№ას-1201-1143-2014 2 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ე. ს-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ე. ს-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. გ-ის მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე, შემდეგი დასაბუთებით:
2012 წლის 01 აგვისტოს ე. ს-ასა და ზ. უ-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ აიღო სარგებლიანი სესხი 25000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა სარგებლის 28000 აშშ დოლარის ჩათვლით მოსარჩელეს სამ თვეში უნდა დაებრუნებინა. 2013 წლის 11 ოქტომბერს ზ. უ-მა ე. ს-ას მიმართ არსებული ფულადი მოთხოვნიდან ნაწილი 4000 აშშ დოლარი დაუთმო თავის მეუღლეს ნ. გ-ს. ნ. გ-მა 2013 წლის 02 დეკემბერს მიმართა ნოტარიუს ს. მ-ეს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა. ნოტარიუსმა ს. მ-ემ 2013 წლის 02 დეკემბერს გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც ე. ს-ას დაეკისრა ნ. გ-ის სასარგებლოდ გადასახდელად: სესხის ძირი თანხა 4000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2013 წლის 02 მარტიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0,15%, სააღსრულებო ფურცლის ხარჯი 124,36 ლარი.მოსარჩელის განმარტებით, ნოტარიუსის მიერ არასწორად მოხდა სააღსრულებო ფურცელში მოსათხოვი თანხის მითითება, ვინაიდან, მას კრედიტორისთვის გადახდილი აქვს ძირი თანხის ნაწილი, კერძოდ, 2013 წლის 9 მაისს 500 აშშ დოლარი. ე. ს-ას მითითებით, მას პირგასამტეხლოც არასწორად აქვს დაკისრებული, ვინაიდან ზ. უ-მა მოთხოვნა დათმო 2013 წლის 11 ოქტომბერს, შესაბამისად 11 ოქტომბრიდან უნდა ეკისრებოდეს გადასახდელი თანხის 0,15 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელის განმარტებით, პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და ის უნდა შემცირდეს. ე. ს-ამ მოითხოვა სააღსრულებო ფურცელში განსაზღვრული ძირი თანხის შემცირება 500 აშშ დოლარით და ასევე პირგასამტეხლოს შემცირებაც.
მოპასუხემ სარჩელი ცნო პირგასამტეხლოს 0,03 %-მდე შემცირების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას შემდეგი დასაბუთებით:
ზ. უ-ის მიერ ნ. გ-ისთვის მისი უფლების მხოლოდ ნაწილის დათმობა მოხდა და ის თანხა, რომელიც მოვალეს უ-ისთვის აქვს გადახდილი, გადახდილია ცესიის ხელშეკრულების გაფორმებამდე. მოპასუხის განმარტებით გაუგებარია, თუ რატომ უნდა გამოაკლდეს 2013 წლის 03 მაისს უ-ისთვის გადახდილი 500 აშშ დოლარი 2013 წლის 11 ოქტომბრის ცესიის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნ. გ-ის ძირ თანხას, მაშინ როდესაც ზემოხსენებული თანხის გადახდის მომენტისათვის ე. ს-ას გააჩნდა ზ. უ-ის მიმართ 2012 წლის 01 აგვისტოს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულება, რომლის თანახმადაც მან ზ. უ-სგან სესხის სახით აიღო 25000 აშშ დოლარი 4%-ის დარიცხვით, ანუ თვეში მხოლოდ პროცენტი შადგენდა 1000 აშშ დოლარს, ხოლო სამი თვის შემდეგ მას უწევდა პირგასამტეხლო 0,15% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, ანუ თვეში პირგასამტეხლო 1125 აშშ დოლარი. ე. ს-ას მიერ ზ. უ-ისთვის გადახდილი 500 აშშ დოლარი წარმოადგენს ყოველთვიური პირგასამტეხლოს მხლოდ ნაწილს და აღნიშნული თანხა არ უნდა გამოაკლდეს სესხის ძირ თანხას. ე. ს-ას ზ. უ-ისთვის არც სარგებელი და არც პირგასამტეხლო გადახდილი არ აქვს და შესაბამისად არ უნდა გამოაკლდეს სესხის ძირ თანხას მის მიერ გადახდილი 500 აშშ დოლარი, რომელიც ერთი თვის სარგებელიც კი არ არის. ასეც რომ იყოს და ზ. უ-ისთვის გადახდილი 500 აშშ დოლარი სესხის ძირ თანხას, 25000 აშშ დოლარს გამოაკლდეს, ზ. უ-ს მაინც რჩება ე. ს-ასთვის 24500 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება და ამ თანხიდან მას თავისუფლად შეეძლო დაეთმო ნ. გ-ისთვის 4000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება. მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ უნდა გამოაკლდეს 2013 წლის მაისში გადახდილი თანხა 2013 წლის ოქტომბერში გაფორმებული ცესიის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას, მაშინ როდესაც უფლების დამთმობის, ანუ ზ. უ-ისთვის არსებული ვალდებულება დღესაც არ შესრულებულა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 ივნისის განჩინებით ე. ს-ას სარჩელი ნ. გ-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შევიდა ცვლილება ნოტარიუს ს. მ-ის მიერ 2013 წლის 2 დეკემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში იმდაგვარად, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ძირითადი თანხის ( 4000 აშშ დოლარის ) 0,03%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 2 მარტიდან მსესხებლის მიერ ვალდებულების სრულ შესრულებამდე. უარი ეთქვა ე. ს-ას ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შტანაზე იმ მიმართებით, რომ სესხის ძირითადი თანხა შემცირდეს 500 აშშ დოლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ს-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ე. ს-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2012 წლის 1 აგვისტოს ე. ს-ასა და ზ. უ-ს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება 3 თვის ვადით, 2012 წლის 1 ნოემბერამდე. ხელშეკრულების თანახმად, ზ. უ-მა ე. ს-ას ასესხა 25 000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 4 %-იანი სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადასახდელი თანხის 0.15 %-ის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებლის მიერ წინასწარ იქნა გადახდილი პირველი თვის სარგებელი. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ე. ს-ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება (ტ. I. ს.ფ. 12-20).
ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად, გადახდილი თანხა პირველ რიგში მოემსახურებოდა პირგასამტეხლოს გადახდას, შემდეგ სარგებელს და შემდეგ ძირი თანხის გასტუმრებას (ტ. I. ს.ფ. 15).
ხელშეკრულების 28-ე პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერი ცვლილება შეიძლებოდა განხორციელებულიყო მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე (ტ. I. ს.ფ. 19).
მხარეთა შორის სადავო არ იყო, რომ ზ. უ-მა ე. ს-ასგან მიიღო 2012 წლის ოქტომბრის თვეში 1000 აშშ დოლარი, 2012 წლის ნოემბრის თვეში 1000 აშშ დოლარი, 2012 წლის დეკემბრის თვეში 1000 აშშ დოლარი, 2013 წლის იანვრის თვეში 1000 აშშ დოლარი და 2013 წლის თებერვლის თვეში 600 აშშ დოლარი (ტ. I. ს.ფ. 87). გარდა ამისა მოსარჩელემ წარმოადგინა 2013 წლის 9 მაისის ხელწერილი, რომლის თანახმად ზ. უ-ი ადასტურებს, რომ მიიღო სარგებელი 500 აშშ დოლარი (ტ. I. ს.ფ. 29).
2013 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულებით კრედიტორმა ზ. უ-მა ნ. გ-ს დაუთმო მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხიდან 25 000 აშშ დოლარიდან 4000 აშშ დოლარზე და მისგან გამომდინარე დამატებით მოთხოვნებზე (ტ. I. ს.ფ. 22-24).
2013 წლის 2 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი კრედიტორ ნ. გ-ის სასარგებლოდ მოვალე ე. ს-ას წინააღმდეგ, რომლის თანახმად სესხის ძირითადი თანხა განისაზღვრა 4000 აშშ დოლარის ოდენობით, პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,15 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 02 მარტიდან მსესხებლის მიერ ვალდებულების სრულად შესრულებამდე (ტ. I. ს.ფ. 22-24).
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მსჯელობა, რომ სესხის ძირითად თანხას 4000 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს მოსარჩელის მიერ გადახდილი 500 აშშ დოლარი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოთხოვნის დათმობის დროისათვის კრედიტორის ძირითადი მოთხოვნა მოვალის მიმართ აღემატებოდა 4000 აშშ დოლარს და შესაბამისად მას შეეძლო დაეთმო აღნიშნული მოთხოვნა სხვა პირისათვის. ამდენად, არ არსებობდა მოთხოვნის დათმობამდე გადახდილი თანხის გათვალისწინებით დათმობილი მოთხოვნის, 4000 აშშ დოლარის შემცირების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ ნოტარიუსის მიერ 2013 წლის 2 დეკემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში გადასახდელ ძირ თანხად მართებულად განისაზღვრა 4000 აშშ დოლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ძირითადი თანხის (4000 აშშ დოლარის) 0, 03 %-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 2 მარტიდან მსესხებლის მიერ ვალდებულების სრულ შესრულებამდე. აპელანტი გადაწყვეტილებას ამ ნაწილში ასაჩივრებდა იმ საფუძვლით, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა მომხდარიყო 2013 წლის 11 ოქტომბრიდან, ანუ იმ თარიღიდან, როდესაც მოხდა 2013 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულებით ზ. უ-ის მიერ ნ. გ-ისათვის სესხის ძირითადი თანხიდან 25 000 აშშ დოლარიდან 4000 აშშ დოლარზე და მისგან გამომდინარე დამატებით მოთხოვნებზე მოთხოვნის დათმობა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.
პალატამ განმარტა, რომ მოთხოვნის დათმობის გარიგებით მოთხოვნა გადადის ახალ კრედიტორზე, რითაც ეს უკანასკნელი ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ამ დროს ხდება კრედიტორის მდგომარეობის გადაცემა სხვა პირზე. მოთხოვნის დათმობით არ ხდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა. არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა).
განსახილველ შემთხვევაში 2013 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულებით კრედიტორმა ზ. უ-მა ნ. გ-ს დაუთმო მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხიდან 25 000 აშშ დოლარიდან 4000 აშშ დოლარზე და მისგან გამომდინარე დამატებით მოთხოვნებზე (ტ. I, ს.ფ. 22-24). ამდენად, მოთხოვნის დათმობის შედეგად ნ. გ-ს წარმოეშვა 4000 აშშ დოლარის და მისგან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის პირგასამტეხლოს მოთხოვნა ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ და დაუსაბუთებული იყო აპელანტის მსჯელობა მასზედ, რომ პირგასამტეხლოს ათვლის წერტილად მიჩნეული უნდა ყოფილიყო მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების თარიღი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ე. ს-ამ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც პირველი ინტანციის სასამართლომ დაუშვა არსებითი ხასიათის სამართლებრივი და ფაქტობრივი შეცდომა. კერძოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მიიჩნია, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე და აღნიშნული პოზიცია გაამყარეს მხოლოდ განხორციელებული გადახდებით. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა, რომ ნებისმიერი ცვლილება მასში უნდა შესულიყო წერილობითი ფორმით, სხვა ფორმით შთანხმება იქნებოდა ბათილი. მხარეები წერილობით არ შეთანხმებულან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, შესაბამისად, მხოლოდ მოვალის გადახდა ან ზეპირი შეთანხმება ვერ გახდებოდა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების საფუძველი და ასეთი შეთანხმება, როგორც ფორმის დაუცველად დადებული შეთანხმება, უნდა ჩათვლილიყო ბათილად. სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად მოხდა მოთხოვნის დაანგარიშება. კასატორმა უდავოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ მოვალის მიერ ხელშეკრულების მოქმედების ვადიდან 3 თვის შემდგომ გადახდილი თანხები უნდა ყოფილიყო ჩათვლილი სესხის ძირი თანხის გადახდის ანგარიშში და შესაბამისად უნდა ყოფილიყო დაანგარიშებული მოთხოვნები. კერძოდ, 2012 წლის 1 ნოემბრიდან გადახდილი თანხები უნდა მიმართულიყო სესხის ძირი თანხის ანგარიშში. ეს თანხები ჯამში შეადგენს 4100 აშშ დოლარს. 4100 აშშ დოლარი არის 25000 აშშ დოლარის 18%-ი, შესაბამისად 4000 აშშ დოლარის (ცესიის ) დათმობის დროისათვის ძირი თანხის გადახდის ანგარიშში უნდა გაქვითულიყო 4000 აშშ დოლარის 18 %, რაც შეადგენს 720 აშშ დოლარს, ანუ სესხის ძირი თანხა სულ ცოტა შესამცირებელი იყო 720 აშშ დოლარით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, ე. ს-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ს-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუს განჩინება Nას-491-1176-03; სუს განჩინება Nას-581-549-2011)
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ე. ს-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე. ს-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორ ე. ს-ას დაუბრუნდეს კ. კ-ის მიერ (საიდენტიფიკაციო კოდი: .....) 2014 წლის 8 დეკემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი REPLGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე