Facebook Twitter

საქმე №ა-693-შ-19-2012 27 მარტი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ჩ. რ., ჩ. ს. ს.

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.გ.

დადგენილებები, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – ჩესკე ბუდეიოვიცეს საოლქო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრისა და 2010 წლის 12 ნოემბრის დადგენილებები

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჩესკე ბუდეიოვიცეს საოლქო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის დადგენილებით მსჯავრდებულ ლ.გ.ს დაეკისრა სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯის – 6 000 ჩეხური კრონის ანაზღაურება დადგენილების მიღებიდან 15 დღის ვადაში, ამავე სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის დადგენილების თანახმად კი, სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურების ხარჯის 340,226 ჩეხური კრონის გადახდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ჩეხეთის რესპუბლიკის ჩესკე ბუდეიოვიცეს საოლქო სასამართლომ და მოითხოვა ზემოაღნიშნული დადგენილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, კერძოდ, დაკისრებული თანხის ანაზღაურების მიზნით მოწინააღმდეგე მხარის მატერიალური ღირებულების მქონე ქონების გაყიდვა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით დასტურდება, რომ ჩესკე ბუდეიოვიცეს საოლქო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 19 ოქტომბერს, ხოლო 2010 წლის 12 ნოემბრის დადგენილება – 2010 წლის 23 ნოემბერს, ასევე ირკვევა, რომ დადგენილებები მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. დადასტურებულია, რომ ლ.გ. საქმის განხილვის თაობაზე სათანადოდ იყო ინფორმირებული, ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სამისამართო ამონაწერის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარე ლ.გ. საქართველოს მოქალაქეა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, ჩეხეთის რესპუბლიკის ჩესკე ბუდეიოვიცეს საოლქო სასამართლოს შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრისა და 2010 წლის 12 ნოემბრის დადგენილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებებს გამო:

უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ და მე-2 მუხლებზე, რომლებითაც განსაზღვრულია, როგორც ამ კანონის მოქმედების სფერო, ისე მისი იურიდიული ძალა საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან მიმართებით. კანონის პირველი მუხლის თანახმად, იგი განსაზღვრავს, თუ რომელი სამართლებრივი წესრიგი გამოიყენება უცხო ქვეყნის სამართალთან დაკავშირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, აგრეთვე საპროცესო სამართლის იმ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება ასეთი საქმის წარმოებისას, თავის მხრივ, კანონის მე-2 მუხლით აღიარებულია, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

კანონის ეს დებულება გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციითა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განმტკიცებული კანონის იერარქიის პრინციპიდან.

მითითებული ნორმების ანალიზის საფუძვლეზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო უპირველესად ამოწმებს არსებობს თუ არა ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოს და იმ უცხო ქვეყანას შორის, რომლის იუსტიციის კომპეტენტური დაწესებულების მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც უნდა მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე. ასეთის არსებობის შემთხვევაში, მოწმდება ეროვნული მატერიალური და საპროცესო ნორმების შესაბამისობა საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებასთან და სწორედ ამის შემგომ მიიღება გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა თუ მასზე უარის თქმის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ საქართველოს არ აქვს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულება, საქმის განმხილველი სასამართლო ადგენს შუამდგომლობის აღმძვრელი პირის მოთხოვნის შესაბამისობას ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ მართლწესრიგთან.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის მეშვეობით გადმოეცა ჩეხეთის რესპუბლიკის ჩესკე ბუდეიოვიცეს საოლქო სასამართლოს შუამდგომლობა, სისხლის სამართლის საქმის წარმოების გამო, ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ გაწეული ხარჯების საქართველოს მოქალაქისათვის დაკისრების თაობაზე. მომართვის თანახმად, შუამდგომლობა საკასაციო სასამართლოს გადმოეცა „სამოქალაქო საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე იურიდიული დახმარების შესახებ“ სსრკ-სა და ჩეხოსლოვაკიას შორის 1982 წლის 12 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების, ასევე „საერთასორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, უცხო ქვეყნის შუამდგომლობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ წერილობით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელთა პასუხადაც საკასაციო სასამართლოს ეცნობა, რომ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, საქართველო დარჩენილიყო ზემოხსენებული ხელშეკრულების სამართალმემკვიდრედ, მანამ, სანამ ქვეყანა შეუერთდება სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი დახმარების შესახებ ჰააგის კონვენციას.

საკასაციო პალატა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული წერილის შეფასებით მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება სამართლებრივი დახმარების თაობაზე არ არსებობს, ასეთ ვითარებაში კი, უნდა შემოწმდეს, ეროვნული კანონმდებლობა იძლევა თუ არა შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველს.

განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის იურიდიული ინტერესს ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქის მიმართ ნაწარმოები სისხლის სამართლის საქმეზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება წარმოადგენს, სწორედ ამ მიზნით ითხოვა მან ჩესკე ბუდეიოვიცეს საოლქო სასამართლოს დადგენილებათა საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლზე, რომლითაც რეგულირებულია უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხი, ხოლო აღსასრულებლად მიქცევის წესი და პირობები, განსაზღვრულია ამავე კანონის 70-ე მუხლით, რომლის პირველი პუნქტი აღსრულებას დაქვემდებარებულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე გამოტანილ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებს. ნორმის ეს პირობა კი, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არაა, რამდენადაც დადგენილებები, რომელთა აღსასრულებლად მიქცევაც მხარეს სურს, გამოტანილია სისხლის სამართლის საქმეზე. საკასაციო პალატის შეფასებით, ის გარემოება, რომ შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილებები საქართველოში მოქმედი სამართლის ნორმების შესაბამისად, არ ექვემდებარება აღსასრულებლად მიქცევას, საფუძველს აცლის მხარის იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც, რომელიც ამ დადგენილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შეეხება, რამდენადაც მხოლოდ გადაწყვეტილებების (დადგენილებების) ცნობით შუამდგომლობის ავტორის იურიდიული ინტერესი დავის მიმართ ვერ დაკმაყოფილდება.

ამ თვალსაზრისით საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე: ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც შეეხებოდა უკრაინის სასამართლოს განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას (განაჩენის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას გაწეული ხარჯის ანაზღაურება დაეკისრა საქართველოს მოქალაქეს, რომლის საწინააღმდეგოდაც დასრულდა სასამართლო პროცესი), საკასაციო სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიუთითა უკრაინასა და საქართველოს შორის არსებულ მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებაზე, რომლიც განაჩენის აღსასრულებლად მიქცევას მხოლოდ სამოქალაქო სარჩელის ნაწილში ითვალისწინებდა, ხოლო ეროვნულ კანონმდებლობასთან განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის მართლზომიერების შემოწმებით პალატამ დაადგინა, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სამართლებრივ პრინციპებს (იხ. სუსგ Nა-415-შ-28-07, 30 აპრილი, 2007 წელი).

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ „საერთასორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოში უცხო ქვეყნის სამართლის იმ ნორმების გამოყენებას, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. ამავე კანონის 64-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით იმპერატიულადაა დადგენილი სამართლებრივ დახმარებაზე უარის თქმა, თუ შუამდგომლობის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს, ხოლო 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სწორედ ამავე საფუძვლით არ ხდება გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ამ აკრძალვების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს რამდენიმე გარემოებაზეც:

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით დასტურდება, რომ ლ.გ. დამნაშავედ იქნა ცნობილი ძარცვის ჩადენაში;

2009 წლის 19 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, ლ.გ.სათვის სისხლის სამართლის საქმის წარმოებისათვის 6 000 ჩეხური კრონის დაკისრების საფუძველი მის ბრალდებულად ცნობაა;

2010 წლის 12 ნოემბრის დადგენილების თანახმად კი, სისხლის სამართლის საქმის წარმოების პერიოდში ბრალდებულს, კანონის თანახმად, უნდა ჰყოლოდა დამცველი, მაგრამ იგი თვითონ არ აირჩია და მას დაენიშნა ადვოკატი, რომელსაც სახელმწიფომ მისცა კომპენსაცია;

კომპენსაციის გადახდა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ არ არსებობდა უფასო დაცვა ან დაცვის დაბალი ტარიფი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სავალდებულო დაცვის ინსტიტუტს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლი კი, ამომწურავად განსაზღვრავს იმ შემთხვევათა წრეს, როდესაც დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე ხორციელდება. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაცვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს, თუ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა და სისხლის სამართლის საქმეში არ მონაწილეობს ბრალდებულის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით). უფრო მეტიც, ნორმის მე-4 ნაწილი გვთავაზობს შემდეგ რეგულაციას: დაცვის სახელმწიფოს ხარჯზე განხორციელების შემთხვევაში სახელმწიფო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიღებს დაცვისათვის საჭირო სხვა ხარჯებსაც, თუ ეს ხარჯები პირდაპირაა დაკავშირებული ბრალდებულის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებასთან.

საყურადღებოა, რომ საპროცესო კანონმდებლობა 90-ე მუხლში იძლევა საპროცესო ხარჯების ცნებას, ასევე გათვალისწინებულია მათი ანაზღაურების წესი, თუმცა 91-ე მუხლის პირველი ნაწილით, ადვოკატის მომსახურებასთან მიმართებით კანონი ითვალისწინებს შემდეგს: ბრალდებულის ადვოკატის მომსახურების ხარჯს აანაზღაურებს უშუალოდ ბრალდებული, ხოლო თუ დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე ხორციელდება – სახელმწიფო ბიუჯეტი. ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ ამ ნორმათა შეფასებით, საკასაციო პალატა მიდის დასკვნამდე, რომ ჩესკე ბუდეიოვიცეს საოლქო სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის დადგენილება ეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ სამართლებრივ პრინციპებს, რაც ასევე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჩეხეთის რესპუბლიკის ჩესკე ბუდეიოვიცეს საოლქო (სამხარეო) სასამართლოს შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრისა და 2010 წლის 12 ნოემბრის დადგენილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე