 2008 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების მე-8 მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის დებულების შესაბამისად, საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებას ითვალისწინებს მსესხებლის მიერ გადახდის ვალდებულების ზედიზედ ორჯერ დარღვევისა და ამ დარღვევის გამო დამატებით დაწესებული 2-კვირიანი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, რაც გულისხმობს დამატებით ვადაში მიმდინარე დავალიანებისა და არა მთელი სესხის თანხის დაფარვის მოთხოვნას. სასამართლომ სარჩელის საფუძვლიანობა დაამყარა ბანკის 2012 წლის 13 ნოემბრის წერილს და არ გაითვალისწინა ის გარემოება, თუ რა პირობები წაუყენა მსესხებელს ამ დოკუმენტით კრედიტორმა. წერილის შინაარსიდან გამომდინარე, მოვალეს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ კრედიტორი მოითხოვდა არა მიმდინარე დავალიანების, არამედ მთელი ვალდებულების შესრულებას, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაშიც ბანკი შეწყვეტდა ხელშეკრულებას და მოითხოვდა არა დავალიანების დაფარვას, არამედ ძირი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურებას. სწორედ წერილობითი შეტყობინების შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს კასატორი კრედიტორის მიერ სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მოთხოვნას დარღვეულად, რომელიც ფორმალურ ხასიათს არ ატარებს და კანონის ამგვარი დათქმა მიმართულია მოვალის ინტერესების დაცვისაკენ, რათა მან თავიდან აიცილოს საკრედიტო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის უმძიმესი ფინანსური შედეგი და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ნივთის იძულებითი რეალიზაცია. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მოთხოვნათა განუხრელად დაცვისას ბანკს არ უნდა მისცემოდა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის უფლება თანმდევ შედეგებთან ერთად.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამარლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 სექტემბრის განჩინებით მ.ა.ს სახელმწიფო ბაჟის - 6 000 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. ა.ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მამუკა აბესაძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 სექტემბრის განჩინებით მ.ა.ს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის - 6 000 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით საქმის წარმოება დასრულდა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობით, ხოლო ასეთი შემთხვევისათვის კანონმდებელი ითვალისწინებს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 30%-ის ბიუჯეტში დატოვების აუცილებლობას, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაეკისროს გადავადებული თანხის 30% - 1 800 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ა.ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ მ.ა.ს (პ/N......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის განჩინებით გადავადებული 6 000 ლარის 30% - 1 800 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე