Facebook Twitter

საქმე №ას-143-134-2015 18 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ. დ-ა, გ. და გ. შ-ბი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ. ბ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სოლიდარული ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „პ. ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. დ-ას, გ. და გ. შ-ბის მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეებს სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 15.424.33 აშშ დოლარის გადახდა, დავალიანების გადახდის მიზნით, ოზურგეთის სოფელ ნ-ში მდებარე (ს/კ ........) იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა.

მოსარჩელის მითითებით, 2013 წლის 25 ივნისს სს „პ. ბ-სა“ და გ. შ-ეს შორის დაიდო №...... გენერალური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გაფორმებული შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებით მოსარჩელემ გასცა კრედიტი – 10807 აშშ დოლარი 35 თვის ვადით 24 % სარგებლით.

საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა გ. შ-ის ქონებაზე №...... იპოთეკის და №...... სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება.

მსესხებელმა დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მნიშვნელოვნად გადააცილა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკს, რის შესახებაც მსესხებელი ბანკმა არაერთხელ უშედეგოდ გააფრთხილა.

მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, სადავო დავალიანების არსებობის ფაქტი დაადასტურეს და მიუთითეს, რომ თანხა ვერ დაფარეს შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „პ. ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ, №...... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების – 15.424.33 აშშ დოლარის გადახდა (ძირითადი თანხა – 10.807 აშშ დოლარი, სარგებელი – 4332.58 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო – 284.75 აშშ დოლარი). №...... საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გ. შ-ეს, გ. შ-სა და დ. დ-ასათვის სოლიდარულად დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით დადგინდა, რეალიზებულ იქნას გ. შ-ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული ქ. ოზურგეთში, სოფელ ნ-ში მდებარე (ს/კ ......) უძრავი ქონება, №...... საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარული მევალეებისთვის დაკისრებული 15.424.33 აშშ დოლარის გადახდა განხორციელდეს მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონებიდან.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა ნაწილობრივ, მე-4 და მე-5 პუნქტები, გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა ერთ-ერთი სოლიდარული მოპასუხე გ. შ-ე. მოპასუხეებს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოსათვის არ მიუმართავთ. ამასთან, ისინი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული სუბიექტები არ არიან და სასამართლოს მათთვის გადაწყვეტილების გაგზავნის ვალდებულება არ ეკისრებოდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტების მიმართ გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა უნდა აითვალოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღიდან – 2014 წლის 26 ნოემბრიდან (2014 წლის 27 ოქტომბრიდან 30-ე დღე) და აღნიშნული ვადა ამოიწურა 2014 წლის 10 დეკემბერს.

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ აპელანტებმა სააპელაციო საჩივარი წარადგინეს 14-დღიანი ვადის დარღვევით – 2014 წლის 30 დეკემბერს. იგივე თარიღია დასმული სააპელაციო საჩივრის ბოლოს.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 374-ე, 369-ე, 2591 მუხლებით და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დ. დ-ამ, გ. და გ. შ-ებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების გამოცხადების დღიდან 21-ე და შემდგომ რამდენიმე დღის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორები მიმართავდნენ რაიონულ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ მოსამართლის თანაშემწე (ლ. დ-ა) ეუბნებოდა, რომ გადაწყვეტილება არ იყო ხელმოწერილი, მოსამართლე ნ. ც-ე იმყოფებოდა შვებულებაში და მას უნდა დაელოდებოდნენ, ხოლო ვადის ათვლა დაიწყებოდა მოსამართლის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების მათთვის გადაცემის შემდეგ. მოსამართლე ნ. ც-ე შვებულებიდან დაბრუნდა 2014 წლის 6 დეკემბრის შემდეგ, სასამართლო გადაწყვეტილებაზე ხელი მოეწერა 2014 წლის 19 დეკემბერს, ხოლო კერძო საჩივრის ავტორებს გადაეცა 2014 წლის 23 დეკემბერს.

კერძო საჩივრის ავტორებმა განმარტეს, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ ნაწილობრივ, შესაბამისად, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების გარეშე ისინი ვერ მიუთითებდნენ, სასამართლო გადაწყვეტილების რა ნაწილსა და რომელ პუნქტებს ასაჩივრებდნენ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. დ-ას, გ. და გ. შ-ბის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის ვადის დარღვევით შეტანის გამო განუხილველად დატოვების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლისას სააპელაციო პალატას საქმის მასალები სრულყოფილად არ გამოუკვლევია და საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებზე ყურადღება არ გაუმახვილებია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მითითებული ნორმა ადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი ისეთი მხარის ვალდებულებას, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მე-20 დღიდან 30-ე დღის ჩათვლით მიმართოს სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად. აღნიშნული ვალდებულების შესრულებაში, როგორც წესი, იგულისხმება მხარის გამოცხადება სასამართლოში და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შესახებ მოთხოვნის წერილობით წარდგენა სასამართლოსათვის, თუმცა შესაძლებელია, გარკვეული მიზეზების გამო, სასამართლო გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში ვერ მომზადდეს, შესაბამისად, მხარემ მისი ჩაბარება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში ვერ მოახერხოს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით. ასეთ შემთხვევაში მხარისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა მითითებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის შემდეგი დღიდან არ უნდა დაიწყოს, არამედ გასაჩივრების ვადის ათვლის მომენტად უნდა ჩაითვალოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარების დრო.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და სადავოს არ წარმოადგენს, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა სოლიდარულ მოვალეთა და მოპასუხეთაგან ერთ-ერთი – გ. შ-ე, შესაბამისად, მოპასუხეებზე ვრცელდება 2591 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადებულიყვნენ სასამართლოში. აღნიშნულის მიუხედავად, საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი მხარეთა წერილობითი მოთხოვნა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებასთან დაკავშირებით, თუმცა საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მითითებას, რომ აპელანტებმა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ოქტომბრის დასაბუთებული გადაწყვეტილება მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში – 2014 წლის 16-26 ნოემბერს ვერ ჩაიბარეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო – მოცემულ პერიოდში ხელმოწერილი დასაბუთებული გადაწყვეტილების არარსებობის მოტივით.

მოცემულ მსჯელობას საკასაციო სასამართლო აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნ. ც-ის მიერ მიღებული 2014 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების შემდეგ საქმის მასალებში წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის 2014 წლის 11 ნოემბრის ბრძანება 2014 წლის 17 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე მოსამართლე ნ.ც-სათვის კუთვნილი შვებულების მიცემის თაობაზე. ამდენად, 2014 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში – 2014 წლის 16-26 ნოემბერს მოსამართლე შვებულებაში იმყოფებოდა, რაც სარწმუნოდ ხდის კერძო საჩივრის ავტორთა მითითებას, რომ მათ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 21-ე დღიდან რამდენჯერმე მიმართეს სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად, რაც, მოსამართლის თანაშემწის განმარტებით, ვერ მოხერხდა მოსამართლის შვებულებაში ყოფნისას ხელმოწერილი გადაწყვეტილების არარსებობის გამო.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ 2014 წლის 17 დეკემბერს მოპასუხეებს რაიონული სასამართლოს სადავო გადაწყვეტილება გაეგზავნათ ფოსტით (ს.ფ. 101-103).

სააპელაციო პალატამ დაადგინა და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ დ. დ-ა, გ. და გ. შ-ბი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული სუბიექტები არ არიან და რაიონულ სასამართლოს მათთვის გადაწყვეტილების გაგზავნის ვალდებულება არ ეკისრებოდა.

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ აპელანტებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მოთხოვნა არ დაურღვევიათ და მათ მიმართ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა უნდა აითვალოს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების მოპასუხეთათვის ფოსტის მეშვეობით ჩაბარების მომენტიდან, კერძოდ, დ. დ-ას სასამართლო გზავნილი ჩაბარდა 2014 წლის 19 დეკემბერს, ხოლო გ. და გ. შაფაქიძეებს – 2014 წლის 18 დეკემბერს.

სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი მხარეებმა შეიტანეს 2014 წლის 30 დეკემბერს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტებითა და საქმის მასალებით დასტურდება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობათა არსებობა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. დ-ას, გ. და გ. შ-ბის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 იანვრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური