საქმე №ა-131-შ-1-2015 16 მარტი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი.ჯ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ჭ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის ჰანოვერის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის ჰანოვერის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ე.ჭ.სა და ი.ჯ-ეს შორის 1999 წლის 24 ივლისს უჯარმის (საქართველო) მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი …...) შეწყდა. წილები არ გათანაბრებულა, ხოლო სასამართლო ხარჯები განაწილდა მხარეთა შორის.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი.ჯ-ემ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2006 წლის 29 აგვისტოდან, ამასთან, ი.ჯ. განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.
შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობით ირკვევა, რომ ი.ჯ-ე კვლავ საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის განჩინებით ი. ჯ. შუამდგომლობა გერმანიის ჰანოვერის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი. ჯ. შუამდგომლობა გერმანიის ჰანოვერის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გერმანიის ჰანოვერის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ე.ჭ.სა და ი.ჯ-ეს შორის 1999 წლის 24 ივლისს უჯარმის (საქართველო) მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი …..) შეწყდა. წილები არ გათანაბრებულა, ხოლო სასამართლო ხარჯები განაწილდა მხარეთა შორის.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი.ჯ-ემ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2006 წლის 29 აგვისტოდან, ამასთან, ი.ჯ. განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.
შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობით დასტურდება, რომ ი.ჯ-ე კვლავ საქართველოს მოქალაქეა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის ჰანოვერის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ჯ. შუამდგომლობა გერმანიის ჰანოვერის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ჰანოვერის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ე.ჭ.სა და ი.ჯ-ეს შორის 1999 წლის 24 ივლისს უჯარმის (საქართველო) მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი …..) შეწყდა, მხარეთა შორის წილები არ გათანაბრებულა, ხოლო სასამართლო ხარჯები განაწილდა მათ შორის.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე