საქმე №ას-247-234-2015 16 მარტი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ.ჩ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – კ.ყ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ.ყ.მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ.ჩ.ის მიმართ პტივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფის, ასევე მორალური ზიანის - 3 000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითოხვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ.ყ.ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზ.ჩ.ს დაევალა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მეორე არხის მეშვეობით, მოსარჩელე კ.ყ.ის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი, მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა მორალური ზიანის 1 500 ლარის ანაზღაურება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 თებერვლის განჩინებით ზ.ჩ.ის სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად, მასვე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სააპელაციო საჩივრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლზე და დადგენილად მიიჩნია, რომ ზ.ჩ.ის წარმომადგენელმა ნ. ბ.მ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი 2015 წლის 9 იანვარს ჩაიბარა;
საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით დადგენილია ნ. ბ.ს, როგორც ზ.ჩ.ის რწმუნებულის უფლებამოსილების ვადა და ფარგლები;
2014 წლის 3 დეკემბერს, როდესაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა, სხდომას ორივე მხარე ესწრებოდა. სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე, 2015 წლის 2 იანვარი, უქმე დღეს დაემთხვა, ხოლო შემდგომი სამუშაო დღე იყო 5 იანვარი, შესაბამისად, მხარეს გადაწყვეტილების ჩაბარების შესაძლებლობა 2015 წლის 5 იანვარს მიეცა. გასაჩივრების მსურველი მხარე სასამართლოში 2015 წლის 5 იანვარს რომ გამოცხადებულიყო და ჩაებარებინა გადაწყვეტილება, მისთვის სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან, 2015 წლის 6 იანვრიდან დაიწყებოდა და 2015 წლის 19 იანვარს (მე-14 დღე) ამოიწურებოდა, თუმცა, ვინაიდან 2015 წლის 19 იანვარი უქმე დღე იყო, გასაჩივრების ბოლო დღე 20 იანვარი იქნებოდა.
მოცემულ შემთხვევაში, ზ.ჩ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღის ვადაში სასამართლოში არ გამოცხადებულა, იგი გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში 2015 წლის 9 იანვარს გამოცხადდა, შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღეს - 3 იანვარს და 2015 წლის 16 იანვარს ამოიწურა;
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 59-ე, 63-ე, 373-ე, 374-ე მუხლებით და რადგანაც ზ.ჩ.მ სააპელაციო საჩივარი 2015 წლის 21 იანვარს წარადგინა, მიიჩნია, რომ მას გასაჩივრების ვადა ორივე ზემოაღწერილ შემთხვევაში გაშვებული ჰქონდა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩვარი შეიტანა ზ.ჩ.მ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის საერთო წესების დაცვით განხილვა შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად ის გარემოება დაუდო, რომ აპელანტი სასამართლოში არ გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, რომელიც უქმე და დასვენების დღეების გათვალისწინებით ამოიწურა 2015 წლის 5 იანვარს, არამედ გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით მოპასუხემ სასამართლოს 2015 წლის 9 იანვარს მიმართა, სასამართლომ კი, მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 3 იანვარს და ამოიწურა 21 იანვარს, ხოლო მხარემ დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა.
აპელანტის წარმომადგენელი 2014 წლის 23 დეკემბრიდან ტელეფონით უკავშირდებოდა მოსართლის თანამშემწეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით. 2014 წლის 31 დეკემბერს 16:01:49 საათზე მოსამართლე ა.კოხრეიძის თანაშემწემ მხარე გადაწყვეტილების ჩასაბარებლად დაიბარა 2015 წლის 5 იანვარს, მითითებულ დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე სასამართლოში გამოცხადებულ ნ.ბ.ს ეცნობა, რომ გადაწყვეტილების ჩაბარება ვერ ხერხდებოდა და განემარტა, რომ მისი გადაცემა შესაძლებელი იქნებოდა მომდევნო დღეს.
2015 წლის 6 იანვარს მოსამართლის თანამშემწე დაუკავშირდა მოპასუხის წარმომადგენელს და აცნობა, რომ გადაწყვეტილების ჩაბარება კვლავ ვერ ხერხდებოდა და განმარტა, რომ იგი შესაძლებელი იქნებოდა მხარეს გადასცემოდა 9 იანვარს. მითითებული გარემოების დადასტურების მიზნით კერძო საჩივარს მხარემ დაურთო ამონაწერი კომპანია „მ….“.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით ზემდგომმა სასამართლომ უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 42.1 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული პირის სასამართლოსადმი მიმართვის უფლება.
ზემოაღნიშნულის გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის მხარემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მოსამართლე ა.კოხრეიძის თანაშემწის - მ.ჩ.ს დაკითხვისა და 2015 წლის 5 იანვარს სასამართლოს შიდა ტელეფონით განხორციელებული ზარის გადამოწმების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მარტის განჩინებით ზ.ჩ.ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ.ჩ.ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ რამდენიმე გარემოებაზე:
საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით გამოწმებული მინდობილობის თანახმად, 2015 წლის 8 თებერვლის ჩათვლით ზ.ჩ.ის ინტერესებს იცავდა ნ. ბ.;
საქალაქო სასამართლომ წინამდებარე საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა 2014 წლის 3 დეკემბერს;
2014 წლის 3 დეკემბრის სხდომის ოქმის თანახმად, გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა როგორც მოპასუხე, ისე მისი წარმომადგენელი;
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2013 წლის 23 დეკემბერი, ხოლო 30-ე დღე - 2015 წლის 2 იანვარი;
საქმეში წარმოდგენილია ხელწერილები, რომელთა შესწავლით ირკვევა ის ფაქტი, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მიმართა და გადაწყვეტილება ჩაიბარა 2015 წლის 8 იანვარს, ხოლო მოპასუხემ - 9 იანვარს;
სააპელაციო საჩივარი ხემოწერილი და სასამართლოში წარდგენილია 2015 წლის 21 იანვარს.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძლით, რომ მისი წარმომადგენელი 2014 წლის 23 დეკემბრიდან მოყოლებული ტელეფონით უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს და დასაბუთებული გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში მოუმზადებლობის გამო, მხარეს იგი ვერ გადაეცა ვერც 2015 წლის 5 იანვარს, როდესაც სასამართლოში გამოცხადდა, მისი გადაცემა მოხერხდა მხოლოდ 9 იანვარს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მხარის ამ მოსაზრებას და ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 2591 მუხლით კი დადგენილია ქცევის შემდეგი წესი: თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, კანონმდებლობა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენას უკავშირებს გარკვეულ წინაპირობებს, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირისათვის ცნობილია სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დღე, მხარე ვალდებულია, გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა და ხელზე ჩაიბაროს გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილება 30-ე დღეს ჩაბარებულად მიიჩნევა.
ამავე ნორმის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. სუსგ დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება).
უდავოა ის ფაქტიც, რომ აპელანტი 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს არ წარმოადგენს, რაც სასამართლოს წარმოუშობდა ვალდებულებას, მისთვის გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნა.
იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარე საპროცესო ვადის დაცვით სასამართლოში არ გამოცხადებულა და არც საკასაციო სასამართლოს დიდი პალატის განმარტების შესაბამისად, გადაწყვეტილების ჩაბარებულად მიჩნევის დღის მომდევნო დღიდან 14 დღეში წარუდგენია სააპელაციო საჩივარი, პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 373-ე მუხლის პირველი ნაწილის სწორი განმარტების გზით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად ზ.ჩ.ის სააპელაციო საჩივარი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩვრის არგუმენტს სასამართლოს ბრალით საპროცესო ვადის დარღვევის შესახებ და განმარტავს, რომ სწორედ 2591 მუხლის პირველი ნაწილით დაადგინა კანონმდებელმა მხარის საპროცესო ვალდებულება, ნორმაში მითითებული ვადის დაცვით ფიზიკურად გამოცხადდეს სასამართლოში, გამოცხადების ვალდებულებას ვერ შეცვლის სატელეფონო კონტაქტი თუ სხვაგვარი კომუნიკაცია სასამართლოსთან, რადგანაც ასეთ შემთხვევაში, საქმეში არ იქნება წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ მხარემ დაიცვა კანონის მოთხოვნა, თავის მხრივ, მას ეძლევა სრული შესაძლებლობა, წერილობით დადასტურდეს სასამართლოს მიერ საპროცესო ვადის დარღვევის ფაქტი, რაც მხარეს ამ გარემოების მტკიცების ტვირთისაგან გაათავისუფლებს, შესაბამისად, გასაჩივრების ვადაც, ასეთ შემთხვევაში დაუკავშირდება დასაბუთებული გადაწყვეტილების ფაქტობრივად გადაცემის მომენტს და მხარე შეძლებს მისი უფლების რეალიზაციას.
ამდენად, სასამართლოს მხრიდან ვალდებულების დარღვევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102 მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, სათანადო დოკუმენტით უნდა დადასტურდეს, რასაც ვერ შეცვლის ვერც მოსამართლის თანაშემწის განმარტება და ვერც კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი „მაგთის“ ამონაწერი, საიდანაც ერთმნიშვნელონად არ დგინდება არც მასში მითითებული სატელეფონო ნომრების მფლობელთა ვინაობა და არც საუბრის შინაარსი, რაც ზ.ჩ.ის შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია, რამდენადაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ გამოითხვს მტკიცებულებებს, რომელთაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. თავის მხრივ, მხარეს არ მიუთთებია იმ გარემოების თაობაზე, თავად რატომ ვერ უზრუნველყო მოპოვება მტკიცებულებისა, რომლითაც დადგინდებოდა დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების ვადის სასამართლოს მხრიდან დარღვევა.
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს მის მიმართ კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის თაობაზე და განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობა, როგორც უფლება არ არის აბსოლუტური, იგი შეიძლება, მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ ლეგიტიმურ შეზღუდვას ემყარებოდეს. ამგვარ შეზღუდვებს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს, რომელთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს მხარის მიერ გასაჩივრების ვადის დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლების რეალიზაცია შეუძლებელი ხდება, ნორმის სხვაგვარი განმარტება სტაბილური მართლმსაჯულების ფარგლებს გასცდება.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა რა მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის საპროცესო ვადის დარღვევის ფაქტი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ეს გარემოება შეუძლებელს ხდის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ.ჩ.ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა მოსამართლის თანაშემწის დაკითხვისა და მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე